x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სქესი და პროფესია

ძველ დროში შრომა ნაკლებად სპეციალიზებული იყო, სოციუმის განვითარებასთან ერთად კი უფრო და უფრო ვიწრო შემოქმედების სფეროები - პროფესიები - გაჩნდა. შრომის დაყოფა საუკუნეების განმავლობაში გენდერული ნიშნით ხდებოდა და ეს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ჩვენს ეპოქაში დედამიწის ქალთა ნახევარი მზად არის, უფრო ხმამაღლა განაცხადოს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ძნელად თუ წარმოიდგენდით ქალს ამა თუ იმ, მისთვის უჩვეულო პროფესიულ როლში. მაშინ არ არსებობდა არც ქალი-ზეინკალი, არც ასფალტის დამგები ქალი და არც ქალი-ეკონომისტი. მიუხედავად ამისა, სწორედ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალთა ემანსიპაცია აქტიურად დაიწყო, ახლა კი უკვე გამართულად დგას ფეხზე. ქალებს უკვე აღარ სურთ შინ ჯდომა ან მარტივი სამუშაოს შესრულება. ისინი აქტიურად ითვისებენ სხვადასხვა პროფესიას, ისიც კი არ აჩერებთ, რომ მრავალი პროფესია მამაკაცისაა.
არსებობს გარკვეული პროფესიები, სადაც საზოგადოება ქალის დასაქმებას უფრო ოპტიმალურად და ბუნებრივად მიიჩნევს. სქესის ნიშნით პროფესიათა დიფერენციაცია დღემდე მიღებული და საკმაოდ გავრცელებულ სტერეოტიპად ითვლება.
თუ რამდენად განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები ქცევებით და პიროვნული თვისებებით, არც თუ ისე ადვილად გადასაწყვეტი პრობლემა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ მრავალი განსხვავებული კვლევა ჩატარდა ერთმნიშვნელოვანი
პასუხი მაინც არ არსებობს. ერთადერთი დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს მონაცემთა ანალიზიდან და რომელსაც მკვლევართა უმრავლესობა იზიარებს არის ის, რომ სქესთა შორის განსხვავება მართლაც არსებობს, რომ ქალები და მამაკაცები მართლაც განსხვავებულად აკეთებენ გარკვეულ საქმეს, მაგრამ განსხავების ზომა და რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე გაატონებული სტერეოტიპები გვარწმუნებენ. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, მამაკაცი და ქალი კადეტების ქცევაში შემჩნეული იქნა მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავება. აგრეთვე მცირე იყო განსხვავება ქალი და მამაკაცი მენეჯერების მთელ რიგ პიროვნულ განზომილებებში. ერთი სიტყვით, ძალიან მცირეა მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება უმნიშვნელო აღმოჩნდა იგივეს ვერ ვიტყვით საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა იგლიმ (Eagly & Steffen, 1986). მისი აზრით ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპები ემყარება იმ ფაქტს, რომ ქალები და მამაკაცები საზოგადოებაში ხშირად იკავებენ განსხვავებულ როლებს. დღესაც კი, სწრაფი სოციალური ცვლილებების შემდეგ, მამაკაცების უდიდესი ნაწილი მუშაობს სახლს გარეთ. ნავარაუდევია, რომ ინდივიდი, რომელსაც აქვს ასეთი პოზიცია (ე.ი. მუშაობს სახლის გარეთ) მიუხედავად მისი სქესისა აღიქმება ისეთი პიროვნული მახასიათებლების მქონედ, რომელიც მამაკაცებს მიეწერება მაგალითად: მტკიცე, თვით-დარწმუნებული და ა.შ. ინდივიდებს-კი, რომლებიც მუშაობენ სახლში, აღქმულნი არიან ისეთი პიროვნული თვისებების მქონედ, რომლებიც მიეწერება ქალებს მაგ: დამოკიდებული, პასიური და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალების უმეტესი ნაწილი სახლში ოჯახური საქმეებითაა დაკავებული, ვიდრე სახლის გარეთ მომუშავე, დაქირავებულნი და თანაბრად არ არის გადანაწილებული სოციალური როლები მამაკაცებზე და ქალებზე, სწორედ ამიტომ ინარჩუნებენ სტერეოტიპები სიმტკიცეს. (Eagly & Steffen, 1986)
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ქალსა და მამაკაცზე ვრცელდება პროფესიებზეც. სამუშაო ძალა გაყოფილია სქესის მიხედვით ანუ პროფესიების უმრავლესობა ყველა კულტურაში დაყოფილია სქესის მიხედვით. ასე მაგალითად, საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით (ნ. ჯავახიშვილი, 2000), გამოვლინდა ტიპური ქალური და ტიპური მამაკაცური პროფესიები საქართველოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1993 წლის მონაცემებით მდივნების 90%-ს ქალები არიან. მონაცემები ადასტურებს იმასაც, რომ ის პროფესიები და სამუშაო, რომლებითაც სხვადასხვა კულტურაში მამაკაცები არიან დაკავებულნი, უფრო მაღალანაზრაურებადია, ვიდრე ისინი, რომლებითაც ქალები არიან დაკავებულნი. ასე მაგალითად, ბერნის მონაცემებით, კალიფორნიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მღებავის სასტარტო ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე მედდის ან მდივანსაქმეთმწარმოებლის ხელფასი. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოლეჯის სტუდენტებიდან, მათ შორის რომლებმაც საინჟინრო საქმიანობაში მიიღეს ბაკალავრის ხარისხი მხოლოდ 6% აღმოჩნდა ქალი. ხოლო კომპიუტერულ საქმიანობაში, ბაკალავრის ხარისხის მიღებულთა შორის მხოლოდ 18% იყო ქალი. ეს მაშინ, როცა შესაბამის კოლეჯში ქალების რაოდენობა 50% იყო. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კვლევა “საზოგადებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“, რომლის შედეგების თანახმად, ქალისთვის შესაფერისად შემდეგი პროფესიები განიხილება: პედაგოგი, ფარმაცევტი, ექიმი, ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი. პოლიციელობა ერთ-ერთი შეუსაბამო პროფესია აღმოჩნდა ქალისთვის, საზოგადოების წარმოდგენით. პედაგოგიკა კი ქალისთვის უფრო შესაფერის პროფესიად მიიჩნევა, ვიდრე კაცისთვის, რადგან „ქალი უფრო ამტანია“ და უფრო უძლებს სკოლაში სწავლების რეჟიმს. ამასთან, პედაგოგიკა ქალისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა, რადგან მას არ უწევს მთელი დღის სამსახურში გატარება, კვლევამ კი აჩვენა, რომ საზოგადოება ქალის მთავარ საქმედ ოჯახის მოვლას აღნიშნავს და რომ კაცისთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალისთვის. გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ქალის დასაქმება მომენტალურად უარყოფით შინაარსს იძენს მაშინ, როცა ქალი მის გამო ოჯახს ნაკლებ დროს უთმობს. ამას მოწმობს გამოკითხულთა უმრავლესობის
(77%) მოსაზრება - სკოლამდელი ბავშვისთვის უმჯობესია, რომ მისი დედა არ მუშაობს. ასევე, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაოჯახებისა და შვილების ყოლის შემდეგ ქალი უმჯობესია ნახევარი განაკვეთით მუშაობდეს. “საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის” მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ქალი ბიზნესკომპანიების მხოლოდ image20%-ს ხელმძღვანელობს.
აგრეთვე, ცნობილია ასიმეტრია შრომის ანაზრაურებაში ქალებსა და მამაკაცებს შორის (ამერიკელი ქალი მამაკაცის ხელფასის 68%-ს იღებს, აფრიკელი - 61%-ს, ლათინოამერიკელი - თეთრკანიანი მამაკაცის ხელფსის 53%-ს, ხოლო თეთრკანიანი ქალის ხელფასის 78%-ს). შავკანიანი და ესპანურენოვანი მამაკაცები უფრო მაღალ ანაზრაურებას იღებენ, ვიდრე შავკანიანი და ესპანურენოვანი ქალები (განსხვავება მათ შემოსავლებში შესაბამისად 84%-ს და 82%-ს შეადგენს). თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ შედარებით 1979 წელთან, როცა ქალის საშუალო ხელფასი მამაკაცის საშუალო ხელფასის მხოლოდ 60%-ს შედგენდა, ქალთა სამუშაოს ღირებულება გაიზარდა (ამერიკის შეერთებულ შტატებში). მაგრამ ქალები, განსაკუთრებით კი არაევროპული წარმომავლობის ქალები, დღემდე დაბალანაზღაურებად სამუშაოზე არიან დასაქმებულები. უფრო მეტიც, ისინი იღებენ უფრო ნაკლებს, ვიდრე იგივე სამუშაოში აიღებდნენ მამაკაცები. არსებობს ქალებისა მამაკაცების ანაზღაურების განსხვავების ორი ყველაზე გავრცელებული ახსნა. პირველის მიხედვით, ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნაკლებს უხდიან იმიტომ, რომ ისინი თვითონ ირჩევენ დაბალანაზრაურებად სამსახურს. მეორე შეხედულების მიხედვით, ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნაკლებს უხდიან იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ნაკლებად ღირებულ სამუშაო ძალას, რადგანაც მათ აკლიათ გამოცდილება და კვალიფიკაცია. არსებობს მესამე მოსაზრებაც: ქალებს მამაკაცებთან შედარებით სამუშაოში უხდიან ნაკლებს იმიტომ, რომ ისინი მოელიან, რომ ცოტას გადაუხდიან და თანხმდებიან უფრო მცირე ხელფასს. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ჯაკობსისა და სტეინბერგის გამოკვლევა (Jacobs & Steinberg, 1990). მიღებული მონაცემების მიხედვით, ამა თუ იმ პროფესიაში დასაქმებულ ქალთა წილი ზეგავლენას ახდენს ამ სფეროში არსებული ხელფასის საერთო დონეზე. კერძოდ, რაც უფრო მეტია ქალი, მით უფრო დაბალია შრომის ანაზღაურება. საინტერესოა, რატომ ხდება, რომ ქალები იშვიათად არიან დაკავებულნი „ტრადიციულად“ მამაკაცური სამუშაოთი? ხომ არ არის ამის მიზეზი ტრადიციულად „ქალური“ სამუშაოს სიადვილე ან ასეთი სამუშაოს პირობებში დედობრივი ფუნქციების პარალელური შესრულების შესაძლებლობა? სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. „ქალური“ სამუშაოები სინამდვილეში სულაც არ გულისხმობენ უფრო მოქნილ გრაფიკს, სამუშაოს სიადვილეს ან ნაკლებ დაძაბულობას. პირიქით, არსებული მონაცემების მიხედვით, რაც უფრო მეტი ქალია კოლექტივში, მით უფრო მკაცრია უფროსოს მხრიდან მოთხოვნები. 1600 პროფესიის ანალიზის შედეგები გვიჩვენებენ, რომ „ქალური“ პროფესიები უფრო ხშირად დაკავშირებულია ე.წ. ძნელ კლიენტებთან, დალაგებასთან (ჭუჭყთან) მექანიკურად გამეორებად მოქმედებებთან და ავტონომიის (ანუ საკუთარი სამუშაოს დაგეგმვისა და წარმართვის) არარსებობასთან. გარდა იმისა, რომ ქალებს აქვთ მამაკაცებთან შედარებით დაბალი ხელფასები, მათ ასევე აქვთ მამაკაცებთან შედარებით დაბალი სტატუსიც. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პრესტიული პროფესიებით მამაკაცები არიან დაკავებულნი: მამაკაცი მეცნიერ-მუშაკთა შორის 80%-ია, ექიმებს შორის - 84%, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების პროფესორებს შორის - 61%. თუმცა პედაგოგთა შორის შედარებით მაღალია ქალთა რიცხვი, მაგრამ მათ შორის მაღალ სტატუსზე (მუდმივი პროფესორები) მხოლოდ
10%-ია. ადვოკატებს და მოსამართლეებს შორის 78% მამაკაცია, არქიტექტორებს შორის 87% მამაკაცია, ხოლო ინჟინრებს შორის - 94%. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ქალების მიერ ტრადიციულად „მამაკაცური“ პროფესიების არჩევას წინ ეღობება მრავალი ბარიერი. ესენია: დაქირავების დროს ისეთი მოთხოვნების წაყენება (მაგალითად, ამა თუ იმ თვისებების ქონა), რომელიც ქალს არა აქვს. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის ერთ-ერთი აკადემიის მისაღები გამოცდების მოთხოვნა იყო 170 სმ სიმაღლის ქონა, რომელიც ქალებს განსაკუთრებულად ზღუდავდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის დაძაბულობაც, რომელიც ქალს ეუფლება, როცა იგი მამაკაცთა კოლექტივში მუშაობს. დაძაბულობის გამომწვევ ფაქტორთა შორის შეიძლება დავასახელოთ მიუღებლობა, სტერეოტიპები, პატარა შეცდომაზე არაადეკვატურად მკაცრი რეაგირება და სხვ. სამსახურში მიღების დროს დისკრიმინაცია გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა. იგი საფუძველს ქმნის შენდგომში შრომის ბაზრის გენდერული სტრატიფიკაციისათვის. მიუღებელია პროფესიათა დაჯგუფება სქესის მიხედვით. არ არსებობს პროფესიები რომლის შესრულებასაც ქალები ან მამაკაცები ვერ შეძლებენ.

0
1337
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა ღამბაშიძე
ლელა ღამბაშიძე
1337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0