x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პატარა პირამიდების ქვეყნის საიდუმლო

image


imageმდ. ნილოსის შუა წელში — ქ. ასუანიდან (ეგვიპტე) – ნილოსის VI ჭორომამდე (სუდანი), ისტორიული ოლქი მდებარეობს, რომელსაც ნუბიას ეძახიან. სავარაუდოდ, მისი სახელი ძვ. ეგვიპტური «ნუბიდან» მოდის, რაც «ოქროს» ნიშნავს. ნილოსის განაპირას მდებარე მთები მართლაც მდიდარია ძვირფასი ლითონის საბადოებით, რომლიდანაც ოქროს მოპოვება უხსოვარი დროიდან ხდება.

ამ ტერიტორიაზე, უძველეს დროშო, ქუშის (ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულიდან – ძვ. წ. აღრ. VI სს.) და მეროეს (ძვ. წ. აღრ. VI – ახ. წ. აღრ. IV სს.) სამეფოები არსებობდა, რომლებიც ნუბიელებმა შექმნეს.

ძველი ეგვიპტელებისთვის ნუბია, მისი ვიწრო სანაპირო ხეობებით «აფრიკის ჭიშკარს» წარმოადგენდა. როდესაც ეგვიპტეს აყვავების ხანა ედგა, მისმა ფარაონებმა ეს მიწები დაიპყრეს. ხოლო, როდესაც მას გაჭირვების ჟამი დაუდგა, ნუბიელებმა თავისუფლება დაიბრუნეს, ძვ, წ. აღრ. VIII—VII საუკუნეებში, ფარაონთა XXV დინასტია შექმნეს და ეგვიპტეს თითქმის 1 საუკუნის მანძილზე მართავდნენ.

არქეოლოგებმა მეროეს (სატახტო ქალაქი, II სამეფოს დროს) ტერიტორიაზე წარმოებული გათხრების შედეგად, არაერთი აღმოჩენა გააკეთეს. მეროე დღეს მივიწყებული ქალაქია, მაგრამ იყო დრო, როდესაც ამ ადგილზე სიცოცხლე ჩქეფდა და ის აფრიკის უძლიერესი სამეფოს დედაქალაქი იყო...

ინგლისელი ისტორიკოსი და აფრიკის კონტინენტის მკვლევარი ბ. დევიდსონი (B. Davidson) გასული საუკუნის 60-იან წლებში ასე აღწერდა ამ ქალაქს: «მეროეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შემონახული სასახლეების და ტაძრების ნანგრევები, ცივილიზაციის ნაშთს წარმოადგენს, რომელიც 2000 წლის წინ იქ ყვაოდა. ნანგრევების ირგვლივ კი, იმ ადამიანების სამარხებია, ვინც ამ ტაძრებს და სასახლეებს ქმნიდნე; აქ ყველგან შეიძლება ბარელიეფის თეთრი ალიბასტრის ფრაგმენტის ნახვა, რომელიც ერთ დროს, ულამაზეს ციხე-სიმაგრეს ამშვენებდა; ხოლო, თიხის ჭურჭლის ნამტვრევებზე, რომლებიც ასევე არის ირგვლივ მი-მოფანტული, ჯერ ისევ იკითხება საღებავით მოხატული ნაყშები (უზორი), — ეს ყველაფერი დიდი ცივილიზაციის ნაკვალევია…».


image


მეროედან 30 კილომეტრის დაშორებით, გერმანელმა არქეოლოგებმა სასახლე აღმოაჩინეს, რომელსაც «ხაფირი» — წვიმის წყლის შესაგროვებელი რეზერვუარი ჰქონდა. ის წრიული ფორმის იყო და მისი დიამეტრი 250 მ-ს, ხოლო, სიღრმე 10 მ-ს შეადგენდა. «ხაფირი» შიგნიდან ქვით იყო მოპირკეთებული, ხოლო გარედან – ალაყაფის კედელი ჰქონდა შემორტყმული. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ის სასახლის, თუ ციხე–სიმაგრის შიგნით უნდა ყოფილიყო, რომ ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში, იქ მყოფ ადამიანებს წყალი ჰქონოდათ. მკვლევარებმა რეზერვუარის მახლობლად წყალგაყვანილობის ქსელის ნაშთები — არხები და ქვის მიწისქვეშა მილებიც აღმოაჩინეს. ხოლო, ნანგრევების მახლობლად ტერიტორიაზე, ნაპოვნი სარწყავი სისტემის ნაშთები, იმაზე მიუთითებს, რომ იმ ადგილზე დამუშავებული მინდვრები და ხეხილის ბაღები იყო, რომლებიც ქვის ტერასებს ჩრდილავდა და აგრილებდა.

მეროეს შესახებ ბერძნებმა და რომაელებმა ჩვ. ერამდე I ათასწლეულში შეიტყვეს, როდესაც ის ნუბიის დედაქალაქი გახდა. მეროედან რომში რამდენჯერმე გაგზავნეს ელჩები, მაგრამ მათ მიერ ჩატანილი ინფორმაციის შესახებ ცნობები არ შემონახულა. ცნობილია ასევე ფაქტი, რომ იმპერატორმა ნერონმა (37–68 წწ.) ნუბიაში თავისი ოფიცრები გაგზავნა, რომლებმაც ამ ისტორიულ მხარეში ჩასვლა შეძლეს (მდინარე ნილოსზე ჭორომების გამო, იქამდე ჩასვლა ადვილი არ იყო. ჭორომიდან – ჭორომამდე ცურვა ნავით შეიძლებოდა. მაგრამ, ჭორომზე ის ხელით უნდა გადაეტანათ) და მათ მიერ ჩამოტანილი ინფორმაცია პლინიუს უფროსმა თავის «ბუნების ისტორიაში» შეიტანა.

კერძოდ, ამ ნაშრომში ნათქვამია, რომ ნუბიას იდუმალებით მოცული კანდაკა (Candace – დედა-დედოფალი) მართავდა და რომ დედაქალაქში ეგვიპტური ღმერთის – ამონისადმი მიძღვნილი უდიდესი ტაძარი იყო. პლინიუსის გადმოცემით, ქალაქი არც ისე დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ: «ეს კუნძული (ქალაქს ძველად კუნძულადაც მოიხსენიებდნენ, რადგან ყველა მხრიდან ნილოსის შენაკადებით იყო გარშემორტყმული), როდესაც ეთიოპიამ სახელმწიფოებრიობა მოიპოვა (ძვ. წ. აღრ. VII – VI სს. რედ.), ძალიან ცნობილი იყო; ამბობენ, რომ მას 250 000 მეომრის გამოყვანა და 4 000 მხატვრისთვის თავშესაფრის მიცემა შეეძლო».


image


დღეს მეროეს ნაქალაქარის ტერიტორიაზე, უდაბნოში, უცნაური პირამიდების კომპლექსია, რომლის შესახებ, იქ ჩასული ტურისტები ფიქრობენ, რომ ის ანტიკურ ეპოქაში, ეგვიპტელების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ეს ასე არ არის. თუ კარგად დავაკვირდებით ამ ნაგებობებს, ისინი სტილით და ფორმითაც განსხვავდება ეგვიპტური პირამიდებისგან. ქვიშაქვით აგებული 300-მდე პირამიდა, რომლის სიმაღლე 6-დან – 30 მ-მდე დიაპაზონში მერყეობს, აკლდამებს წარმოადგენს, რომლებშიც მეროეს იდუმალი სამეფოს დიდგვაროვნები არიან დაკრძალულები. სამარხებშუ უამრავი ფრესკა, წარმოუდგენლად ლამაზი სამკაული და მეთუნეობის ხელოვნების ნიმუშებია (წურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები) აღმოჩენილი, რაც ამ ადგილზე განსაკუთრებულად განვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს.


image


მეროეს ქალაქი–სამეფო არქეოლოგებმა XIX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. მას შემდეგ, გათხრები ნაქალაქარის ტერიტორიაზე პერიოდულად მიმდინარეობს და მეცნიერები მისი ისტორიის შესწავლას ცდილობენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია რატომ გაქრა ეს სახელმწიფო IV საუკუნეში. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 330 წელს ეთიოპიის მეფე, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, მეროეს ტერიტორიაზე ქალაქის ნანგრევებს წააწყდა.

imageიმის გაგება, თუ რა დაემართა იდუმალებით მოცულ ცივილიზაციას, აქრეოლოგების მიერ, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე შეგროვილი მეროელების ტექსტებიდან შეიძლება. მაგრამ, მათი გაშიფვრა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს – არ არსებობს მეროელების ენის შესწავლის «გასაღები». ეს უდაბნოს ატლანტიდაა, როგორც ხანდახხან მეროეს ეძახიან, რომელმაც საკუთარი საიდუმლო ქვიშაში ჩამარხა.

ეგვიპტოლოგები დღემდე ცდილობენ მეროელების ენის საიდუმლოს ამოხსნას. 1909 წელს, სტელის წყალობით, რომელზეც წარწერა 2 ენაზე, – ძველ ეგვიპტურად და მეროეულად იყო გაკეთებული, მეცნიერებმა მათი ალფავიტი აღადგინეს. შემდეგ, სხვა მკვლევარებმაც შეავსეს ის და დღეს ითვლება, რომ ის 23 სიმბოლოსგან შედგება. თუმცა, მისი გამოყენება გართულდა, რადგან ტექსტებიდან ამოკითხულ სიტყვებს არანაირი აზრი არა აქვს. მეროელების ათასობით ტექსტის და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების მიუხედავად, თუ არ ჩავთვლით მეფეების და ღმერთების სახელების გაგებას, მეცნიერებმა რაიმე სახის შედეგის მიღება ვერ შეძლეს.
ამ ცივილიზაციის ენის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვით მეროეს სამეფო, მისი არსი და კანონები ჩვენთვის შეუცნობელია...

რაც შეეხება, მეროეს პირამიდების ეგვიპტესთან ასოცირებას, მართალია, ეგვიპტელების აშენებული არ არის, თუმცა ამგვარი არქიტექტურული ნაგებობების შექმნა, სწორედ ამ ქვეყნის გავლენით მოხდა.


image


ეგვიპტელებმა ქუშის სამეფო ნილოსის სანაპიროზე, ჯერ კიდევ ძვ. წ. აღრ. 3100—2890 წწ. აღმოაჩინეს (დღეს ცნობილია, რომ ამ რეგიონში ადამიანები ნეოლითის ხანაშიც ცხოვრობდნენ. რედ.). ძველი ეგვიპტეს და ნუბიას ისტორიულად მჭიდრო, მაგრამ ამავდროულად, რთული და არამეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის საომარი შეტაკებები იმდენად ხშირი იყო, რომ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, ეგვიპტელი ფარაონების მართვის ხარისხი, ნუბიასთან წარმოებული ომის შედეგით ფასდებოდა. ოქროს საბადოების გამო, რომლებსაც ნუბიელები ფლობდნენ, ეგვიპტელები არასოდეს კარგავდნენ ინტერესს სამხრეთის მეზობლისადმი. მაგრამ, მათი სრული დამორჩილება ვერასდროს მოახერხეს (ეგვიპტის XVIII დინასტიის დროს (ძვ. წ. 1550—1292 წწ.), ნუბიაისტორიული ოლქი ეგვიპტის შემადგენლობაში შედიოდა და მას ფარაონის წარმომადგენელი მართავდა. რედ.). ბოლოს კი, საერთოდ გაეცალნენ...

ეგვიპტური წყაროების ცნობით, ქუშის სამეფოდან ნუბიელები ძვ. წ. აღრ. VI საუკუნში წავიდნენ. უფრო ზუსტად, მუდმივი საომარი მდგომარეობის გამო, ძვ. წ. აღრ. 591 წელს, კონფლიქტებისგან გადაღლილმა ნუბიელებმა ეს ტერიტორია საერთოდ დატოვეს და საცხოვრებლად სამხრეთით მდებარე სტეპებზე გადავიდნენ, სადაც ქალაქი მეროე დაარსეს.

ძვ. წ. აღრ. III ს. ნუბიელების ახალი სამეფოს შექმნის ერა იყო, რომელიც შემდგომ საუკუნეებში სამოთხედ იქცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ის პერიოდი უხვი ნალექით გამოირჩეოდა და მოსახლეობა მხოლოდ ნილოსის წყალზე არ იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, ახალ ტერიტორიაზე დასახლებულებმა 800-მდე წყალსაცავი აღმოაჩინეს. დიდი რაოდენობით წყლის რესურსის წყალობით, ახალ სამეფოში მიწათმოქმედება და მეცხოველეობა განავითარეს. ნუბიელები ოქროს მოიპოვებდნენ და მისგან სხვადასხვა სახის ნაკეთობებს ამზადებდნენ, განვითარებული იყო მეთუნეობა, ამრავლებდნენ სპილოებს და სპილოს ძვლისგან ფიგურებს ამზადებდნე... თავიაანთ საქონელს კი, ქარავანებით, ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროებისკენ და ცენტრალურ აფრიკაში გზავნიდნენ.

მეროეს სამეფოს კულტურის მიღწევები, ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაუფასებელი იყო, რადნ ის, თავისი დიდებულებით, ძველმა ეგვიპტემ დაჩრდილა. არა და, ქუშის და შემდგომ, მეროეს სამეფოს მაღალი კულტურული განვითარების ყველა ნიშანი ჰქონდა: საფუძვლიანი ცოდნა მათემატიკაში და ასტრონომიაში, საკუთარი რელიგია, დამწერლობა და ორიგინალური ხელოვნება...
მათ მიერ შექმნილი ნაკეთობები, ნამდვილად რომ შთამბეჭდავი იყო! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯერ მარტო დედოფალი ამანიშახეტოს აკლდამაში აღმოჩენილი სამკაულები (ათობით სამაჯური, ბეჭდები, დეკორატიული ოქრომკერდი...) რად ღირს?!


imageimage

imageზემოთ აღნიშნულის გარდა, დღეისათვის ქუშის სამეფოს შესახებ ის არის ცნობილი, რომ მისი მოსახლეობა ეგვიპტელებისგან განსხვავდებოდა და უფრო მუქკანიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ეგვიპტელები ფრესკებზე მათ ასე გამოსახავდნენ.


image


მიუხედავად იმისა, რომ ეს სამეფო, ხშირ შემთხვევაში, მისი ჩრდილოელი მეზობლის ჩრდის ქვეშ იყო, ის აფრიკაში გამორჩეული ქვეყანა იყო, რომელმაც თავისი განვითარების მწვერვალს ჩვენს ერამდე II ათასწლეულში მიაღწია. რა დროსაც, ის ნილოსის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილს (დღევანდელი სუდანი) მართავდა. ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით, თავისი აღზევების პერიოდში, ის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი იყო და სპილოს ძვლის, რკინის, საკმეველის და ოქროს ბაზარს მართავდა. ქუში ეგვიპტისთვის, ერთდროულად, სავაჭრო პარტნიორიც იყო და სამხედრო კონკურენტიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეგვიპტის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც მას ნუბიელები მართავდნენ და მათგან ბევრი წეს-ჩვეულება გადაიღეს. მაგ., ისინი ეგვიპტელების ზოგიერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მიცვალებულების მუმიფიცირებას ახდენდნენ და პირამიდეს აგებდნენ, რომლებსაც დღეს «შავი ფარაონების» პირამიდებს ეძახიან.

imageimageimageimageimageimageimage

0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0