x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
მიჯაჭვულობის ცნება,ტიპები და მნიშვნელობა
image

ჩვენ მოგვწონს, როდესაც

ჩვენზე ზრუნავენ, როდესაც ვართ იმ ადამიანთან, რომელთანაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ.აქედან გამომდინარე, უნდა
ითქვას, რომ ბავშვისთვის მოზრდილის მიმართ მიჯაჭვულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ამ გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება. პოზიტიური ემოციური კავშირი მოზრდილსადა ბავშვს შორის ეხმარება მას, დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს დაფრუსტრაციას, შეიმეცნოს სამყარო.


მიჯაჭვულობა წარმოადგენს ემოციური კავშირის ქვესახეობას, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა.შეიძლება ითქვას, რომ მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც მართალია ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. როდესაც ჩვენ ვინმესთან ვართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს კონფორტულად და დაცულად გრძნობთ.მიჯაჭვულობის
პატერნი შეიძლება გადაეცეს ერთი თაობიდან მეორეს, ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს საკუთარ შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე.მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი საკმაოდ უსუსურია, მას გააჩნია უნარების მთელი რიგი, მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად-ტირილი, თვალებით კონტაქტი, ღიმილი.პოზიტიური მიჯაჭვულობა ბავშვზე დადებით გავლენას ახდენს და ხელს უწყობს ბავშვის ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გაჩენას, სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას.



მ. ეინსვორტის თანახმად, მიჯაჭვულობაში აისახება ის მოლოდინები, რომელიც აქვს ბავშვს დედის მიმართ. ბავშვის რეაქცია სტრესზე და მზაობა, მიმართოს დედას თანაგრძნობისთვის, დამოკიდებულია ბავშვის გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რას ელის ის დედისგან.ის აკვირდებოდა ადრეული ასაკის ბავშვებისა (12-18 თვე) და მათი დედების ურთიერთობას. იმისთვის, რომ მიჯაჭვულობის ხარისხი შეეფასებინა ეინსვორტმა შექმნა კვლევის პროცედურა - „უცნობი ადამიანის სიტუაცია“. ეინსვორტის
მიხედვით, „უცნობი ადამიანის სიტუაციაში“, ბავშვები თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსხვავებულად რეაგირებენ ოთახიდან დედის გასვლაზე, ოთახში უცნობის შემოსვლაზე და რაც ყველაზე მთავარია, დედის დაბრუნებაზე.


მ. ეინსვორტმა თავიდან გამოჰყო მიჯაჭვულობის სამი ტიპი, თუმცაღა „უცნობი
ადამიანის სიტუაციიდან“ გამომდინარე მიჯაჭვულობის მეოთხე ტიპიც დაამატა. მიჯაჭვულობის ეს ტიპებია:

1. სანდო მიჯაჭვულობა -როდესაც ბავშვები შეშფოთებულები არიან, დედისკენ მიილტვიან.როგორც ჩანს, მათ დედის მხარდაჭერის იმედი აქვთ. ეს ბავშვები წუხდნენ, როდესაც დედები ოთახიდან გადიოდნენ. ოთახში დედის დაბრუნებისას
მხიარულად, თბილად ხვდეოდნენ მას. ადვილად მშვიდდებოდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს მიღებული ჰქონდათ სენსიტიური, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიმათული ზრუნვა.
2. განრიდებული მიჯაჭვულობა - მიჯაჭვულობის ამ ტიპის მატარებელი ბავშვები ნაკლებად არიან დედაზე დამოკიდებული.ოთახიდან დედის გასვლის შემდეგ, ჩვეულებრივ არ გამოხატავდნენ შფოთვას და უცხო ადამიანს ისევე ექცეოდნენ, როგორც დედას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბავშვები გამოხატავდნენ შფოთვას ოთახიდან დედის გასვლისას, ისინი არ გამოხატავდნენ ინტერესს მისდამი, ოთახში დაბრუნებისას. როგორც ჩანს, ბავშვები იძულებული იყვნენ ესწავლათ, დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ ემოციებს, ვინაიდან ღებულობდნენ ემოციურად იგნორირებად აღზრდას.
3. ამბივალენტური მიჯაჭვულობა - ოთახში შემოსვლისას ბავშვი დედას არ ცილდებოდა (`დედის კუდი~) და არ ცდილობდა გარემოს შესწავლას. ასეთ ბავშვებს გამოხატული ჰქონდათ მაღალი შფოთვა.მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასოწარკვეთით ელოდებოდნენ დედის დაბრუნებას, როცა დედა ბრუნდებოდა ისინი გაბრაზებულები ცდილობდნენ მათი ხელიდან ჩამოსვლას, ტიროდნენ, ეჩხუბებოდნენ ან
მაგრად ეკვროდნენ და ტიროდნენ. ამ ბავშვებს გამოცდილებაში ჰქონდათ მიღებული ქაოტური, არათანმიმდევრული ზრუნვა.

4. დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა -ეს არის ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი. ოთახში დედის დაბრუნების შემდეგ, ისინი ავლენდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო აქტიობებს. მათ შეიძლება

ზურგი შეაქციონ დედას, როცა ის ხელში ჰყავთ აყვანილი ან აპათიური სახით მიეკვრას. ზოგი დამშვიდების შემდეგ თავიდან იწყებდა ტირილს. მათთვის დამახასიათებელია სხეულის `გაყინული, გაშეშებული~ პოზები.

რა შეიძლება იყოს მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზები?- ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია:

1.დეპრივაცია ადრეულ ასაკში- დეპრივაცია არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანის ძირითადი სენსორულ
(მას სათამაშოები არა აქვს, ხელში არ აჰყავთ, არ ელაპარაკებიან), კოგნიტურ (უფროსები არ ახდენენ გარემოდან შემოსული სტიმულების რეგულირება), ემოციურ

(ბავშვი თავის ქცევაზე უფროსისგან ემციურ გამოხმაურებას არ იღებს), სოციალურ (ბავშვი იზოლაციაშია საზოგადოებისგან) სფეროების მოთხოვნილებების
დაუკმაყოფილებლობას ეხებოდეს.

2.ოჯახურ ურთიერთობათა დარღვევა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ემოციური ურთიერთობა აქვს მშობლებთან, სასურველი შვილია თუ არა, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის რომელიმე წევრთან ემოციურ მიჯაჭვულობას. .


3.ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური) და უგულებელყოფა.აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობაგანცდილ ბავშვებს შეიძლება ძლიერი მიჯაჭვულობის გრძნობა ჰქონდეთ თავიანთი სასტიკი მშობლების მიმართ. საქმე იმაშია, რომ ოჯახში ძალადობაგანცდილი ბავშვები, ერთი მხრივ, სტუმრად ნაკლებად დადიან და ოჯახურ ურთიერთობათა სხვა მოდელებს ვერ ხედავენ.
მეორე მხრივ, ისინი იძულებულნი არიან, საკუთარი ფსიქიკის გადარჩენის მიზნით, ამგვარ ოჯახურ ურთიერთობათა ნორმალურობის ილუზია შეინარჩუნონ.


4.მშობელთან მოულოდნელი ან მტკივნეული განშორება (მისი სიკვდილის, ავადმყოფობის გამო).


5.განსაკუთრებით ძალადობრივი სიკვდილი. ახლობლის სიკვდილი ბავშვისთვის ორი მხრივარის მატრავმირებელი:ჯერ ერთი, ის სიკვდილის მოწმე ხდება და მეორე, აცნობიერებს, რომ თვითონაც მოკვდავია.


6.საცხოვრებელი ადგილის ხშირი შეცვლა. განსაკუთრებით რთულია ეს პერიოდი 5-6 წლის ასაკში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიჯაჭვულობის დარღვევა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის სოციალურ კონტაქტებზე, სინდისის, პირადი ღირსების გრძნობების ჩამოყალიბებაზე, ემპათიის უნარზე, ასევე ის ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს.როგორც კვლევებმა აჩვენეს, სამომავლოდ მიჯაჭვულობის ტიპი გავლენას ახდენს ურთიერთობაზე
სხვა ადამიანებთან, თვითშეფასებაზე, პარტნიორის შერჩევაზე, სასიყვარულო ურთიერთობების სტაბილობაზე, დეპრესიის განვითარებაზე.

0
603
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ბასილაია
თამუნა ბასილაია
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0