x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ჯგუფური გადაწყვეტილებები

ავტორი: კიკვაძე ნათია

19. 09. 2016 წელი

ერთ-ერთი დილემური საკითხია, რომელია უფრო ნაყოფიერი:
ინდივიდუალური თუ ჯგუფური აქტივობა? დამოუკიდებლად მივუდგეთ საკითხს, თუ დავეკითხოთ სხვებსაც?
imageფსიქოლოგების რეკომენდაციით, ჯგუფურად მუშაობამ შეიძლება გაზარდოს პრობლემის მოგვარების ეფექტურობა. ბევრი კომპანია სწორედ ამიტომ აერთიანებს ინდივიდებს გუნდებში, გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად. რა უპირატესობა აქვს ჯგუფს? - ის სარგებელს იღებს თითოეული წევრის ექსპერტული ცოდნისაგან. ასეთ ფორმატში ხდება გონებრივი რესურსებისა და იდეების გენერირება. ჯგუფური გონება აღემატება ინდივიდის გონებას.
გადაწყვეტილების მიღებაში წარმატებული ჯგუფები გამოირჩევიან რამდენადმე მსგავსი მახასიათებლებით, მათ შორის:
ჯგუფი არის პატარა;
მას აქვს ღია კომუნიკაცია;
წევრები უზიარებენ აზრებს;
წევრები ჯგუფთან ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას;
წევრები თანხმდებიან ჯგუფისთვის მისაღები ქცევის ფორმებზე.
რატომ გვხვდება მუსიკალურ, შემეცნებით საკონკურსო გადაცემებსა თუ არასატელევიზიო შეჯიბრებებში რამდენიმეკაციანი ჟიური? ჟიურის ის პრივილეგია აქვს, რომ მისი წევრები ერთმანეთს უზიარებენ მეტ ინფორმაციას, ზოგჯერ ხდება მისი ახალი წევრებით განახლება. ჟიურის ამის გამო მეტად შეუძლია მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავლის პოვნა, ოპტიმალური და მრავალფეროვანი შეფასებების გაკეთება, რჩევების მოცემა.
როდესაც ჯგუფურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ,
რომ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში გადაწყვეტილებების
გამოტანისას მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური გავლენა. ჯგუფის წევრები ხშირად იყენებენ განსხვავებულ ტაქტიკას, რათა სხვების შეხედულებებზე მოახდინონ ზემოქმედება. ზემომქმედ ტაქტიკაში აღსანიშნავია შთაგონებითი და რაციონალური
მოწოდებები.


ჯგუფური აზროვნება
imageმიუხედავად პოზიტიური მხარისა ჯგუფურად გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ნაკლი, ერთ-ერთი გავრცელებულია ჯგუფური აზროვნება. ეს ფენომენი გულისხმობს, წინასწარმოფიქრებულად, ნაადრევად მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ძირითადად ჯგუფური კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ხდება. ირვინ ჯენისი ფიქრობს, რომ ჯგუფური აზროვნება დამახასიათებელია ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი ჯგუფებისათვის და ჯგუფებისათვის, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ. ჯგუფი ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯგუფის წევრებს არ აძლევს ეჭვის გამოთქმის საშუალებას. ჯგუფის წევრები ისხლეტენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მათ გადაწყვეტილებას არყევს. ამრიგად ჯგუფს ჰგონია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ერთსულოვანია, მაშინ როდესაც ბევრი გამოუთქმელი განსხვავებული აზრი არსებობს. იმის გამო, რომ გადაწყვეტილებაში არ არის ასახული როგორც ჯგუფის შიგნით, ისე გარეთ არსებული განსხვავებული აზრები, ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
ჯგუფური აზროვნება ყველაზე ხშირად თავს იჩენს დიდი შეჭიდულობის მქონე ჯგუფებში, რომლებიც არ იღებენ განსხვავებულ აზრებს და ძალიან ძლიერი, აქტიური ლიდერი ჰყავთ. ეს ლიდერები ჯგუფს პრობლემის გარკვეულ გადაწყვეტას სთავაზობენ და მტკიცედ იცავენ ამ პოზიციას. ჯგუფის წევრები ერიდებიან ლიდერთან შეპირისპირებით გამოწვეულ კონფლიქტს.
რა შემთხვევებში ვლინდება ჯგუფური აზროვნება?
ირვინ ჯენისი მიუთითებს სამ პირობაზე:
როცა ჯგუფი იზოლირებული, შეკავშირებული, ძლიერ შეჭიდული და ჰომოგენურია;
როცა ობიექტური და მიუკერძოებელი ლიდერი არ ჰყავს ჯგუფს;
როცა დისკუსიისას სტრესის მაღალი დონე ფიქსირდება.
ჯგუფური აზროვნების სხვა ხელშემწყობი მიზეზია შფოთვა. როდესაც გუნდის წევრები არიან მშფოთვარე მდგომარეობაში, ნაკლები ალბათობითაა მოსალოდნელი, გამოიკვლიონ პრობლემური სიტუაციიდან გამოსვლის სხვადასხვა ვარიანტი, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები და უფრო მეტად ეცდებიან თავიდან აირიდონ კონფლიქტი რომელიმე წევრის (უმეტესად ლიდერის) მიერ გამოთქმული მოსაზრების მხარდაჭერით.
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ ჯგუფებშიც
დიდადაა შესაძლებელი ჯგუფური აზროვნების გამოვლენა.
აქ წევრები ხშირად ახდენენ დანარჩენების იზოლირებას იმისგან, რაც ხდება ჯგუფის გარეთ. ისინი ზოგჯერ სხვებს აჯერებენ, რომ ისინი არ არიან ტენდენციური. აგრეთვე ასეთი ჯგუფები იმყოფენიან ძლიერი სტრესის ქვეშ, ვინაიდან რისკები, რომელთაც შეიცავს მათი გადაწყვეტილებები, შეიძლება იყოს ძალიან ამაღელვებელი და შემაძრწუნებელი.
ირვინ ჯენისი აღწერს ჯგუფური აზროვნების 6 სიმპტომს:
დახშული განწყობილება - ჯგუფი არ არი ღია ალტერნატიული იდეებისადმი;
რაციონალიზაცია - ჯგუფი გადის გრძელ გზას, რათა შეაფასოს როგორც პროცესი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროდუქტი, მაგრამ წევრები ხშირად ამახინჯებენ საქმის ნამდვილ ვითარებას, ცდილობენ არსებული რეალობის შეცვლილი სახით წარმოდგენას, რათა კონკრეტული პირის, ძირითადად ლიდერის, მიერ
შემოთავაზებული გადაწყვეტილებები იყოს უფრო დამაჯერებელი.
წევრები ახდენენ მათ იგნორირებას, აკრიტიკებენ ან დევნიან მათ, ვინც არ ეთანხმება ჯგუფს.
ჯგუფის „გონების მცველის“ ფორმირება - ერთი პიროვნება საკუთარ თავს მიანიჭებს ჯგუფის ნორმების შემნარჩუნებლის როლს და უზრუნველყოფს, რომ მონაწილე ინდივიდები იდგნენ გარკვეულ საზღვრებში.
უვნებლობის შეგრძნება - ჯგუფს სწამს, რომ ისაა მართალი, ჯგუფშია გენერირებული საჭირო ცოდნა, ინფორმაცია, რომელსაც უზიარებენ ერთმანეთს.
ერთსულოვნების შეგრძნება - წევრებს სჯერათ, რომ ყოველი მათგანი ერთსულოვნად იზიარებს ჯგუფის საერთო პოზიციას.
imageდეფექტური ჯგუფური გადაწყვეტილება არასაკმარისი ალტერნატივების განხილვის, არაადეკვატურად შემოწმებული რისკებისა და წამოყენებულ იდეებზე ინფორმაციის არასრულყოფილად მოძიების შედეგია.

ჯენისმა აღწერა ჯგუფური აზროვნების შემაფერხებელი და ჯანსაღი
დისკუსიის ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად: ლიდერმა უნდა წაახალისოს კონსტრუქციული კრიტიკა, იყოს მიუკერძოებელი. სასურველია, ჩამოაყალიბოს ქვეჯგუფები, რომლებიც განცალკევებით შეხვდებიან ერთმანეთს ყველასთვის საერთო პრობლემის დაძლევის ვარიანტების განსახილველად.
საგულისხმოა, რომ სწორედ ლიდერია პასუხისმგებელი, თავიდან აირიდოს ჯგუფის ნორმებთან ყალბი კონფორმულობა, რაც ხშირად ხდება ჯგუფური აზროვნების დროს.
1997 წელს, „ზეციური კარიბჭის“ კულტის წევრებმა კალიფორნიაში ჩაიდინეს მასობრივი სუიციდი იმ იმედით, რომ შეხვდებოდნენ კოსმოსურ ხომალდს
ჰეილ-ბოპის კომეტის კვალზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფური სუიციდი დესტრუქციულ ჯგუფურ ნორმებთან კონფორმულობის მაგალითია, მსგავსი შემთხვევები ხდება ადამიანთა ისტორიის მანძილზე, როგორიცაა ჯოუნსტოუნის გუანას
900-ზე მეტწევრიანი კულტის სუიციდის ფაქტი 1978 წელს. 21-ე საუკუნეშიც თვითმკვლელი კამიკაძეები კლავენ ერთმანეთსაც და სხვებსაც საგანგებოდ დაგეგმილ ვითარებებში. სამწუხაროდ ეს და მსგავსი ფაქტები ჯგუფური აზროვნების სავალალო შედეგია, როდესაც საკუთარ პოზიციაში მტკიცედ დაჯერებულ ადამიანთა მცირე ერთობა შეთანხმებულად მოქმედებს მის მიერ მართებულად მიჩნეული მიზნის
განსახორციელებლად. ის უგულებელყოფს სოციალურ ნორმებს, მორალს, კომპეტენტურ პირთა შეხედულებებს.



გამოყენებული ლიტერატურა:
Robert J. Sternberg and Karin Sternberg. Cognitive Psychology, Sixth Edition.
Robert A. Baron. Nyla R. Branscombe.Social Psychology, Thirteenth Edition

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0