x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სტალინგრადის ტყვე»

მე–6-ე არმიის მეთაურმა, გენერალმა ფრიდრიხ პაულიუსმა, 1942 წლის 1 იანვარს, აღმოსავლეთის ფრონტზე ვალტერ ფონ რაიხენაუ ჩაანაცვლა და მთელი წლის მანძილზე საბჭოთა არმიის წინააღმდეგ თავგანწირვით იბრძოდა. ჰიტლერმა მას ღვაწლი «დაუფასა» და 1943 წლის 30 იანვარს ფელდმარშლის წოდება მიანიჭა. თავად პაულიუსმა, ჩინის გაზრდის შესახებ, ჰიტლერის მიერ გაგზავნილი რადიოგრამიდან შეიტყო, რომელშიც ამ ინფორმაციასთან ერთად, ისიც ეწერა, რომ მე-6 არმიას პოზიციები არ უნდა დაეთმო, – უნდა ებრძოლა უკანასკნელ ჯარისკაცამდე, უკანასკნელ ვაზნამდე და კიდევ ეწერა, რომ «არც ერთი ფელდმარშალი ტყვედ არ ჩავარდნილა», რაც ფაქტიურად, პაულიუსისთვის თვითმკვლელობის მოთხოვნის ტოლფასი იყო. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარმა მისი არმია ალყაში მოაქცია, გენერალ-ფელდმარშალი პაულიუსი ტყვედ ჩაჰბარდა.


image


უსახელო პაციენტი


პაულიუსს საშინელი დაავადება – სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა. საავადმყოფოში გადაყვანის დღიდან მასზე მკაცრი და ხანგრძლივი კონტროლი იყო დაწესებული. საავადმყოფოში ფარულად მიყვანილი ფელდმარშალი საცოდავად გამოიყურებოდა: გამხდარი, დაუძლურებული, სახეზე მიწისფერი ედო, მოღუშული... მას დიეტა დაენიშნა: სუპი, ხილი, ბოსტნეული, წითელი ხიზილალა და სხვა სასარგებლო საკვები. პაულიუსს მადა არ ჰქონდა და ცუდად იკვებებოდა. გარდა ამისა, მას მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი, რაც საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდა: უსახელო პაციენტი ნაწამები იყო.


წერილი ცოლისგან


1943 წლის გაზაფხულს პაულიუსი სუზდალის მონასტერში შეხვდა. იქ მან ნახევარი წელი გაატარა. რევოლუციის შემდეგ მონასტერი ჯერ სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილი იყო, შემდეგ – საკონცენტრაციო ბანაკი სამხედრო ტყვეებისთვის. ფელდმარშალი ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა. მას დაცვა ჰყავდა, რომელიც 24 სთ. თვალს არ აცილებდა, რადგან საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის ის № 1 ტყვე იყო. ცხადი იყო, რომ მის გამოყენებას დიდ პოლიტიკურ თამაშში აპირებდნენ და როგორც შემდეგში გამოჩნდა, არც თავად პაულიუსი იყო ამის წინააღმდეგი. ანტინაცისტური იდეების მომწიფება მას, 1944 წლის 20 ივლისის, ჰიტლერზე უშედეგო თავდასხმის შემდეგ დაეწყო, როდესაც შეთქმულების მონაწილე ოფიცრები სასტიკად დასაჯეს (ჰიტლერის განკარგულებით ისინი როიალის სიმებზე ჩამოახრჩეს. ჩვეულებრივი ჩამოხრჩობისგან განსხვავებით, როდესაც სიკვდილის მიზეზი კისრის გადამტვრევა ან სწრაფი მოგუდვა არის, სიმზე ჩამომხვრჩალ ადამიანს კისერი უგრძელდება და მოგუდვის პროცესი უფრო ხანგრძლივია). ჰიტლერზე თავდასხმის ორგანიზატორებს შორის, პაულიუსის მეგობრებიც იყვნენ და მომხდარმა ფელდმარშალი აღაშფოთა. უკანასკნელი წვეთი მისთვის ცოლის წერილი იყო, რომელიც ადრესატამდე საბჭოთა დაზვერვის დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა.

გერმანიაში ფელდმარშლის სიკვდილში დარწმუნებულები იყვნენ. მისი სიმბოლური გასვენებაც კი მოეწყო და ჰიტლერმა თავად დადო ცარიელ კუბოზე არმიის ექს-მეთაურის ფელდმარშლური კვერთხი, რომლის პატრონისთვის გადაცემა სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. და ამ ფონზე, პაულიუსმე მეტად რთული გადაწყვეტილება მიიღო: 1944 წლის 8 აგვისტოს ის რადიოთი გამოვიდა, რომელიც გერმანიაზე მაუწყებლობდა. მან ერს ფიურერის უარყოფის და სამშობლოს გადარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამის ერთადერთი გზა – ომის შეწყვეტა იყო.


«სტალინის სტუმარი»


II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პაულიუსი მოსკოვთან ახლოს, ტომილონოს აგარაკზე, სტალინის «პირადი სტუმრის» სტატუსით ცხოვრობდა. მას იცავდნენ, მასზე ზრუნავდნენ, – ჰყავდა პირადი ექიმი, მზარეული და მდივანი. 1947 წელს ის 2 თვე ყირიმში მკურნალობდა და ისვენებდა. მიუხედავად ასეთი პატივისა, გერმანიაში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ სტალინის პირადი განკარგულებით, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. პაულიუსი სტალინისთვის მნიშვნელოვანი ნადავლი იყო. მისი დაკარგვა ხალხის ბელადს ნამდვილად არ შეეძლო. გრდა ამისა, სამშობლოში დაბრუნება არც თავად პაულიუსისთვის იქნებოდა უსაფრთხო, რადგან გერმანიაში მისდამი დამოკიდებულება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილგანწყობილი იყო. ხოლო, მისი სიკვდილი სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა სსრ კავშირის რეპუტაციას.


მთავარი მოწმე


გენერალი პაულიუსი ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო ნიურნბერგის პროცესზე (1945-1946 წწ). როდესაც დარბაზში პაულიუსი შევიდა, ბრალდებულების სკამზე მყოფი კეიტელის, იოდლის და გერინგის დაწყნარება გახდა საჭირო. პაულიუსი «ბარბაროსას» გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო და მისი ღალატი მიუღებელი აღმოჩნდა ისეთი არაადამიანური დამნაშავეებისთვისაც კი, როგორებიც ნაცისტები იყვნენ. თავად პაულიუსისთვის კი, მოკავშირეების მხარეს გადასვლა, ციხისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა იყო (ომის ბოლო წლებში, მოკავშირეებთან თანამშრომლობის მიუხედავად, 1943 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის მას 25 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი).


სამშობლოში დაბრუნება


სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის ოქტომბერში პაულიუსმა მოსკოვი დატოვა. ხოლო, გამგზავრების წინ მან განცხადება გააკეთა: «მე თქვენთან ისე მოვედი, როგორც მტერი, მაგრამ აქედან – როგორც მეგობარი, მივდივარ».

ფელდმარშალი დრეზდენის გარეუბანში, ლოშვიცში დასახლდა. მის განკარგულებაში იყო ვილა, დაცვა, ავტომობილი მძღოლით და მომსახურე პერსონალი. გდრ სპეცსამსახურის არქივში დაცული ჩანაწერების მიხედვით, ფრიდრიხ პაულიუსი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. სახლიდან მხოლოდ სამუშაოზე – დრეზდენის სამხედრო-ისტორიულ ცენტრში მიდიოდა. ის ლექციებს გდრ-ის პოლიციის უმაღლეს სკოლაშიც კითხულობდა. სახლში კი, მისი ყველაზე საყვარელ გართობას სამხედრო იარაღის დაშლა, გაწმენდა და აწყობა წარმოადგენდა.

1956 წლის ნოემბრის შემდეგ, პაულიუსი სახლიდან აღარ გასულა. ექიმებმა მას «თავის ტვინის სკლეროზის» დიაგნოზი დაუსვეს. ფელდმარშალს სხეულის მარცხენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომდევნო წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა.
imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრა აკავშირებდა ერთმანეთთან სტალინს, ჰიტლერს და ფროიდს?
გერმანელი ჯაშუშების ამოცნობის საიდუმლო
სტალინის გარდაცვალება (მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი?)


0
1970
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0