x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
''ქვევრების ველის'' საიდუმლოება
როგორ გგონიათ, საქართველოს გარდა ქვევრებს კიდევ აკეთებენ რომელიმე ქვეყანაში? ალბათ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ -არა. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქვევრი სუფთა ქართული წარმომავლობისაა და ღვინის შესანახი ამ უნიკალური ჭურჭლით მხოლოდ ქართველებს შეგვიძლიათ ვიტრაბახოთ. მეც ასე მეგონა, სანამ შემთხვევით არ აღმოვაჩენდი, რომ თურმე მსოფლიოში კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც ქვევრებს უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ უნიკალურ არქეოლოგიურ ძეგლზე მინდა გიამბოთ დღევანდელ პოსტში.


image

ლაოსის პროვინცია სიანგჰუანგში მდებარეობს გასაოცარი და ჯერჯერობით ნაკლებადშესწავლილი ღირსშესანიშნაობა - ქვევრების ველი. ანამის ქედის ძირში პირდაპირ მიწიდანაა ამოზრდილი ასობით ქვის ქვევრი, რომლებიც გამოკვეთილია გრანიტის, ქვების ან მთის ქანებისაგან. ამ საოცარი ჭურჭლების დიამეტრი ნახევრიდან სამ მეტრამდეა, ხოლო ზოგი მათგანის ტევადობა ექვს ტონას აღწევს.


image


ქვევრების გარეგნული სახე ძალიან უბრალოა და მოუპირკეთებელი. თითოეული მათგანის ახლოს შესაძლებელია იპოვოთ ქვის დისკი, რომელსაც სავარაუდოდ, სათავსოს სახურავად იყენებდნენ. უამრავი ნაპოვნი ქვევრიდან მხოლოდ ერთზე იქნა აღმოჩენილი ბარელიეფი-მასზე გამოსახულია მოცურავე ადამიანი.


ამ უცნაური ქვის სათავსოების წარმოშობის და დანიშნულების შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებულად არაფერი არააა ცნობილი. თავად ქვევრების ველი XX საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს ფრანგმა არქეოლოგებმა. გათხრების დროს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ სათავსოების ასაკი 1500-2000 წელია. მათი დამზადების ტექნიკასა და დანიშნულებაზე კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი.

ძირითადი ჰიპოთეზა, რომელიც ქვევრების დანიშნულებას ეხება, ორია. პირველი მათგანი ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ მსგავსი სათავსოები აგრეთვე ნაპოვნი იქნა ტაილანდსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. ისინი განლაგებულია იმ გზის პირას, რომელიც წინათ გაცხოველებულ სავაჭრო გზას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით სწავლულები ვარაუდობენ, რომ ამ ქვევრებში ადგილობრივი ვაჭრები ინახავდნენ საქონელს ან სავსებით შესაძლებელია - წყალსაც, რადგან წვიმები ამ ადგილებში დიდი იშვიათობაა.


image


მეორე ჰიპოთეზა გამომდინარეობს არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ გამოტანილი დასკვნებიდან. გათხრების დროს ზოგიერთ ქვევრში და მათ ახლოს იპოვეს ადამიანის ჩონჩხები, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ველი ერთგვარი მორგის როლს ასრულებდა, ხოლო ჭურჭელში მიცვალებულების გვამებს ინახავდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში ეს სხეულები იხრწნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მარხავდნენ მათ მიწაში.


image


ესენი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ შესაძლებელია, უახლოეს ხანებში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი იქნას ნაპოვნი. საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ამ ადგილას სერიოზული გათხრების წარმოება უბრალოდ შეუძლებელია. მიზეზი ლაოს-ვიეტნამის ომი და მისი შედეგებია. კონფლიქტის დროს ქვევრების ველის ზონა არაერთხელ მოჰყვა საავაციო დაბომბვაში. ძალიან ბევრი ქვევრი განადგურდა ამ ვანდალური აქტის დროს, ხოლო ველზე დღესაც პოულობენ ნაღმებს და საბრძოლო მასალის ნარჩენებს, რომელთა აფეთქებამ არაერთი ადგილობრივის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამიტომ ქვევრების ველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დახურული მეცნიერებისა და ტურისტებისათვის.

საბედნიეროდ, ლაოსის ხელისუფლება ინტერნსიურად ასუფთავებს ქვევრების ველებს საბრძოლო ნარჩენებისაგან. დღეისათვის უკვე სამი ველია გახსნილი ტურისტული მარშრუტებისათვის. მათგან ყველაზე პოპულარულია ტხონგ ჰაი ჰინი. აქ მდებარეობს 250 ქვის ჭურჭელი, რომელთაგან ყველაზე დიდის წონა 3, 5 ტონაა და გამოქვაბული, სადაც, ლეგენდის თანახმად, გოლიათები აკეთებდნენ ამ ქვევრებს და მათ ღამის ქოთნებად იყენებდნენ.


image


ამჟამად ლაოსის ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებას იუნესკოსთან, რათა ქვევრების ველს მიანიჭონ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ეს ორგანიზაცია თანხებს გამოყოფს ველების ნაღმებისაგან გასათავისუფებლად და გზის მისაყვანად ამ ადგილებამდე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ველების მთლიანად გახსნა ტურისტებისათვის.

0
356
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0