x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კვებითი აშლილობები
imageრაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არაა... მაგრამ ეს ბრწყინვალება იმდენად თვალისმომჭრელია, ისე აბრმავებს ადამიანს, რომ ის ამის იქით ვერაფერს ხედავს. აფასებს რა წიგნის ყდას, არც კი ცდილობს გაიგოს რა „ძევს“ მასში. ამავე ტენდენციას ავლენს პიროვნებათა შეფასების თვალსაზრისით, კერძოდ, მათი გარეგნული ნიშნების გათვალისწინებით აყალიბებს გარკვეულ შთაბეჭდილებას. კარგი გარეგნობის ადამიანი აღიქმება, როგორც უფრო მეგობრული და სასიამოვნო, მათ მიმართ მეტი სიმპათიით განეწყობიან და ხშირია შემთხვევები, როცა ამ ადამიანებს ისეთ დადებით თვისებებს მიაწერენ, რომელიც რეალურად არც კი გააჩნიათ. კარგ გარეგნობაში ლამაზ ნაკვებთან ერთად, რა თქმა უნდა, იდეალური სხეულის ფორმებსაც მოიაზრებენ.
მათგან განსხვავებით, მსუქანი ადამიანები მუდმივი წნეხის ქვეშ არიან, რადგან საზოგადოების მხრიდან დაცინვას, ზოგჯერ უარყოფასა და დისკრიმინაციასაც კი განიცდიან, ამ მხრივ, სტერეოტიპების ჩამოყალიბებას კულტურათაშორისი შეხედულებები განაპირობებენ.


საუკუნეების განმავლობაში ადამიანის წონას თითქმის ყველგან მაღალ სოციალურ მდგომარეობასთან აიგივებდნენ, სიმსუქნე სიმდიდრისა და ჯანმრთელობის ნიშნად ითვლებოდა, სიგამხდრე კი იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობდა და სათანადოდ ვერ იკვებებოდა. სიმსუქნის წინააღმდეგ არსებული უარყოფითი განწყობები განსაკუთრებით ძლიერია დასავლეთის ინდივიდუალისტურ კულტურებში, ხოლო კოლექტივისტური კულტურის ქვეყნებში იგი ნაკლებად იჩენს თავს, მაგ.: „აფრიკულ კულტურაში ყველა ვერ მისცემს თავს უფლებას რომ ზედმეტი წონის მატარებელი იყოს. სიმსუქნე იქ სიმდიდრესთან და ძალზე უზრუნველყოფილობასთან ასოცირდება“ (ზიმბარდო & გერიგი, 2008, გვ. 475). კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ აფროამერიკელები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს თავიანთ სხეულში, ვიდრე თეთრკანიანები, რომლებიც „აკრიტიკებენ“ საკუთარ ფორმებს.


საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ქალებში სიგამხდრეს აიდეალებს, ხელს უწყობს მოზარდ ასაკში კვებითი აშლილობების ჩამოყალიბებას.


კვებითი აშლილობა არის წონის კონტროლისა და მკაცრი დიეტების გამო კვების გაუკუღმართება, რომელიც ორი განსხვავებული ფორმით ვლინდება - ნერვული ანორექსია და ნერვული ბულემია.



ნერვული ანორექსია კვების მოთხოვნილების არქონაა. ამ დროს ადამიანი ზედმეტად ზრუნავს სიგამხდრის მიღწევისათვის, ახასიათებს საკუთარი სხეულის გამოსახულების დამახინჯებული წარმოსახვა და წონის მოსალოდნელი მატებისადმი ავადმყოფური შიში. „ანორექსიის დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდი იწონის მისი მოსალოდნელი წონის 85%-ზე ნაკლებს, მაგრამ მაინც ძალიან ეშინია გასუქების“ (ზიმბარდო & გერიგი, 2008, გვ.474).


ნერვული ანორექსიით დაავადებულ ადამიანს ახასითებს:


თვალშისაცემი სიგამხდრე;

წონის მატების გადაჭარბებული შიში;

ოსტეოპოროზი;

კანის სიმშრალე და სიყვითლე;
სხეულზე თმის საფარველის მომატება;

დაბალი სისხლის წნევა;
სუნთქვის და პულსის სიხშირის შემცირება;

სხეულის ტემპერატურის კლება;

ძლიერი გატაცება ფიზიკური ვარჯიშით;

მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები;

დეპრესია და ძილის დარღვევა;

საფაღარათო და დიორეზული საშუალებების მიღება;

გუნება-განწყობილების საერთო ფონის დაქვეითება, შერწყმული ჰიპერაქტი­ობა­სთან (შორსწასულ შემთხვევაში ჰიპერაქტიობა იცვლება მოდუნებით);

დაბალი თვითშეფასება.


„ის ადამიანები, რომელთაც ბულემიის დიაგნოზი აქვთ, ხასათდებიან საკვების ინტესიური და არაკონტროლირებადი შთანთქმის პერიოდებით, რომელსაც თან სდევს ჭარბი კალორიებისაგან სხეულის გაწმენდა - თვითგამოწვეული ღებინება, საფაღარათო
საშუალებების მოხმარება, შიმშილობა და ა.შ.“ (ზიმბარდო & გერიგი, 2008).„გაწმენდის“ ციკლები, მეორდება კვირაში რამდენიმეჯერ. ბულემიით დაავადებულს
ახასიათებს:
ჭამის შემდეგ სუფრის სწრაფი მიტოვება და საპირფარეშოს ხშირი სტუმრობა;

დეჰიდრატაცია;

ხშირი ღებინების გამო პირის ღრუს დაზიანება;

კბილების ეროზია, რომელიც გამოწვეულია კუჭის მჟავას კბილებთან ურთიერთქმედებით;

გასტოენდეროლოგიური დარღვევები;
თირკმლის პრობლემები;

უჭირთ შიმშილის გრძნობის და ”დარდის” ერთმანეთისგან გარჩევა;

პროდუქტების მომარაგება;

დაბალი თვითშეფასება;

დეპრესია, დანაშაულის გრძნობა და საკუთარი თავის სიძულვილი;

მკაცრი თვითკრიტიკა;

პერფექციონიზმი (სწრაფვა სრულყოფისკენ);

განცდა, რომ არ შეუძლია თვითკონტროლი და მუდმივად შექების მიღების სურვილი.


მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონი ადამიანი იტანჯება კვებითი აშლილობებით, მათგან კი აშშ გამოიჩევა. ANAD ( National Association Of Anorexia Nevroza and Associated Disorders)-ის სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში 24 მილიონი ადამიანი, განუჩევლად ასაკისა და სქესისა, განიცდის კვებით აშლილობას. სავარაუდოდ, მამაკაცების 10-15%-ია დაავადებული კვებითი აშლილობებით, ქალებში ეს პრობლემა გაცილებით მასშტაბურ ხასიათს ატარებს, მათი 90% განიცდის კვებით აშლილობების სხვადასხვა ფორმებს. 12-25 წლის ასაკი განსაკუთრებით „მგრძნობიარეა“ კვებითი აშლილობების მიმართ. ითვლება, რომ ანორექსია არის
მესამე ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება ახალგაზრდებს შორის.


სტატისტიკური მონაცემები მართლაც რომ შემაშფოთებელია, როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია კვებითი აშლილობები. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რაც ნათლად დაგვანახებდა კვებითი აშლილობების საფრთხეს, მაგრამ, ისევე რგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც იმდენად მოთხოვნადია იდეალური სხეულის „ხატი“, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები მიმართავენ მუდმივ დიეტას, რაც შემდგომ მძიმე ფორმებში შეიძლება გადაიზარდოს.

ჩვენ არ გვაქვს გათავისებული თუ რაოდენ საფრთხისშემცველი შეიძლება აღმოჩნდეს მუდმივი დიეტა. საზოგადოება, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, რადგან ის საზღვრავს, როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი. მოზარდები ცდილობენ მოერგონ მათ კულტურაში არსებულ ნორმებს, უყურებენ რა საკუთარ თავს სარკეში,
ცდილობენ აღმოაჩინონ არარსებული ნაკლოვანებები. გამომდინარე იქიდან, რომ 90% ნეგატივისტია, „ნაკლოვანებების“ ძიება მათ „აბრმავებთ“ და სინამდვილესაც სულ სხვა ჭრილში ხედავენ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა 45 კგ წონის გოგონები სარკეში ყურებისას წუწუნებენ საკუთარ წონაზე. „90-60-90“-ის მიღწევის მოლოდინში კი ბევრი მათგანი დაღს ასვამს ჯანმრთელობას და „დაკარგული სამოთხის“ ძიებაში უკიდურეს შედეგებამდე მიდიან.

ალბათ, ყველა პატარა გოგონას საყვარელი თოჯინაა „Barbie“, რომელიც ასოცირდება image
იდეალური გარეგნობის მქონე ქალთან, რომლის მსგავსიც უნდათ პატარებს რომ იყვნენ. ამის მიღწევა კი მეტად რთულია, გამომდინარე თოჯინის პარამეტრებიდან. გაითვალისწინეს რა ანორექსია-ბულემიის გახშირებული პრობლემები მოზარდებში, სულ ახლახან შექმნეს „Barbie”-ს ალტერნატივა, “Lammily” - თოჯინა ჩვეულებრივ

ადამიანთან მიმსგავსებული გარეგნობით, რომელსაც მოჰყვება მისაკრავი დეტალები, რომლებიც ე.წ. ცელულიტების როლს ასრულებს. ამ თოჯინის არსი მდგომარეობს შემდეგში: ბავშვები თავიდანვე უნდა შეეგუონ აზრს, რომ შესაძლოა ასეთი სხეულიც ჰქონდეს ადამიანს, რაც, სავარაუდოდ, მოზარდობაში დაიცავს მათ კვებითი აშლილობების მიდრეკილებისაგან.


კვებითი აშლილობები საჭიროვებს ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას ფსიქიატრთან და ფსიქოთერაპევტთან. ორივე სახის კვებითი აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებენ ანტიდეპრესანტებს, ვინაიდან დეპრესია ხშირად წინ უსწრებს ან ახლავს მათ. უფრო ადვილი სამკურნალოა ბულემია. ანორექსიით დავადებულებს კი ხშირად აღენიშნებათ რეციდივი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც კი.


კვებითი აშლილობების მსუბუქი ფორმების გადაწყვეტა უფრო მარტივად, მკურნალობის გარეშეც არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა საზოგადოების თვითშეფასების ამაღლება, საკუთარი თავის მიმღებლობა ისეთად, როგორებიც ვართ. თუკი თვითონ ჩათვლიან ადამიანები, რომ ლამაზები არიან და პოზიტიურად დაიმუხტებიან,

ვერანაირი პროპორციები ვერ შეუშლის ხელს მათ ლაღ ცხოვრებას. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა, მუდმივად დიეტაზე ყოფნა კი, არა მარტო მათ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ გამოფიტვასაც იწვევს. ჯანსაღი
ცხოვრება ბევრად ჯობს ხელოვნურად შექმნილ კვებით რაციონებს.

ვიყოთ, ის რაც ვართ, მივყვეთ ცხოვრების დინებას და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ჩვენი ამქვეყნიური ყოფით. თუკი თავს ბედნიერად ვიგრძნობთ და აღარ
ვიფიქრებთ ზედმეტ წონაზე, ეს ბედნიერება თავისთავად მშვენიერებას გადმოაფრქვევს. როგორც ოდრი ჰეპბერნი იტყოდა: „ბედნიერი გოგონები არიან ყველაზე მშვენიერები“.











































0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0