x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ემოციები
imageძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ემოციების გარეშე. რა იქნებოდა რომ არ განვიცდიდეთ ბედნიერებას, შიშს, სიბრაზეს?


ხშირად ემოციას მხოლოდ გრძნობად თვლიან. თანამედროვე ფსიქოლოგთა განსაზღვრებით, ემოცია არის სხეულებრივი და მენტალური ცვლილებების რთული პატერნი, რომელიც მოიცავს: ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევით რეაქციებს, რომლებიც პიროვნულად მნიშვნელოვნად აღქმულ სიტუაციებზე საპასუხოდ ჩნდება.


გამოჰყოფენ ემოციის შემდეგ სახეებს:


1. აფექტი -წარმოადგენს ერთბაშად წამოჭრილ, სწრაფად წარმავალ და უკიდურესად ინტენსიურ ემოციას, რომელიც მისი განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას და ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებებით ხასიათდება. აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს
შორის, ისე რომ ადამიანი ობიექტურად ვერ აფასებს შექმნილ მდგომარეობას და რეაგირებს მიზანშეუწონლად, ხშირად ქაოტურადაც;



2. ვნება - ეს არის ინტენსიური და მეტად ხანიერი (მტკიცე) ემოცია, რომელსაც ახასიათებს სუბიექტის ინტენსიური სწრაფვა გრძნობის საგნის მიმართ.


3. გუნება - როგორც ემოციათა თავისებური სახე, რიგი თვისებებით აფექტის საწინააღმდეგო განცდაა. იგი არ წარმოადგენს გამოკვეთილ, რაიმე ობიექტზე მიმართულ გრძნობას. გუნება მთელი სუბიექტის ზოგადი, გაუნაწევრებებლი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ყველა მის განცდას თავისებურ ელფერს აძლევს.


4.შფოთვა - წარმოადგენს თავისებურ ემოციურ მდგომარეობას. იგი ჩნდება
მაშინ, როცა პიროვნება სიტუაციას განიხილავს, როგორც სახიფათოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის.


ემოციებთან გამომხატველობას (ექსპრესიას ) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იგი ემოციის სხეულებრივი ცვლილების აშკარა ნაწილია, მაგ: შიშის დროს კანკალი, გაფითრება, თვალების გაფართოება და ა.შ. სახის ექსპრესიის ბუნების წამყვანი მკვლევარის, პოლ ეკმანის, მიხედვით ყველა ადამიანის „სახის ენა“ გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს; მან გამოჰყო 7 უნივერსალური ემოცია:
სიხარულიimage
გაკვირვება
ბრაზი
ზიზღი
შიში
სევდა
სიძულვილი


ეკმანმა და მისმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ემოციური
ექსპრესიების გარკვეული ნაწილი ადამიანის სახეობისათვის უნივერსალურია, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ეს ემოციური ექსპრესიები ჩვენი ევოლუციური მემკვიდრეობის თანდაყოლილ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი კვლევა ჩაატარეს. მათ შორის აღსანიშნავია კვლევა, რომელიც ჩატარდა ახალი გვინეის დამწერლობის არმქონე კულტურის (ფორეს კულტურის) წარმომადგენლებთან, რომელთაც არასდროს ქონიათ შეხება დასავლურ კულტურასთან;image


ექსპერიმენტში ფორეს ტომელებს აწვდიდნენ ფოტოსურათებს და სთხოვდნენ ამოეცნოთ 7 უნივერსალური ემოცია;აღმოჩნდა, რომ ისინი იმ სიტუაციებთან დაკავშირებით ახერხებდნენ ექსპრესიების ამოცნობას, რომლებშიც იგივე ემოცია ჰქონიათ განცდილი. ფორეს ტომელები აკეთებდნენ ემოციების ამგვარ ინტრერპრეტაციას: შიში გამოხატავს სიტუაციას, როდესაც გარეული ტახი მოგდევს და თან არა გაქვს შუბი, სევდა - შენი შვილის სიკვდილს გახსენებს.

აღმოჩნდა, რომ კვლევის პროცესში ცდის პირები დააბნია მხოლოდ გაოცებისა და შიშის ერთმანეთისაგან განსხვავებამ, რადგან, როგორც ჩანს, ამ ხალხს, ძირითადად, შიში ეუფლება, როდესაც რაიმე აოცებთ;


კვლევის მეორე ეტაპზე, ფორეს ტომის წარმომადგენლებს, ვისაც არ მიუღიათ ექსპერიმენტში მონაწილეობა სთხოვეს იმ ექსპრესიების მოდელირება, რომელთაც იყენებდნენ ემოციის გამოსახატად. მათი ვიდეოჩანაწერები კი ამერიკელ სტუდენტებს აჩვენეს. ანალოგიური შედეგი მიიღეს, ამერიკელებსაც გაუჭირდათ ნაჩვენები ექსპრესიებიდან გაერჩიათ შიში და გაოცება.


ემოციის შესახებ ბევრი თეორია არსებობს, მათ შორისაა: ჯეიმს-ლანგეს ცნობილი თეორია, რომლის მიხედვითაც სტიმულის აღქმა იწვევს ავტონომიურ ფიზიოლოგიურ აგზნებას და სხვა სხეულებრივ რეაქციებს, რასაც სპეციფიკური ემოციის განცდამდე მივყავართ. მაგ: მოწყენილები ვართ, რადგან ვტირით; ვბრაზობთ, რადგან თავს ვესხმით; შეშინებულნი ვართ, რადგან ვკანკალებთ.


კენონ-ბარდის ემოციის თეორია ამტკიცებს, რომ ემოციის სტიმული იწვევს ორ განსხვავებულ რეაქციას - ფიზიოლოგიურ აგზნებასა და ემოციის განცდას, რომლებიც ერთმანეთს არ განაპირობებენ. მაგ: თუ რაიმე იწვევს ადამიანში გაბრაზებას, გულისცემა
გახშირდება და, ამავე დროს, შესაბამისი აზრიც გაუჩნდება - „როგორ გამაბრაზეს!“ მაგრამ სხეული და გონება არ კარნახობენ ერთმანეთს, როგორი უნდა იყოს თითოეული მათგანის რეაქცია;


სტენლი შახტერის მიხედვით, ემოციის განცდა წარმოადგენს ფიზიოლოგიური
აგზნებისა და კოგნიტური შეფასების ერთობლივი მოქმედების შედეგს. ორივე კომპონენტი აუცილებელია ემოციის აღმოცენებისათვის.


რიჩარდ ლაზარუსი, კოგნიტური შეფასების მოდელის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ამტკიცებს, რომ`ემოციური განცდა შეუძლებელია გაგებულ
იქნეს, როგორც მხოლოდ პიროვნებაში ან თავის ტვინში მიმდინარე პროცესი. იგი, ასევე,
ხაზს უსვამს იმას, რომ შეფასება ხშირად ცნობიერი გააზრების გარეშე ჩნდება. თუ არსებობს წარსულის გამოცდილება, რომელიც ემოციას სიტუაციასთან აკავშირებს აგზნების ინტერპრეტაციისათვის აღარ არის საჭირო დამატებით გარეგანი პირობების საგანგებოდ ძებნა.


და მაინც, საკითხავია, რაში გვჭირდება ემოციები? რა ფუნქციას ასრულებენ ისინი? მიჩნეულია, რომ მათ ძირითად ფუნქციას მოქმედებისთვის იმპულსის მიცემა წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვანი მიზნებისაკენ მოძრაობის დაწყებას ნიშნავს; ფიზიოლოგიური აგზნება, რომელსაც ემოციური სიტუაციები იწვევს, საჭიროა
ოპტიმალური შესრულების განსახორციელებლად, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა ემოციებს არ მივცეთ იმდენად გაძლიერების საშუალება, რომ გარკვეული ქმედების შესრულებისას უარესი შედეგი არ მივიღოთ.

იერკს-დოდსონის კანონის მიხედვით, რაც გულისხმობს კორელაციას (კავშირი) ამოცანის შესრულებასა და აგზნების ოპტიმალურ დონეს შორის, აგზნების/ ემოციურობის შედარებით უფრო მაღალი დონე ზრდის შესრულების ეფექტიანობას მარტივი "ამოცანის" შემთხვევაში და ინდივიდიც წარმატებით ასრულებს მას. მაშინ, როცა რთული ამოცანებისათვის აგზნების უფრო დაბალი დონეა ოპტიმალური.












0
2093
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
2093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0