x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ფსიქოლოგიური დახმარების სახეები
ფსიქოლოგიური დახმარებაფსიქოლოგიური ჩარევის ნებისმიერი ფორმის მიზანია ინდივიდის ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება. ფსიქოლოგიური დახმარება გულისხმობს ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების გადაჭრას.


ფსიქოლოგიური დახმარება ორიენტირებულია ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების მოგვარებაზე სპეციალური მეცნიერულ-ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით.


გამოყოფენ ფსიქოლოგიური დახმარების რამდენიმე სახეს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიზნებით, მათ საფუძვლად მდებარე თეორიული ორიენტაციებით, გამოყენების სფეროებით და ა.შ.

დახმარების ძირითადი მიზნების მიხედვით, გამოიყოფა:
>ფსიქოლოგიური კონსულტირება;

>ფსიქოთერაპია;

>ფსიქოლოგიური კორექცია;


>კრიზისული ინტერვენცია;

>ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

>ფსიქოლოგიური ტრენინგი.

ფსიქოლოგიური კონსულტაცია ორიენტირებულია, დაეხმაროს კლიენტს კონკრეტული პრობლემური სიტუაციის გადაჭრაში, აძლევს მას საშუალებას, გაიფართოოს წარმოდგენები საკუთარი პიროვნების სხვადასხვა ასპექტისა და მისი სოციალური გარემოცვის შესახებ.

ფსიქოთერაპია მიმართულია იმ პირების ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები. ფსიქოთერაპიის ფარგლებში ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ხდება აღნიშნული დარღვევების სიმპტომების აღკვეთა.

ფსიქოლოგიური კორექცია წარმოადგენს მიმართულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კონკრეტულ ფსიქიკურ სტრუქტურებზე, რათა ხელი შეეწყოს პიროვნების სრულყოფილ განვითარებასა და ფუნქციონირებას.

კრიზისული ინტერვენცია არის გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ მდგომარეობაში.

კრიზისი - ეს არის ჯანმრთელი ადამიანის რეაქცია მისთვის სუბიექტურად მნიშვნელოვან სიტუაციაზე, რომელიც ადაპტაციისა და დაძლევის ახალ საშუალებებს საჭიროებს, რადგან უკვე არსებული საშუალებები საკმარისი არაა. ფსიქოლოგიურ კრიზისში ყოველთვის მოიაზრება დანაკარგი ან დანაკარგის შიში.


ესა თუ ის მოვლენა კრიზისულად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი ის:

- ძლიერ და ხანგრძლივ სტრესს იწვევს;

-სულიერ და/ან მატერიალურ დანაკარგს შეიცავს - ახლობელი ადამიანის სიკვდილი, განქორწინება, გაქურდვა და სხვა;

-განადგურების ან ფიზიკური დაზიანების საფრთხეს შეიცავს - სტიქიური უბედურებები, საომარი კონფლიქტები;
-დამცირებისა და უმწეობის განცდებს იწვევს - ადამიანი კარგავს იმ რესურსებს, რომლებსაც საკუთარ თავში რწმენის გასამყარებლად იყენებდა;

-საკუთარ თავზე ჩვეულ წარმოდგენას არღვევს - ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს რეალობისა და საკუთარი თავის აღქმის სიზუსტეს;

-მოულოდნელია და მისი მართვა არ ხერხდება - ადამიანი ვერ ასწრებს მისი გარდაუვალობის გაცნობიერებასა და სიტუაციის გაკონტროლებას;
-ცხოვრების ჩვეულ წესს არღვევს - ადამიანი მეტნაკლებად მოწესრიგებული სამყაროდან გაურკვეველ სამყაროში გადადის;

-მომავალს გაურკვეველს ხდის.

კრიზისული ჩარევა მიმართულია მოსალოდნელი ფსიქიკური აშლილობებისა და ქცევითი დარღვევების განვითარების პროფილაქტიკაზე.


ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გულისხმობს პაციენტისთვის დახმარების გაწევას, რაც ხელს შეუწყობს მისი შესაძლებლობების მაქსიმალურ აღდგენას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მძიმე პიროვნული აშლილობებისა და ცხოვრების სტილის ნეგატიური ცვლილებების პრევენციას.

ხოლო ფსიქოლოგიური ტრენინგი ემსახურება ინდივიდისთვის აუცილებელი ფსიქოლოგიური და ქცევითი უნარების გამომუშავებას: სტრესის დაძლევა, კონფლიქტების გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.

ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (მაგალითად, ჯგუფური ოჯახური თერაპია).

ზოგადად, მტკიცე საზღვრები ფსიქოლოგიური დახმარების სხვადასხვა ფორმას შორის არ არსებობს. ისინი ეფუძნებიან ზემოქმედების მსგავს მეთოდებსა და პრინციპებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ეხება ფსიქოლოგიურ კონსულტირებას, ფსიქოკორექციასა და ფსიქოთერაპიას. განსხვავებები მათ შორის, მეტწილად, ხელოვნურია და ეფუძნება საკანონმდებლო შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრავენ ფსიქოლოგის შესაძლო ფუნქციებს სამკურნალო დაწესებულებაში.

ფსიქოლოგიური დახმარების ხასიათი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სპეციალისტის თეორიულ ორიენტაციაზე. დღესდღეობით ფსიქოლოგიური დახმარების მრავალი მიმართულება არსებობს: ფსიქოანალიზი, ბიჰევიორალური და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, რაციონალურ-ემოციური თერაპია, გეშტალტ თერაპია და ა.შ.

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა არის ფსიქოლოგიური დახმარების ეფექტურობის შეფასება. პაციენტების თვითანგარიშები და თერაპევტების ანგარიშები არ არის საკმარისი მიღწეული წარმატების ზუსტად განსასაზღვრად. გარდა ამისა, საკითხავია, თუ რა უნდა იყოს წარმატების კრიტერიუმი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველთვის ადვილად შესაძლებელი არ არის წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა. ასევე სადავო საკითხია ისიც, თუ თერაპიის დასრულებიდან რამდენ ხანშია მიზანშეწონილი მიღწეული წარმატების შეფასება და, რაც მთავარია, ხომ არ იქონია გავლენა კლიენტის მდგომარეობაზე სხვა, გარეშე ფაქტორებმა.



0
309
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0