x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
არასრულფასოვნების კომპლექსი, ადლერის მიხედვით

ალფრედ ადლერიტერმინი “არასრულფასოვნების კომპლექსი’’ შემოიტანა ფსიქოლოგმა ალფრედ ადლერმა. ის თვლიდა, რომ თავდაპირველად ყველა ბავშვი განიცდის არასრულფასოვნებას, მისი ფიზიკური უმწეობიდან გამომდინარე. თავად ადლერი ბავშვობაში ფიზიკურად სუსტი იყო, ხშირად ავადმყოფობდა და სწორედ ამ ფაქტს შეგვიძლია დავუკავშიროთ მისი იდეები ფიზიკური და ფსიქიკური არასრულფასოვნების კომპენსაციის შესახებ.


ადლერის მეცნიერული იდეების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებებმა და ასევე დარვინის ევოლუციურმა თეორიამ. თუმცა ადლერმა დარვინის შეხედულებას, რომ ევოლუციის პროცესში გადარჩებიან ყველაზე ძლიერები და გარემოსთან უფრო მეტად ადაპტირებულები, დაუპირისპირა თავისი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, პირიქით, არასრულფასოვნება შეიძლება გახდეს მასტიმულირებელი ფაქტორი ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში.


ადლერის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც უყალიბებს მას არასრულფასოვნების კომპლექსს. არასრულფასოვნების ძლიერმა გრძნობამ შესაძლოა შეაფერხოს პიროვნების პოზიტიური ზრდა და განვითარება მაშინ, როცა არასრულფასოვნების ზომიერ შეგრძნებას წამახალისებელი ეფექტი აქვს; იგი ბავშვში ბადებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარების, სრულყოფის სურვილს, სურვილს გახდეს ისეთივე ძლიერი ან უფრო ძლიერი, როგორებიც გარშემომყოფები არიან.

თავის ადრეულ ნაშრომებში ადლერი აღნიშნავდა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი მიდრეკილებაა და საფუძვლად ევოლუციური პროცესი უდევს. თუ ადამიანის მიზანი, ისწრაფოს სრულყოფილებისკენ, მოიცავს საზოგადოებრივ ინტერესებს, მაშინ პიროვნების განვითარება იღებს კონსტრუქციულ ხასიათს, ხოლო, თუ ეს მიზანი ემსახურება მხოლოდ საკუთარი პიროვნული აღმატებულობის, უპირატესობის დამტკიცებას, სხვებზე ბატონობის უფლების მოპოვებასა და მოკლებულია სოციალურ ინტერესს, მაშინ ადამიანის “ცხოვრებისეული სტილი’’ დეფორმირდება და შედეგად ვიღებთ ნევროზს. ეს უკანასკნელი არასრულფასოვნების ძლიერი განცდითაა განპირობებული.

ადლერის მიხედვით, თითოეული ადამიანი გამოიმუშავებს ცხოვრებისეულ მიზანს, რომელიც მოიცავს მის მისწრაფებებს, მიღწევებსა და სურვილებს. ცხოვრებისეული მიზნების ფორმირება იწყება ბავშვობაში; ადლერის აზრით, ბავშვს ეს იმისთვის სჭირდება, რომ ადაპტირდეს ზრდასრულების სამყაროში, მოახდინოს არასრულფასოვნების, საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და უმწეობის შეგრძნების კომპენსაცია. ცხოვრებისეული მიზნები, როგორც წესი, მთლიანად არ ცნობიერდება, თუმცა უზრუნველყოფს ადამიანის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და ამოცანების გამოკვეთას. ისინი დამცავ ფუნქციას ასრულებენ უძლურების განცდის წინააღმდეგ, წარმოადგენენ ერთგვარ ხიდს არადამაკმაყოფილებელ აწმყოსა და ნათელ, სრულყოფილ მომავალს შორის. არსებობს 3 ძირითადი ურთიერთდაკავშირებული მიზანი (ამოცანა): სამუშაო, მეგობრობა და სიყვარული.

თუ არასრულფასოვნების განცდა ძალიან ძლიერია, ცხოვრებისეული მიზნები ყოველთვის რაღაც დოზით არარეალისტური და გადაჭარბებული იქნება.


ადლერის იდეებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფენომენი იკვეთება. ეს არის ცხოვრებისეული სტილი - უნიკალური მეთოდი, რომელსაც თითოეული ადამიანი ირჩევს თავისი ცხოვრებისეული მიზნების შესასრულებლად; პიროვნების ცხოვრებისეული სტილი ისეთივე უნიკალურია, როგორიც თავად პიროვნება. ეს არის ინტეგრირებული სტილი გარემოსთან ადაპტირებისთვის და მასთან ურთიერთქმედებისთვის. ამიტომ ადამიანის თითოეული ქცევა, თვისება თუ ჩვევა, მისი ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები უნდა განვიხილოთ არა იზოლირებულად, არამედ მთლიან ცხოვრებისეულ კონტექსტში.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხოვრებისეული სტილის დეფორმაციაზე არის: არასრულფასოვნება, გარიყულობა და განებივრებულობა.

ადლერის მიხედვით, ადამიანი არ არის უმწეო პაიკი გარემო ძალების ხელში, იგი თავად აყალიბებს თავის პიროვნებას. თითოეული ადამიანი თავისი ცხოვრებისეული სტილიდან გამომდინარე, იქმნის შეხედულებას საკუთარ თავსა და გარემოზე. ადლერი ამას აპერცეპციის სქემას უწოდებს. პიროვნების წარმოდგენები გარემოზე განსაზღვრავს მის ქცევას. ადამიანი შერჩევითად გარდაქმნის და ინტერპრეტირებას უკეთებს თავის გამოცდილებას; აქტიურად აანალიზებს რაღაც შემთხვევებს, სხვებს კი გაურბის; ამ გზით იგი ქმნის აპერცეპციის ინდივიდუალურ სქემას და აყალიბებს გარემოსთან ურთიერთქმედების სხვადასხვა პატერნს.

ადლერი თვლიდა, რომ ადამიანი დაინტერესებული უნდა იყოს იდეალური საზოგადოების შექმნაში, საზოგადოებრივი სრულყოფისკენ სწრაფვაში, რაც ევოლუციის საბოლოო მიზანია. ამის მისაღწევად პიროვნების მთავარი იარაღი არის თანამშრომლობა გარემოსთან, საერთო საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა. ამ გზით არის შესაძლებელი არასრულფასოვნების გრძნობის გადალახვაც. იგი წერდა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი კაცობრიობის განვითარების საქმეში, ყოველთვის საზოგადოებაზე ორიენტირებულები იყვნენ. სხვანაირად, ადამიანებთან თანამშრომლობის ნაკლებობა და შედეგად წარმოქმნილი არაადეკვატურობის შეგრძნება ყოველთვის მიგვიყვანს ცხოვრებისეული სტილის დეფორმაციამდე, ნევროზამდე, რაც წარმოადგენს კონფლიქტს ძალაუფლებისკენ სწრაფვასა და საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებას შორის.


ადლერი ნევროზს განიხილავდა არა როგორც დაავადებას, არამედ კომპენსატორულ გზას, რომელსაც ირჩევს ნევროტიკი სოციუმთან ადაპტაციისთვის. აქედან გამომდინარე, მკურნალობის მეთოდი უნდა იყოს ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ყალბი ცხოვრებისეული მიზნების კორექცია ანუ მათი არაცნობიერიდან ცნობიერში ამოტანა.


ადლერმა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის 3 ძირითადი ეტაპი გამოყო: 1) ფსიქოთერაპევტის მიერ პაციენტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცხოვრებისეული სტილის გაგება; 2) პაციენტის დახმარება საკუთარი ქცევის გაცნობიერებასა და საკუთარი თავის გაგებაში; 3) პაციენტისთვის მაღალი სოციალური ინტერესის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

0
1807
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
1807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0