x
image
მანჩო 777
როგორ იყო ეს? - 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების გამოძახილი
ორიოდე დღის წინ ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში სტარტი აიღო XXXI ოლიმპიურმა თამაშებმა. უახლესი ორი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიჯაჭვული იქნება პლანეტის უძლიერესი სპორტსმენების შეჯიბრებებისა და ტურნირებისაკენ. ამასთან დაკავშირებით, მოდით, ერთად გავიხსენოთ ყველა ოლიმპიადებიდან ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და მშობლიური - მოსკოვის 22-ე ოლიმპიური თამაშები.


image


მოსკოვის ოლიმპიადა იყო პირველი ოლიმპიადა ისტორიაში, ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ეს იყო ასევე პირველი ოლიმპიადა, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა.


image



ახლანდელი რიოს ოლიმპიადა პირველი როდია, რომელსაც პოლიტიკური სკანდალები ახლავს თან. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა 65-მა ქვეყანამ, მათ შორის იყო აშშ, კანადა, თურქეთი სამხრეთ კორეა, იაპონია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ჩინეთი... ამის მიზეზი გახდა იმ დროისათვის გამწვავებული ურთიერთობა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებსა და ნატოს შორის ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის გამო. სხვათაშორის, ამ ქვეყნების ზოგიერთი სპორტსმენი მაინც ჩამოვიდა მოსკოვში. ისინი თავიანთი ქვეყნების დროშების მაგივრად ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ.


image


ოლიმპიადამ ცოტაოდენ გაამრავალფეროვნა პროდუქტებითა და სხვა სამრეწველო საქონლით სსრკ-ის უფერული და ნახევრადდაცარიელებული მაღაზიების თაროები. გასტრონომებში გამოჩნდა ფინური ჯემები, უცხოური წარმოების სერველატი და სალემი, საწრუპავიანი ხილის წვენები და ალკოჰოლური სასმელებიც კი, მათ შორის ქილაში ჩასხმული ლუდი, რაც მანამდე უცხო ხილი იყო საბჭოური მაღაზიებისათვის. ოც კაპიკად მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღში ( ГУМ) ან სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ( ВДНХ ) შესაძლებელი იყო ერთი ქაღალდის ჭიქა ''ფანტის'' შეძენა.


image
გარდა ამისა, გამოჩნდა უამრავი სუვენირი თუ სამრეწველო პროდუქტი ოლიმპიური ნიშნითა და მომღიმარე დათუნიათი, რომელიც ამ ოლიმპიადას სიმბოლო გახდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ეს სპორტული ფორუმი შეიჭრა თითქმის ყველა ოჯახში, ყველა სახლში, ის შეეხო თითოეულ საბჭოთა მოქალაქეს. ეს მართლაც ასე იყო, რადგან ამ მოვლენას მართლაც ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდა.


image


მოსკოვის ოლიმპიადასთან ერთად ჩვენთან მოვიდა თავისუფლების ნაწილაკი და ინტერესი ყველაფერი დასავლურის მიმართ. ცენზურა სათანადო დონეზე იდგა: გაზეთები წამდაუწუმ ახსენებდნენ საბჭოთა მოქალაქეებს დასავლური საფრთხის- სხვადასხვა ნივთებით შემოტანალი დაავადებების და ინფექციების შესახებ, ხოლო სპორტმენებს შეჯიბრებების დაწყების წინ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ( КГБ) წამომადგენლები უტარებდნენ აგიტაციას. უამრავი ჭორი დადოდა მოსკოვში ოლიმპიადის დღეეებში: ამბობდნენ, რომ უცხოელები საღეჭ რეზინაში მალავდნენ დანებს და შემოჰქონდათ დაბინძურებული პროდუქტები. განსაკუთრებით ეშინოდათ ამერიკული ყავისა: დადიოდა ჭორები, თითქოს ეს ყავა კი არა, საწამლავი იყო. მოარული ხმები იუწყებოდა, რომ ჯინსებისაგან შეიძლება აიკიდო მძიმე დაავადება, ხოლო ყველაზე დიდი მითქმა - მოთქმა გამოიწვია ჭორმა, თითქოს რომელიღაც უცხოელმა სპორტსმენმა შემოიტანა კოლოფით რწყილები და უნდოდა ის საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე გაეშვა.


image


ოლიმპიადის წინა დღეებში მოსკოვში პირველად გამოჩნდა იაპონური «SONY»-ის კასეტები, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ სპორტულმა შეჯიბრებამ ყველაზე მეტად მწეველები გაახარა. სსრკ-ში პირველად გამოჩნდა მაღაზიებში ნამდვილი «Malboro»-სიმბოლო დასავლური თავისუფლებისა. ოლიმპიადის მოდის სიმბოლო კი გახდა ნამდვილი «Adidas»-ის ბოტასები. ერთნი ფულს თვეობით აგროვებდნენ მის შესაძენად, სხვები ღია შურით უცქერდნენ მას, ვისაც ეს საოცრება ეცვა, პარტიული მუშაკები კი უნდობლად უყურებდნენ კაპიტალიზმის ამ ნაწარმს და მკაცრად აკრიტიკებდენ მათ, ვისაც ის ეცვა. მოსკოვში ასეთი გამოთქმაც კი გაჩნდა:''ვისაც აცვია'' ადიდასი'', ის სამშობლოს იოლად გაყიდის"; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა, სიამოვნებით ყიდულობდა ბოტასებს, ხოლო წლების შემდეგ, როცა ის ბოლოსდაბოლოს ხმარებიდან გამოდიოდა, მარკას, რომელზეც საფირმო ნიშანი «Adidas» იყო მინიშნებული, აძრობდნენ და სხვა ბოტასს ან კედებს აწებებდნენ ან აკერებდნენ.


image


მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადაზე არ იყვნენ მაღალი კლასის სპორტსმენები იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს სსრკ-ს, ის მაინც გამოირჩეოდა რეკორდების სიუხვით: დამყარებული იქნა 74 ოლიმპიური, 39 ევროპის და 36 მსოფლიოს რეკორდი. უპირობო ლიდერი ჯილდოების და მედლების მხრივ გახდა სსრ კავშირი. საბჭოთა სპორტსმენებმა სულ 195 მედალი აიღეს, რომელთაგან 80 ოქროსი იყო, მეორე ადგილზე გამოვიდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (შესაბამისად 126 და 47). სხვა ქვეყნებიდან ათ ოქროს მედალზე მეტი არცერთს არ აუღია.


image


მოსკოვის XXII ოლიმპიადის საზეიმო დახურვა ნამდვილ შოუდ იქცა, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდა მათ, ვისაც გაუმართლა და სტადიონის ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს ამ დიდებულ სანახაობას და იმათაც, ვინც იმ დროს ტელევიზორის ეკრანებს იყო მიჯაჭვული. შეუძლებელი იყო აუღელვებლად გექცირა, როგორ ცვიოდა სტადიონის ტრიბუნებზე, ფერადი ფარებით წარმოდგენილი კომპოზიციაში, დათუნიას ცრემლები, ხოლო შოუს კულმინაცია გახდა მომენტი, როცა მოულოდნელად, სტუმრების და მაყურებლების გასაოცრად, სტადიონზე უზარმაზარი დათუნია გამოცურდა.


image


მან გამომშვიდობების ნიშნად თათი დაუქნია სტუმრებს, ნელ-ნელა დაიწყო ზემოთ ასვლა პახმუტოვას საოცრად მგრძნობიარე სიმღერის ფონზე და ცოტა ხნის შემდეგ უკვალოდ გაქრა მოსკოვის ღამეულ ცაში. ამ მომენტში, ალბათ, ყველა ტიროდა.


image


არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მოსკოვის ოლიმპიადაზე ქართველები, რაღა თქმა უნდა, სსრკ-ის სახელით ასპარეზობდნენ. ქართველებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ოქროს მედალოსნები გახდნენ ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა), ვახტანგ ბლაგიძე (კლასიკური ჭიდაობა) და შოთა ხაბარელი (ძიუდო). თუმცა განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ ვიქტორ სანეევის არაჩვეულებრივი გამოსვლა. 37 წლის მძლეოსანი სამხტომში უკვე სამი ოლიმპიადის გამარჯვებული გახლდათ, მოსკოვის ოლიმპიადა მისთვის რიგით მეოთხე და მის სპორტულ კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა. მიუხედავად საშინელი ფეხის ტრავმისა, სანეევმა ბევრი ძლიერი და ახალგაზრდა მეტოქე ჩამოიტოვა უკან და მხოლოს ესტონელ იააკ უუდმიაეს ჩამორჩა, ისიც მხოლოდ მილიმეტრებით. ვიქტორ სანეევი ერთადერთია ქართველი ოლიმპიელებიდან ასეთი მიღწევებით. მისი სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ამ სპორტული ფორუმის მატეანეში (რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი თავის სამშობლოში დაფასებას ვერ ეღირსა და იძულებული გახდა, შორეულ ავსტრალიაში გადაკარგულიყო საარსებო საშუალების ძიებაში).


image



და ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო რიოში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს და იმედი გამოვთქვა, რომ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ და მედლებით დაუბრუნდებიან სამშობლოს.


0
463
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0