x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

image

image

ია (სენპოლია) ეკუთვნის გესნერიასებრების (Gesneriaceae) ოჯახს. ბუნებაში ამ მცენარის ყველა (20) სახეობა აღმოსავლეთ აფრიკაში უზამბარის მთებში ხარობს. თავისი სახელი მცენარემ ბარონ ვალფერ ფონ სენ-პოლიას საპატივცემულოდ მიიღო. სხვა სახელები – აფრიკული და უზამბარის ია – მას იმიტომ დაარქვეს, რომ გარეგნობით ძალიან ჰგავს ველურ ბუნებაში გაზრდილ იების სახეობებს. გერმანიაში ამ კულტურას უზამბარის იას ეძახიან, ინგლისურენოვან ქვეყნებში – "აფრიკულ იას", ხოლო სენპოლია – მისი ლათინური სახელწოდება არის.

ია დაბალი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ჩვეულებრივ, მას მრგვალი ან გულისმაგვარი ფოთლები აქვს. ჯიშის მიხედვით, შეიძლება ჰქონდეს, როგორც ერთი ფერის ღია ან მუქი მწვანე შეფერილობა, ასევე უფრო რთული ფერი – მწვანესთან შერეული, მცირე ზომის თეთრი ლაქებით.

ყვავილის თანამედროვე სახეობები, ყვავილების ფორმის მიხედვით, ერთიანდებიან სხვადასხვა ჯგუფებში. გამოყოფენ უბრალო ანუ კლასიკურს, ვარსკვლავისებურ და არშიებიანი იებს. ფერის მიხედვით, მცენარის ყვავილი, შეიძლება იყოს ერთი ფერის. მაგ., ვარდისფერი, წითელი, თეთრი ან ფერადი – “გაფორმებული" სხვადასხვა ფერის ლამაზი უზორებით.

image

ყვავილის აღმოჩენის ისტორია

imageხანდახან, ამ ყვავილის აღმომჩენად ბარონ სენ-პოლ-ილერს ასახელებენ, მაგრემ ეს მთლად ასე არ არის. ყველაფერი 1892 წელს დაიწყო, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკის გუბერნატორი ალბერტ ემილ ვალტერ რედკლიფ ლა ტანოიქს ფონ სენ-პოლმა და მისმა საცოლემ, სეირნობის დროს, სიცხით შეწუხებულებმა, ხის ჩრდილს შეაფარეს თავი და შემთხვევით აღმოაჩინეს ყველასთვის უცნობი იისფერი ყვავილები. ასე, რომ, აღმომჩენი 2 იყო და არა ერთი. ნაპოვნი ყვავილები გერმანიაში, ბარონის მამას – ულრიხ სენ-პოლს გაუგზავნეს, რომელიც ყვავილების დიდი მოყვარული და ორქიდეების კოლექციონერი იყო. ხოლო მან, თავის მხრივ, ყვავილი, სახეობის დასადგენად, ბოტანიკური ბაღის დირექტორს ჰერმან ვენდლანდს გაუგზავნა, ჰანოვერში, რომელმაც იები გესნერიასებრების ოჯახს მიაკუთვნა. 1893 წ. ითვლება იის "დაბადების" წლად: ამ წელს ის პირველად წარადგინეს ყვავილების გამოფენაზე და მის შესახებ, პირველად გამოაქვეყნეს ინფორმაცია ჟურნალ "Garden Flora"-ში. აღსანიშნავია, რომ იამ გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია.

image

კითხვები და პასუხები

image

image1. შევიძინე ია. რა უნდა გავაკეთო რომ დიდხანს იცოცხლოს?

image

პასუხი: პირველ რიგში – კარგად უნდა დაათვალიეროთ მცენარე, მოაცილოთ ყველა დამჭკნარი და დამპალი ყვავილი და ფოთოლი (უმჯობესია, ყველა ყვავილი მოაცილოთ, პროფილაქტიკის მიზნით, ავადმყოფობის გავრცელების საწინააღმდეგოდ და სიცოცხლისთვის საჭირო ძალების დასაზოგად), არ მორწყათ მანამდე, ვიდრე ნიადაგის ზედაპირი კარგად არ გაშრება. კარგად გაურეცხეთ ფოთლები გამდინარე წყლის ქვეშ (ეს კარგი შესაძლებლობა არის ჭიებისა და სოკოს სპორების მოსაცილებლად).

image2. რატომ არის, რომ ჭრელფოთოლა იას ყოველთვის არა აქვს თეთრი ლაქები ფოთლებზე ან აქვს და შემდეგ უქრება?

image

image

პასუხი: ჭრელფოთოლა იებს, თავიდან, სანამ მცენარე პატარა არის, შეიძლება არც ჰქონდეს თეთრი ლაქები, ან ჰქონდეს, მაგრამ მცირე რაოდენობით. ეს იმიტომ ხდება, რომ გაუფერულებული ადგილები არ მონაწილეობს ქლოროფილის სინთეზში, ხოლო ახალგაზრდა მცენარის განვითარებისთვის ქლოროფილი აუცილებელია. როდესაც ფოთოლი საკმარისი რაოდენობის მწვანე მასით შეივსება – ლაქებიც თანდათანობით გაუჩნდება. გარდა ამისა, ლაქების მცირე რაოდენობა, შეიძლება აზოტის გადაჭარბებული რაოდენობით მიწოდებით ან მეტისმეტად თბილი გარემო პირობებითაც იყოს გამოწვეული.

image3. იას ფოთლები ზევით აქვს აწეულ, ფერმკრთალია, ღეროც სუსტი და მტვრევადი აქვს. რისი ბრალია?

image

image

პასუხი: მცენარე სინათლის ნაკლებობას განიცდის. გადაიტანეთ ქოთანი სინათლის წყაროსთან ან დამატებით ჩაურთეთ სინათლე.

image

4. მცენარის ფოთლები უფრო ყავისფერია, ვიდრე მწვანე, ყვავილობის პერიოდი მოკლე აქვს, ყვავილი კი ძალიან პატარა.

image

პასუხი: ეს ყოველივე ჭარბი განათების ბრალია. ამიტომ, მცენარეს მოუჩრდილეთ – მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივების დაცემას. დროთა განმავლობაში მწვანე ფოთლები გამოუვა, მაგრამ ძველი – ყავისფერი ფოთოლი ფერს ვერ აღიდგენს და ის თანდათანობით უნდა მოაცილოთ.

image

5. დიდ მცენარეს შეიძლება თუ არა, რომ მოვაწყვიტოთ ფოთლები და რამდენი?

image

პასუხი: ტრადიციულად, კლასიკურ იას, სამი რიგის ფოთოლი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, იმ ფოთლებს, რომელიც ყველაზე ახლოს არის მიწასთან, ხელით აცლიან ან მაკრატლით აჭრიან. მოწყვეტის ადგილზე რჩება ფოთლის ძირები, რომელიც მიწით უნდა დაიფაროს მომდევნო გადარგვის დროს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მოაცილოთ დაზიანებული ფოთლები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გინდათ მცენარის გამრავლება –ერთი რიგის ძველი ფოთოლი ქვემოთ უნდა დაუტოვოთ და ერთი რიგის ახალი ფოთოლი სულ ზემოთ. დანარჩენი ფოთლები კი მოაცილოთ. ასე მცენარე, მართალია ლამაზი აღარ იქნება და არც 5-6 თვის მანძილზე გაყვავდება, სამაგიეროდ დიდი რაოდენობით გასამრავლებელ მასალას მოგცემთ, როგორც ფოთლების, ისე გერების სახით.

image

6. შეიძლება, თუ არა “გერების" ერთდროულად მოცილება, თუ მეტისმეტად ბევრი გამოუვიდა?

image

image

image

პასუხი: თუ მცენარეს ბევრი გერი ჰყავს (ჩვეულებრივ, ეს ჰოლანდიური ქიმერებისთვის არის დამახასიათებელი), მათი მოცილება ერთდროულად არ შეიძლება. ეს რამოდენიმე დღის ინტერვალით უნდა მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, მცენარეში ინფექციის ან სოკოს მოხვედრის და მთლიანად მცენარის დაღუპვის რისკი ნაკლებია. თუ გერები ძალიან პატარებია, მათი მოცილება ერთდროულად შეიძლება. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, გერის მოცილების ადგილზე, აქტივირებული ნახშირის ფხვნილი უნდა მიაყაროთ.

image

7. როგორი მიწა არის საუკეთესო იებისთვის?

image

პასუხი: არსებობს ბევრი რეცეპტი, მცენარის ჩასარგავად, როგორც მიწიანი ისე უმიწო ნაზავის მოსამზადებლად. მთავარია, რომ ეს ნაზავი საკმარისად ფხვიერი იყოს, საიმისოდ რომ ჰაერმა და წყალმა მასში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იმოძრაოს.

მცენარისთვის გრუნტის მოსამზადებლად, ქოთანში ნახევრამდე ჩაყარეთ კერამზიტი (გაფუებული ფოროვანი გამომწვარი თიხის ღორღი; იყენებენ მსუბუქი ბეტონისა და რკინა-ბეტონის დასამზადებლად), დაუმატეთ ცოტა ხის ნახშირი და ზემოდან დააყარეთ მიწა.

imageროგორიც არ უნდა იყოს რეცეპტი, მთავარი ის არის, რომ ის შეიცავდეს 3 კომპონენტს – საკვებს (გრუნტის ზედა ფენა – ნეშომპალიანი ნიადაგი, აღებული ფოთლოვანი ხის ძირში), შემავსებელს (მაგ., ნახშირი, მოყვანილ მაგალითში ან ტორფი – გრუნტის შუა ფენად) და გამაფხვიერებელს (კერამზიტი, ვერმიკულიტი და ა. შ – გრუნტის ქვედა ფენა).

image

8. რამდენად ხშირად არის საჭირო იის გადარგვა?

image

პასუხი: პირველად მცენარის გადარგვა მაში ხდება, როდესაც შვილებს (პატარა იებს) ერთმანეთს აცილებენ და ინდივიდუალურ გრუნტში გადააქვთ. პირველი ყვავილობის შემდეგ, მცენარე უკვე კონკრეტულად მისთვის განკუთვნილ, 8-10 სმ-ს დიამეტრის მქონე ქოთანში გადააქვთ. ქოთნის ზომის გაზრდა, შემდგომი გადარგვების დროს, საჭირო არ არის. აღნიშნული დიამეტრის ქოთანი ოპტიმალურია ამ სახეობის მცენარეთა უმრავლესობისთვის. რაც შეეხება გადარგვის სიხშირეს, თუ მცენარეს მხოლოდ წყალს უსხავთ – მისი გადარგვა წელიწადში 2-ჯერ არის საჭირო. სწორედ ამ პერიოდის მანძილზე ყოფნის მას ნიადაგში არსებული მინერალები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მცენარის გამოკვება რეგულარულად ხდება – მაშინ წელიწადში ერთხელ.

image

9. როგორ უნდა შევარჩიოთ ფოთოლი სანერგედ?

image

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს, მზის გარდა, სინათლის დამატებითი წყარო აქვს, ფოთლის მოწყვეტა დაფესვიანების მიზნით, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. ხოლო თუ დამატებითი განათება არა აქვს, მაშინ გაზაფხუკზე უნდა მოხდეს მცენარის გამრავლება – აქტიური ზრდის პროცესის პერიოდში.
ფოთოლი ყოველთვის ქვედა რიგში მოწყვიტეთ და ისე რომ მოწყვეტის ადგილზე არაფერი დარჩეს, რადგან ფოთლის ნაშთმა შეიძლება ლპობა დაიწყოს და მცენარე დააზიანოს.
დაფესვიანებისთვის, უკეთესია თუ გამოიყენებთ გამოხდილ ან ანადუღარ წყალს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

image

10. ფოთლის ღეროს დიდი ხნის მანძილზე არ გამოსდის “შვილები". რა გავაკეთო?

image

პასუხი: ასეთ შემთხვევაში, ორი ვარიანტი გაქვთ:
I. მოთმინებით უნდა დაელოდოთ.

II. ფოთოლი მიწიდან არ უნდა ამოიღოთ და ზედა ნაწილი (დაახლოებით, ზემოდან 1/3-ზე), მიწის პარალელურად, მოაჭრათ. ეს გამრავლების პროცესს დააჩქარებს.

image

image

11. შესაძლებელია, თუ არა, გამრავლების მიზნით, იის ფოთლის ხელმეორედ გამოყენება?

image

პასუხი: თუ ფრთხილად მოაცილებთ შვილებს, ისე რომ არ დააზიანებთ ფოთლის ფესვებს, მაშინ ის შეგიძლიათ მეორედ ჩარგათ მიწაში და იას შვილები კიდევ “ეყოლება".

image

12. როგორ მოვაცილოთ მტვერი ფოთლებს?

image

პასუხი: იის ფოთლის გარეცხვა, დრო და დრო შეიძლება კი არა, აუცილებელიც არის, იმისთვის, რომ მტვერი მოსცილდეს. ცივ სეზონზე, ამ პროცედურის ჩატარება თვეში 1-2-ჯერ არის რეკომენდირებული, ხოლო როდესაც თბილა – კვირაში ერთხელ. ყვავილის ფოთლების გარეცხვა პირდაპირ ონკანის ქვეშ, დაბალი წნევის მქონე თბილი წყლით შეიძლება. ქოთანი ისე დახარეთ, რომ მიწა არ გადაირეცხოს. პროცედურის დასრულების შემდეგ, მცენარე თბილ ადგილზე დადგით, სანამ კარგად გაშრება. თუ ნესტიანი ფოთლები ცივ ჰაერზე მოხვდება, შეიძლება, ლაქები გაუჩნდეს.

image

13. რა ზომებს უნდა მივმართოთ წლის ცხელ (ტემპ. > 27, ჰავა მშრალი) პერიოდში?

image

პასუხი: წელიწადის ცხელ პერიოდში, უკეთესი იქნება, თუ არ გადაღლით მცენარეს ყვავილობით. ასეთ დროს, ყვავილები არატიპიური შეფერილობის ან დეფორმირებული არის. მოაცილეთ კოკრები და მორწყეთ ყვავილი საღამოს საათებში, ხოლო ქოთნის გვერდით, მოათავსეთ ფართოპირიანი ჭურჭელი წყლით.

image

14. რა გავაკეთოთ ზამთარში, გამათბობლებით გამოწვეული, ჰაერის სიმშრალის დროს.

image

პასუხი: თუ მცენარე ფანჯრის რაფაზე გიდგათ, რომლის ქვემოთაც გათბობის სისტემა გადის, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ ცხელი ჰაერის ნაკადი მას არ მოხვდეს: გააფართოვეთ ფანჯრის რაფა ან გამათბობელი ისე შეფუთეთ, რომ სითბოს ნაკადის გაბნევა მოხდეს. მცენარის გვერდით დადგათ ჭურჭელი წყლით. ასევე შეგიძლიათ მცენარე, სხვა მცენარეებთან ერთად, ჩადგათ კერამზიტიან ჭურჭელში, რომელშიც 2/3-ზე წყალი იქნება ჩასხმული.

image

image

15. რატომ ჩნდება ნიადაგის ზედა ფენაზე და ფოთლების ქვედა ნაწილზე მოყვითალო ქერქი?

image

პასუხი: ეს სხვა არაფერია, თუ არა მარილები, რომლებიც ნიადგში წყალთან და სასუქთან ერთად ხვდება. იმისთვის რომ მსგავსი ფაქტი თავიდან აიცილოთ, საჭიროა სარწყავი წყლის შერბილება. ამისთვის წყალში, ყოველი მორწყვის წინ, უნდა ჩაამატოთ ლიმონის მჟავის კრისტალები (2-3 კრისტალი – 1 ლ. წყალზე).

image

image

16. შეიძლება, თუ არა, სენპოლიას მორწყვა გამოხდილი წყლით?

image

პასუხი: გამოხდილი წყალი სრულიად მოკლებულია მარილებს. ამიტომ, მოსარწყავად, მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ხდება მარილების გამორეცხვა ნიადაგიდან, რაც შემდგომში, მცენარის შიმშილობას გამოიწვევს, რაც მის ზრდასა და ყვავილობის პროცესებზე უარყოფითად აისახება.

image

17. როგორ უნდა მოვრწყათ მცენარე?

image

პასუხი: იას მოსწონს, მორწყვებს შორის, ხანმოკლე სიმშრალე. თუ ნიადაგი კარგად გაშრა 2-3 სმ. სიღრმეზე და ქოთანი შედარებით დამსუბუქდა, მაშინ შეგიძლიათ თამამად მორწყათ მცენარე. იმდენი წყალი უნდა დაასხათ, რომ მან ქოთნიდან არ გამოჟონოს. მაგ., 8 სმ. დიამეტრის ქოთნის მქონე იისთვის, 3 სუფრის კოვზი წყალი საკმარისი იქნება.

P.S. გამჭვირვალე ქოთანში კარგად ჩანს, საჭიროა თუ არა მისი მორწყვა.

image

image

18. რა ზომის ქოთანი არის საჭირო იისთვის?

image

პასუხი: სტანდარტული თანაფარდობა – მცენარის ფესვთა სისტემის დიამეტრსა და ქოთნის დიამეტრს შორის, 3:1 არის. გახსოვდეთ, რომ იას ძალიან პატარა და სუსტი ფესვთა სისტემა აქვს და დიდი ქოთნის პირობებში, ადვილია მისი დატბორვა, რაც შემდგომში მცენარის ლპობას გამოიწვევს.

image

19. შეიძლება, თუ არა, რომ დაფესვიანებული მცენარე პირდაპირ დიდ, ანუ სამომავლოდ მისთვის განკუთვნილ ქითანში გადავრგათ?

image

პასუხი: ეს რეკომენდირებული არ არის – დიდია ალბათობა, რომ მორწყვის დროს, მისი დატბორვა მოხდება, რაც მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების შეფერხებას გამოიწვევს. დაფესვიანებული ფოთვლისთვის მიწის სტანდარტული მოცულობა –პლასტიკატის ერთჯერადი ჭიქა არის.

image

image

20. რა გავაკეთოთ, თუ შვილებმა და ახალგაზრდა ნერგებმა ზრდა შეწყვიტეს?

image

პასუხი: თავდაპირველად მიწა შეამოწმეთ - ნახეთ დაზეკილი ხომ არ არის? თუ არის, უმჯობესია, იას უფრო ფხვიერ და მსუბუქ მიწაში თუ გადარგავთ. ასევე, შესაძლებელია, რომ ზრდის შეჩერების მიზეზი სასუქის ნაკლებობაც იყოს.
თუ ია “მოწყენილია" – ფოთოლი გაუღიავდა, მოდუნებულია ან აღარ იზრდება, უმჯობესია ფოთლები მთლიანად მოაცილოთ და წყალში ახლიდან დააფესვიანოთ.

image

21. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ იას ბევრი ფოთოლი და ცოტა ყვავილი აქვს?

image

პასუხი: სავარაუდოდ, ეს მცენარისთვის გადაჭარბებული რაოდენობით მიცემული აზოტის სასუქის ბრალია. დაიცადეთ თვენახევარი და მცენარეს მიეცით სასუქი, რომლის შემადგენლობაში, სხვა მინერალებთან შედარებით, უფრო მეტი რაოდენობით იქნება ფოსფორი. გარდა ამისა, თუ ფოთლები მეტისმეტად ბევრია, ქვედა ორი იარუსი მოხსენით (ფოთლის მოწყვეტის ადგილზე, არ დაგავიწყდეთ, აქტივირებული ნახშირის ფხვნილის მიყრა).

image

22. შეიძლება მცენარის გადარგვა ყვავილობის პერიოდში?

image

პასუხი: უმჯობესია თუ არ გარისკავთ – დაელოდეთ ყვავილობის დასრულებას. თუ გადარგვა იძულებითია, მცენარე მიწიანად ამოიღეთ და შედარებით დიდ ქოთანში გადარგეთ, გვერდებში მიწა დაუმატეთ და ყვავილის კოკრები მოაცილეთ, მცენარის გამოფიტვის თავიდან აცილების მიზნით.

image

23. მიწაში ჩარგულმა ფოთოლმა ფესვები ძირში კი არა, შუაში, მიწის ზემოთ გამოიტანა. მოვაცილო?

image

პასუხი: არა, არ მოაცილოთ, არც ფესვი და არც ფესვის ქვემოთ, ფოთლის ნაწილი. გადარგვის დროს, მცენარეს მიწა ისე მიაყარეთ, რომ ფესვები (ზედა და მიწის) სრულად დაიფაროს.

image

24. როდის უნდა მოვაცილოთ შვილები ფოთოლს?

image

პასუხი: როდესაც შვილებს ორ-ორი ფოთოლი ექნება ფორმირებული და მათი ზომა 2-4 სმ. იქნება. როგორც წესი, ეს სტანდარტული სენპოლიებისთვის, ფოთლის დაფესვიანებიდან 3-4 თვის შემდეგ ხდება. რაც შეეხება მინიატურულ სენპოლიებს, მათი გადარგვა უფრო გვიან, 6 თვის შემდეგ ხდება. მაგრამ უნდა გვითვალისწინოთ, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ შვილების რაოდენობა ძალიან დიდი არ არის და მცენარეებს დეფორმაციის საფრთხე არ ექმნებათ.

image

25. საჭიროა თუ არა იის ნიადაგის სტერელიზირება და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

image

პასუხი: ჩვეულებრივ, ისევე როგორც სხვა მცენარეების შემთხვევაში, იის სუბსტრატის იმ ნაწილის სტერილირება არის საჭირი, რომლიდანაც მცენარე საკვებ ნივთიერებებს იღებს, ანუ კერამზიტებს და სხვა სადრენაჟე საშუალებებს სტერილიზაცია არ უნდა.

სტერილიზაციის ჩასატარებლად, მიწა უნდა ჩაყაროთ ქსოვილის ტომარაში და ორთქლის აბაზანაზე 1 სთ-ს მანძილზე გააჩეროთ, ისე რომ, ტომარა წყალს არ ეხებოდეს. გაციების შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენით.

4
8150
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8150
  
2018, 8 დეკემბერი, 13:17
ფბ-ზე საკუთარი სახელით და გვარით ვარ დარეგისტრირებული - Lali Adikashvili (პროფილის სურათი – კატა)
2018, 7 დეკემბერი, 20:29
როგორ შეი\ძლება \ტქვენი ფბ ზე ნახვა?
2018, 28 ნოემბერი, 0:23
მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს: დაწყებული ორპირი ნიავით, - დამთავრებული ჭიებით და სოკოებით. ამიტომ, სურათი უნდა ვნახო და ფ/ბ თუ გამომიგზავნით, იქნებ დაგეხმაროთ.
2018, 27 ნოემბერი, 21:59
ოთახის იას გაუჩნდა თეთრი ფერის ლაქები, მაინტერესებს მიზეზი და როგორ ვუმკურნალო?
0 1 4