x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სიზარმაცე
სიზარმაცესიზარმაცე უპირისპირდება ადამიანის ისეთ თვისებებს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, გულმოდგინება. ხშირად სიზარმაცეს განმარტავენ როგორც უზრუნველობას, გულგრილობას, მოქმედების სურვილის არქონას, ზიზღს სამუშაოს მიმართ, მიდრეკილებას უსაქმურობისაკენ. ეს არის ერთგვარი მდგომარეობა, როცა ადამიანს სურს, დახარჯოს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია.


სიზარმაცის განსაზღვრისას შეგვიძლია გამოვყოთ 2 ასპექტი: სიზარმაცე როგორც მოტივაციური მდგომარეობა და სიზარმაცე როგორც პიროვნული მახასიათებელი (უსაქმურობის სიყვარული, მიდრეკილება უქმად ყოფნისკენ).

სკოლამდელ ასაკში სიზარმაცე ძირითადად გამოხატულია მშობლის ან აღმზრდელის მითითებების შესრულებისგან თავის არიდებაში, ასევე ბავშვებმა შესაძლოა უარი თქვან მათი ასაკობრივი განვითარებისთვის შესაბამისი თვითმომსახურების ქცევების შესრულებაზე და ა.შ. სკოლის ასაკში სიზარმაცე უფრო მეტად ვლინდება სასწავლო აქტივობებთან მიმართებაში - ბავშვები ხშირად ამჯობინებენ თამაშს მეცადინეობას, აცდენენ გაკვეთილებს, გულგრილი დამოკიდებულება აქვთ სწავლის მიმართ და ა.შ. მომავალში მათ შესაძლოა შრომით საქმიანობასაც აარიდონ თავი და ნებისმიერი სამუშაო მათთვის იყოს უსიამოვნო, რადგან თავის დროზე არ შეეჩვივნენ შრომას.

თუ სიზარმაცეს განვიხილავთ სასწავლო აქტივობასთან მიმართებაში, მაშინ უნდა გამოვყოთ მისი შემადგენელი 3 ნაწილი:
1. მოტივაციური კომპონენტი - მოტივაციის არქონა ან სწავლის სუსტი მოტივაცია;

2. ქცევითი კომპონენტი - საჭირო საქმიანობის, დავალების შეუსრულებლობა;

3. ემოციური კომპონენტი - გულგრილობა საქმიანობის მიმართ ან დავალების შეუსრულებლობით გამოწვეული დადებითი ემოციები.



აღმოჩნდა, რომ ზარმაცი სტუდენტები შრომისმოყვარე სტუდენტებისგან რამდენიმე ასპექტში განსხვავდებიან; მათთვის უფრო რთულია ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე, არ აქვთ კარგად განვითარებული დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები, აქვთ სწავლის დაბალი მოტივაცია, დაბალი თვითშეფასება საკუთარ მიზანსწრაფულობასთან დაკავშირებით, გამოხატული მისწრაფება მარცხისგან თავის არიდებისა, თვითრეგულაციის ცუდად განვითარებული უნარები, რაც აისახება სასწავლო აქტივობების შესრულებაზე, სუსტი ნერვული სისტემა. შრომისმოყვარე სტუდენტებისთვის კი დამახასიათებელია: მაღალი თვითშეფასება საკუთარ მიზანსწრაფულობასთან დაკავშირებით, მიღწევის მაღალი მოტივაცია, თვითრეგულაციის კარგად განვითარებული უნარები, ძლიერი ნერვული სისტემა, სწავლის მაღალი მოტივაცია, რწმენა წარმატების მიღწევისა.


ზოგადად, შეგვიძლია გამოვყოთ 4 მიდგომა სიზარმაცისადმი: უარყოფითი, დადებითი, სიზარმაცე როგორც დაავადება და სიზარმაცე როგორც მითი.

დიდი ხნის განმავლობაში სიზარმაცე განიხილებოდა ცალსახად უარყოფით ასპექტში. შუა საუკუნეებში სიზარმაცე ითვლებოდა ბოროტებად, ცოდვად, მომდევნო ასწლეულის განმავლობაში კი ადამიანის ერთ-ერთ უარყოფით მახასიათებლად, ნაკლად, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო.

სიზარმაცისადმი პოზიტიური მიდგომის თანახმად, იგი პროგრესის განმაპირობებელია, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ განვითარდებოდნენ და სიახლეებს ვერ აღმოაჩენდნენ. სიზარმაცე აუცილებელია ცხოვრების ზოგიერთ მომენტში დასვენებისთვის. ეს უმნიშვნელო სისუსტეა, რომლის უფლებაც ადამიანმა ზოგჯერ საკუთარ თავს უნდა მისცეს.


ამ მიდგომის მიხედვით, სიზარმაცე დამცავი ორგანიზმიცაა, რომელიც მაშინ ვლინდება, როცა ადამიანი ბევრს მუშაობს. ასეთ დროს ორგანიზმი თავად ამბობს უარს მუშაობასა და დატვირთვაზე. ასეთი რამ უფრო მეტად დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ დიდი გატაცებითა და მონდომებით და დროის უმეტეს ნაწილს სწორედ სამუშაოს უთმობენ (Workaholics). გარდა ამისა, სიზარმაცემ როგორც დამცავმა მექანიზმმა თავი შეიძლება იჩინოს, მაშინ, როცა ადამიანზე ზემოქმედებს ძლიერი სტრესორები, მაგალითად, მშობლების ან ხელმძღვანელის მხრიდან. ასეთ დროს ადამიანი ითრგუნება და ორგანიზმის დაცვას ფსიქოლოგიურად მატრამვირებელი ფაქტორებისგან სწორედ სიზარმაცე ემსახურება.

სამედიცინო თვალსაზრისით, სიზარმაცე განიხილება როგორც მრავალმხრივი დაავადება ბოლომდე გაურკვეველი ეტიოლოგიით. გამოყოფენ სიზარმაცის როგორც დაავადების 3 სახეობას:
1. ჯანსაღი სიზარმაცე - იგი ეპიზოდურია და დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის. ძირითადი სიმპტომია - ძილიანობა, მოთენთილობა, უმოქმედობა;

2. არაჯანსაღი სიზარმაცე, რომელიც შეიძლება ჯანსაღი სიზარმაცისგან განვითარდეს, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს დამოუკიდებლადაც. ასეთ დროს ადამიანის ქცევა სრულიად არაადეკვატურია გარემო სინამდვილის კონტექსტში. ხშირად შეიძლება ჰქონდეს აგრესიული
გამოვლინებებიც;

3. ქრონიკული სიზარმაცე - იგი არაჯანსაღი სიზარმაცის საბოლოო სტადიაა. ამ დროს მძაფრადაა გამოხატული ადამიანის მისწრაფება უმოქმედობისკენ. იგი აიძულებს სხვებს მის მაგივრად ყველაფრის კეთებას და ხშირად ამის მისაღწევად ყალბ მიზეზებსაც იგონებს.

და ბოლოს, არსებობს მოსაზრება, რომ სიზარმაცე მითია. ამ მიდგომის თანახმად, ადამიანს არ ახასიათებს ისეთი თვისება, როგორიცაა სიზარმაცე. ისინი, ვისაც ზარმაცებად და უსაქმურებად თვლიან, სინამდვილეში განიცდიან ნეიროგანვითარების დისფუნქციას, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების, მოტორიკის დარღვევა. გამოყოფენ ნეიროგანვითარების დარღვევის რამდენიმე ზოგად ფორმას: მეტყველების დისფუნქციები, დეზორგანიზებულობა, აღქმისა და იდეათა გენერირების არასკმარისად განვითარებული უნარები, მოტორული მოქმედებების არაეფექტურობა, მეხსიერების არასაკმარისი განვითარება და ა.შ. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და მშობლების როლს, რომლებმაც უნდა მიაჩვიონ ბავშვები შრომას.


სიზარმაცის მიზეზად, როგორც წესი, ითვლება არასწორი აღზრდა, როცა ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული დადებითი დამოკიდებულება შრომისა და მუშაობის მიმართ, არამედ, პირიქით, უმუშავდება მომხმარებლური დამოკიდებულება გარემოსა და ადამიანებისადმი. სიზარმაცე შესაძლოა ასევე განვითარდეს მაშინ, როცა ბავშვს მისი შესაძლებლობებისთვის შეუსაბამო დავალება ეძლევა, ასეთ დროს იგი თვლის, რომ დაკისრებულ დავალებას მაინც ვერ გაუმკლავდება, ამიტომ ცდილობს საერთოდ თავი აარიდოს მას ან შეასრულოს მხოლოდ ნაწილობრივ. იგივე შედეგი დგება მაშინაც, როცა ბავშვს უსახავენ ბუნდოვან, არა მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებს.

როგორც ზემოთაც ითქვა, სიზარმაცე განპირობებული შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარეგნული, სოციალური ფაქტორებით, არამედ შინაგანი, ბიოლოგიური ფაქტორებითაც. დადგინდა, რომ სიზარმაცეს შესაძლოა პროვოცირება გაუკეთოს და გააღრმავოს პიროვნული ან სიტუაციური შფოთვის მაღალმა დონემ.

ასევე ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ სიზარმაცე ახალგაზრდა ადამიანებში ეგზისტენციალური მოტივაციის არქონის შედეგია. იგი სახეზეა მაშინ, როცა ადამიანი არ ვითარდება და მისდევს ერთსა და იმავე სტერეოტიპებს. თვითრეალიზაციას ახდენს არა ის, ვინც მუდმივად ერთსა და იმავეს აკეთებს, არამედ ის, ვინც შეუჩერებლად ვითარდება, წინ მიდის, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეგზისტენციალური მოტივაციის ქონის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სიზარმაცესთან ბრძოლა შესაძლებელია ფსიქოთერაპიის მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგი დაეხმარება კლიენტს გათავისუფლდეს საზოგადოების მიერ თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან და მოიპოვოს ეგზისტენციალური მოტივაცია - გააცნობიეროს საკუთარი პიროვნების განუმეორებლობა, უნიკალურობა.

0
904
1-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
904
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0