x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ცხოველებზე წარმოებული გახმაურებული სასამართლო პროცესები
image

image

ძაღლი ციხეში უნდა იჯდეს – გადაწყვიტა პენსილვანიის სასამართლომ და გუბერნატორის კატის მკვლელ პეპას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამ შემთხვევისა, მსოფლიო სამართლის ისტორიაში, სხვა სასამართლო პროცესებიც იყო, როდესაც განსასჯელის სკამზე ცხოველები იყვნენ:

ღორი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

1386 წელს, ნორმანდიაში ღორი თავს დაესხა ბიჭს და სახე და ხელი დაუსახიჩრა. ღორს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და ამის გარდა, სიკვდილის წინ, მისთვის იგივე დაზიანება უნდა მიეყენებინათ, რაც ბავშვს ჰქონდა. ცხოველს, განაჩენის აღსრულების დროს, ადამიანის ნიღაბი გაუკეთეს, ჟილეტი და ქვედა საცვალი ჩააცვეს და ხელთათმანები გაუკეთეს. საფრანგეთში ამ შემთხვევის მსგავსად, მინიმუმ 20 ღორი იყო გასამართლებული და დასჯილი. ამასთან, მიღებული განაჩენის აღსრულებაზე იმდენივე თანხა იხარჯებოდა, რამდენიც ადამიანის დასჯის დროს.


პროცესი მამლისა, რომელმაც კვერცხი დადო


image


1474 წელს ქ. ბაზელში (შვეიცარია) იხილავდნენ მამლის საქმეს, რომელიც ბნელ ძალებთან კავშირში იყო დადანაშაულებული. ამის მტკიცებულება კი ის იყო, რომ მამალმა კვერცხი დადო. იმ დროს ითვლებოდა, რომ მამლის მიერ დადებულ კვერცხებს, კუდიანები ჯადოების მოსამზადებლად იყენებდნენ. მამალს ადვოკატი ჰყავდა, რომელიც იმაზე აპელირებდა, რომ კვერცხის დადება უნებური მოქმედების შედეგი არის და ნებისმიერი სასჯელი, მამლის მიმართ, უსამართლო იქნება. მაგრამ, სასამართლომ ეს არგუმენტი საკმარისად არ მიიჩნია და მამალი, როგორც ერეტიკოსი, ცეცხლზე დაწვეს, თავის დადებულ კვერცხთან ერთად.

XX საუკუნეში, ფრანგმა მეცნიერმა პეზარმა, ექსპერიმენტების გზით, დაამტკიცა, რომ ინფექციური დაავადებით ავადმყოფობის ან მოწამვლის შემთხვევაში, ფრინველს შეიძლება სქესი შეეცვალოს – დედალმა ყივილი დაიწყოს, ხოლო მამალმა კვერცხი დადოს.

image


როგორ აარიდეს დასჯა თავი ბურგუნდიელმა ვირთხებმა


image


XVI საუკუნის დასაწყისში, ბურგუნდიის მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდა. საფრანგეთის აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავეები ვირთხები იყვნენ. მათ მოსავლის თითქმის მთელი მარაგი შეჭამეს და მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვეს. სასოწარკვეთილმა და დამშეულმა ხალხმა ვირთხებს საეკლესიო სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და უწყისის შედგენის შემდეგ, მისმა მსახურებმა, ის ხმამაღლა წაიკითხეს ვირთხების თავშეყრის ადგილებში. მაგრამ, დანიშნულ დროს, სასამართლოზე არცერთი მოპასუხე არ გამოცხადდა. მაშინ ცხოველებს დაცვა, იმ დროს ცნობილმა იურისტმა, ბართოლომეო დე შასენმა ითავა. ადვოკატმა ვირთხების მოუსვლელობა იმით ახსნა, რომ უწყისში ყველა ვირთხაზე იყო საუბარი და არა კონკრეტულად რომელიმეზე. სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია ადვოკატის არგუმენტი და მღვდლებს დაევალათ, რომ თითოეული ვირთხისთვის შეეტყობინებინათ საქმის მოსალოდნელი განხილვის შესახებ. სასამართლო სხდომა გადაიდო და მეორე სხდომაზეც, ვირთხები რა თქმა უნდა, ისევ არ გამოცხადდნენ. ადვოკატმა ისევ მოძებნა მიზეზი ვირთხების გასამართლებლად: მან სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შორის, ბევრი მოხუცი და დაუძლურებული იყო და მათ დრო ესაჭიროებოდათ სასამართლოში მისასვლელად. ეს არგუმენტიც მისაღები აღმოჩნდა სასამართლოსთვის და მათ ისევ გადაიტანეს საქმის მოსმენა. დანიშნულ დროს, ვირთხები ისევ არ მივიდნენ სასამართლოზე და მაშინ ადვოკატმა განაცხადა, რომ ვირთხებს ძალიან უნდათ სასამართლოს წინაშე წარსდგომა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან საფრთხე ემუქრებათ, კატების სახით, რომლებიც სასამართლოსკე მიმავალ გზაზე შეიძლება შეხვდეთ. მან მოითხოვა, რომ დიდი ჯარიმის მუქარით, მოსარჩელეებმა ვალდებულება უნდა აიღონ, რომ მათი კატები ზიანს არ მიაყენებენ მის დაცვის ქვეშ მყოფ ვირთხებს. საკუთარი კატების ქმედებაზე, პასუხისმგებლობის აღება ვერავინ გაბედა და ამიტომ, სასამართლო განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

ცნობილი ადვოკატის წყალობით, ასე დარჩნენ ვირთხები დაუსჯელები.



როგორ გაასამართლეს ვირი ამორალური საქციელისთვის


1750 წელს, საფრანგეთში ვირს ასამართლებდნენ ვინმე ჟაკ ფერონთან სექსუალური კავშირის გამო. ქვეყნის იმ დროინდელი კანონის მიხედვით, უღირსი საქციელის გამო, ორივე დამნაშავეს სიკვდილით დასჯა ელოდა. მაგრამ, ვირს დამცველი გამოუჩნდა, ერთ-ერთი ადგილობრივი საზოგადოების სახით, რომლის წევრები ამტკიცებდნენ, რომ მას 4 წლის მანძილზე იცნობდნენ და ცუდი საქციელი არასოდეს შეუმჩნევიათ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვირი დანაშაულის თანამონაწილე კი არა, მსხვერპლი იყო. ცხოველი გაამართლეს, ხოლო ჟაკი სიკვდილით დასაჯეს.

image

დანაშაული, რომლის გამოც, სპილო “ელექტრო სკამზე" დასვევ



image


XX საუკუნის დასაწყისში, მკვლელობის ბრალდებით, სასამართლოს წინაშე სპილო ტოპსი წარსდგა. ტოპსი ნიუ-ორკში ინდოეთიდან ჩაიყვანეს. ამერიკაში სპილო ჯერ ცირკში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ, კონი-აილენდის პარკის მშენებლობაზე მუშაობდა. თავისი 28 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ტოპსი მოსიყვარულე სპილოდან უმართავ მხეცად გადაიქცა და 3 ადამიანი ფეხქვეშ გათელა. ის დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებას, რომელიც 1903 წლის 4 იანვარს შედგა, 1500 ადამიანი ესწრებოდა. თავდაპირველად ტოპსის დარიშხნიანი სტაფილო აჭამეს, შემდეგ ორ ბოძზე მიაბეს, ფეხებზე ელექტროდებიანი “სანდლები" ჩააცვეს და 6600 ვოლტის ძაბვის დენი ჩართეს. ტოპსი 10 წამში მოკვდა, ისე რომ ხმაც არ ამოუღია.



კონტრაბანდისტი მტრედები


1963 წ. ტრიპოლის (ლიბია) სასამართლომ განიხილა, კონტრაბანდით დაკავებული, 75 საფოსტო მტრედის საქმე. ნამდვილმა კონტრაბანდისტებმა ფრინველები ისე გაწვრთნეს, რომ მათ ლიბიის საზღვარზე იტალიიდან, ეგვიპტიდან და საბერძნეთიდან უცხოური ვალუტა გადმოჰქონდათ. სასამართლომ მტრედების უნარ-ჩვევები საზოგადოებისთვის სახიფათოდ მიიჩნია და ფრინველებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ხოლო მათ, ვინც ეს ფრინველები გაწვრთნა, ჯარიმის გადახდა დააკისრა, სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ.


image

დათვის ვალი


image


2008 წელს, მაკედონელმა მეფუტკრემ, ზორან კისელოვსკიმ სასამართლოში სარჩელი დათვის წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც მისი თქმით, სკებს არბევდა და თაფლს უჭამდა. კისელოვსკი, ვიდრე იჩივლებდა, დათვის დაფრთხობა ჯერ ხმამაღალი მუსიკით სცადა, შემდეგ ნაკვეთს ელექტროგენერატორით ანათებდა. მაგრამ, რამდენიმე კვირის შემდეგ, დათვმა მაინც შეძლი სკებზე თავდასხმა. მაკედონელი არ შეეგუა დანაკარგს და ზარალის ანაზღაურება სასამართლო გზით მოითხოვა. პროცესი ორ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დათვი საქმის განხილვას არ ესწრებოდა. მაგრამ, სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, მატერიალური ზარალის მიყენების მუხლით და მას ჯარიმის სახით, 3 500 დოლარის გადახდა დააკისრა დაზარალებულისთვის. მაგრამ, რადგან დათვს ფული არ ჰქონდა, მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა.

2
261
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
261
  
2016, 11 ივლისი, 15:14
გეთანხმებით, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.
2016, 11 ივლისი, 13:42
რას არ იზავს ადამიანი!
0 1 2