x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
XXI საუკუნის მოდა და სტილი – 5 წესი, რომლის დაცვა აუცილებელია

დიზაინერები ყოველ სეზონზე სამოსის, აქსესუარების და ფეხსაცმლის ახალ კოლექციებს გვთავაზობენ. თუმცა, ზოგი ადამიანი მოდას ყურადღებას არ აქცევს და მის ტენდენციებს არ იზიარებს. მიუხედავად ამისა, მათი ჩაცმის სტილი და სამოსი, დროთა განმავლობაში, მაინც იცვლება. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია, 30 წლის შუალედით გადაღებული ფოტოების შედარება...

ახლა უკვე XXI საუკუნეა და საინტერესოა, დღეს რით ხასიათდება მოდა და რა სტილს ვანიჭებთ უპირატესობას?


image


იმით დავიწყოთ, რომ მოდის ინდუსტრიაზე ყოველთვის ახდენს გავლენას ისეთი სფერო, როგორიც პოლიტიკაა. დღეს ჩვენ ბევრად თავისუფლები ვართ, ვიდრე ჩვენი წინაპრები, თუნდაც გასული საუკუნის დასაწყისში. ტურიზმის განვითარების ფონზე, მოგზაურობის, სხვადასხვა ერების წარმომადგენლებთან ურთიერთობის და სხვისი კულტურის გაცნობის საშუალება გვაქვს და შესაბამისად, საუკუნის მოდა ისევე თავისუფალია გამოხატვაში, როგორებიც ჩვენ ვართ. დღეს უკვე რთულია, თანამედროვე ადამიანის რაიმე სახის სამოსით გაკვირვება. თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული წესები, – «წითელი ხაზები», რომლის გადაკვეთა არ შეიძლება.


image


არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მოდური გახდა შერეული სტილი. მაგ., სპორტული მაისური მკვეთრი პრინტით, კლასიკურ პიჯაკთან, ან სპორტული ფეხსაცმელი და ლაბადა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს, ვინმეს ასე რომ ჩაეცვა, უცნაურ ადამიანად ჩათვლიდნენ და გამკიცხავ მზერას გააყოლებდნენ. თუმცა, დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის. ეს საუკუნე სტერეოტიპული დოგმებისგან, სრულად თუ არა, ბევრად თავისუფალია. გარდა ამისა, ასეთი თავისუფლება იმასაც უკავშირდება, რომ უკვე რთულია რაიმე ახალის მოგონება, რომელიც ხალხს მოეწონება და ყოველდღიურ მოხმარებაში დიდხანს დარჩება. ამიტომ არის, რომ დღევანდელი სამოსის, ფეხსაცმლის და აქსესუარების 90% კარგად დავიწყებული ძველია. უბრალოდ, დიზაინერების ძალისხმევით, უჩვეულო და ახალ კომბინაციებში, ისინი ახალ სიცოცხლეს იძენენ და შედეგიც განსხვავებულია.


image
მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს «თავისუფალ» საუკუნეშიც არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლის დაცვა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ უცნაურად და სასაცილოდ არ გამოვიყურებოდეთ. წესები კი ასეთია:

I. სამოსის ერთ კომბინაციაში 2-ზე მეტი სტილის შეთავსება რეკომენდებული არ არის.

II. თუ გინდათ, რომ საკუთარ ინდივიდუალობას გაუსვათ ხაზი, თავადვე უნდა მოიფიქროთ სტილთა შეთავსება და არ უნდა მიჰბაძოთ სხვებს. მთავარი კი ის არის, რომ ყველაფერი დეტალურად უნდა გაანალიზოთ და კარადაში ხელში მოხვედრილი პირველივე ნივთი არ ჩაიცვათ.

III. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ამინდი და სეზონი. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. მაგ., არ შეიძლება შორტების ჩაცმა ზამთარში, ხოლო უსახელო ქურთუკის – ზაფხულში. ასე არც იგრძნობთ კომფორტულად თავს და ვერც სხვა აღიქვამს სწორად ამ ჩაცმულობას.

IV. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ «დრეს-კოდის» შესახებ, ანუ თქვენი სამოსი იმ გარემოს უნდა შეესაბამებოდეს, სადაც წასვლას გეგმავთ.

V. და ყველაზე მთავარი, ნებისმიერ სტილში – სამოსი ადამიანს უნდა უხდებოდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩასაცმელი ძალიან მოდურია, მაგრამ სხეულის ნაკლს არ მალავს ან უარესი – უფრო მეტად წარმოაჩენს მას, მაშინ მასზე უარი უნდა ვთქვათ. რადგან, მოდა მოდის და მიდის, ხოლო აზრი, ჩვენ შესახებ, ადამიანების მეხსიერებაში დიდხანს რჩება.

imageimageimageimageimageimageimage









0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0