x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
აგრესია, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
imageსაღი აზრის დონეზე თითქოსდა ნათელია თუ რა იგულისხმება აგრესიის ცნებაში, მაგრამ ცნების დონეზე მისი დეფინიცია არც თუ ისეთი იოლი აღმოჩნდა. სიძნელეს ქმნის ის მდგომარეობა, რომ ტერმინი აგრესია მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას აერთიანებს. აგრესიად ითვლება მანიაკის მიერ განხორცელებული მკვლელობებიც და კალათბურთელის მიერ განხორციელებული თამაშის სტილიც. მეუღლის უყურადღებობით გაბუტული ქმრის ჩუმი პროტესტიც – პასიურ აგრესიად ითვლება და ა.შ. არსებობს ე.წ. უწყინარი ქცევები, რომლებიც ასევე აგრესიის კატეგორიაში მოიაზრებიან.ერთი სიტყვით, საჭირო გახდა სხვისთვის ზიანის მომტანი აქტიობის გამიჯვნა აქტიობისაგან, რომელსაც სხვისთვის ზიანი არ მოაქვს. ამ მიზნით ბიჰევიორისტული ორიენტაციის ფსიქოლოგიურმა თეორიებმა შემოგვთავაზეს შემდეგი დეფინიცია –აგრესიულია ქცევა რომელიც ვნებას აყენებს ან მიაყენებს სხვას. ამ დეფინიციის უპირატესობაა ის, რომ ქცევა თვითონ განსაზღრავს გარკვეული აქტიობა არის თუ არა აგრესიული.თუმცა ამ განსაზღვრებაში არ მოიაზრება ქცევის განზრახვა რაც მნიშვნელოვანია აგრესიის ბუნების გასაგებად. სწორედ ამიტომ აგრესიას განმართავენ როგორც მთელ რიგ ქცევებს, რომლებსაც მივყავართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანთან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური (ვიღაცს დაარტყა) ან ვერბალური (სიტყვიერი შეურაცხყოფა). მაგალითებისთვის კმარა ჩხუბი, დარტყმა, კბენა მკვლელობა, ცხოველებისადმი სისატიკე, საკუთრების დაზიანება, დამუქრება, იგნორირება, ცილისწამება... რა თქმა უნდა არის გამართლებული აგრესიაც და ეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ეთიკურ თუ მორალურ ნორმებზეა დამოკიდებული.


რატომ არის ადამიანი აგრესიული?


ამის სხვადასხვანაირი მიზეზი შეიძლება არსებობდეს : ზოგმა ბავშვობაში მიიღო ტრამვა და ამის გამო ავლენს აგრესიას სხვების მიმართ, ზოგს მოძალადე მშობლები ჰყავდა, რომლებიც იქცნენ მოდელებად, ზოგი ბუნებით აგრესიულია, რასაც უფრო მეტად ამძაფრებს ტელევიზიით გაშუქებული აგრესია, ვიდეო–თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და მრავალი სხვა ფაქტორი . ამ აზრთა სხვადასხვაობაში მაინც მოხერხდა ამხსნელი თეორიების კლასიფიკაცია და გამოიყო აგრესიულობის სამი ბაზისური წყარო:
1. აგრესია როგორც შინაგანი ტენდენცია


2. აგრესია როგორც გარემო პირობებით გამოწვეული მოთხოვნილება ზიანი მიაყენო სხვას

3. აგრესია როგორც შეძენილი ქცევა



ინსტინქტ-თეორიები


ზიგმუნდ ფროიდის მიერ შემოთავაზებული თეორია აგრესიული ქცევის მიზეზს თანდაყოლილ ინსტინქტებში ხედავს.აქ აგრესია განხილულია, როგორც მყარი პიროვნული დისპოზიცია.რასაც ფროიდმა მოგვიანებით სიკვდილის ინსტინქტი უწოდა. მისი აზრით აგრესიულობის საფუძვლები სიკვდილის ინსტინქტში უნდა ვეძებოთ. როცა სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია შიგნით, ის ვლინდება თვით-დასჯის, თვით-დარღვევის ფორმით, რომლის უკიდურესი გამოხატულება თვითმკვლელობაა. როცა ეროსის გავლენით სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია გარეთ, ის ვლინდება სხვებისადმი მტრობის, სხვათა მკვლელობის ფორმით.
ფროიდს მიაჩნია, რომ აგრესიის ენერგია რაღაც ფორმით უნდა გამოვლინდეს, ანუ უნდა მოხდეს მისი განტვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევები. ამიტომ მის თეორიას უწოდებენ აგრესიის “ჰიდრავლიკურ თეორიას”, რომელიც დახურულ ქვაბში დუღილის მსგავსად მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აგრესიას არ მიეცა გამოვლენის საშუალება, ადრე თუ გვიან “აფეთქდება.” შესაბამისად, ფროიდის აზრით საზოგადოების მნიშვნელოვანი ფუნქცია მდგომარეობს იმაში რომ მოახდინოა ამ ენერგიის რეგულირება, დაეხმაროს ადამიანს მოახდინოს ამ ენერგიის სუბლიმირება, დამანგრეველი ენერგია მიმართოს საზოგადოებისათვის სასარგებლო ქცევის განხორციელებისაკენ.



ფრუსტრაცია-აგრესიის თეორია


დოლარდის და მისი კოლეგების მიერ შემოთავაზებული თეორია მიიჩნევს რომ აგრესია არა ორგანიზმში არსებული სწრაფვაა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, არამედ ფრუსტრაცია იწვევს აგრესიის ინსტინქტის გააქტიურებას. აგრესიის ინსტინქტი კი აგრესიული ქცევის გამომწვევი ხდება. ამ თეორიის ორი ძირითად პოსტულატია: 1.ყველა სახის აგრესია მოსდევს ფრუსტრაციას და 2. ყველა სახის ფრუსტრაცია იწვევს აგრესიას.



სოციალური დასწავლის თეორიები


მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამ თეორიებისა არის ალბერტ ბანდურა.მისი აზრით რისხვა მხოლოდ ემოციური ზღვრის მდგომარეობაა, რომელიც არც აუცილებელი და არც საკმარისია წინაპირობაა აგრესიის. ბანდურას თეორიულ კონცეფციაში ერთიანდება დასწავლის თეორია და მოტივაციის კოგნიტური თეორია. შესაბამისად ქცევა განისაზღვრება მოქმედების ნავარაუდევი შედეგის მიმზიდველობით. ნეგატიური განცდა ან მოსალოდნელი, მიმზიდველი შედეგები იწვევს ემოციურ აღძვრას ან განმტკიცების მოტივაციას. აგრესიის ბუნების სრულყოფილად გასაგებად საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია სამ ბაზისურ საკითხზე: 1. მანერა, რომელშიც ასეთი ქცევაა შეძენილი; 2 ჯილდო და დასჯა, რომელიც მოქმედებს მის შესრულებაზე; 3.სოციალური და გარემოსეული ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ მოცემულ კონტექსტში მის შესრულებაზე. დასწავლის თვალსაზრისი უშვებს, რომ აგრესიული ქცევის საფუძველს წარმოადგენს ფაქტორების მთელი წყება და ამ ფაქტორებს შორის რთული ურთიერთობა, კერძოდ: აგრესიის წარსული გამოცდილება ; მიმდინარე პირობები რომლებიც განაპირობებენ აგრესიის როგორც წახალისებას ისე დასჯას; მრავალი სოციალური, კოგნიტური და გარემოსეული ცვლადები რომლებსაც ტენდენცია აქვთ როგორც აგრესიის აღძვრისა ისე შეკავებისა . როგორც ვხედავთ, სოციალური დასწავლის თვალსაზრისი არის უფრო რთული ვიდრე აგრესიის სხვა პერსპექტივები, მაგრამ მიუთითებენ მის ორ მნიშვნელოვან უპირეტესობაზე: 1. ის არის უფრო ცხოვრებისეულად გამოცდილი და ამდენად უფრო ზუსტი ვიდრე სხვა მიდგომები; 2. აგრესიის არიდებისა და კონტროლის თვალსაზრისით ის უფრო ოპტიმისტურია. ბოლოსდა ბოლოს, ამ თვალსაზრისით ქცევა არის შეძენილი და და ამდენად ღიაა მოდიფიცირებისა და შეცვლისადმი. ყოველივე ამის გამო აღნიშნული მიდგომა მხარდაჭერას პოულობს ფსიქოლოგებისგან.


შეგვიძლია თუ არა ვმართოთ ჩვენი აგრესია?


აგრესიის შემცირების ერთ–ერთი მეთოდი არის ის, რომ ადამიანებმა ისწავლონ საკუთარი აგრესიული ქცევის გაკონტროლება. აგრესიის აკრძალვაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად ყურადღების გადატანა სხვა რამეზე, რადგაც მუდმივად მრისხანებაზე/ბრაზზე ფიქრი აგრესიულ ქცევას კვებავს. ასევე შიშის განცდას, რომელიც აგრესიული ქმედების ჩადენის გამო ჩნდება, შეუძლია აგრესიის შეკავება. (ქალები უფრო მეტად განიცდიან ამ შიშს, ვიდრე კაცები) აგრესია შეიძლება შეამციროს ტკივილზე მინიშნებამ, რომლის მიხედვითაც მსხვერპლში ადამიანური თვისებების შემჩნევა თავდამსხმელში მისი ტანჯვისადმი თანაგრძნობას აღძრავს.

0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0