x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გადაჭარბებული სმა და ჯანმრთელობა

image„სანტა!“, „სალუტ!“, „ზა ვაშე ზდოროვიე!“, „ჩუკ სუკ კვა!“ საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთსა თუ ვიეტნამში მეგობრები მსგავს სადღეგრძელოებს ამბობენ, როცა ერთად იკრიბებიან. პარადოქსია, რომ სმის დროს ერთმანეთს დღეგრძელობას უსურვებენ, მაგრამ ბევრს სწორედ ალკოჰოლი უსწრაფებს სიცოცხლეს.
ალკოჰოლის უზომოდ სმა მრავალი პრობლემის წყაროა. სპეციალისტების აზრით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება სამი ფორმით ვლინდება: სახიფათო, საზიანო და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, სახიფათო ის ფორმაა, როდესაც „ალკოჰოლის რეგულარულად მიღებას შეიძლება საზიანო შედეგები მოჰყვეს“ — ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური. ამ დროს ადამიანი იმაზე მეტს სვამს, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკები ურჩევენ ან კანონით არის ნებადართული. საზიანო ფორმა, რომელსაც გადაჭარბებულ სმასაც უწოდებენ, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს უკვე აყენებს ფიზიკურ ან გონებრივ ზიანს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულება ჯერ არა აქვს განვითარებული. ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარებისას კი „პიროვნება თავს ვერ იკავებს სმისგან“. ასეთ ადამიანს ავადმყოფური ლტოლვა აქვს სპირტიანი სასმელებისადმი და სმას მაშინაც განაგრძობს, როცა ალკოჰოლით გამოწვეული არაერთი პრობლემა აწუხებს. ის საშინლად იტანჯება, თუ დასალევი არა აქვს.
სქესის, ასაკისა თუ ეროვნების მიუხედავად, არავინ არის დაზღვეული ალკოჰოლის უზომოდ სმის სახიფათო ფორმისგან. როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ორგანიზმზე? რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას გადაჭარბებული სმა? რა დოზა ითვლება უსაფრთხოდ?
უმეტეს ალკოჰოლურ სასმელებში შედის ქიმიური ნივთიერება — ეთილის სპირტი ანუ ეთანოლი. ეს არის ნეიროტოქსინი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ან მოშალოს ნერვული სისტემა. სიმთვრალე, ფაქტობრივად, იგივე მოწამვლაა. ეთილის სპირტის დიდი რაოდენობა ადამიანს კომაში აგდებს და კლავს. მაგალითად, იაპონელ ახალგაზრდებში მიღებულია სმაში გაჯიბრება — „იკკინომი“, რაც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. ორგანიზმს შეუძლია ეთილის სპირტი უვნებელ ნივთიერებებად გარდაქმნას, მაგრამ ეს პროცესი უცბად არ ხდება. რადგან ორგანიზმს საკმარისი დრო არა აქვს, ეთილის სპირტი ორგანიზმში გროვდება და აზიანებს ტვინის ფუნქციას. რა მხრივ?
ჩვენი მეტყველება, მხედველობა, კოორდინაცია, აზროვნება და საქციელი განპირობებულია უაღრესად რთული ქიმიური პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობს თავის ტვინის ნეირონებში ანუ ნერვული სისტემის ძირითად სტრუქტურულ და ფუნქციურ ელემენტებში. ორგანიზმში ეთილის სპირტის მოხვედრისას ქიმიური რეაქციები ცვლილებას განიცდის. ის ან აქვეითებს, ან აძლიერებს ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის როლს — სიგნალების ნეირონიდან ნეირონში გადაცემას. ასეთნაირად, ტვინში იცვლება ინფორმაციის მიწოდების გზა, რაც ტვინის ნორმალურ მუშაობას აფერხებს. ამიტომ, მთვრალი ადამიანი გაურკვევლად ლაპარაკობს, ბუნდოვნად ხედავს, ბარბაცით დადის და კონტროლს კარგავს. ეს ყველაფერი კი დათრობის დამახასიათებელი სიმპტომებია.
როდესაც პიროვნება ხანგრძლივად და რეგულარულად სვამს, მისი ტვინი ეგუება ეთილის სპირტის საზიანო გავლენას და ნეირონები ნორმალურად ფუნქციონირებას განაგრძობს. შედეგად ადრინდელი დოზა ისეთ გავლენას აღარ ახდენს ადამიანზე, რასაც ადრე ახდენდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მაშინ ვითარდება, როცა ტვინი იმდენად ეგუება ალკოჰოლს, რომ მის გარეშე ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ქიმიური ბალანსის აღსადგენად ორგანიზმი ალკოჰოლს ითხოვს. თუ ამ დროს ადამიანს სასმელი არა აქვს, ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები მთლიანად ირღვევა და ეწყება აღგზნებადობა, კანკალი და კრუნჩხვებიც კი.
ტვინის ქიმიური შედგენილობის შეცვლის გარდა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედების ატროფია და კვდომა და, შედეგად, ტვინის სტრუქტურის მთლიანად შეცვლა. მართალია, ალკოჰოლზე უარის თქმის შემთხვევაში ნაწილობრივ ჯანმრთელობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ტვინის ზოგი უბანი პირვანდელ მდგომარეობას ვერასოდეს აღიდგენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მკვდარი ნეირონების აღდგენა შეუძლებელია; ეს კი საზიანოდ მოქმედებს მეხსიერებასა და ცნობიერების სხვა ფუნქციებზე. ტვინის ფუნქცია არა მარტო იმ შემთხვევაში ზიანდება, როცა პიროვნება დიდი ხნის განმავლობაში იღებს ალკოჰოლს, არამედ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, შედარებით მცირე პერიოდიც საკმარისია მის დასაზიანებლად.
ღვიძლის დაავადება და კიბო
ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ის ებრძვის ინფექციას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან დევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის ალკოჰოლსაც. ალკოჰოლის ხანგრძლივად და რეგულარულად მიღებისას ღვიძლის დაზიანება სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპის დროს ეთილის სპირტის დაშლა აფერხებს ცხიმების დაშლის პროცესს, რის შედეგადაც ცხიმები ღვიძლში გროვდება. ამას ცხიმოვანი ჰეპატოზი ანუ ღვიძლის სტეატოზი ეწოდება. დროთა განმავლობაში ღვიძლის ქრონიკული ანთება ანუ ჰეპატიტი ვითარდება. გარდა იმისა, რომ ალკოჰოლი უშუალოდ განაპირობებს ჰეპატიტის განვითარებას, როგორც ჩანს, მისი მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებად რეზისტენტული ხდება B და C ჰეპატიტის მატარებელი ვირუსების მიმართ. თუ მკურნალობას არ ჩაიტარებთ, ალკოჰოლი კიდევ უფრო დააზიანებს ღვიძლის უჯრედებს, რაც გამოიწვევს უჯრედების დაპროგრამებულ კვდომას ანუ აპოპტოზს.
ბოლო ეტაპზე ვითარდება ციროზი. ღვიძლში მზარდი ანთებითი კერების გაჩენა და უჯრედების დაშლა ამ ორგანოში ისეთ პროცესებს იწვევს, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელია. თანდათანობით ღვიძლი მკვრივდება და მარცვლოვანი აგებულების ხდება. საბოლოოდ შემაერთებელი ქსოვილით ღვიძლის უჯრედების ჩანაცვლება აფერხებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რის შედეგადაც ღვიძლი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ადამიანი კვდება.
ალკოჰოლი კიდევ ერთ ფარულ საშიშროებას უქმნის ღვიძლს. ღვიძლი ნაკლებად უწევს წინააღმდეგობას კიბოს გამომწვევ უჯრედებს. ალკოჰოლი არა მარტო ღვიძლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, არამედ საგრძნობლად ზრდის კიბოს საფრთხეს პირის ღრუში, ხახაში, ხორხსა და საყლაპავ მილზე. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღებისას პირის ღრუს ლორწოვანი გარსი უფრო ადვილად ატარებს თამბაქოში არსებულ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, რაც ზრდის მწეველებში კიბოს განვითარების საფრთხეს. ქალები, რომლებიც ყოველდღე სვამენ, მკერდის კიბოს განვითარების უფრო მეტი საშიშროების წინაშე არიან. ერთი გამოკვლევის თანახმად, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი იმ ქალებში, რომლებიც დღეში სამ ან მეტ ჭიქას სვამდნენ, 69 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მათში, რომლებიც არ სვამდნენ.
ალკოჰოლით „მოწამლული“ ბავშვები
ალკოჰოლის უზომოდ მიღება განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ნაყოფზე. „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში“ აღნიშნულია, რომ „ალკოჰოლი უფრო საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე, ვიდრე რომელიმე ნარკოტიკი“. როდესაც ფეხმძიმე ქალი სვამს, „ნაყოფიც სვამს“. ალკოჰოლი განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე განვითარების პროცესში. ის შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ნეირონები სათანადოდ არ ყალიბდება. ზოგი უჯრედი კვდება, ზოგი კი სხვა ადგილას ვითარდება.
ჩანასახოვანი ალკოჰოლური სინდრომი არის იმის უმთავრესი მიზეზი, რომ იბადებიან გონებადაქვეითებული ბავშვები. ისინი გონებრივად განუვითარებლები არიან, კარგად ვერ ლაპარაკობენ, ასაკის შესაბამისად არ ვითარდებიან, ნელა იზრდებიან, ზედმეტად აქტიურები არიან და აღენიშნებათ სმენისა და მხედველობის დარღვევა. ბევრი ბავშვი სახის დეფექტებითაც იბადება.
გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში სვამენ, თუნდაც ზომიერად, შეიძლება დაქვეითებული უნარი ჰქონდეთ, აგრეთვე, პრობლემები ქცევასა და სწავლაში. „შვილს რომ ავნო, სულაც არ არის აუცილებელი ალკოჰოლიკი იყო. ფეხმძიმობის პერიოდში რომ დალიო, შვილს ზიანს მიაყენებ“, — შენიშნავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ორსულთა ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის განყოფილების, პროფესორი ენ სტრისგუსი. საფრანგეთის ჯანმრთელობისა და მედიცინის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ალკოჰოლი საზიანოა ჯანმრთელობისთვის“ აღნიშნულია, რომ „ალკოჰოლის მიღება საზიანოა მთელი ორსულობის პერიოდში. არ არსებობს მინიმალური დოზა, რომელიც თავის კვალს არ დატოვებს ნაყოფზე“. მაშასადამე, გონივრულია, რომ ფეხმძიმე ქალებმა ან მათ, რომლებიც ფიქრობენ ბავშვის ყოლას, საერთოდ არ მიიღონ არანაირი ალკოჰოლი.


0
464
2-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0