x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
პრაქტიკული რჩევები ხანდაზმულთა უსაფრთხოებისთვის

imageგოგონა ციგურებით სრიალებდა ყინულზე. უცებ თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა. ის სწრაფადვე წამოდგა და ოდნავ შეცბუნებულმა გააგრძელა სრიალი. ასაკოვანმა ქალბატონმა სახლში რაღაცას ფეხი წამოჰკრა და დაცემის შედეგად ბარძაყის ძვალი მოიტეხა. ოპერაციის შემდეგ მას თვეები დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. შეშინებულმა საერთოდ უარი თქვა ფიზიკურ აქტივობაზე, რამაც ის ძალიან დააუძლურა.
დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ყოველწლიურად 65 წლის ზემოთ ყოველი მესამე ადამიანი ეცემა. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში დაცემა ტრავმის შედეგად გამოწვეული სიკვდილის ძირითადი მიზეზი ხდება.
ასაკის მატებასთან ერთად პრობლემებიც მატულობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და უსაფრთხო გახადოთ. პირველ რიგში ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიჯანსაღე და მხნეობა. ამასთანავე იზრუნეთ იმაზე, რომ სახლში უსაფრთხო გარემო შეიქმნათ.
შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და მხნეობა
ასაკთან ერთად ჩვენი კოორდინაციის უნარი ქვეითდება. ასაკმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მხედველობასა და წონასწორობაზე. კუნთებისა და ძვლების დასუსტებასთან ერთად მოტეხილობის ალბათობაც მატულობს. მაგრამ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ კვებას შეუძლია შეანელოს ეს პროცესი. „აუცილებელია ვარჯიშების კეთება, რომლებიც გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებასა და გამართულად სიარულში, ასევე გვმატებს ძალებს და მოქნილობას“, — ამბობს ფიზიოთერაპევტი ნიტა.
აშშ-ს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია: „ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ფიზიკური აქტივობა ასაკოვნებისთვის აუცილებელია. მაშინაც კი, თუ დგომა და სიარული გიჭირთ, მაინც შეგიძლიათ თქვენთვის სასარგებლო ვარჯიშების კეთება. უმეტეს შემთხვევაში უმოქმედობა უფრო საზიანო იქნება თქვენთვის“. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ გულის დაავადებებთან, სახსრების ტკივილთან, ოსტეოპოროზთან და დეპრესიასთან ბრძოლაში. ეს გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, საჭმლის მონელებას, ძილს და შეგმატებთ ხალისსა და საკუთარი თავის რწმენას.
თუ არ ხართ მიჩვეული ვარჯიშს, კარგი იქნება, ჯერ ექიმს მიმართოთ რჩევისთვის. ექიმს იმ შემთხვევაშიც მიმართეთ, თუ ვარჯიშის დროს თავბრუ გესხმით ან გულმკერდის არეში ტკივილს გრძნობთ. შეიძლება ამ დროს სასწრაფოს გამოძახებაც ღირდეს. გულგრილად ნუ მოეკიდებით ამ სიმპტომებს. კარგი იქნება, თუ წელიწადში ერთხელ თვალის ექიმსაც მიაკითხავთ.
მოერიდეთ სწრაფი მომზადების პროდუქტებს, რომლებიც ღარიბია ვიტამინებითა და მინერალებით. ხანდაზმულებს განსაკუთრებით სჭირდებათ კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვები, რომელიც ხელს შეუწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას ან შეაჩერებს მის დაკარგვას. ამიტომ შეეცადეთ მიირთვათ უცხიმო რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული და გაუცეხვავი მარცვლეულის ნაწარმი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკვეთრად ნუ შეცვლით კვების რაციონს. მან შეიძლება დიეტის სხვა, თქვენთვის უფრო სასარგებლო ვარიანტი შემოგთავაზოთ.
გარდა ამისა, ეცადეთ, რომ სითხე არ მოაკლოთ ორგანიზმს. გაუწყლოების შემთხვევაში, რომელიც ხშირია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით მათ შორის, რომლებიც მარტო ან მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობენ, მეტია დაცემის, ორიენტაციის დაკარგვის, შეკრულობის, კანის ელასტიკურობის დაქვეითების, ინფექციებისა და თვით სიკვდილის ალბათობა.
შეიქმენით უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობები
ასაკოვნები უმეტესწილად სახლში ეცემიან. რამდენიმე პრაქტიკული რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ, მინიმუმამდე დაიყვანოთ წაქცევის ალბათობა. ქვემოთ მოცემული რჩევების წაკითხვის შემდეგ, დაფიქრდით, რა არის შესაცვლელი თქვენს სახლში.
სააბაზანო
● იატაკზე ფეხი არ უნდა ცურავდეს მაშინაც კი, როცა სველია.
● საშხაპე კაბინაში იატაკზე ფეხი არ უნდა ცურავდეს და არც აბაზანის წინ დადებული ნოხი. თუ ბანაობის დროს ტაბურეტზე ჯდებით, ისე დადგით, რომ ადვილად მისწვდეთ ონკანს. კარგია, თუ გექნებათ მოძრავი საშხაპე ყურმილი, რომ მჯდომარე მდგომარეობაში თავისუფლად შეძლოთ ბანაობა.
● კარგი იქნება, თუ სააბაზანოში გექნებათ სახელური, რათა აბაზანით ან საპირფარეშოთი სარგებლობის დროს ხელი მოსჭიდოთ. ეს სახელურები გამძლე და მყარად დაფიქსირებული უნდა იყოს. უნიტაზი იმ სიმაღლისა უნდა იყოს, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლოთ დაჯდომა და ადგომა.
● ღამე ანთებული დატოვეთ მბჟუტავი შუქი ან გამოიყენეთ ფანარი.
კიბე
● კიბე კარგ მდგომარეობაში და კარგად განათებული უნდა იყოს. მასზე არაფერი უნდა იყოს დაყრილი.
● სასურველია კიბეს ორივე მხარეს მყარი მოაჯირი ჰქონდეს; საფეხურებზე ფეხი არ უნდა ცურავდეს. სინათლის ჩამრთველი კიბის თავშიც უნდა იყოს და ბოლოშიც.
● კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა დაგეხმარებათ, რომ მუხლში ძალა შეინარჩუნოთ. თუ წონასწორობას ვერ ინარჩუნებთ, კიბეზე მარტო ნუ ახვალთ.
საძინებელი
● ლოგინსა და ავეჯს შორის საკმარისი ადგილი დატოვეთ სამოძრაოდ.
● შეეცადეთ, რომ ჩაცმის დროს სკამზე დაჯდეთ.
● ლოგინში წოლისას ხელმისაწვდომ ადგილას გქონდეთ ლამპა ან ფანარი.
სამზარეულო
● სამზარეულოს მაგიდა არ უნდა იყოს გადატვირთული სხვადასხვა ნივთით, რათა ამან ხელი არ შეგიშალოთ მაგიდაზე პროდუქტისა თუ სხვა ნივთების დალაგებაში.
● სამზარეულოს იატაკი ნაკლებად პრიალა უნდა იყოს, რომ მასზე ფეხი არ გაგისრიალდეთ.
● კარადებში ნივთები არც ძალიან მაღლა უნდა იყოს შეწყობილი და არც ძალიან დაბლა. მათი გამოღება არ უნდა გიჭირდეთ. ნუ აძვრებით კიბეზე ან დაბალ ტაბურეტზე. ნურასდროს შედგებით სკამზე!
სხვადასხვა
● განათებული გქონდეთ სააბაზანოსკენ ან იქით მიმავალი გზა, სადაც ღამით შეიძლება მოგიწიოთ წასვლა.
● კარგი იქნება, თუ ღამით, როცა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ხართ, ჯოხს ან ყავარჯენს დაეყრდნობით.
● სკამი მყარი უნდა იყოს (ბორბლების გარეშე) და იმ ზომის, რომ თავისუფლად შეძლოთ დაჯდომა-ადგომა. მას საიდაყვეებიც უნდა ჰქონდეს.
● ფეხი რომ არაფერს წამოჰკრათ, გამოცვალეთ, გადაადგილეთ ან გადააგდეთ დახეული ხალიჩები, ალაგ-ალაგ ამძვრალი ლინოლეუმი და გატეხილი მეტლახის ფილები. ელექტროსადენები გააყოლეთ კედელს, რომ გზაზე არ იყოს გადებული.
● აიღეთ ხალიჩაზე დადებული პატარა ნოხები, რადგან მათ შეიძლება ადვილად წამოჰკრათ ფეხი. თუ ნოხები გლუვ ზედაპირზე, მაგალითად მეტლახზე ან ხის იატაკზეა დაფენილი, კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული და არ უნდა სრიალებდეს.
● ნუ ჩაიცვამთ განიერ, გაცვეთილ ან ისეთ ჩუსტებს, რომლებსაც საქუსარი არა აქვთ და ძირები უცურავთ. ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
● ზოგიერთი წამლის მიღების შემდეგ ადამიანს თავბრუს ხვევა ეწყება და წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. თუ წამლის მიღების შემდეგ თქვენც ასე გრძნობთ თავს, მიმართეთ ექიმს. მან შეიძლება შეგიცვალოთ წამლის დოზა ან თვითონ წამალი.
თუ ხედავთ, რომ თქვენს სახლში უსაფრთხოების მიზნით რაღაცაა შესაცვლელი, რასაც დამოუკიდებლად ვერ გაართმევთ თავს, დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან იმ პირებს, რომლებიც შენობის ტექნიკურ უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები. ეცადეთ, მალევე მიიღოთ ზომები.



0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0