x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და დაკარგული დღე

image
შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც, გემებზე, რომლებზეც ქრისტიანული ეკიპაჟები იმყოფებოდნენ, ყოველთვის ზუსტად აღრიცხავდნენ დღეებს, რომ ეკლესიური დღესასწაულების აღნიშვნა შეძლებოდათ. იმ დროს ქრონომეტრები არ იყო. მეზღვაურები ქვიშის საათებით სარგებლობდნენ და ყოველთვის, ახალი დღის დადგომას იმ მომენტში აფიქსირებდნენ, როდესაც მზე ზენიტში იმყოფებოდა. ამის მიხედვით ითვლიდნენ კალენდარულ დღეებს, აღდგომას და სხვა საღვთო და საეკლესიო დღესასწაულებს.

დროის ამ მეთოდით ათვლის გამო, კალენდრის დღეების ათვლაში, არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, რადგან სავაჭრო გემები, საქონლის გადაზიდვის დროს, ჯერ ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ხოლო შემდეგ, იგივე მარშუტით, საპირისპირო მიმართულებით ბრუნდებოდნენ საწყის პუნქტებში.
გაუგებრობა კალენდრის დღეებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის შემდეგ წარმოიქმნა. მაგელანის ექსპედიცია (1519-1522 წწ.), დასავლეთის მიმართულებით გავიდა, ხოლო უკან აღმოსავლეთიდან დაბრუნდა.image

მათ რომ თანამედროვე ქრონომეტრი ჰქონოდათ ან თუნდაც ჩვეულებრივი საათი, რომელზეც საწყისი პუნქტის მერიდიანული დრო იქნებოდა დაფიქსირებული, მიხვდებოდნენ, რომ მათი დღე-ღამის ხანგრძლივობა ცოტათი აღემატება 24 საათს და თანდათანობით საათი სულ უფრო და უფრო ჩამორჩებოდა ადგილობრივი მერიდიანულ დროს. საბოლოო ჯამში, როდესაც ექსპედიციის მონაწილეები სამშობლოში დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს რომ, მათი გემბანის კალენდარი, ერთი დღით ჩამორჩებოდა ადგილობრივ კალენდარს. კაპიტანმა სებასტიან ელკანომ და მისმა თანაშემწემ, ანტონიო პიგაფეტმა, რომელიც მოგზაურობის დროს დღიურს აწარმოებდა, დეტალურად შეამოწმეს გემის საბორტო ჟურნალის ჩანაწერები, მაგრამ დაკარგული დღე ვერ აღმოაჩინეს.

ამ მოვლენას ახსნა მოგვიანებით მოეძებნა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: მას შემდეგ, რაც ჩვენი ცივილიზაცია შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდა, ადამიანები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო საკუთარი ნივთებისა და საკუთრების დათვლა. იმ დროს, დამწერლობა ჯერ კიდევ არ იყო და საგნების დასათვლელად თითებს იყენებდნენ. ასე ჩამოყალიბდა მსოფლიოში ათობითი სისტემა. ამ სისტემით, ეგვიპტეში, ჩვენს ერამდე 3 ათასი წლის წინ სარგებლობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტეში, ყველაფერს ათობით ითვლიდნენ, დღისა და ღამის ხანგრძლივობა 12-12 საათიან ციკლებად ჰქონდათ დაყოფილი. მეცნიერები თვლიან, რომ დროის ათვლის ეს სისტემა, ეგვიპტელებმა ძველი შუმერებისგან გადმოიღეს, რომლებიც მათგან განსხვავებით, საგნებს თითებზე კი არა, თითების სახსრებზე ითვლიდნენ (დიდი თითის გამოკლებით, ოთხი თითი 12 სახსრისგან შედგება). ამ მეთოდის მიხედვით, ეგვიპტელებმა, დღე 12 ნაწილად გაყვეს: 2 საათი –დილა, 10 საათი – დღე, რომელსაც 12 საათიანი ღამე მოჰყვებოდა.
დღე-ღამის საათებად დაყოფის შემდეგ, საჭირო გახდა საათის დაყოფა წუთებად. ძველ დროში, კალენდრების შედგენის დროს, დიდი ყურადღებს აქცევდნენ მზის სისტემის დიდ პლანეტებს – იუპიტერს და სატურნს. იუპიტერი მზის ირგვლივ შემობრუნებას 12 წელს ანდომებს, სატურნი - 30-ს. ამ პლანეტების ციკლების შეთავსებით, აიღეს 60 წლიანი ძირითადი ციკლი, რომელიც ორივე პლანეტის მოძრაობის ციკლს ერგებოდა (იუპიტერი (5X12=60) და სატურნი (2X30=60) და რადგან 60 ყველაფრის თავი იყო, საათი 60 წუთად, ხოლო წუთი 60 წამად დაყვეს.

შუმერების და ეგვიპტელებისგან, მეცნიერული აზრის განვითარების ესტაფეტა ძველმა ბერძნებმა აიღეს: ცნობილმა მათემატიკოსმა, პითაგორმა (ძვ. წ. აღ. 570-490) აზრი გამოთქვა დედამიწის სფეროსებულობის შესახებ. არისტოტელემ (ძვ. წ. აღრ. 384- 322 წწ.) ამ აზრს ხორცი შეასხა. ჰეპარქმა (ძვ. წ. აღრ. 190 - 120 წწ.) დედამიწა 360 ნაწილად დაყო ანუ 360 გრადუსიანი კოორდინატთა სისტემა შექმნა, რომლის მიხედვით, უკვე შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ დედამიწის სფეროს რომელ წერტილში, რა დრო იყო. მაგრამ, ამის გარკვევა იმ დროს და მომდევნო ასწლეულების მანძილზე, არავის დასჭირვებია.
imageძველად, სასაათე სარტყლების შემოღებამდე, „მზის საათებს“ იყენებდნენ. ყველა დასახლების პუნქში, მთავარ მოედანზე, საათი იყო დამონტაჟებული, რომელიც ადგილობრივ დროს უჩვენებდა. XIX საუკუნემდე, დროის პრობლემა არავის შექმნია (თუ არ ჩავთვლით მაგელანის მოგზაურობის დროს „დაკარგულ დღეს“). ორთქლმავლისა და ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. სამგზავრო მატარებლები 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ, გარკვეული გრაფიკის დაცვით. ამასთან, ყველა სარკინიგზო კომპანიას საკუთარი დრო ჰქონდა, რომელიც იმ ქალაქის დროს ემთხვეოდა, რომელშიც მათი ოფისი იყო განთავსებული, ხოლო დიდ სადგურებში, იმდენი საათი იყო დამონტაჟებული, რამდენი კომპანიის მატარებელიც შედიოდა და ყველა სხვადასხვა დროს უჩვენებდა.
კიდევ უფრო რთულად იყო საქმე, ტელეგრაფებთან დაკავშირებით, რომლებიც ინფორმაციას, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში გადასცემდნენ.
1884 წელს ქ. ვაშინგტონში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 24 ქვეყანა მონაწილეობდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა, მერიდიანად, რომლიდანაც უნდა დაწყებულიყო დროის ათვლა, გრინვიჩის ოფსერვატორიაზე გამავალი მერიდიანი აირჩიეს და სასარტყლო დრო შემოიღეს (1 სთ.=1 სარტყელს = დედამიწის ზედაპირის 15 გრადუსს).

სასარტყლო დროის შემოღების შემდეგ, ჯერი თარიღთა ცვლის ხაზზე მიდგა. რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, გადაწყდა რომ თარიღთა ცვლის დემარკაციის ხაზი 180 გრადუსიან მერიდიანზე გაივლიდა. ამ ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში, 1 დღე ან ემატებოდა (დასავლეთიდან ათმოსავლეთისაკენ გადაკვეთისას) ან აკლდებოდა (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკე გადაკვეთისას).

ამრიგად, 362 წლის შემდეგ, „დაკარგული დღის“ საიდუმლო ამოიხსნა: დედამიწის გარშემოწერილობა 360 გრადუსს შეადგენს. ის საკუთარი ღერძის გარშემო, ერთ სრულ ბრუნს 24 საათს ანდომებს. ე. ი. 1 გრადუსს, 4 წუთში გადის. მაგელანის ფლოტმა ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით ანუ დედამიწის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ცურვა და უკან აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეკიპაჟის ერთი დღის ხანგრძლივობა, ყოველი გრადუსის გადაკვეთის შემდეგ, 4 წუთით იზრდებოდა. მათ დედამიწას შემოუარეს, ანუ 360 გრადუსი გადაკვეთეს, რაც დროზე გადათვლით – 24 საათის ტოლია. ეს კი იმას ნიშნავს რომ, „დაკარგული დღე“, 4-4 წუთად „გაიბნა“ გრადუსებს შორის, რასაც ვერასოდეს მიხვდებოდა გემის კაპიტანი ხუან სებასტიან ელკანო.

image

მაგელანი თუ ელკანო?

image

imageimageდიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV-XVIII სს.), ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე. გეოგრაფიული აჩმოჩენები, თავისთავად ხდებოდა, „სანელებლებისკე“ მიმავალი გზის აღმოსაჩენად დაგეგმილი ექსპედიციების კვალდაკვალ. იმ დროს, ევროპაში, მდიდარ ადამიანს „პილპილის ტომრად“ მოიხსენიებდნენ. ვიდრე ინდოეთიდან და მალაის არქიპელაგის კუნძულებიდან სანელებლები ევროპაში ჩამოაღწევდა, დიდ გზას და 12 ხელს გადიოდა (ვაჭრები, მებაჟეები, აუქციონები) და ყოველი „ხელი“ ხეირს ნახულობდა. ამის შემდეგ, ევროპაში ჩასულ სანელებლებს, ოქროს კი არა, ბრილიანტის ფასი ედებოდა. ამიტომ, ესპანეთი და პორტუგალია, რომლებსაც იმ დროს ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავდათ, ცდილობდნენ ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენას.
მას შემდეგ, რაც 1492 წ. ქ. კოლუმბი, ესპანეთის მეფის სახელით, ამერიკის სანაპიროებს მიადგა, ზემოთ ხსენებულმა ქვეყნებმა, დედამიწის სფეროს შუაზე გაყოფა
გადაწყვიტეს. საზღვარი დას. გრძედის 46 გრადუსიან მერიდიანზე გაატარეს,
რომლის დასავლეთით, ესპანეთის სამფლოები იყო, ხოლო აღმოსავლეთით - პორტუგალიის. ეს მოხდა 1494 წელს. მაშინ ამერიკა აზია ეგონათ და წყნარი ოკეანის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პორტუგალია და ესპანეთი მუდმივად აწყობდნენ ექსპედიციებს „საკუთარ ზონებში“, იპყრობდნენ ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.
პორტუგალიის მიერ მოწყობილ ორ ექსპედიციაში, ღარიბი პორტუგალიელი თავადი, ფერნანდო მაგელანიც იღებდა მონაწილეობას. უფულობის გამო, ის სამეფო ფლოტში მსახურობდა. 1505-1511 წწ. ინდოეთის ექსპდიციაში მონაწილეობდა. იქიდან დაბრუნებული მაგელანი, 1512 წელს, ჩრდ. აფრიკის სამხედრო კამპანიაში ჩაება, სადაც 1515 წელს დაიჭრა და იძულებული გახდა პორტუგალიაში დაბრუნებულიყო. სამშობლოში დაბრუნებულმა მაგელანმა, მეფეს თანამდებობაზე დაწინაურება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. დამცირებული და გაბრაზებული, ესპანეთში წავიდა ბედის საძიებლად, სადაც ასტრონომი რ.ფალეირე გაეცნო. ამ უკანასკნელმა, მაგელანი დაარწმუნა, რომ მან ზუსტად იცოდა კოორდინატების გამოთვლა და რომ მოლუკის („სანელებლების“) კუნძულები, ესპანეთის ნაწილში შედიოდა (სინამდვილეში, ეს კუნძულები, პორტუგალიის ნაწილში, 125-130 გრადუსიან მერიდიანებს შორის არის მოქცეული).
იმ პერიოდისთვის, ნუნის დე ბალბუას მიერ, „სამხრეთის ზღვა“ უკვე აღმოჩენებული (1513 წ.) იყო და მაგელანმა შეიმუშავა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა. მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს „სამხრეთის ზღვასთან“ აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციეკების შესაძლებლობაში ესპსნეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ სრუტის მოძებნა, ორ ოკეანეს შორის, ადვილი არ იყო. როგორც იქნქ აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი იყო, ამასთან, გამუდმებით უბერავდა ძლიერი ქარი. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გამოვიდა: „ვიქტორია“ და „ტრინიდადი“. დანარჩენი გემების ბედი უცნობია. გემები უცნობ ოკეანეში გავიდნენ. ფილიპილებამდე ისე იცურეს, რომ შტორმი არ ყოფილა და ამიტომ, მაგელანმა ოკეანეს „წყნარი“ დაარქვა.
მაგელანი ფილიპილებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. ექსპედიციის ხელმძღვანელობა, თავის თავზე, ხუან სებასტიან ელკანომ აიღო. მან ერთი გემი დაშალა და მისი ნაწილებით მეორე შეაკეთა. გემი, მოლუკის კ-ზე სანელებლებით დატვირთა და ამით მაგელანის გეგმის პირველი ნაწილი შეასრულა. ამის შემდეგ, მაგელანი უკან იგივე გზით აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ახალმა კაპიტანმა, წყნარი ოკეანის ხელახლა გადაცურვას, ისევ ინდოეთის ოკეანეში, პორტუგალიურ წყლებში ცურვა ამჯობინა და 1522 წ. სექტემბერში, „ვიქტორია“ 18 კაციანი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.
ეს იყო პირველი, მაგრამ დაუგეგმავი მოგზაურობა დედამიწის გარშემო, რომელიც არ შედგებოდა, მაგელანი ფილიპინებზე რომ არ დაღუპულიყი, რადგან მაგელანი პორტუგალიურ წყლებში არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა. ის პირტუგალიისთვის მოღალატე და მტერი იყო. მაგელანი ისევ წყნარი ოკეანის გავლით დაბრუნდებოდა (თუ საერთოდ დაბრუნდებოდა. 5 გემით გამოსული ექსპედიცია, დანიშნულების ადგილზე, მხოლოდ ერთი გემით ჩავიდა. ისიც ძალიან გაუმართლად, რომ წყნარ ოკეანეში ცურვისას, შტორმში არ მოყვნენ.) და მისი მოგზაურობის შესახებ, უზომოდ გამდიდრებული, ესპანეთის მეფის გარდა, ვერავინ გაიგებდა.
P. S. ესპანეთში, გემით ჩატანილმა სანელებლებმა, სრულად აანაზღაურა ექსპედიციის ხარჯები. გულუხვად დააჯილდოვა ესპანეთის მეფემ კარლოს I კაპიტანი ელკალო. საჩუქრად, „ვიქტორიას“ კაპიტანმა, აზნაურის წოდება და გერბი მიიღო, რომელზეც დედამიწის გამოსახულება იყო, ხოლო მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: „შენ პირველი ხარ, რომელმაც მე შემომიარა“.
ამრიგად, დედამიწას მაგელანმა კი არა, ელკანომ შემოუარა.

2
2533
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2533
  
2016, 25 მარტი, 12:24
ძალიან საინტერესო იყო....
0 1 2