x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზღვაზე დასვენებისას გადამხდარი კუიოზების მცირე ნაკრები ვფიქრობ გაგახალისებთ

image მკითხველებს მინდა თავს გადამხდარი კურიოზებიდან მცირე ნაწილი გავაცნო პატარა სტატიის სახით.
მოგეხსენებათ ზაფხულში ზღვა უამრავ დამსვენებელს იზიდავს და ზღვაზე დასასვენებლად დროის გამონახვა ბევრისთვის ოცნებაა, რადგან ხშირად სამსახურის თუ ოჯახის გამო ყველა ვერ ახერხებს ზღვაზე დასასვენებლად წასვლას, თუმცა მთავარი ალბათ მაინც ფინანსების ნაკლებობაა.
მეც და ჩემი მეგობრებიც რაც თავი მახსოვს საქართველოში დაბრუნებიდან მოყოლებული ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით ქობულეთში ან გონიოში დასასვენებლად და "თავგადასავლების" საძიებლად. ამ "ვოიაჟების" დროს ვინ იცის რამდენი კურიოზი გადაგვხდენია თავს, ასე გრძელდებოდა დაოჯახებამდე, დაოჯახების მერე ჩვენს "წანწალსაც" და "ვოიაჟებსაც" ბოლო მოეღო, რადგან ახლა უკვე ზღვაზე დასასვენებლად ოჯახებით გვიწევს წასვლა, თუმცა უნდა ითქვას ანაკლიის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მერე უკვე ნაკლებად ჩავდივართ ქობულეთი ან გონიოში, ანაკლია–განმუხურის მონაკვეთზე ზღვა ძალიან სუფთაა და სასტუმროს დაქირავებაც არ გვიწევს, რადგან გვიან ღამით სახლებში ვბრუნდებით საკუთარი მანქანებით.
მანამდე კი აი რა ხდებოდა!!!
ქობულეთში დასასვენებლად ჩასულმა სამმა ბავშვობის მეგობარმა (რომლებსაც უბანში "მაწანწალები" შეგვარქვეს ხშირი "ვოიაჟების" გამო)ქობულეთში კერძო სახლი დავიქირავეთ ზღვასთან საკმაოდ ახლოს და იმავე დღეს გავემართეთ "თავგადასავლების" საძიებლად. ზღვაზე უამრავი დამსვენებელია ყოველთვის მოგეხსენებათ და არც ის დღე იყო გამონაკლისი, დამსვენებლებს შორის მალევე ვიპოვეთ უკრაინელი გოგონები რომლებიც გამოირჩეოდნენ სხვებისგან უნაკლო სხეულით, ვიპოვეთ რა, გოგონები უკრაინულად საუბრობდნენ, მე კი უკრაინული ქართულზე ნაკლებად არ ვიცი, რადგან წლების მანძილზე მთელი ოჯახი უკრაინაში ვცხოვრობდით.
გოგონებს უკრაინულად მივესალმე, რამაც მათი გაოცება გამოიწვია, მეგობრებიც გავაცანი და გაცნობის მერე გოგონებთან ერთად ზღვაში გადავეშვით. მამაჩემის წყალობით (სტუდენტობისას მამამ ნიძლავზე გადაცურა თბილისის ზღვა) ცურვა და ყვინთვა სრულიად პატარა ასაკში ვისწავლე და როგორც იტყვიან წყალში თავს ისე ვგრძნობ, როგორც იხვი.
გოგონებმა საკმაოდ შორს გაცურეს და არც ჩვენ დაგვიხევია უკან, რადგან ეს გამოწვევად მივიღეთ.
გოგონას რომელიც ჩემს გვერდით მოცურავდა სხვათაშორის ვკითხე: ცურვა ასე კარგად სად ისწავლეთ მეთქი, გოგონამ მიპასუხა ჩვენ უკრაინის საწყლოსნო სპორტის ნაკრების წევრები ვართო. ეს პასუხი ბიჭებს მეგრულად რომ გადავძახე, ორივე მყისიერად გაჩერდა, ელგუჯა გაანებე თავი ამ გოგოს გამობრუნდი უკან, თორემ ეგენი ოდესამდე მხარულით გაცურავენ და შენ კი დაიხრჩობიო.
ასე რომ მეგობრებმა, გოგოებიც მიატოვეს და მეც დამტოვეს, მივცურავ და ვფიქრობ ვაი და მართლა არ მობრუნდა ეს გოგო, სანამდე უნდა მივსდიო, ამის დახმარება რომ დამჭირდეს თავი არ გამომეყოფა სამეგობროში მეთქი.
მართალია ჯერ ძალაც მერჩოდა და დაღლაც არ მეტყობოდა, მაგრამ ზღვაში შეცურვა ბევრად ადვილი რომაა და გამოცურვა ბევრად ძნელი ესეც ვიცოდი.
გოგოს რომ გადავხედავდი გედივით ლამაზად უშხეფოდ მიაპობდა ტალღებს და ისე მიცურავდა მის ნახვას არაფერი სჯობდა.
რამდენჯერმე კი გადმომიგდო სიტყვა ხომ არ დაიღალეო! უაზრო თავმოყვარეობამ იმის ნება არ მომცა უკან მოვბრუნებულიყავი, უკან რომ მოვიხედე ნაპირი უკვე იმდენად შორს იყო ადამიანები არც კი ჩანდა.
არ ვიცი რითი დამთავრდებოდა ჩვენი მარათონი, მაგრამ მალევე მოგვიწია უკანვე გამოცურვამ, რადგამ ოქსანამ დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც უღონოდ მოაპობდა ტალღებს ჩვენი მიმართულებით და ეტყობოდა ისე იყო მისავათებული მალე ზღვის სიღრმეში აღმოჩნდებოდა, ოქსანა სწრაფად გაემართა მისკენ, მაგრამ ახლოს არ მისულა ზურგიდან მოუარა და ფეხის მიბჯენით დაუწყო ზღვაზე "გასრიალება" (ასეთ დროს ადამიანს ახლოს თუ მიუახლოვდი შესაძლებელია შეშინებულმა ხელები მოგხვიოთ და თან ჩაგითრიოთ ზღვის, მდინარის თუ ტბის სიღრმეში), მეც შევუერთდი მის მცდელობას, თან ვთხოვეთ დამშვიდებულიყო და ზღვის ზედაპირზე ჩვენი დახმარებით შეესვენა.
საბედნიეროდ ახალგაზრდა მამაკაცი შეშინებული სულაც არ იყო (როგორც მერე გაირკვა თავად ყოფილა მაშველი), ეტყობოდა ნასვამი რომ იყო და სავარაუდოდ ალკოჰოლმა გააბედინა ნაპირიდან ძალზე შორს გაეცურა.
მართლაც რამდენიმე წუთიანმა შესვენებამ საკმაოდ დაუბალანსა სუნთქვა და მე და ოქსანაც გვერდით გავყევით ცურვით, ასეთ დროს ყველაზე ნაკლებ ენერგიას ზურგზე ცურვა მოითხოვს და ახალგაზრდა მამაკაციც "მხარულიდან" ზურგზე ცურვაზე გადავიდა.
ვინ იცის რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ნაპირზე ხალხის კონტურებმა ადამიანების ფორმა რომ შეიძინა იმედი მომეცა ვინმე დაგვინახავს და მოგვეშველება მეთქი.
საბედნიეროდ ჩემს მეგობრებს ნაპირზე ამოსვლისთანავე მაშველებისათვის მიემართათ და მალევე სამაშველო რგოლებით აღჭურვილი სამაშველო სკუტერი შემოგვეგება ორი მაშველით.
ოქსანამ უარი თქვა დახმარებაზე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი ისევ უაზრო თავმოყვარეობით გამოწვეულმა ამბიციამ უარი მათქმევინა სამაშველო რგოლზე.
ასე იყო თუ ისე ნაპირთან მივცურდით ყველა ერთად და ნაპირზე მყოფი ხალხი ისე შეგვხვდა, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა.
ოქსანას მეგობარი გოგონები რომლებმაც ადრევე გამოცურეს ნაპირისაკენ ოქსანას საყვედურებით დახვდნენ, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მათმა მწვრთვნელმა ქალბატონმა უკანასკნელი სიტყვებით "გამოთათხა" და არც მე დავვიწყებივარ, მეც ზედ მიმაყოლა უკრაინულად, არც მე დამიკლია და უკრაინულ ენაზე ვუთხარი ის რასაც იმსახურებდა. გენახათ როგორ "მოეღრიცა" სახე უკრაინულად გაცემულ პასუხზე "ვიღაც გოგონებზე მონადირე გრუზინისაგან" (ზუსტად ასე მიწოდა იმ "კუდიანმა ალქაჯმა"), მერე კი შეცბა მიხვდა რა რომ გადაამლაშა.
ცალკე ჩემი მეგობრების ჯაჯღანმა და ცალკე მაშველების ბუზღუნმა: რომ მიცურავთ სად მიცურავთ, პრობლემებს რატომ გვიქმნითო ხასიათი გამიფუჭა.
საღამოს სახლში დაბრუნებულმა "აღმოვაჩინე", რომ ოქსანა მომწონებოდა და დილით ადრე მივაკითხე სასტუმროს სადაც იყვნენ უკრაინელი მოცურავეები, ჩემდა სამწუხაროდ ადმინისტრატორმა მითხრა: ნაკრები წუხელ გვიან ღამით ბათუმის აეროპორტისაკენ წაიყვანეს ავტობუსითო.
ისე მეწყინა, სახლში დაბრუნება არც კი მიცდია, მთელი ორი საათი ზღვის ნაპირზე ვიხეტიალე.
ნაშუადღევს ბიჭებმა გადაწყვიტეს ზღვაზე გასვლა მე კი სახლში დავრჩი და სახლში მარტო დარჩენილს ერთი აზრი მომივიდა–ბიჭებისათვის რაიმე სახალისო (ჩემთვის სახალისო) ოინი მომეწყო. აზრი მომივიდა და აღსრულებასაც შევუდექი, ბიჭების მთელი ტანსაცმელი შევაგროვე ჩემიც მივაყოლე და მეორე სართულის კუთხის პატარა საკუჭნაოში დავმალე, თავად კი თავი ბინტით შევიკარი და წამოვწექი. ოთახში კი ყველაფერი "ყირაზე" დავაყენე.
საღამოს მოვიდნენ ბიჭები და ჩემს დანახვაზე ელდა ეცათ. რა მოხდა, რატომ გაქვს თავი შეხვეული ვისთან იჩხუბეო?
ჩხუბი კი არა ვიღაცამ თავში რაღაცა დამარტყა და გონება დავკარგე, გონზე მოსულს კი ყველაფერი წაღებული დამხვდა მეთქი. გენახათ ბიჭების სახეები, ერთმა ბიჭო შარვალში ფული მედოო, მეორემ ჩანთაში მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა და ცოტა ფულიც მქონდაო. თავი ვინ შეგიხვიაო, ვინ და სასწრაფოს გამოვუძახე სახლის ტელეფონით მეთქი, აქ კი მეორედ შეწუხდნენ ბიჭები, ტელეფონებიც წაუღიათო.
მოკლედ "ჩავაშხამე" ის საღამო. ბიჭებმა გადაწყვიტეს სახლში დავბრუნდეთ, უფულოდ, უტანსაცმლოდ და უტელეფონოდ ვართ დარჩენილი და აქ გაჩერებას რა აზრი აქვსო.
გამოვუტყდი ჩემი გაკეთებული მორიგი "შუტკა" რომ იყო.
ლამის ჩამქოლეს ბალიშებით, ოთახებიც მალევე დავალაგეთ და ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ გავეშურეთ მანქანით ქობულეთის გასასვლელისაკენ ბათუმის მხარეს.
ისეთი თბილი ამინდი იყო, ზღვაში ჩასვლა გადავწყვიტეთ და საკმაო ხანი დავყავით ზღვაში. ნაპირზე ამოსულებს კი ტანსაცმელი არ დაგვხვდა, უკვე მართლა წაეღო ვიღაცას. კიდევ კარგი მობილურები და ფული მანქანაშივე დავტოვეთ, ხოლო გასაღები მანქანის ბამპერს "მივაბარეთ".
ბიჭებს ისევ ჩემი მორიგი ოინი ეგონათ, მაგრამ ჩემი სახის დანახვაზე მიხვდნენ ეს უკვე "ხათაბალას" ოინი რომ არ იყო. რა უნდა გვექნა გავემართეთ მანქანისაკენ "მწუხარე რაინდის" სახით.
ცხელ გულზე მანქანა ადგილიდანვე სწრაფად დავძარი, რითაც პატრულის ყურადღება მივიპყარი და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა: ესა და ეს მანქანა, ამა და ამ ნომრით, გადააყენეთ მანქანა.
მეც გზის ნაპირზე გავაჩერე და საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ–ინსპექტორის გადმოსვლას დაველოდე.
მოვიდა მოგვესალმა და საბუთები მოგვთხოვა, მივეცი მანქანის ტექნიკური პასპორტი და მართვის მოწმობა. გადახედა და მანქანაში ჩაჯდა მათ შესამოწმებლად, მალევე მობრუნდა საბუთები დამიბრუნა და საბარგულის გაღება მომთხოვა, მე მანქანის გასაღები მივაწოდე ა ბატონო გააღეთ მეთქი.
არ ვიცი რა იფიქრა, მაგრამ პატრულმა მეწყვილეს დაუძახა და ისიც მოვიდა.
უკვე თავაზიანობის გარეშე მოითხოვეს საბარგულის გახსნა, მე ისევ გავუმეორე აგერ გასაღები და გააღეთ და შეამოწმეთ მეთქი.
როგორ გინდა მანქანიდან ჩამოხვიდე ტრუსისამარა და საბარგული გაუღო პატრულს, ერთია ზღვაზე იარო ტრუსებით და მეორე ტრასაზე იდგე "შიშველი გადარეულივით".
ჩემმა პასუხმა უკვე აგრესიული ტონი გამოიწვია და უკვე კატეგორიულად მომთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა და საბარგულის გაღება.
როგორც იქნა გადმოვედი და საბარგული გავაღე, პატრულმა საბარგულის საკუთარი განათება არ იკმარა და საკუთარი ფანრით მოჩხრიკა იქაურობა.თან მკითხა საბარგულს რატომ არ აღებდი აქამდეო? სიჩქარის გადაჭარბებას დავამატებ ახლა დაუმორჩილებლობას და მერე ისწავლი ჭკუასო.
ბიჭებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და პატრულმა სახეზე უკვე ღიმილით გვკითხა: რას დადიხართ ასეთ დროს შუა ტრასაზე ტიტლიკანებიო! რატომ და გაგვქურდეს სანაპიროზე და აბა რა გვექნა მეთქი, ეგ როგორო! როგორ და ჩავედით ზღვაში რომ ამოვედით ტანსაცმელი "ფაფუ" დაიკარგა მეთქი.
მართლა გულით შეწუხდნენ, ჯარიმა არ დაუწერიათ რაც მართალია, მართალია. სამმართველოში გაყოლა გვთხოვეს განცხადების დასაწერად და შესაბამისად საქმის აღსაძვრელად ქურდობის ფაქტზე.
ამაზე უკვე მართლა გავბრაზდი, ის არ გვეყო შუა ტრასაზე "კაზანტიპის" მონაწილესავით ტრუსით რომ ვდგავარ, ახლა პოლიციაში უნდა ვიარო ასე მეთქი?!
გაგვიშვეს და ასე "გამწარებულები" დავბრუნდით სახლში. მეორე დღეს კი გადავწყვიტეთ ზუგდიდში დაბრუნება, სახლის პატრონს მადლობა ვუთხარით და წამოვედით.
ფოთში მეგობარს გავუარე და მის ქუჩაზე შეხვევისას თვალში მომხვდა ახალგაზრდა რომელსაც აშკარად ერთერთი ჩემი მეგობრის ბოტასები და სპორტულები ეცვა. ეგრევე მივადექით მანქანით და ჩემი მეგობრები ეცნენ, საიდან მოიტანე ეს ტანსაცმელი დროზე მოყევი, თორემ ვაი შენი ბრალიო.
თავიდან იუარა, მაგრამ რომ ნახა ვერ გაიქცეოდა და არც ჩვენ დავანებებდით თავს, აღიარა წუხელ ქობულეთში ვიყავით ახლობლები და იქ ავიღეთ ნაპირზეო. სხვა ვინ წაიღო, დაურეკე და აქ მოიყვანე ან ზუგდიდში წაგიყვანთ და შიშველს დაგაგდებთ ქუჩაშიო რომ ვუთხარით მაგრა შეშინდდა (ვინ იყო მისი წამყვანი, ადამიანის გატაცება კრიმინალია და შარი ვის რად ჭირდებოდა).
მოკლედ ჩავისვით მანქანაში და ახლობლებთან დავარეკინეთ, მალევე მოვიდა ორი სუსტი აღნაგობის 16–17 წლის ბიჭი, როცა ავუხსენით საქმის ვითარება იუარეს ეს იტყუება ქობულეთში არ ვყოფილვართო.
წასვლაც დააპირეს, მაგრამ როცა მათი ამფსონი არ გავუშვით მიხვდნენ შარში რომ გაჰყვეს თავი და ნახევარ საათში დააბრუნეს ყველაფერი, კურიოზი კი ის იყო, რომ ჩემმა მეგობარმა თავისი ბოტასები და სპორტულები იქვე გაახდევინა ტიპს და ტრუსისამარას აიძულა მანქანიდან გადასულიყო.
ვინმემ დანაშაულის დამალვაში რომ არ დაგვოს ბრალი, განვუმარტავ ის ფოთელები როგორც ვიცი მალევე ანალოგიური დანაშაულის გამო დააკავეს ბათუმში და სასჯელს იხდიან.

1
785
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
785
  
2016, 22 მარტი, 17:23
სტატიის სათაურში გაპარულია მცირე შეცდომა, უნდა იყოს კურიოზები, წერია კუიოზები, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდი.
0 1 1