x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
იბრაჰიმ ალ-ქუნი ”ოქროს ქვიშა”

imageლიბიელი ტუარეგი (საჰარის უდაბნოს ძირძველი ტომები) რომანისტი და ნოველისტი იბრაჰიმ ალ-ქუნი, რომლის შემოქმედებაც დაკავშირებულია უდაბნოსთან, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ფილოსოფიურად მოაზროვნე არაბულენოვანი მწერალია. მას მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია და მისი ნაშრომები ნათარგმნია 35 ენაზე. ალ-ქუნი დაიბადა 1948 წელს, ლიბიის უდაბნოს ქალაქ ღადამესში. ის სწავლობდა შედარებით ლიტერატურას მოსკოვში, გორკის სახელობის ინსტიტუტში. იყო ჟურნალისტი მოსკოვსა და ვარშავაში. ახლა ის შვეიცარიაში ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე.
ალ-ქუნის რომანებში უდაბნო არის ადგილი, სადაც იკვრება ადამიანისა და ბუნების სხვა ქმნილებათა კავშირი, ყალიბდება სულიერი და ყოფითი ცხოვრების ძირითადი პრინციპები. აქ აგრეთვე ვხვდებით ტუარეგი ხალხის წეს-ჩვეულებებს, ისლამამდელ წარმართულ კოსმოლოგიასა და კლასიკურ სუფიზმს. მისი პროზა სავსეა ალუზიებითა და აფორიზმებით, პოეტური ჩანართებით, ასევე მრავლადაა ტამაჟითური (ბერბერულ-ლიბიური ენა) სიტყვები. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, ტექსტზე მუშაობა მთარგმნელისთვის ურთულესი გამოწვევაა, რაზეც საუბრობს ”ოქროს ქვიშის“ ეპილოგში ელიოტ კოლა, რომელსაც ეკუთვნისამ რომანის ინგლისური თარგმანი. რაც შეეხება „ოქროს ქვიშის“ ქართულ თარგმანს (მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე, გამომცემლობა „ინტელექტი“ 2016) < იმედია, მალე გახდის ხელმისაწვდომს დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვი.
ეს არის ამბავი ადამიანისა და ცხოველის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, რასაც, ევროპულ ლიტერატურაში, მაგალითად, მიშელ უელბეკი უპირობო სიყვარულს უწოდებს, მილან კუნდერა კი ამბობს: „ადამიანსა და ცხოველს შორის სიყვარული იდილიურია. ამ სიყვარულში არ არის კონფლიქტი, სულისშემძვრელი სცენები, მასში არ არის განვითარება“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის უბრალოდ ამბავი ბიჭზე, საყვარელი ცხოველით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირუტყვი ბუნებით მინიჭებული ხასიათის და თვისებების ზღვარს სცდება და გრძნობით აღვსილი, ადამიანს ემსგავსება, რითაც საბოლოოდ თანასწორობა მყარდება. ამ იდეას ადასტურებს რომანის ეპიგრაფი: „რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს...“ ეკლესიასტე 3:19

რომანის მთავარი გმირი უხაიადი, ლიბიის უდაბნოში მცხოვრები ტომის ბელადის შვილია, რომელიც არ ემორჩილება თემის კანონებს, უპირისპირდება მამამისის სურვილს და საკუთარი გრძნობებით მოქმედებს. ცოლად მოჰყავს მისთვის სასურველი ქალი, რომლის გამოც ტომიდან აძევებენ. უხაიადი, დაუმორჩილებელი ხასიათის გარდა, თანატომელებისგან თავისი იშვიათი ჯიშის აქლემითაც გამოირჩევა, რომელიც, ჯერ კიდევ პატარა კოზაკი, აჰაგარის ტომის ბელადისგან მიიღო საჩუქრად. მთელ დროს მასთან ერთად ატარებს, რის გამოც დაცინვის საგანი ხდება. მოგვიანებით, როდესაც მისი აქლემი საშინელი სენით ავადდება, მიჰყავს „მაიმუნების ველებზე“, უდაბნოში, სადაც, ყველაფერთან ერთად, უწევს, გაუმკლავდეს „დიდი უდაბნოს ყველაზე საშიშ მტერს - წყურვილს“. გარდა პირადი უბედურებისა, ქვეყანაშიც ძალიან რთული პერიოდია, მოსახლეობა ჩრდილოეთში იტალიელებს ებრძვის, სამხრეთში - შიმშილს (უხაიადს ერთხელ, გამოუვალ მდგომარეობაში, საკუთარი ფეხსაცმლის შეჭმაც კი უწევს). როდესაც უხაიადი საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდება და პრობლემების გამომწვევ მიზეზებს დაუწყებს ძებნას, აღმოაჩენს რომ მათი სათავე ქალია, თუმცა მოგვიანებით სიტყვებმა „ბედისწერა ყველაზე ოსტატურად შლის კვალს, გადაანაწილებს დანაშაულს, რათა შეუძლებელი გახდეს ნამდვილი დამნაშავის პოვნა“ გაფანტა ყველა გადაჭარბებული შეხედულება უბედურების მომტან მიზეზებზე (იყო ეს ქალი, შემოსევები, ღვთაება თანითისთვის აღთქმის შეუსრულებლობა, უკბილო ვაჭარი თუ საკუთარი თავი).
იგი საბოლოოდ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ცხოვრება დიდი თავგადასავალია, სადაც ის გამუდმებით არჩევნის წინაშეა და სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცის დათმობა უწევს (”თუ რამე მოვა ცხოვრებაში, აუცილებლად რაღაც მისი საპირისპირო წავა”) ისევე, როგორც უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის ყველაზე სახიფათო გარემოში - ადამიანთა საზოგადოებაში.

2
178
2-ს მოსწონს
ავტორი:ლია ლონდარიძე
ლია ლონდარიძე
178
  
2016, 20 მარტი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 მარტი, 16:23
احسنت يا صديقتي !
0 1 2