x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ათი გასაოცარი ფაქტი იაპონიის წარსულიდან ანუ რატომ არიან იაპონელები მსოფლიოში ყველაზე უცნაური ხალხი
არავისთვის არა საიდუმლო, რომ იაპონელები ყველაზე უცნაურ ხალხად ითვლებიან მსოფლიოში: მათ გააჩნიათ მეტად თავისებური კულტურა, ფილმები, ტელეგადაცემები და საერთოდ, ყველაფერი განსხვავებული და უნიკალური აქვთ. გაეცნობით რა ფაქტებს ამ ქვეყნის წარსულიდან, მიხვდებით, თუ საიდან მოდის ამ ორიგინალურობისა და უცნაურობის ფესვები. როგორც ჩანს, იაპონელები ყოველთვის ასეთი განსხვავებულები და კრეატიულები იყვნენ.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი გასაოცარი ფაქტი იაპონიის წარსულიდან, რომლებიც მარტივად აგიხსნით, თუ რატომ არიან იაპონელები ყველაზე უცნაური ხალხი მსოფლიოში.




10. ორნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იაპონია დახურული ქვეყანა იყო



image

1600 წელს, ფეოდალური დაქუცმაცებულობის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომების შემდეგ იაპონიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა ტიკუგავე იეიასუ, რომელმაც 1603 წელს საბოლოოდ გააერთიანა ქვეყანა და დაიწყო მისი მართვა თავისი "რკინისებური ხელით''. მიუხედავად იმისა, რომ იეიასუ სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგი არ იყო, ის უნდობლად უყურებდა უცხოელებს. ამის შედეგი იყო ის, რომ 1624 წელს მთლიანად შეწყდა სავაჭრო ურთიერთობა ესპანეთთან, ხოლო 1635 წელს გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც იაპონელებს სასტიკად ეკრძალებოდათ ქვეყნის დატოვება და თუ რომელიმე მათგანი მაინც გადაწყვეტდა სხვა ქვეყანაში გამგზავრებას სავაჭრო ან სხვა რაიმე საქმისათვის, ის უკან ვერასოდეს ვეღარ დაბრუნებოდა- ასეთი ადამიანი სამშობლოს მოღალატედ ითვლებოდა და ეკრძალებოდა ქვეყანაში შესვლა. 1636 წელს იაპონია დახურულ ქვეყნად გამოცხადდა და იქ შესვლა აეკრძალა ყველა უცხოელს, ჰოლანდიელებით დაწყებული, პორტუგალიელებით დამთავრებული. ეს კარჩაკეტილობა გაგრძელდა თითქმის 2, 5 საუკუნის განმავლობაში.


9. იაპონელები იყვნენ ტანდაბალნი იმის გამო, რომ არ ჭამდნენ ხორცს


image

VI - XIX საუკუნეების განმავლობაში იაპონელი მამაკაცების სიმაღლე 155 სანტიმეტრს არ აჭარბებდა. ეს დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ სწორედ VI საუკუნეში ჩინელებმა იაპონელებს "მეზობლურად" გაუყვეს ბუდიზმის ფილოსოფია. არავინ იცის რატომ, მაგრამ იაპონურ საზოგადოებას ძალიან მოეწონა ეს მოძღვრება და სწრაფად აიტაცა ის, განსაკუთრებით კი ბუდიზმის ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია ვეგეტარიანელობაზე, როგორც სულის ხსნისა და რეინკარნაციის ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე. ხორცეული საერთოდ ამოღებული იქნა იაპონელების რაციონიდან და შედეგმაც არ დააყოვნა: VI - XIX საუკუნეებში იაპონელების საშუალო სიმაღლემ ათი სანტიმეტრით დაიკლო.


8. ძველ იაპოაიაში ფართოდ იყო გავრცელებული ვაჭრობა "ღამის ოქროთი"


image

"ღამის ოქრო"- ფრაზეოლოგიზმია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტებს, კერძოდ მის ფეკალიებს, რომელიც გამოიყენება, როგორც მაღალი ხარისხის ბალანსირებადი სასუქი. იაპონიაში ეს პრაქტიკა ფართოდ იყო დანერგილი. ამასთანავე მდიდარი ადამიანების განავალი გაცილებით უფრო კარგ ფასად იყიდებოდა, რადგან ისინი მრავალფეროვნად და მდიდრულად იკვებებოდნენ. ამიტომ მიღებულ "პროდუქტში'' გაცილებით მეტი იყო სასარგებლო ნივთიერებები. IX საუკუნიდან დაწყებული, სხვადასხვა ისტორიულ დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი "ღამის ოქროს" მიღებისა და გამოყენების პროცედურების თანმიმდევრობა.


7. პორნოგრაფია ყოველთვის ყვაოდა იაპონიაში


image

სექსუალური თემები იაპონურ ხელოვნებაში მრავალი საუკუნის წინ აღმოცენდა და მათი სათავე იაპონურ მითებში უნდა ვეძებოთ, სადაც ყველაზე ცნობილია იაპონიის კუნძულების წარმოშობის ისტორია ღმერთ იძანაგის და ქალღმერთ იძანამის სექსუალური კავშირის შედეგად. უძველეს ძეგლებში ერთი სიტყვაც კი არაა ნათქვამი სექსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ. გულახდილობა ინტიმური კავშირის მიმართ ლიტერატურულ მასალებში დღემდეა შენარჩუნებული. იაპონურ კულტურასა და რელიგიაში სექსი პირველყოფილ ცოდვად არ ითვლებოდა, როგორც ამას ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს.


6. ძველ იაპონიაში სათევზაოდ გამოიყენებდნენ მოთვინიერებულ ჩვამებს (ყაპყაპებს)


image

თევზაობის პროცესი ასე მიმდინარეობდა: ღამით მეთევზეები ნავით გადიოდნენ ზღვაში და ანთებდნენ ჩირაღდნებს, რომ თევზების ყურადღება მიექციათ. შემდეგ ისინი წყალში უშვებდნენ 10-12-იოდე ჩვამს, რომლებსაც ფეხებით წინასწარ აბამდნენ ნავზე გრძელი თოკით. ამასთანავე თითოეულ ფრინველს კისერზე მოჭერილი ჰქონდა საყელური, რომ დაჭერილი თევზის გადაყლაპვა მათ ვერ მოეხერხებინათ. როგორც კი ფრინველები თავიანთ ჩიჩახვებს თევზებით აავსებდნენ, მეთევზეები თოკს მოსწევდნენ და ჩვამები ნავზე ამოჰყავდათ. მათ მიერ გაწეული სამუშაოს საფასურად თითოეული ფრინველი საჩუქრად პატარა თევზს ღებულობდა. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის ზოგიერთ პროვინციაში დღესაცაა შემორჩენილი თევზაობის ეს სახე, ამაზე ქვემოთ ნაჩვენები ვიდეოც მოგვითხრობს.




5. ძველ იაპონიაში არსებობდა ქორწინების განსაკუთრებული ფორმა-ცუმადოი


image

სრულყოფილი ოჯახი- ცოლ-ქმრისა და ბავშვებისაგან შემდგარი, ძველ იაპონიაში სულაც არ იყო ქორწინების ყველაზე გავრცელებული სახეობა. ოჯახური ურთიერთობების საფუძველს აქ შეადგენდა უნიკალური იაპონური ქორწინება-ცუმადოი. ქმარი თავისუფლად ნახულობდა ცოლს; როცა სურდა, მაშინ ამყარებდა მასთან კავშირს, მაგრამ ერთობლივი ცხოვრება სავალდებულო სულაც არ იყო. მოსახლეობის ძირითადი მასა ქორწინდებოდა სრულწლოვანების მიღწევისთანავე, რომელიც ბიჭებისათვის 15, ხოლო გოგონებისათვის 13 წლით განისაზღვრებოდა. ქორწინებას წინ უძღოდა მრავალრიცხოვან სანათესაოსთან შეთანხმება. ცუმადოი არ ითვალისწინებდა მონოგამიას და მამაკაცებს ჰქონდათ რამოდენიმე ცოლის და ხარჭის ყოლის უფლება, მაგრამ ქმარს სასტიკად ეკრძალებოდა ცუდად მოქცეოდა პირველ ცოლს და უმიზეზოდ მოეტოვებინა ის სხვა ცოლის მოყვანის მიზნით. ის ვალდებული იყო, ყველა ცოლისათვის ეცა სათანადო პატივი.


4. იაპონიაში ყოველთვის იყო და დღესაცაა საკმაოდ ბევრი ქრისტიანი


image

ქრისტიანობა იაპონიაში მე-16 საუკუნის შუახანებში გავრცელდა. პირველი მისიონერი, ვინც იაპონელებს ევანგელეა უქადაგა, ბასკი-იეზიუტი ფრანცისკ ქსავერი იყო, მაგრამ მისი მისიონერობა დიდხანს არ გაგრძელებულა- მალე სიოგუნებმა ქრისტიანობაში მათი მოწინააღმდეგე დაინახეს და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს მას. 1587 წელს იაპონიის მმართველმა ტიოტიმი ხიდიესიმ აკრძალა მისიონერების შემოსვლა ქვეყანაში და ქრისტიანებს დევნა და შევიწროება დაუწყო. გამართლების სახით მას მოჰყავდა ფაქტები იმის შესახებ, რომ მოქცეულმა იაპონელებმა დაიწყეს ბუდისტური და სინთოისტიკური ტაძრების და სიწმინდეების დარბევა. რეპრესიული პოლიტიკა გააგრძელა იაპონიის გამაერთიანებელმა ტოკუგავა იეიასამაც. 1614 წელს მან მთელ იაპონიაში აკრძალა ქრისტიანობის აღმსარებლობა. ტოკუგავას მმართველობის პერიოდში 3000-ზე მეტი იაპონელი ქრისტიანი აწამეს და მოკლეს, ხოლო დანარჩენები სატუსაღოებში გამოამწყვდიეს, თუმცა ქრისტიანობა მაინც ვერ აღკვეთეს და დღესაც უამრავი ქრისტიანი (ძირითადად კათოლიკეები) ცხოვრობს ამომავალი მზის ქვეყანაში.


3. იაპონელი მეძავები რამოდენიმე რანგად იყოფოდნენ


image

საყოველთაოდ ცნობილი გეიშების გარდა, იაპონიაში კურტიზანი ქალებიც არსებობდნენ, რომლებიც მათი ღირებულების მიხედვით რამოდენიმე კლასად იყოფოდნენ: ტაიუ (ყველაზე ძვირადღირებული მეძავები), კოზი, ცუბონე, სანტია და ყველაზე იაფფასიანი, ქუჩის გოგოები და აბანოს მეძავები იყვნენ. უსიტყვოდ არსებობდა გარკვეული შეთანხმება: როცა მამაკაცი კურტიზან ქალს ამოირჩევდა, ის ვალდებული იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მასთან ჰქონოდა კავშირი და ყოველმხრივ უზრუნველეყო ის, ამიტომ მამაკაცებს ხშირად ჰყავდათ საკუთარი კურტიზანები. გარდა ღამეული მომსახურეობის საფასურისა, კაცი ვალდებული იყო გადაეხადა საჭმლის, სასმელის, კოსმეტიკისა და მოსამსახურის საფასურიც ( ტაიუებს ხშირად საკუთარი მოსამსახურეები ჰყავდათ). ეს ფუფუნება საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ საკუთარი კურტიზანის ყოლას მხოლოდ შეძლებული მამაკაცები თუ ახერხებდნენ. ლამაზი, დახვეწილი მანერების და აროსტოკრატიული გარეგნობის მქონე განათლებული გეიშების მომსახურეობა კიდევ უფრო ძვირი ღირდა და მხოლოდ ერთეულებს თუ ჰქონდათ მათი დასაკუთრების უფლება.


2. იაპონელები ხშირად აწყობდნენ წყვილთა თვითმკვლელობებს უიღბლო სიყვარულის გამო


image

1617 წელს მომხდარი პროსტიტუციის რეორგანიზების შემდეგ იაპონელების არაოჯახური ინტიმური ცხოვრება გადატანილი იქნა სპეციალურ, "წითელი ფანრების ქუჩისმაგვარ" კვარტლებში, სადაც გოგონები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ტერიტორიის დატოვების უფლება მათ არ ჰქონდათ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როცა მათ მდიდარი მამაკაცები გამოისყიდიდნენ ცოლად შერთვის მიზნით. ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა და ხშირად შეყვარებულები უბრალოდ ვერ ახერხებდნენ ერთად ცხოვრებას, ამიტომ ისინი მიდიოდნენ სპეციალურ ადგილებში (იაპონიაში ამისათვის არსებობს პატარა კუნძულიც კი) და იქ წყვილთა თვითმკვლელობას განახორციელებდნენ. საოცარია ის, რომ ამაში თავად იაპონელები ცუდს ვერაფერს ხედავდნენ, რადგან მათ უხსოვარი დროიდანვე სწამდათ რეინკარნაციის და იმედი ჰქონდათ, რომ მეორე ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდებოდნენ თავიანთ სიყვარულს.

უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში დღესაც ძალიან ბევრია თვითმკვლელობის შემთხვევები და ამ მხრივ ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.


1. წამება და სიკვდილით დასჯა იაპონიის კანონებით ნებადართული იყო


image

თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ტიკუგავეს დროიდან მოყოლებული, იაპონიის სამართლის სისტემაში უდანაშაულობის პრეზუმცია არასოდეს არ არსებობდა. თითოეული ადამიანი, რომელიც სასამართლოში მოხვდებოდა, იმთავითვე დამნაშავედ ითვლებოდა. კანონის მიხედვით, წამება და სიკვდილით დასჯა ნებადართული იყო. ტიკუგავეს ხელისუფლებაში მოსვლიდან კანონში წამების მხოლოდ 4 ფორმა დარჩა: ჩამოხრჩობა, თოკით შეკვრა, გაროზგვა და ქვის ფილებით დაწნეხვა. ამასთანავე წამება სასჯელის ფორმა სულაც არ იყო. საშინელი ტკივილის მიყენება ადამიანისათვის ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ წამება გამოიყენებოდა მხოლოდ იმ დამნაშავის მიმართ, ვინც სიკვდილით დასჯისათვის იყო განწირული. ამიტომ გულახდილი აღიარების შემდეგ საცოდავს სიკვდილით სჯიდნენ. თავის მხრივ, სიკვდილით დასჯის უამრავი ხერხი არსებობდა: დაწყებული ბანალური თავის მოკვეთით დამთავრებული მდუღარეში ცოცხლად მოხარშვით - სწორედ ასე სჯიდნენ ნინძებს, რომლებიც დავალებას (შეკვეთილ მკვლელობას) ვერ შეასრულებდნენ ან მტერს ჩაუვარდებოდნენ ტყვედ.


p.s. ამ საოცარი ფაქტების გაცნობის შემდეგ კიდევ გიკვირთ, თუ რატომ არიან იაპონელები ყველაზე უცნაური ხალხი მსოფლიოში?

9
2672
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2672
  
2016, 22 მარტი, 20:53
რაში არ ვარგიან რო
2016, 18 მარტი, 23:20
გინება მართლა არ იციან, თუმცა რაში ჭირდებათ, ვინმე არ მოეწონებათ და ეგრევე გაუფატრავენ მუცელს :DDD-ეს ხუმრობით.
იცით რატომ ვამბობ უცნაურები არიან–თქო? მაგათ სატელევიზიო შოუებში ისეთი გარყვნილებაა, რომ არ შემიძლია მაგ ერზე მთლად კარგი წარმოდგენა მქონდეს.
2016, 18 მარტი, 13:09
არა მარტო ტექნიკაში, ერთადერთი ერია დედამიწაზე რომლის ლექსიკაში გინება არაა. :)
ზრდილობაშიც არ ჩამოუვარდებიან არავის...
ტრადიციების პატივისმცემელი და ღირსების მქონე ერია...
2016, 18 მარტი, 9:59
თქვენ წარმოიდგინეთ, მე არ მხიბლავს დიდად ეგეთი ქვეყნები, მე პარიზში ''წავეთრეოდი'' დიდი სიამოვმებით :)
ეჰ, რა ჯობია საკუთარი თვალით ნანახს... დიდი სიამოვნებით წავეთრეოდი იაპონიაში)))
2016, 18 მარტი, 0:10
მაგრები არიან ტექნიკაში, თორე სხვა რამეში-არა :)
2016, 18 მარტი, 0:04
უნაურები იყვენე თუ იხვი ეგ არ ვიცი მაგრამ..ახლა რომ ყველაზე მაგრები არიან ეგ კი ვიცი
2016, 17 მარტი, 23:51
რავიცი აბააა..ეტყობა შენ სტაფილოს ჭამით გაიზარდე :D
2016, 17 მარტი, 22:09
ხორცის ჭამაზე არ მჯერა
0 1 9