x
image
მადამ ფისუნია
ჩეხოვის ქალი ძაღლით... წიგნი და სპექტაკლი

imageმოთხრობა "ქალი ძაღლით" ანტონ ჩეხოვმა 1898 წელს დაწერა, იალტაში
გატარებული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ კურორტმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა
და ამ ნაწარმოებმაც უპრობლემოდ გაიდგა ფესვები კლასიკური ლიტერატურის ისტორიაში, ისევე
როგორც ასეული წლის შემდეგ ქართული თავისუფალი თეატრის ისტორიაში თავისი კუთვნილი ადგილი
ლევან წულაძის ამავე მოთხრობაზე დაფუძნებულმა სპექტაკლმა დაიკავა და მარჯანიშვილის
თეატრის ალტერნატიული სივრცის "სხვენის" სავიზიტო ბარათადაც იქცა.
ნაწარმოები ორი ეტაპისგან შედგება,
რომლებშიც მთავარი გმირების დიმიტრისა და ანას გარდა არც თუ ისე უმნიშვნელო როლს საზოგადოება
თამაშობს. პირველ ნაწილში აქცენტი ზაფხულის მხიარულად გატარების სურვილით შეპყრობილ
ფერად ხალხზეა გამახვილებული, რომლებიც უზრუნველნი, უდარდელნი და საკუთარი თავის სიამოვნებაზე
ორიენტირებულნი არიან და ალბათ როგორც ჩვენ დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, იმასთან
დაკავშირებით რომ საზაფხულო რომანი ხანმოკლეა და დასასვენებელი ადგილის საზღვრებს იშვიათად
თუ გააღწევს, მაშინაც ასე იყო. რაც შეეხება მეორე ნაწილს აქ უკვე საზოგადოების აღწერის
რადიკალურ ცვლილებას ვაწყდებით, ის ყოველდღიური ყოფით გადაღლილი, დასტრესილი და ათასი
წვრილმანი პრობლემებით გართულია, თუმცა ამ ორ ერთმანეთის საპირისპირო სოციუმს, საერთო
ის აქვს, რომ ადამიანთა განსჯა და მათზე საუბარი არასდროს ბეზრდებათ.


ემოციებისა და განცდების ულევი
რაოდენობა ორივე შემთხვევაში, როგორც სპექტაკლში ასევე მოთხრობაში უცვლელია. მკითხველს
შესაძლებელია, ერთი შეხედვით მოეჩვენოს, რომ ავტორმა ჩვეულებრივი საკურორტო რომანის
ისტორია გადმოგვცა და მეტი არაფერი, სინამდვილეში კი ეს არის იმის ჩვენების მცდელობა
თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს პიროვნება გამოუვალმა სიტუაციებმა, ჩვენ გარშემომყოფთა
კრიტიკის შიშმა და ჩვენი ბედნიერებისათვის, ნამდვილი სიყვარულისათვის გაუბედავობის გამო
ვერგადადგმულმა ნაბიჯებმა. ავტორი ცდილობს დაგვანახოს ამ ყველა ფაქტორმა ერთად როგორ
შექმნა და ჩამოაყალიბა ყრუ და ბრმა საზოგადოება, რადგან ყველანაირი ისტორია ჩარჩოებშორის
მოექცა და ზედაპირული მსჯელობის საგანი გახდა, მიუხედავად იმისა თუ რა დოზით არის მასში
ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლინებანი. ეს ამბავი თუ იმდროინდელი ადამიანების ყოფის ცვლილებაზე
იყო გათვლილი, ფაქტია რომ ამდენი ხნის მერეც ვერ მიაღწია სათქმელმა ხალხის ყურამდე
და აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, ჩვენ კი ყველაფრის ხშირ-ხშირად შეხსენება გვჭირდება
ხოლმე, ხოლო თეატრი საამისოდ ერთ-ერთი იდეალური საშუალებაა.


"ქალი ძაღლით" -სპექტაკლ-ელეგია,
ჩვენი თანამედროვეობისათვის განკუთვნილი სიტყვა, თეატრის სცენაზე გაცოცხლებული განცდები
ჩუმი, შეფარული, უბრალო და მოკრძალებული გრძნობებისა, რომლებიც ადამიანის განუყოფელი
ნაწილია და რომელშიც ურთიერთობის ყველანაირი თანმდევი ემოცია ფიგურირებს, დაწყებული
ღალატითა და წამიერი გატაცებებით და დასრულებული ნამდვილი სიყვარულით გამოწვეული შთაგონებებითა
და ცვლილებებით, რომლებსაც მაყურებელი სპექტაკლის დაწყებისთანავე შეიგრძნობს და ამავდროულად
ეს ყველაფერი საოცრად ორიგინალური ფორმით ხდება- ადამიანებისა და ადამიანებადქცეული
თოჯინების მონაცვლეობით. ამ კონტრასტმა ჩემამდე ასე მოაღწია :რაც უნდა ბევრი ვიკამათოთ ამ საკითხზე ვფიქრობ, ჩვენ
ორივეს ბუნება გვაქვს ადამიანისაც და თოჯინისაც, რომლის მართვაც ძალიან მარტივია. ვერ
ვიტყვი, რომ სპექტაკლმა აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში, და რომ უკეთესი არასოდეს არაფერი
მინახავს, მაგრამ თოჯინების სცენამ ზედმეტად მომხიბლა და ემოციების მოზღვავება გამოიწვია.
ეს ახლებური, მცდელობა მაყურებლის მოხიბვლისა, წარმატებული მაგოდგა. თითქოს ვერც კი
გრძნობ, რომ ეს პატარა თოჯინები ადამიანები არ არიან, იმდენად დიდია სიმბიოზური კავშირი
მათსა და მსახიობებს შორის. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გამიჩნდა სურვილი ამ სპექტაკლის
ნახვისა გახლავთ თავად ანტონ ჩეხოვის გაღმერთება ჩემში. ეს რუსი მწერალი ყოველთვის
აღმაფრთოვანებდა და ეს მოთხრობაც განსაკუთრებით მხიბლავდა. ვფიქრობ, ჩემს ადგილზე სხვა
კრიტიკოსი უფრო მეტ შენიშვნაზე გაამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ მე ზედმეტად სუბიექტური ვარ ამ მოთხრობის მიმართ, ჩემი
ეგოისტური ხასიათიდან გამომდინარე კი ნამდვილად არ შემიძლია გავაკრიტიკო ის, რაც მიყვარს.



ვისაუბროთ პარალელებზე სპექტაკლსა
და მოთხრობას შორის ცოტა არ იყოს და რთული მისიაა. თუ ერთგან სურათები ჩვენ თვალწინ
ცოცხლდება, მეორეგან ფანტაზიის ჩართვა გვიწევს, თუმცა, დასკვნების გამოტანა და სათქმელის
გააზრება ორივე შემთხვევაში ჩვენზეა დამოკიდებული, ისედაც ხომ ყველანი ყველაფერს განსხვავებულად
აღვიქვამთ და ვფიქრობ, რომ ორივეგან ნათლად არის გადმოცემული ის ფაქტი, რომ სიყვარულს
ყველაფერი შეუძლია, ადამიანის რადიკალურად სხვა პიროვნებად გარდასახვაც და ყველანაირი
დაბრკოლების გადალახვაც და სწორედ ამიტომ ორივე შემთხვევაში დიდი აქცენტია გაკეთებული
მთავარი გმირის დიმიტრის ასპროცენტიან ცვლილებაზე, მისი ძველი ჩვევებისა და შეხედულებების
სრულ ფორმირებაზე, ისევე როგორც ქმარ-შვილიანი ანას ერთი შეხედვით მიუღებელ საქციელზე
პერიოდულად დატოვოს ოჯახი და შეხვდეს თავის საყვარელ მამაკაცს ყველასგან ფარულად, მაგრამ
ეს ხომ სხვანაირად შეუძლებელიც კია, მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრიმ უარი თქვა მის დონჟუანურ
ცხოვრებაზე, ხოლო ანას თავისი ქმარი არც არასდროს ყვარებია და იძულებითი, გარიგებით
ქორწინების მსხვერპლი გახლდათ. საზოგადოების გამო, რომელიც მათ აუცილებლად წნეხქვეშ
გაატარებს და ყველანაირი კრიტიკის ქარცეცხლში უმოწყალოდ ჩაითრევს, მათ უწევთ ორმაგი
ცხოვრებით იცხოვრონ და ეს ძალიან მტკივნეულია. ეს ტკივილი კი როგორც წიგნის თითოეული
ფურცლიდან, ასევე მსახიობთა თითოეული მოძრაობიდან გაჰკივის და დაამებას ითხოვს. ასევე
ცხადია როგორც მოთხრობის ავტორის ასევე რეჟისორის უდაო სიმპატია მთავარი გმირების მიმართ.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სპექტაკლში ემოციურად დატვირთული სცენების განმუხტვა
მახვილგონივრული იუმორითა და ირონიით სწორედ რომ ზედგამოჭრილი მიგნებაა. ხოლო დასასრული
ორივე ამბავში, როდი ნიშნავს დასასრულს, ეს ორივეგან ნათლად გამოხატული დასაწყისია ყველაფერი
ახლისა და გმირების სიყვარულის უსასრულობისა.


სპექტაკლი, რომელიც მისტიკა
უფროა და ლირიკულ-რომატიკულ ეპოსს გვაგონებს, გვაოცებს თავისი კონტრასტულობით, ურთიერთსაპირისპირო
მოვლენების ცვალებადობით და მსახიობებისა და თოჯინების ფაქტობრივად გაურჩევადობით.
ვფიქრობ, რომ სცენაზე გადმოტანილი მთავარი სათქმელი დასმა თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი
დახვეწილობითა და მანერულობით გადმოგვცა, ისევე როგორც თავის ეპოქაში ეს ჩეხოვმა კალმის
დახმარებით მოახერხა.

0
420
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0