x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რეალური ისტორია თუ როგორ მოკლა ჩემმა ნათლიამ "ანაკონდა" სამეგრელოში. ხოხმა

image ისტორია რომელზეც ახლა მოგითხრობთ კურიოზულთან ერთად სახალისოცაა თავისი შინაარსით.
უჩემოდაც კარგად იცით ქვეწარმავლების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება, "შიშსაც დიდი თვალები აქვს" და ესაა მიზეზი უწყინარ მდინარის ქვეწარმავალშიც კი კობრაზე მეტად შხამიანი გველი დავინახოთ, ზოგიერთი მის დანახვაზე გარბის, ზოგიერთი კი ჯოხით და ქვით მისდევს მოსაკლავად.
პირადად მე კარგად ვცნობ რომელია გველგესლა და რომელია უწყინარი მდინარის "ანკარა", ბავშვობისას მდინარეში ბანაობისას ვინ მოთვლის ყვინთვისას ან თევზაობისას რამდენი დამიჭერია და მდინარეზე საბანაოდ თუ უბრალოდ გასაგრილებლად ჩამოსული ბავშვები და მათი მშობლებიც კი "დამიწიოკებია".
ბევრი წლების განმავლობაში ხელს არ მართმევდა, გველი გეკავა ხელშიო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მოგიყვებით ნათლიაჩემის მიერ მონაყოლ ისტორიას, რომელმაც საოცარი გაგრძელება ჰპოვა, რაიონშიც და ქალაქშიც ჭორის სახით გავრცელდა: ამა და ამ სოფელში ანაკონდა მოუკლავთო.
რეალურად კი ასეთი ისტორიაა–ფილმ "ანაკონდას" გამოსვლისას კინოთეატრებში ბილეთებზე ხალხის ტევა არ იყო და ერთმა გამჭრიახმა ადამიანმა მოიპოვა აღნიშნული ფილმი, ჩაწერა ვიდეოკასეტაში და გაქირავება დაიწყო, მალე ფილმის ნახვის იმდენი მსურველი მიაწყდა მის სახლს, ფილმი რამდენიმე კასეტაზე გადაწერა.
ერთერთი ასეთი კასეტა მიიტანეს ნათლიასთან მეზობლებმა შენს ვიდეოზე გვაყურებინეო, აბა უარს როგორ ეტყოდა და ფილმის ნახვის მსურველებმა თავი მოიყარეს ნათლიასთან (ფილმში რომელიც სიმართლე გითხრათ მე ნანახი არა მაქვს, რადგან ფანტასტიური ჟანრის ფილმებს საერთოდ არ ვუყურებ, როგორც მითხრეს საკმაოდ მძიმე კადრებია) და მნახველებიც ისე ჩაერთნენ ფილმის სიუჟეტში ნათლიამ ბუზის გაფრენა დიდ ხმაურად მოგეჩვენებოდათო.
უყურა ამ ხალხმა ფილმს და დაიშალნენ, ზოგიერთი შეშინებული და ზოგიერთი უკმაყოფილო, ეს რა სისულელეში დავკარგეთ დროო.
ფილმის ყურებიდან ნახევარ საათში მეზობლის ქალმა ისე იკივლა ლამის მთელი ქუჩა შეიყარაო და მიზეზი რომ იკითხეს, გაირკვა–მეზობელ ქალბატონს "უუუზარმაზარი" გველი დაუნახია ბოსლის უკან, დიდი თუ პატარა ბოსელს მიაწყდა და ვინც კი ნახა გველი ყვირილით უკანვე გამოიქცა, უშველებელი გველი წევს ბოსელთანო, ერთმა მეზობელმა კი რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ფილმ "ანაკონდას" უყურა იყვირა: ეს გველი "ანაკონდაა" და არ მიეკაროთ ძროხას ჰყლაპავს მთლიანადო.
ამის გაგონება და სახლის პატრონიც კი გავარდა საკუთარი ეზოდან, ამასობაში ნათლიაჩემიც მივიდა მეზობლის სახლში სიცილით–ასე იცის საშინელებათა ფილმის ყურებამო.
რომ მივიდა თავადვე დარწმუნდა თავისივე სიტყვების ჭეშმარიტებაში, მაგრამ ნანახმა ისიც გააკვირვა გველი მართლაც საკმაოდ დიდი იყო.
მობრუნდა სახლში, აიღო თოფი და სწორედ იმ დროს მივიდა გველს დაჭერილი გომბეშოს გადაყლაპვა რომ დაეწყო და პირში მოქცეულ გომბეშოს იმხელაზე გაედიდებინა გველის თავი გაუთვიცნობიერებელ ადამიანს მართლაც ანაკონდა ეგონებოდა.
მისვლისთანავე ესროლა და გველს თავი წააცალა.
გველი კუდით გამოათრია სახლის წინ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ქალების წივილ–კივილი.
ანაკონდასი რა მოგახსენოთ, მაგრამ რომ გაზომეს მართლაც საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა 220სმ.
გველით შესაბამისი სამსახურიც დაინტერესდა და თან წაუღიათ.
მეორე დღეს კი ქალაქში და რაიონში ხმა გავრცელდა: ბოლოს ქალაქში გასტროლებზე ჩამოსული ზოოპარკიდან ანაკონდა გაქცეულა და ერთერთ სოფელში მოუკლავთ, უბრალო თოფის ტყვია ვერ მორევია და ავტომატებით მისულ სპეცრაზმელებს ასამდე ტყვია უსვრიათ და ისე მოუკლავთ, ზომით კი 12 მეტრი ყოფილაო.
რამდენიმე დღე ხალხი ამ ჭორის გარჩევაში იყო, სანამ რეალური ინფორმაცია არ მიაწოდეს ხალხს პრესით, ზოპარკიდან გველის გაქცევას ადგილი არ ჰქონია და მოკლული გველიც ადგილობრივია, ოღონდ რამდენადმე დიდი ზომის, მაგრამ არაა გესლიანი და ცოცხალიც რომ იყოს საშიში არააო.

5
854
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
854
  
2016, 29 ივნისი, 12:22
უსაშინლესი არსებაა,,ბუნების შეცდომა :(
2016, 29 ივნისი, 11:50
ვერ დაგეთანხმებით, გველი მარტო თაგვებს კი არა უამრავ სხვა მავნებელს ანადგურებს.
გველის (რამდენიმე სახეობის) შხამით კი პრეპარატები მზადდება სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ.
2016, 29 ივნისი, 11:30
ქვეწარმავალთა უმრავლესობა უნდა გაწყდეს (მე პირადად კუები მიყვარს). რა საჭიროა გველი? კი ვიცი თაგვებს ჭამს, მაგრამ მერწმუნეთ გიგანტური ზიანი მოაქვს. თუმცა ზოგს უყვარს...
2016, 3 მარტი, 13:19
ამ სტატიას რომ ვწერდი თქვენი დამოკიდებულება გამახსენდა ქვეწარმავლებისადმი, დედას გეფიცებით. :))
2016, 2 მარტი, 23:59
ჰმ,,,ადგილობრივი გველი :(((( გაწყდა მაგათი სინსილა
0 1 5