x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
ფსიქიკური პროცესები რეკლამაში

ფსიქიკური პროცესები რეკალამაშიimage



ადამიანის ფსიქიკური პროცესების შესწავლა ზოგადი ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. რეკლამის ფსიქოლოგია ამ პროცესებს სწავლობს იმ მიზნით, რომ შექმნას ფსიქოლოგიურად და კომერციულად ეფექტური რეკლამა.


რას წარმოადგეს ეს ფსიქიკური პროცესები, რომელთაგანაც რაღაც გზით იქმნება ფსიქიკა, როგორც ერთი მთლიანობა? უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს, ცალკეულ ელემენტებად ისინი მხოლოდ სამეცნიერო აბსტრაქციის ჩარჩოში განიხილება, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს თითოეულ მათგანზე საუბარი. სინამდვილეში კი არ არსებობს აზროვნება მეხსიერების გარეშე, შეგრძნება ემოციის გარეშე და ა.შ. ადამიანის ცნობიერზე და არაცნობიერზე რეკლამის გავლენის შესწავლისას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ამ გავლენის ეფექტურობას რაიმე ფსიქიკური პროცესით, ფსიქიკის ან რეკლამის რაიმე მახასიათებლით. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ რეკლამის დახსომებადობა, ყურადღების მიპყრობის უნარი და/ან დადებითი ემოციის აღძვრის უნარი. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ სად უნდა ვეძებოთ რეკლამის მომხმარებელზე გავლენის ეფექტურობის ასამაღლებელი რეზერვები და გავიგოთ, თუ სად გვაქვს შეცდომები დაშვებული, უნდა შევისწავლოთ ადამიანის, ანუ მომხმარებლის ფსიქიკა.


რეკლამის ფსიქოლოგიურ კვლევებს თავისი სპეციფიკა აქვს. პირველ რიგში, ცალკე კი არ შეისწავლება ესა თუ ის ფსიქიკური პროცესი, როგორც ეს ხდება ზოგად ფსიქოლოგიაში, არამედ კონკრეტულ სარეკლამო პროდუქტთან კავშირში. მეორე, ფსიქიკური პროცესი შეისწავლება რეკლამისტსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის, ურთიერთქმედების პირობებში და მესამე, კონკრეტულ რეკლამასთან მიმართებაში შეისწავლება არა მხოლოდ რომელიმე ერთი ფსიქიკური პროცესი, არამედ პროცესთა სისტემა.

XIX საუკუნის ბოლოდან რეკლამის მახასიათებლების კავშირი ფსიქიკურ პრიოცესთა მახასიათებლებთან შეისწავლება ექსპერიმენტალური მეთოდით.

XX საუკუნის დასაწყისში გერმანელი ფსიქოლოგი კ.ვ. შულტე იკვლევდა ადამიანის ყურადღებას და რეკლამით ყურადღების მიპყრობით ხერხებს, შრიფტის აღქმის თავისებურებებს (სიმბოლოს სისქის, სიმაღლის, ინტერვალის, კითხვადობის გავლენას და ა.შ).

შულტეს ექსპერიმენტებში იკვლევდნენ მომხმარებელთა მიერ ფერად ფონზე ფერადი წარწერის აღქმას. აღქმაზე სარეკლამო განცხადების ზომის გავლენას იკვლევდა ამერიკელი ფსიქოლოგი უ.ჯ სკოტი. განცხადების ზომისა და მისი პრესაში განმეორების გავლენას იკვლევდა ჰ. მიუნსტერბერგი. მის პარალელურად იგივეს იკვლევდა ამერიკელი ფსიქოლოგი ი.კ სტრონგი, რომელიც ამასთანავე დაინტერესებული იყო რეკლამებს შორის ინტერვალის როლის შესწავლით.

დაახლოებით იმავე პერიოდში პროფესორი ი.კ. სტარჩი იკვლევდა სარეკლამო განცხადებების განთავსებისათვის ეფექტურ ადგილს. სარეკლამო განცხადებების დახსომებადობას იკვლევდა ამერიკელი ფსიქოლოგი კ.მ. იერსკი. სარეკლამო პლაკატების აღქმისას მომხმარებლის ფსიქიკურ პროცესებს იკვლევდა ი. ლისინსკი და მ. შორნი.


შეგრძნებები


შეგრძნებით ადამიანი ობიექტის იმ მახასიათებელს შეიცნობს, რომელიც უშუალოდ მოქმედებს გრძნობათა ორგანოებზე. შეგრძნებები მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა ფსიქიკურ პროცესებთან, მაგალითად: აღქმასთან, ემოციებთან, მეხსიერებასთან. შეგრძნებები განსხვავდება მოდალობის მიხედვით. ანუ იმ ანალიზატორის მიხედვით, რომლის წყალობითაც ისინი წარმოიქმნებიან. ამგვარად გამოყოფენ: გემოს, ფერის, სუნის, და ა.შ შეგრძნებებს. რეკლამაში შეგრძნება უზარმაზარ როლს თამაშობს, თუმცა ეს როლი, რეკლამისტების მიერ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირად უგულებყოფილია. უამრავი სახის საქონელი, მათ შორის: საკვები, პარფიუმერია, თამბაქო და ა.შ ადამიანის შეგრძნებებთან მჭიდრო კავშირშია. ეს ფაქტი ამგვარი პროდუქტების რეკლამირების პრობლემას ქმნის, რადგან შეუძლებელია ტელვიზიით, რადიოთი, ინტერნეტით სუნის, გემოს გადმოცემა, ანუ ადამიანში შესაბამისი შეგრძნებების აღძვრა. ამიტომ ყველაზე ხშირად ამგვარი პროდუქტების რეკლამაში აჩვენებენ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ დიდ სიამოვნებას, ბედნიერებას ამ პროდუქტების მიღებისას. ეს კი ყოველთვის დამაჯერებელი არ არის.






არსებობს შეგრძნებების სხვადასხვა კლასიფიკაციები, შემდეგი ორი კლასიფიკაცია ემყარება შეგრძნების ორგანოების ობიექტთან ურთიერთქმედების საშუალებას, სახეს. კონტაქტური (გემოს, ტაქტილური) და დისტანტური ( მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი).

კლვევები აჩვენებენ, რომ ყველა ადამიანს ერთი და იგივე შეგრძნება როდი ანიჭებს სიამოვნებას. ზოგს შავი ყავის მწარე გემოს მოსწონს, ზოგი ყავას შაქრით სვამს და ნაღებს უმატებს, ზოგს “ცივი სურნელი მოსწონს” ზოგი კი “ტკბილ” სუნამოს ანიჭებს უპირატესობას. ეს განსხვავებები შეიძლება გამოწვეული იყო ასაკის, სქესის, ნაციონალობის, ტრადიციების, ფიზიოლოგიის და\ან აღზრდის თავისებურებებით, ჩვევებით და სხვა მრავალი ფაქტორით.

ამგვარად, არც უნდა გავაზვიადოთ და არც უნდა დავაკნინოთ, როგორც ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის, ისე სოციალური გარემოს, სოციალური როლების, სოციალური გავლენის და მოდის მნიშვნელობა.

რეკლამის მრავალ სპეციალისტს ესმის მარკეტინგში შეგრძნების პრობლემის მნიშვნელოვნება და დიდ რესურსს ხარჯავს დეგუსტაციის, პრეზენტაციის, საჩუქრად დარიგების ღონისძიებებზე, მაგრამ ეს მეთოდი ყოველვის არ გამოდგება, რადგან ყველა ადამიანს მაინც ვერ გაასინჯებ ახალ შოკოლადს, ხარჯები კი მაინც ძალიან დიდი იქნება.


რეკლამის ექსპერიმენტალური კვლევისას სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ ფერით შეგრძნებებს. ფერის კონტრასტულობას, სიკაშკაშეს, ფერის სიმაძღრეს, ემოციებთან შესატყვისობას, ერთმანეთთან შეხამებას.

რეკლამის ფსიქოლოგები დიდი ყურადრებით სწავლობენ ფერსა და კონსტრასტის ეფექტებს. კ.ტ დიდლენდერის აზრით, რეკლამაში ყვითელი და წითელი ფერი, მათი ინტენსივობის გამო, რაც შეიძლება იშვიათად უნდა გამოვიყენოთ. ლილისფერი კარგია ტრაურის გამოსახტავად. ცისფერი ფერი კი უემოციოა, ცივი და ფორმალური. მწვანე თვალს დასვენების საშუალებას აძევს, მაშინ როცა სტაფილოსფრი იწვევს რაღაც ცეცხლოვანის და ნათელის შთაბეჭდილებას.

ამას გარდა, ავტორი თვლიდა, რომ ფერებმა შეიძლება დაგვაბნიონ, მაგალითად, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი და თეთრი საგანს უფრო დიდად აჩენენ, ვიდრე არის სინამდვილეში. ლურჯი და მწვანე კი – პირიქით.




ფსიქოლოგი რ. სეიფერტი იკვლევდა ფერით კონტრასტს. ის თვლიდა, რომ კონტრასტის ეს სახე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლაკატების, შეფუთვის, ვიტრინის შემთხვევაში. რ. სეიფერტმა აჩვენა, რომ კონტრასტულ ფერებად შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთის “შემვსები” ფერები, ანუ ის ფერები, რომლებიც შერევისას გვაძლევენ თეთრ ფერს.

ორი ერთმანეთის შემვსები ფერი რ. სეიფერტის მიხედვით, ერთმანეთის სიმაძღრეს ზრდის და ისინი უფრო მაძღარნი ჩანან, ვიდრე გამოჩნდებოდნენ სპექტრში.

ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოფიზიოლოგი ჰ. ჰელმჰოლცი, თავის ნაშრომებში კონტრასტის შესახებ, წერდა, რომ აშკარა განსხვავების აღქმისას განსხვავება გაცილებით უფრო გაზვიადებულია, ვიდრე მცირე განსხვავების აღქმისას. ეს კანონი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინ, როცა გვჭირდება არამკვეთრი გამოსახულების რაც შეიძლება გამოკვეთა, თვალსაჩინოდ წარმოჩენა.

ტ.
კენიგის აზრით, რეკლამაში სინათლის კონტრასტის გამოყენება აღქმის გასაძლიერებლად შეიძლება ორგვარად: ერთდროული კონტრასტის და თანმიმდევრული კონტრასტის სახით. გაზეთებში “ერთდროული კონტრასტი” გამოიყენება, რადგან გაზეთში კონტრასტში მყოფი ოროვე სტიმული ერთდროულადაა წარმოდგენილი და ეს მოცემულობა არ იცვლება.


მაგალითად, თუ გაზეთის გვერდზე ბევრი პატარ-პატარა განცხადებაა განთავსებული, ერთგვარი ბნელი ფონი იქმნება თეთრი ასოებით დაწერილი განცხადებისათვის, რომელიც, კენიგის აზრით, იბატონებს გაზეთის ამ გვერდზე, თვალსაჩინო იქნება.

რ.
სეიფერტმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ კონტრასტის შექმნა შეიძლება ამგვარადაც: ვწერთ მოკლე ფრაზას ცარიელ, დიდ, თეთრ ფონზე და ეს განცხადება მკითხველს გაცილებით დიდად მოეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.


პროფესორმა ტ.კენიგმა ჩამოაყალიბა “საუკეთესო კონტრასტის” შემადგენელი ფერების ერთგვარი რეიტინგი:

საერთო ჯამში, მუქი ასოები ნათელ ფონზე უკეთ აღიქმება, ვიდრე ნათელი შრიფტი მუქ ფონზე.

ექსპერიმენტალური გამოკვლევებით დადგინდა, რომ დაბალი კონტრასტულობისა და შესაბამისად, შეუმჩნევლობის გამო შემდეგი ფერების რეკლამაში გამოყენება მიზანშეწონილი არაა: მოყვითალო მწვანე, ლიმნისფერი ყვითელი, ღია სტაფილოსფერი/ფორთოხლისფერი, ღია წითელი და მუქი/ბნელი ფორთოხლისფერი.


რეკლამის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარე განათების შესუსტებისას ცვლილებები ფერთა შეხამების შეგრძნებებში. დღესდღეობით, დიდ ქალაქებში ეს პრობლემა არ დგას ისე მწვავედ, როგორც წარსულში იყო. ახლა ხომ ხელოვნური განათების მეშვეობით რეკლამები ღამითაც გვჭრიან თვალს.


პ.რ. ჰოფშტატერმა კვლევებით დაადგინა ერთდროული კორელაცია წითელ ფერსა და ადამიანის “სიყვარულის” ცნებას შორის – 0.67 და წითელ ფერსა და “სიძულვილის” ცნებას შორის – 0.27. მწვანე ფერთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა უფრო ნათელია. მწვანე ფერი ასოცირდება თვინიერებასთან, სინაზესთან, შემწყნარებლობასთან, მაგრამ იგივე წარმატებით მწვანე ფერი ასოცირდება შურთანაც.


შეგრძნებებს, ისევე, როგორც სხვა ფსიქიკურ პროცესებს, ახასიათებთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი თვისებები. მაგალითად: ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ხარისხში განსხვავებები.

შეგრძნებების კვლევისას აუცილებელია გვახსოვდეს ე.წ. შეგრძნების ზღურბლი. არსებობს ზღურბლის ორი ტიპი: აბსოლუტური და სხვაობის. აბსოლუტური ზღურბლი შეგრძნების ინტენსივობას სიძლიერის მიხედვით (მინიმალურიდან მაქსიმალურამდე) აღწერს. სხვაობა ქვედა და ზედა აბსოლუტურ ზღურბლებს შორის ადამიანის მგრძნობელობის დიაპაზონია. მაგალითად, აბსოლუტური ქვედა ზღურბლი სმენისათვის დაახლოებით 16 ჰერცს უდრის. აბსოლუტური ზედა 20 000-ს.

სხვაობის ზღურბლი არის სტიმულის ის მინიმალური ცვლილება, რომლის გარჩევაც შეუძლია ადამიანს. ფრანგმა ფიზიკოსმა პ. ბუგერმა დაამტკიცა, რომ განათების ცვლილება, რომელსაც ადამიანი ამჩნევს, მუდმივი სიდიდეა და უდრის დაახლოებით თავდაპირველი ინტენსივობის 1/100-ს. მაგალითად, თუ თავიდან განათება იყო 200 ვატი, მაშინ ის შეამჩნევს ცვლილებას 2 ვატის მომატების/დაკლების შემთხვევაში.

გერმანელმა ფიზიოლოგმა, ვებერმა, დაადგინა, რომ ორ სხეულს შორის სიმძიმის აღქმადი სხვაობა ტოლია ხელში პირველად აღებული საგნის წონის 1/30-ისა. ანუ, იმისათვის, რომ 100 გრამიანი სხეულის წონა განვასხვავოთ, მეორე სხეული 104-103 გრამის (ან 96-97) უნდა იყოს.

ფსიქიკური პროცესების კვლევისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეგრძნებები, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების მეშვეობით შეიძლება გამახვილდეს ან დაჩლუნგდეს. შეგრძნების გამახვილებას სენსიბილიზაციას უწოდებენ, დაჩლუნგებას კი ადაპტაციას.

თუ სტიმული დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლის ინტენსივობას, ვითარდება ადაპტაცია – ადამიანი ეჩვევა გამღიზიანებელს და ვეღარ ამჩნევს მას.

მაგალითად, თუ რეკლამა ეფექტურია და მომხმარებელს აიძულებს, ყური დაუგდოს, ან გემო გაუსინჯოს რეკლამირებულ პროდუქტს, დგება სენსიბილიზაცია და შეგრძნება მახვილდება. ამ ეფექტს გამოცდილი რეკლამისტები ხშირად იყენებენ. სენსიბილიზაცია დგება მაშინაც, როცა შეგრძნება ერთი ანალიზატორიდან მეორეს აძლიერებს. მაგალითად, ბგერის შეგრძნებამ შეიძლება გააძლიეროს სინათლის შეგრძნება, სუნის შეგრძნება და ა.შ. ეს მოვლენა სინესთეზიის სახელით არის ცნობილი. სინესთეზია – შეგრძნებათა ურთიერთქმედება. სინესთეზიის წყალობით შეუძლია ადამიანს ზოგიერთ ფერს უწოდოს თბილი, ზოგიერთს კი ცივი და ა.შ.

შეგრძნება ადამიანის მოტივაციასთან მჭიდრო კავშირშია. შემჩნეულია, რომ ძლიერი მოტივაციის შემთხვევაში, შეგრძნებები მნიშვნელოვნად მახვილდება, მცირდება აბსოლუტურ და სხვაობის ზღურბლთა მნიშვნელობა. მთელ რიგ კვლევებში დადგინდა, რომ როდესაც ადამიანს მაღალი მოტივაცია აქვს, მხედველობა უფრო მახვილი უხდება – უკეთესად ცნობს შორ მანძილზე ასოებს, ციფრებს. გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებს სიმბოლოების ამოცნობის ტესტებში და ა.შ.

ამგვარად, შეგრძნებების შესწავლისა და გაზომვის პრობლემა სარეკლამო და მარკეტინგულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად დგება. კვლევის ჩატარებისათვის სპეციალური მეთოდებია საჭირო. პრობლემები მატულობს, როდესაც ყნოსვის, გემოს და

შეხების სფეროა საკვლევი, რადგან ეს სფეროები მეტად სპეციფიკურია მხედველობასა და სმენასთან შედარებით. პირველ რიგში, ამ სპეციფიკურობაში იგულისხმება ის, რომ ადამიანს, მხედველობითი ანალიზატორის მეშვეობით, შეუძლია ერთდროულად ან თანმიმდევრობით აღიქვას და შეადაროს დიდი რაოდენობის ობიექტები. ორ-სამ გემოვნებით ან ყნოსვით გამღიზიანებელზე მეტის ერთდროულად ან თანმიმდევრულად აღქმა კი ძალიან რთულია: ადამიანს ერთმანეთში ერევა გამღიზიანებლები.

რეკლამისა და მარკეტინგის პრაქტიკაში ხშირად დგება მომხმარებლის შეგრძნებათა მახასიათებლების განსაზღვრის ამოცანა – რას გრძნობს მომხმარებელი, როდესაც მოიხმარს ამა თუ იმ საკვებ პროდუქტს, გაზიან სასმელს, ალკოჰოლს, სუნამოს, ლოსიონს, ტუალეტის წყალს და ა.შ. სპეციალისტებს ეს ინფორმაცია იმისათვის სჭირდებათ, რომ გაარკვიონ, რა მოსწონს ხალხს, იმისათვის რომ მოახდინონ პროდუქტის პოზიციონირება – კონკურენტ საქონელს შორის განსაზღვრული ადგილი მისცენ პროდუქტს. შეაფასონ საქონლის აღქმაზე რეკლამის გავლენა (შეფუთვის, ეტიკეტის, ბრენდის) და ა.შ. ყველა ეს ამოცანა იხსნება ლაბორატორიული ექსპერიმენტების მეშვეობით.

ძალიან ხშირად, მსგავს ექსპერიმენტებში გამოიყენება წყვილთა შედარების მეთოდიკა. ამ მეთოდიკით ცდის პირს (პოტენციურ მომხმარებელს) შესაფასებელ ობიექტებს წყვილ-წყვილად წარუდგენენ, ყველა შესაძლო კომბინაციით.

შედარების შედეგები შეაქვთ წყვილთა შედარების სპეციალურ მატრიცაში და სტატისტიკურად ამუშავებენ.

ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი, კოკა-კოლის გემოვნებითი შეგრძნებების შესახებ, ჩაატარა სარეკლამო კვლევების ერთ-ერთმა ფსიქოლოგიურმა სააგენტომ. შემკვეთ კომპანიას აინტერესებდა მის მიერ გამოშვებული კოლის გემოს მახასიათებლები, კონკურენტ-სასმელებთან შედარებით და ასევე ეტიკეტის გავლენა მომხმარებელზე.

ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე გამოყენებულ იქნა წყვილთა შედარების მეთოდი, ბრმად. ანუ, ცდის პირები წყვილ-წყვილად (ჯერ ერთს და მერე მეორეს) სინჯავდნენ ორ სასმელს და აცნობებდნენ ექსპერიმენტატორს, თუ რომელი სასმელი მოეწონათ უფრო მეტად. სასმელებს ჰქონდა ერთნაირი ტემპერატურა, ზუსტად ერთნაირ (დანომრილ) ჭიქებში. ასე რომ, ცდის პირებმა არ იცოდნენ, თუ რომელ სასმელს სვამდნენ.

ექსპერიმენტის დაწყებამდე ცდის პირთა ჯგუფი ორ ქვეჯგუფად გაყვეს. თანმიმდევრულობის ეფექტის აღმოსაფხვრელად, პირველ ქვეჯგუფს ჯერ შემკვეთის სასმელს ასინჯებდნენ, შემდეგ კი კონკურენტ სასმელს. მეორე ჯგუფს კი პირიქით.მოგვიანებით, მონაცემთა დამუშავების ეტაპზე, პირველი და მეორე ქვეჯგუფების რეზულტატები კორელაციური ანალიზის გამოყენებით შეადარეს ერთმანეთს.

ყველა სტიმული წყვილ-წყვილად დარდება ერთმანეთს. ცდის პირს ყოველთვის სხვადასხვ სტიმულებს აძლევენ, თუმცა, რამდენიმე შედარების შემდეგ, ცდის პირს, როგორც წესი, ეჩვენება, რომ ასეთი კომბინაცია უკვე აჩვენეს. ეს ილუზია ცნობიერების კონტროლის მოხსნის საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები უფრო სანდო იქნება. იმ შემთხვევებში, როდესაც გემოვნებისა და ყნოსვის ანალიზატორები გამოიყენება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რიგითობას, უფრო ზუსტად კი მეორის აღქმას.

ექსპერიმენტის პროცესში ცდის პირებს შეეძლოთ დაელიათ გაფილტრული წყალი, თუკი მოეჩვენებოდათ, რომ კარგავენ განსხვავების უნარს.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე შედარება ხდებოდა ღიად – ცდის პირი ხედავდა, თუ რომელ სასმელს სვამდა. (ეტიკეტიანი ბოთლიდან უსხამდნენ სასმელს). ამ შემთხვევაში, მკვლევარებს აინტერესებდათ, თუ რა გავლენას ახდენს ბრენდი, რეკლამა შეგრძნებაზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა მნიშვნელოვანი კორელაცია ბრმა მეთოდით მიღებულ რანჟირებულ ქულებსა და ღია არჩევანით მიღებულ ქულებს შორის.


აღმოჩნდა, რომ შემკვეთის სასმელის სარეკლამო მახასიათებლები (შეფუთვა, ეტიკეტი, ბოთლის ორიგინალური ფორმა და ა.შ.) და მისი გემოვნებითი შეგრძნებები ცდის პირთა მიერ პრინციპულად განსხვავებულად ფასდება (ამ ექსპერიმენტში). კოლის შეფასებისას წყვილთა შედარების მეთოდით, ბრმად, სასმელი მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა და ადგილი დაუთმო მხოლოდ კოკა-კოლას, პეპსი-კოლას და პეპსი-კოლა ლაითს. ღია მეთოდით შეფასებისას კი, როცა ცდის პირი ხედავდა, რომელ სასმელს სვამდა, კოლამ დაიკავა მეექვსე ადგილი რვა ბრენდს შორის. თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა, ამ ექსპერიმენტის შედეგების განზოგადება და რაიმე გლობალური დასკვნების გაკეთება სხვა საქონელზეც.

0
56
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ანა ჯვარშეიშვილი
ანა ჯვარშეიშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0