x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სულიერი მამა, რომელიც ერს დააკლდა
ალბათ სწორედ ასე უნდა ხდებოდეს, რომ უდიდესი განსაცდელის დროს გამოჩნდებიან ხოლმე ღვთის კაცები, რომლებიც უფლის სიტყვის მიტანას ცდილობენ ერის გულამდე.

ამბროსი ხელაიას მთელი ცხოვრება დასტურია ერთი უბრალო ჭეშმარიტებისა - უფლის რჩეულნი უბრალო მოკვდავებზე მძიმე ჯვრის მატარებელნი არიან.

უცხოდ გამორჩეული იყო. მარტო "ჭელიშის ოთხთავის" პოვნის ამბავი რად ღირს. გადმოცემით, ჭელიშის მონასტერში მსახურებისას მას მიწიდან მოესმა ხმა, გაათხრევინა მინიშნებულ ადგილას და სახარების უძველესი ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს.

imageგარეგნულადაც სათნოს, ცხოვრებაც მშვიდი და სათნო ჰქონდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა და აღთქმა ღვთისა და ერის წინაშე ბოლომდე პირნათლად დაიცვა. მრევლის სიყვარული თან სდევდა მუდამ - თუ მონასტრის წინამძღვრობიდან ვიდრე საქართველოს პატრიარქობამდე.
საკუთარი თავი მუდამ ერის მოვალედ მიაჩნდა. სასულიერო თანამდებობები მისთვის პასუხისმგებლობა იყო და არა პრივილეგია. განა საერო ცხოვრებაში მას არ ჰყოლია ახლობლები და ნათესავები, მაგრამ მისი ფიქრი ჯერ მის სამწყსოზე იყო ყოველთვის.
იყო მაგალითი ჭეშმარიტი და არა ფარისევლური თავმდაბლობის. აბა ნახეთ რა სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე:

"ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა..."

მუდამ იბრძოდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

თუმცა ყველაზე დიდი გამოცდა ცხოვრების მიწურულს გარდახდა. ბოლშევიკების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ამბროსი ხელაია ეკლესიის წინამძღვრად აირჩია წმინდა სინოდმა. კათალიკოსი არ შეეპუა რუსული იმპერიალიზმის ახალ იპოსტასს ბოლშევიკური მთავრობის სახით და 1922 წელს მამხილებელი მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას:

„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“.

იყო სასამართლო პროცესი, იყო განაჩენი. სიკვდილით დასჯა მაინც ვერ გაუბედეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელს უდრტვინველად შეხვდა - სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება ტკბილიაო. პატრიარქობიდან საკუთარი ნებით გადადგომა მოსთხოვეს, რაზეც უარი განუცხადა ჩეკისტებს. 1924 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს.

იმდენად დიდი გახლდათ პატრიარქის ავტორიტეტი, რომ საკმარისი იყო ქალაქში ხმა გავარდნილიყო - პატრიარქი თავისუფალია და მეტეხის ხიდზე გადმოდისო, რომ სიონის ტაძარი კათალიკოსის მისვლამდე მრევლით აივსო, რომელიც მუხლზე დამდგარი მიეგება სულიერ მამას.

გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

არ მიყვარს მაღალფარდოვნება, მაგრამ არის ისტორიის ეპიზოდები, რომელთაც გაცნობაც სულიერად ამაღლებს კერძო პირსაც და მთლიანად საზოგადოებასაც. კათალიკოსი ამბროსის მთელი ცხოვრება მამულიშვილური თავდადების ცხადი მაგალითია, თუმცა თაობიდან თაობას ყველაზე მეტად მაინც მისი სიტყვები გადაეცემოდა, რაც პატიმრობისას ჩეკისტი ჯალათებისთვის უთქვამს:

„სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი – საქართველოს, ხოლო გვამი ჩემი – თქვენი იყოს, მტარვალებო!"

ნამდვილად გეამაყება კაცს, როდესაც ასეთი წინაპრის შთამომავლად გრძნობ თავს, ოღონდ..

აბა ყველამ ჩაიხედეთ საკუთარ გულებში და ალალად თქვით - გეგულებათ დღევანდელ ჯიპოსან-ღიპოსნებში, ერსა და ბერში კაცი, რომელიც ასე უბრალოდ, ღირსეულად მიუგებდა შინაურ თუ გარეულ მტერს და სასწორზე დადებდა საკუთარ სიცოცხლეს.

გეგულებათ?

მე - არა!!!!!
0
295
3-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0