x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ეიჯიზმი და სტერეოტიპები
image













ტერმინი “ეიჯიზმი" პირველად გამოიყენა რობერტ ბატლერმა და ნიშნავს მოხუცი ადამიანების მომართ დისკრიმინაციას. დღესდღეობით ტერმინი გამოიყენება ნებიესმიერი ასაკის ადამიანის დისკრიმინაციის აღსანიშნავად.

ბატლერმა გამოყო ეიჯიზმის სამი კომპონენტი: კოგნიტური, აფექტური და ქცევითი. კოგნიტური გულისხმობს გარკვეულ რწმენებსა და სტერეოტიპებს მოხუცების მიმართ, აფექტური - წინასწარ შექმნილ უარყოფით განწყობებსა და ემოციებს, ხოლო ქცევითი - პირდაპირ ან არაპირდაპირ დისკრიმინაციულ მოქმედებებს.

საზოგადოებაში არსებობს მრავალი სტერეოტიპი მოხუცი ადამიანების მიმართ. აშშ-ში სრულწლოვანი ადამიანების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოხუცი ადამიანების მიმართ არსებობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სტერეოტიპები და ისინი ხელს გვიშლიან აღვიქვათ ასაკოვანი ადამიანები, როგორც ინდივიდები. ამგვარი მცდარი წარმოდგენების მაგალითებია: მოხუცთა უმრავლესობა ღარიბია და ცუდ პირობებში ცხოვრობს, სუსტია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ვერ ასრულებს კარგად სამსახურეობრივ მოვალეობებს, ნელა აზროვნებს და ცუდი მეხსიერება აქვს, ახასიათებს ინტელექტუალური რიგიდობა და ა.შ.


დადებითი წარმოდგენების მაგალითებია: მოხუცები მატერიალურად უზრუნველყოფილად ცხოვრობენ, ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს, არიან კეთილები და ხალისიანები, აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე, არიან კარგი მსმენელები და ა.შ.

ამგვარი სტერეოტიპები არ გვაძლევენ სასუალებას შევიქმნათ ზუსტი წარმოდგენა უფროსი ასაკის ადამიანებზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით ბევრი მოხუცის მდგომარეობა საგანგაშოა, მათ მართლაც უწევთ მძიმე პირობებში ცხოვრება, თავშესაფრებში კი უზრუნველყოფენ მხოლოდ გადარჩენისათვის აუცილებელი მინიმალური მოვლით.

კალიფორნიის უნივერსიტეტის 160 სტუდენტს დაუსვეს კითხვები, იმის დასადგენად, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ მოხუცების მიმართ. სტუდენტების შეფასებით აშშ-ის მოსახლების 30% -ს შეადგენენ უფროსი ასაკის ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროებენ მოვლასა და მომსახურებას. მათი აღიარების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახშიც და სამეზობლოშიც ჰყავდათ უფროსი თაობის წარმომადგენლები, არცთუ ისე სიამოვნებდათ მათ კომპანიაში ყოფნა.

დორის ბაზინი იკვლევდა ბოლო ათწლეულის პოპულარულ ფილმებს და აღმოჩნდა, რომ მოხუც ქალბატონებს უფრო ხშირად აჩვენებენ როგორც არამიმზიდველსა და არამეგობრულს, ვიდრე მამაკაცებს ( Bazzini, Mcintosh, Smith, Cook &Harris, 1997).

ხშირად უფროსი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ამბივალენტურია, წინააღმდეგობრივი. მათ ხშირად თვლიან ერთდროულად ბრძენებად და ჭკუასუსტებად, კეთილებად და ბუზღუნებად. ამ დროს, უმჯობესია, მოხუცები განვიხილოთ, როგორც კონკრეტული ადამიანები (Crockett, Hummert, 1987).

უარყოფითი სტერეოტიპები არა მხოლოდ დაბერების შიშს წარმოშობენ ახალგაზრდებში, არამედ გავლენას ახდენენ მოხუცებზეც. რასაკვირველია, როდესაც ხედავენ, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება უარყოფითია, ადგილი აქვს ფრუსტრაციას, იმედის დაკარგვასა და თვითსეფასების დავარდნას.

რა თქმა უნდა, არსებობს დადებითი სტერეოტიპებიც, რამდენიმე მათგანი ზემოთ ჩამოვთვალეთ. მაგალითად, ამერიკელი ინდიელები უფროსი თაობის წარმომადგენლებს მიიჩნევენ ბრძენ ადამიანებად, რომლებიც გადასცემენ მომავალ თაობას კულტურულ ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში მოხუცებს ექცევიან პატივისცემითა და სიყვარულით. ეს ყველაფერი მათ ყოველდღიურობაში ვლინდება. მათი უმეტესობა ცხოვრობს ოჯახთან, შვილებთან ერთად (Palmore, Meada, 1985).

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში მოხუცთა მდგომარეობა მართლაც სავალალოა. “ხანდაზმულობის ასაკად" მიჩნეულია 65 წელი, როცა ადამიანი გადის პენსიაზე, თუ ხანდაზმულთა რაოდენობას ამ ასაკიდან ვიანგარიშებთ, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 18% ხანდაზმულია. მძიმეა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, უმეტესობა იძულებულია თავი თავად დაისაქმოს, დასაქმების ადგილი კი უმეტესად ქუჩაა, სადაც ხშირად შევდებით მოვაჭრე მოხუცებს ან ისეთებს, რომლებიც მოწყალების თხოვნით ცდილობენ მცირე სარჩო მოიპოვონ, რომ თავი ყოველდღიურად გადაირჩინონ.

საბოლოო ჯამში, საჭირო და აუცილებელია, რომ შემცირდეს სტერეოტიპები და დისკრიმინაცია უფროსი თაობის წარმომადგენელთა მიმართ. რასაკვირველია, ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან თითქმის შეუძლებელია, ადამიანს ღრმად გამჯდარი წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხის შესახებ შევაცვლევინოთ. თუმცა მცირე ცვლილებაც კი საშუალებას მოგვცემს ვიფიქროთ, რომ მომავალში მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვლება.


0
155
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0