x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ინტერნეტზე დამოკიდებულება - XXI საუკუნის პრობლემა
მე-20 საუკუნის ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში, რაც ინტერნეტის შექმნამ უფრო თვალშისაცემი გახადა. არავინ ელოდა, რომ ეს ინოვაციური მიგნება გაამართლებდა და ხალხი მარტივად აუბამდა მას მხარს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს, XXI საუკუნეში, ძნელი წარმოსადგენია საზოგადოება ინტერნეტის გარეშე.

ინტერნეტის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ 1969 წლის 29 ოქტომბერი ითვლება იმ გარდამტეხ დღედ, როცა 640 კმ-ით დაშორებულ ორ ობიექტს
(კალიფორნიის უნივერსიტეტი და სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტი) შორის პირველი კავშირი დამყარდა. იგი დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, მეტ ფუნქციას იძენდა, მალე კი ურიცხვი ინფორმაციის ნაკადის მიღებისა და გადამუშავების პლატფორმად იქცა. არც ერთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებას მსგავსი შედეგისათვის არ მიუღწევია, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 5 წელში 50 მლნ-ს მიაღწია, დღეისათვის კი მსოფლიო მოსახლეობის 45% ( 3 მილიარდზე მეტი) აქტიურად იყენებს მას. მიზეზი მარტივია, ის გვიადვილებს ცხოვრებას და მოსახერხებელს ხდის ურთიერთობებს. მისი საშუალებით ვიღებთ უამრავ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხისა თუ მოვლენის შესახებ, ვიწერთ სასურველ ფილმებსა თუ თამაშებს, ვკითხულობთ ელექტრონულ წიგნებს, სოციალური ქსელების საშუალებით ვეკონტაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებს, იგი გვაძლევს დროის ეფექტურად მართვის საშუალებას, კერძოდ, ავიღოთ, ონლაინ ბანკინგი, ინტერნეტი აღმოფხვრის იმ პრობლემას, რასაც რიგში საათობით დგომა უქმნის ადამიანს. ეს მცირე ჩამონათვალია იმ „სიკეთეებისა“, რომელთაც ინტერნეტ სამყარო გვთავაზობს და რომელზეც უარის თქმა ნამდვილად რთულია.

მეორე მხრივ, გვაქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეებისა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია. სოციალური ქსელები და ონლაინ სათამაშო სივრცე, რომლებიც დიდ დროსა და რესურსს აკარგვინებს ადამიანს და სერიოზული ფიზიკური თუ ფსიქიკური საფრთხის წინაშე აყენებს მას. ხშირ თამაშს ე.წ. გემბლინგამდე მივყავართ, რაც კლასიფიცირდება როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა, იგი „ჩუმი მკვლელის“ სახელითაა ცნობილი.

image გასათვალისწინებელია არგუმენტები, რომლის მიხედვითაც ინტერნეტის ინტენსიურად გამოყენება, ადამიანთა რეალური ცხოვრების გაპასიურების ერთგვარი წყაროა. სოციალურ ქსელებს უკავშირდება მსოფლიოში ყოველი მეხუთე ოჯახის შექმნა, ამავდროულად, ის არის ყოველი მესამე განქორწინების მიზეზიც. ინტერნეტ სივრცის ზემოქმედებით ხსნიან თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდასაც.


ბევრი ადამიანი ინტერნეტს მიმართავს იმისათვის, რომ მართოს უსიამოვნო გრძნობები, როგორიცაა:დეპრესია, სტრესი, მარტოობა, შფოთვა. თუ აქვს ცუდი დღე - ეძებს გამოსავალს. ინტერნეტი კი ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებაა ამ პრობლემის გადასაჭრელად.
ინტერნეტ დამოკიდებულების რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ სოციალური მხარდაჭერა. ისინი აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებს ახალი ურთიერთობების წამოსაწყებად, თავს კი ონლაინ მეგობრებთან უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ.
ინტერნეტ დამოკიდებულების რისკის ქვეშ შეიძლება მოვიაზროთ ადამიანები, რომლებიც ძველებურად მობილურები აღარ არიან, რომელთაც თითქმის სულ სახლში უწევთ ყოფნა, ნაკლებად აქვთ სოციალური კონტაქტები ახლობლებთან.

ინტერნეტ დამოკიდებულების ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანთან. არ არის განსაზღვრული ინტერნეტში გატარებული დრო ან შეტყობინებათა რიცხვი, რის საფუძველზეც პიროვნება დამოკიდებულად ჩაითვლება.
მაგრამ არსებობს საერთო გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ ინტერნეტის
გამოყენება შეიძლება საგანგაშო აღმოჩნდეს: 1)ონლაინში ე.წ. „დაკარგვა“ - ინტერნეტში განზრახულზე დიდხანს ყოფნა; 2) შესასრულებელ ამოცანებთან დაკავშირებული პრობლემები სახლში და სამსახურში - ადამიანი აჭიანურებს დროს, გვიანობამდე მიჰყავს სამუშაოს შესრულება, იმისათვის რომ შემდეგ უკვე ცარიელ ოფისში თავისუფლად გამოიყენოს ინტერნეტი; 3) იზოლირება ოჯახისგან და მეგობრებისგან;

4) ინტერნეტის გამოყენების დამალვა, დანაშაულის გრძნობა და თავდაცვითი რეაქციის გამოვლენა;
5)ეიფორიით შეპყრობა.

ფიზიკური სიმპტომები:

თვალების სიმშრალე და მხედველობის დაძაბვა;
ტკივილი ზურგისა და კისრის არეში, ძლიერი თავის ტკივილი;
ძილის დარღვევები;
წონაში მატება ან კლება;
მაჯის არხის სინდრომი ( ტკივილი და დაბუჟება ხელში და
მაჯის არეში);

image

ინტერნეტ დამოკიდებულების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია. იგი ნელ-ნელა აღმოფხვრის ინტერნეტის აკვიატებულად მოხმარებას და ცვლის აღქმას ინტერნეტის, სმარტფონების, კომპიუტერის გამოყენების შესახებ. თერაპია ეხმარება ადამიანს ისწავლოს დეპრესიასთან, შიშთან და სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული გზები.
ასევე არსებობს ინტერნეტ დამოკიდებულთა თვითდახმარების ჯგუფები, რომლებიც ერთად ცდილობენ ამ სენის დამარცხებას.

ბავშვებში ინტერნეტ დამოკიდებულების აღმოფხვრა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

1) უნდა წავახალისოთ მათი სხვა ინტერესები და სოციალური აქტიობები. მშობელი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარებინოს კომპიუტერის ეკრანისგან შორს. შეიყვანოს სპორტზე ან დააკავოს სხვა კლასგარეშე აქტივობებით;
2) კომპიუტერთან დროის გატარებაზე გარკვეული დროის ლიმიტის დაწესება;
3)საუბარი იმ პრობლემებზე თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ინტერნეტის ასე აქტიურად მოხმარებამ;
4) დახმარების მიღება - მშობლების მიმართ ბავშვები მეამბოხეები
არაინ, არ უსმენენ და არ უჯერებენ მათ, მაგრამ საკმარისია იგივე ინფორმაცია მოისმინონ სხვა ავტორიტეტული პიროვნებისგან, რომ დაჰყვებიან მათ მოსაზრებას. იქნება ეს მათი გუნდის მწვრთნელი, ექიმი ან ოჯახის მეგობარი.

ბოლო წლების განმავლობაში წინ წამოიწია საკითხმა ინტერნეტზე დამოკიდებულებასა და აკადემიურ მოსწრებას შორის კავშირის შესახებ. როგორ მოქმედებს ინტერნეტი აკადემიურ მოსწრებაზე? არის თუ არა კავშირი ინტერნეტში გატარებულ დროსა და მიღებულ შეფასებებს შორის? ამ კუთხით მრავალი საინტერესო კვლევა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მათი შედეგები, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. Shah Etal-ის (2005) კვლევის, მიხედვით ის თუ როგორ გავლენას ახდენს ინტერნეტი ადამიანზე დამოკიდებლია მისი გამოყენების ტიპზე ანუ თუ ინტერნეტს ვიყენებთ გართობის მიზნით, ის ნეგატიურ გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე, მაგრამ ინფორმაციის მისაღებად გამოყენებისას მისი შედეგი დადებითად აისახება ნიშნებზე. რიგ კვლევებში
დასტურდება, რომ ინტერნეტი დაკავშირებულია: 1) მოტორული ჩვევების განვითარებასთან; 2) შინაარსის წვდომის უნართან; 3) მთელ რიგ
კოგნიტურ უნარებთან; 4) ვიზუალური აღქმის უნართან;
5) თვითპრეზენტაციასთან.
აღმოჩნდა რომ ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა ჰქონდათ აჩვენებდნენ უკეთეს შედეგებს სკოლისათვის მზადყოფნისა და კოგნიტური ტესტების
მხრივ. თუმცა ეს შედეგები მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით არ აიხსნება, ბავშვები, რომელთაც სახლში ჰქონდათ კომპიუტერი უფრო მაღალი შემოსავლებისა და განათლების მქონე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ. ეს ფაქტორი კი ძლიერ კორელაციაშია უკეთეს აკადემიურ შესრულებასთან (Li & Atkins, 2004).

ამ და სხვა მონაცემთა გათვალისწინებით, აუცილებელია ვაკონტროლოთ დრო, რომელსაც ნებით თუ უნებლიედ ვატარებთ ინტერნეტში, დადებითი მხარის მიუხედავად, ვხედავთ თუ რაოდენ დიდი ზიანის მოყენება შეუძლია მას. მართალია, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობა, ალბათ, ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ.


0
1010
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
1010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0