x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134428
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
შევარდენი

imageრუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის თებერვალში თბილისის დაცვაში ორგანიზაცია „შევარდენის“ ათეულობით წევრი იღებდა მონაწილოებას სხვადასხვა დანაყოფებში. დაიღუპა სამი მათგანი.
1). ირაკლი თოიძე (დაბ. 1898 – 19.02.1921). შევარდენის პირველი რაზმის მწვრთნელი. პროფესიონალი სამხედრო. კიევის საინჟინრო სასწავლების კურსდამთავრებული 1917 წელს. 1918-1920 წლებში მსახურობდა თბილისის მესანგრეთა ბატალიონში და მონაწილეობას იღებდა ყველა საომარ კამპანიაში. 1920 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა სამხედრო სკოლის საინჟინრო განყოფილების ინსტრუქტორად კაპიტნის ჩინით.
1921 წლის 19 თებერვალს მტერმა ბრძოლით დაიკავა კოჯორი და დაეშვა ტაბახმელას ტრასისკენ. თბილისი დაცემის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ბრძოლის ბედი ასამდე ქართველმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა! პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე (სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონის მეთაური) ბოლო რეზერვით: იუნკერთა მეორე ოცეულით, გორის X ბატლიონის ნახევარასეულით, კურსანტ-სერჟანტთა პირველი ასეულით და სამხედრო სკოლის ორი ქვემეხით გადაეღობა წითელი არმიის 25-ე ბრიგადას:
„მოვაბრუნე ცხენი ბაღისაკენ. აქედან გამოვიყვანე იუნკერთა მე-2 ოცეული, რომელსაც იმ დროს ოფიცერი არ ჰყავდა და წავედი შენობისაკენ ოფიცერის დასანიშნავად. ამ დროს სახლიდან გადმოხტა და წინ შემომეგება კაპ. თოიძე, ინჟინერი. დავუჭირე ხელი, ვაჩვენე და ავუხსენი მდგომარეობა და გავაგზავნე ოცეულით დუქნისაკენ (ფრონტის შტაბი ე.წ. „თეთრ დუქანში“ იყო). ზარბაზნებს ვუბრძანე ცეცხლი აეჩქარებინათ. ნესტორ გარდაფხაძეს ვუბრძანე, მოეხსნა სანგრებიდან და დუქანთან მოეყვანა ახალგაზრდა ჯარისკაცების 1-ლი ასეული. ამას გარდა მოხერხდა გამოგვეყო მე-10 ათასეულიდან ნახევარასეული, რომელსაც უფროსობდა იმავე ათასეულის კაპიტანი ქარუმიძე, გამოჩენილი და გულადი ოფიცერი.
საკუთარ ზურგს მოწყვეტილი მტრის მერყეობა და გაუბედაობა მაშინვე თვალში მეცა და დამებადა იმედის ნაპერწკალი, რომ ჩვენი, თუმცა სუსტი, კონტრ-იერიშები მოწინააღმდეგეს შეაჩერებს.
იერიში დაიძრა! ნახევარასეული წავიდა მარჯვნივ, იუნკრები _ მარცხნივ. ნახევარი გუნდის იერიში რამოდენიმედ დაფარული იყო ბორცვებით, იუნკრები კი უტევდენ სუფთა თოვლით დაფენილ ღია ადგილზე.
დიდებული და ლამაზი სურათი იყო! არც ერთხელ არ დაწოლილან ისე გაიარეს ცეცხლის ქვეშ 1 და 1/2 ვერსი.
ეს მორალური დარტყმა ბოლშევიკებისათვის ცეცხლზე ძლიერი იყო!
მიუახლოვდნენ 100-120 ნაბიჯზე და გახსნეს ცეცხლი, მაგრამ უბედურება არ გვტოვებდა ჩვენ! მე-10 ათასეულის ნახევარ გუნდში მოკლულ იქმნა კაპ. ქარუმიძე; იუნკრების მწყობრში მოჰკლეს კაპ. თოიძე. ნახევარმა გუნდმა დაიწია უკან, მაგრამ შემდეგ გასწორდა და შეჩერდა. ბოლშევიკები გადმოვიდენ ხიშტით იერიშზე ერთ-მუჭა იუნკრების წინააღმდეგ (სულ იყო 23 იუნკერი). იუნკრებმა დაიწიეს უკან, მოიმარჯვეს ადგილი და შეეგებენ ცეცხლით! ჩვენმა ზარბაზნებმა გაახშირეს სროლა. ბოლშევიკები გაიქცენ უკან თავიანთ თოვლის სანგრებში.
ჩვენი არტილერიის მარჯვე ცეცხლმა (პირდაპირი დამიზვნით) და გმირულ კონტრ-იერიშის მორალურმა დარტყმამ მტერი ადგილზე მიაჭედა!
ჩვენ უკვე გადარჩენილი ვიყავით! ვინც ხედავდა ამ იერიშს, მხოლოდ ის გაიგებს, თუ რა შეუძლია გააკეთონ ერთ-მუჭა თავგანწირულ ჯარისკაცებმა!“.
დაღუპული გმირის დასახიჩრებული და გაძარცვული გვამი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, ამ ეპიზოდს ასე აღწერს ჩხეიძე:
„როდესაც თოიძე უტევდა, მე ვიჯექი სამთო ზარბაზნებთან, ბაღთან და გარკვევით ვხედავდი ჭოგრიტით, თუ სად დაეცა თოიძე: მე ეს ადგილი დავიმახსოვრე და ეხლა, როდესაც იმის გვამის ძებნა დაგვჭირდა, ვაჩვენე ეს ადგილი დუქნიდან კაპ. სულხანიშვილს და ცხენოსანი იუნკრებით გავაგზავნე გვამის მოსაძებნად. წავიდენ და კიდეც იპოვეს. კაპიტ. თოიძეს ჰქონდა ტყვიის ჭრილობა მუცელში და შემდეგ დარტყმული ჰქონდა ხიშტი. უთუოდ ღამე, პირდაპირ გულში, იგი იყო მხოლოდ საცვლებში“.
ირაკლი თოიძე დაკრძალეს თბილისის სამხედრო ტაძრის ეზოში რამდენიმე ქართველ ჯარისკაცთან ერთად.
2). მარო მაყაშვილი (25.08.1901 – 19.02.1921). შევარდენის პირველი რაზმის მოვარჯიშე. 17 თებერვალს მოხალისედ ჩაეწერა წითელი ჯვრის საველე რაზმში. დაიღუპა 19 თებერვალს საღამოს 6 საათზე ტაბახმელას ტრასაზე დაჭრილების გამოყვანის დროს მტრის მიერ გამოსროლილი საარტილერიო ჭურვის აფეთქების შედეგად.
დაკრძალეს მისი რაზმის მასწავლებელ, ირაკლი თოიძესთან ერთად ტაძრის ეზოში.
3). გაბრიელ გეხტმანი (? –?.02.1921) შევარდენის მესამე რაზმის წევრი. დაიღუპა ტაბახმელას ბრძოლაში. ქვედანაყოფი, დაღუპვის ზუსტი გარემოება და დრო ჩვენთვის უცნობია. დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში.
1930 წელს ოკუპანტებმა ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე ეხლანდელი პარლამენტის შენობა ააშენეს. სამივე გმირის საფლავი დაკარგულია.
მარადიული ხსოვნა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ქართველ ახალგაზრდებს!

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზი123
ნიკოლოზი123
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0