x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ნევროზი,მისი ფორმები და გამოვლინების თავისებურებანი
ნევროზი ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადება, რომელიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით. ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ბავშვთა ნევროზის გამოვლინებაა ლოგონევროზი (მეტყველების გაძნელება), უნებლიე მოძრაობები, ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა), რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას, დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის.

ნევროზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი ხასიათი და ფორმა ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ნევროზის ფორმირება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, გარეშე ზემოქმედებათა მიმართ ამტანობის მემკვიდრეობით ხასიათს, ორგანიზმის შემგუებლობის უნარს. მეორე მხრივ, ნევროზის განვითარება განისაზღვრება ფსიქიკური ტრავმით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ერთმომენტიანი (მაგალითად, საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება), ასევე ხანგრძლივი (კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში, სამსახურში და ა.შ.), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ემოციურად მნიშვნელოვანია ავადმყოფისთვის და მისთვის განსაზღვრულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ნევროზი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ბავშვობაში ფსიქიკური ტრავმა აქვთ გადატანილი, მაგალითად, იზრდებოდნენ არასასურველ ოჯახურ ატმოსფეროში, ხშირად ავადმყოფობდნენ და სხვა.

image

არსებობს ნევროზის სხვადასხვა ფორმები :



ჰიპოქონდრიული ნევროზი, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია იმაში, რომ მას რაღაც დაავადება სჭირს. ასეთი პაციენტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პროფილის ექიმს, იტარებენ უამრავ კვლევას იმ დაავადებებზე, რომლებიც ჰგონიათ, რომ აქვთ და რეალურად გრძნობენ კიდეც ამ სიმპტომებს. როცა დგინდება, რომ არანაირი ორგანული დაავადება არ სჭირთ, მიდიან სხვა ექიმთან და მთელი ცხოვრება დადიან ასე დაავადების ძიებაში.


აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ანუ კომპულსიურ-ობსესიური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს აკვიატებული აზრები (ობსესიები) და მოქმედებები (კომპულსიები). მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამორჩეული ტანსაცმელი და ფიქრობდეს, რომ თუ მას ვერ ჩაიცვამს, გამოცდას ვერ ჩააბარებს. ასევე ქცევითი აკვიატება (კომპულსია) – შეიძლება ადამიანი გამუდმებით ფიქრობდეს, რომ კარი დარჩა ღია და ამის შესამოწმებლად ადგეს ღამით – შეამოწმოს, შემდეგ დაწვეს და ისევ გაახსენდეს ”კარი ხომ არ დარჩა ღია”… ოღონდ ეს არ ხდება ერთხელ, ასე დგება რამდენჯერმე ერთი ღამის განმავლობაში. ან ჰგონია, რომ რაღაც დარჩა ჩართული და სახლიდან გასული შესაძლოა უკან მიბრუნდეს რამდენჯერმე.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვის კიდევ დამახასიათებელია ხელების ხშირი დაბანა და რიტუალური მოქმედებები, მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ნახევარი საათი იბანოს ხელი, რადგან აწუხებს ხელზე მიკრობები, ან ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გაიხადოს კონკრეტული თანმიმდევრობით, მაგალითად, ჯერ მაისური, შემდეგ შარვალი, თორემ შესაძლოა რამე ცუდი შეემთხვას.


პანიკური შეტევები – როცა ადამიანს ძლიერი აუხსნელი შიშის შეგრძნება ეუფლება (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). პანიკას ახასიათებს ხელების გაოფლიანება, კანკალის შეგრძნება, თავბრუ, მოხრჩობის შეგრძნება, შემცივნება ან შეხურება და სხვა. თუ ასეთი შეტევა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეგემთხვათ, ეს არ მიიჩნევა დარღვევად. იმისთვის, რომ პანიკური შეტევების დიაგნოზი დაისვას, ასეთი გამოვლინებები ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს. შესაძლოა ზოგს ყოველ კვირაში ან ყოველ დღეც კი ჰქონდეს.
გარდა ამისა, არსებობს ფობიური, დეპრესიული და სხვა სახის ნევროზები.


ფსიქიკური სიმპტომები:

გაუბედაობა (უჭირთ გადაწყვეტილების მიღება);

პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში;

არაადეკვატური (ჭარბი ან დაქვეითებული) თვითშეფასება;

ხშირი განცდები, შფოთვა, შიში, ცუდი წინათგრძნობა, ფობიები, პანიკური შეტევები, პანიკური აშლილობები;

დაავადებულებს უჭირთ ფასეულობათა გასაზღვრა, ვერ ერკვევიან საკუთარ სურვილებში, არ გააჩნიათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე, სხვებზე, ცხოვრებაზე, ხშირად ამჟღავნებენ ცინიზმს;

ხასიათის არასტაბილურობა, გუნება-განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა;

გაღიზიანებადობა;

სტრესისადმი მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ღრმა სევდით ან აგრესიით რეაგირება);

ადვილად გულისტკენა;

შფოთვა;

ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაზე ჩაციკვლა;

საქმიანობისას - ადვილად დაღლა (სუსტდება მეხსიერება, ყურადღება, აზროვნების უნარი);

მომატებული მგრძნობელობა მაღალი ხმების, მკვეთრი სინათლის, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ;

4ძილის დარღვევები (აღგზნების გამო ჭირს ჩაძინება, ძილი ზედაპირულია, მშფოთვარე, არ მოაქვს შვება, დილაობით ხშირია ძილიანობა).


ფიზიკური სიმპტომები:
თავის, გულისა და მუცლის ტკივილი;

დაღლილობა, შრომის უნარის დაქვეითება;

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, თავბრუხვევა და თვალთ დაბნელება წნევის ცვალებადობის გამო;

მადის დარღვევა (გაძლიერება, დაქვეითება; შიმშილის შეგრძნება და სწრაფი დანაყრება);

ძილის დარღვევა (უძილობა): ჩაძინების გაძნელება, ადრე გაღვიძება, ღამით გაღვიძება, დილაობით, ახალგაღვიძებულზე, დასვენების შეგრძნების უქონლობა, კოშმარული სიზმრები;

ფსიქოლოგიური განცდები ფიზიკური ტკივილის გამო, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტისმეტი ზრუნვა;

ვეგეტატიური მოშლილობანი: ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის ცვალებადობა (ხშირად - წნევის დაქვეითებისადმი მიდრეკილება), ხველა, კუჭის მოქმედების მოშლა, შარდვის ხშირი სურვილი, თხელი განავალი;

ზოგჯერ - ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება.















1
8506
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
8506
  
2019, 1 თებერვალი, 3:02
Gamarjobat var 22 wlis bichi,tavs vgrdznob cudad,mtyiva tavi mudmivad,tavbrusxvevebi,gabujebuli var sxeulishi,temperaturis cvalebadoba,gulis tyivili,ukan welis tyivili da muclis tyivili mudam maqvs da sheidzleba es nervozis brali ikos?
0 1 1