x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეტამეხსიერება და მნემონიკა
image ზოგ ფრინველს ახსოვს თვეების წინ სად შეინახა ზამთრისათვის მოგროვილი სარჩო, ჩვენ კი ზოგჯერ ისიც გვავიწყდება სად დავდეთ გასაღები ერთი საათის წინ. დღეს გულმავიწყობას ბევრი უჩივის, მაგრამ ადამიანის ტვინს, არასრულყოფილების მიუხედავად, ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების საოცარი უნარი აქვს, მთავარია მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები.

ადამიანს აქვს უნარი გააანალიზოს თუ როგორ იმახსოვრებს ინფორმაციას, რა საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ დაიხსომოს და დროულად და ადეკვატურად გამოიყენოს შენახული ინფორმაცია. მეტამეხსიერება არის ადამიანის ცოდნა საკუთარი მეხსიერებისა და იმის შესახებ, თუ როგორ დაიხსომოს და გაიხსენოს წარსულში აღქმული ინფორმაცია. როდესაც მაღაზიაში წასვლის წინ საყიდლების სიას ჩამოვწერთ ან მეგობრისთვის მისატან წიგნს შემოსასვლელში, კართან ვდებთ, რომ არ დაგვავიწყდეს, ამ შემთხვევაში მიზანდასახულად და გარკვეული გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ - ვიხსომებთ. ესაა მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვიცით თუ როგორ ვიხსომებთ ან როგორ უნდა დავიხსომოთ. სწორედ ამ ცოდნას უწოდებენ მეტამეხსიერებას ან მეტამნემონიკურ ცოდნას.

ჩვენი მეტამეხსიერება საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ინფორმაციის გადამუშავების ის ფორმა, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება დახსომების ამოცანას. მოზრდილ ადამიანთა უმრავლესობას მასალის გადამუშავების საკმაო სტრატეგია გააჩნია, თუმცა ყველა სტრატეგია ერთნაირად ეფექტური არ არის, ეს დამოკიდებულია მოცემულ სიტუაციაზე, დახსომების ამოცანაზე. მეხსიერების პრობლემის ცოდნა ნიშნავს, რომ ადამიანს გაცნობიერებული აქვს დახსომების მიზანი და შეუძლია დასახსომებლად საჭირო თავისი შესაძლებლობების შეფასება, ასეთი შეფასებისთვის კი აუცილებელია ჰქონდეს ზოგადი ცოდნა საკუთარი მეხსიერების შესახებ. ეს ცოდნა მნისვნელოვნად არის დამოკიდებული გამოცდილებაზე და ამიტომაცაა, რომ ეს ცოდნა არ გააჩნიათ ბავშვებსა და გამოუცდელ მოზარდებს. იუსენის და ლევის ექსპერიმენტში 4, 8 და 20 წლის ცდის პირებს აჩვენეს ნახატების გარკვეული რაოდენობა და სთხოვეს ეწინასწარმეტყველათ, თუ რამდენ ნახატს დაიმახსოვრებდნენ. 4 წლის ცდის პირებმა საერთოდ ვერ შეძლეს ამოცანის შესრულება, 20 წლის ცდის პირებმა კი თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველეს.

მოზრდილ ადამიანს საკმაოდ კარგი ცოდნა აქვს ობიექტური ცვლადების შესახებაც, რომლებიც დახსომების სიძნელის დონეს განსაზღვრავს, მაგალითად, რაც უფრო დიდი დროა გასული დასწავლიდან, მით უფრო ძნელად ვიხსენებთ მასალას.


პლატონის ერთ-ერთ დიალოგში ვინმე სოფისტ გიპიუსს თავი მოჰქონდა, რომ შეეძლო 50 სახელის დახსომება ერთი წაკითხვით. პირველი საუკუნის ცნობას გვაწვდის რიტორი სენეკა, რომელსაც შეეძლო 2 000 სიტყვისა და 200 ლექსის ზუსტი აღდგენა მოსმენისთანავე. ეს მიღწევები მართლაც შტამბეჭდავია, ის გულისხმობს მნემონიკის ანუ “მეხსიერების ხელოვნების" აქტიურ გამოყენებას.

იმ მეთოდებს, რომლებიც ეხმარება ადამიანს დაიხსომოს და აღადგინოს მასალა, მნემონიკა ეწოდება.

მოზრდილ ადამიანებს ბევრი მნემონიკური ხერხი - სტრატეგია აქვთ, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ დახსომების პრობლემის მოსაგვარებლად. არსებობს ორი სახის სტრატეგია: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი გულისხმობს იმ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც პიროვნების შინაგან აქტივობებს ემყარება, მაგალითად, წამოდგენებით ან გამეორებით დახსომების გაადვილება. გარეგანი სტრატეგიების შემთხვევაში კი ხდება გარეგანი დამხმარე საშუალებების გამოყენება, მაგალითად, სიის შედგენა, ჩანაწერების გაკეთება და ა.შ.

თუ ხანგრძლივი დროით გინდათ დაიხსომოთ ინფორმაცია, ის გრძლევადიან მეხსიერებაში უნდა “მოათავსოთ". ქვემოთ მოცემული პრინციპები კი ამაში დაგეხმარებათ.

ინტერესი - ინტერესი ადამიანის მოთხოვნილებათა და მიდრეკილებების გამომხატველია, ხოლო იმის შესრულება, რის მიმართაც ადამიანს მიდრეკილება აქვს, განსაკუთრებით ადვილია. ინტერესის განცდა დადებით გრძნობას წარმოადგენს, ხოლო დადებითი გრძნობა ხელს უწყობს მასალის ადვილად დამახსოვრებას. საკუთარ თავს ხშირად შეახსენეთ, თუ რატომ გსურთ მოცემული მასალის დამახსოვრება.

ყურადღება - ყურადღების თანაბრად განაწილება ორი ამოცანის ერთდროულად შესრულების დროს ვერ ხერხდება. თუ ჩვენ მოსამზადებელ მასალას ვკითხულობთ ისე, რომ მხოლოდ თვალს ვადევნებთ ასოებს და ყურადღება წინა დღეს ნანახ ფილმზე გვაქვს გადატანილი, ამ მასალის ხანგრძლივი დროით დახსომება ვერ მოხდება. სტუდენტებს აინტერესებდათ ხელს უშლის თუ არა დასწავლას მუსიკის მოსმენა, რომელიც ფონად გასდევს სწავლის პროცესს. აღმოჩნდა, რომ თუ მუსიკა მხოლოდ ფონია და თქვენ არ ხართ მოცემულ მომენტში დაინტერესებული, თუ ვინაა მისი შემსრულებელი ან რამდენჯერ გვხვდება ფორტე მასში, მაშინ დახსომებას ხელი არ შეეშლება. ამ მხრივ განსვავება დადგინდა ექსტრავერტებსა და ინტროვერტებს შორის., კერძოდ, ექსტრავერტების დამახსოვრებაზე მუსიკა გავლენას არ ახდენს, ინტროვერტების დამახსოვრებაზე კი უარყოფით გავლენას ახდენს, მათ უჭირთ დასწავლაზე კონცენტრაცია (Matlin, 2005).

გაგება თუ რაიმე კარგად არ გვესმის, ნაკლებსავარაუდოა, რომ მას დავიხსომებთ. საკითხის კარგად გაგება გვეხმარება სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან ლოგიკური ჯაჭვით დაკავშირებაში.

წარმოდგენა გონებაში წარმოიდგინეთ ის, რისი დამახსოვრებაც გინდათ, ვიზუალიზაცია დახსომების პროცესში ძლიერი საშუალებაა მეხსიერების ეფექტურობისათვის. განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური ინფორმაციის წარმოდგენების ისეთი სახით რეპრეზენტაცია, როცა ეს წარმოდგენები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამგვარი მეთოდი სახალისოცაა და ეფექტურიც.

მასალის დაჯგუფება

მასალის დაჯგუფება მიუთითებს დახსომებისთვის მასალის დიდ და აზრიან ერთეულებად გაერთიანების მნიშვნელობაზე. მაგალითად, საყიდელი პროდუქტების სიის დახსომება უფრო გაგიადვილდებათ, თუ დაახარისხებთ ბოსტნეულსა და ხილს ცალ-ცალკე.

პირველი ასოს მეთოდი

ცნობილია, რომ დახსომებას ხელს უწყობს სიტყვათა პირველი ასოებიდან ლოგოს შექმნა, მაგალითად, გაერო.

მნემონიკის ერთ-ერთი ხერხი, რომლსაც ბერძენი ორატორები იყენე
ბდნენ, არის ადგილის მეთოდი. ეს მეთოდი პირველად აღწერა ბერძენმა პოეტმა სიმონიდე კეოსელმა ძვ.წ. 477 წელს. ამ დროს ადამიანი დასამასოვრებელ მასალას დაჯგუფების, წარმოსახვისა და ასოციაციის მეთოდის მეშვეობით უკავშირებს მისთვის ნაცნობ საგანს, მაგალითად, რომელიმე შენობას ან რაიმე ნივთს სახლში. ამ მეთოდის გამოყენებით ადამიანი გასაქანს აძლევს წარმოსახვის უნარს და დასამახსოვრებელ ინფორმაციას უკავშირებს კონკრეტულ შენობებს ან ნივთებს. საჭიროების შემთხვევაში ის იხსენებს წარმოდგენილ სურათს და მასზე “მიბმულ" ინფორმაციას.

ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი მეხსიერებაში. ამ ჩემპიონატში გამარჯვებულთა გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ კარგი მეხსიერება სულაც არ იყო მაღალი ინტელექტუალური დონის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა 40-50 წლისა იყო. რაში მდგომარეობს მათი მეხსიერების საიდუმლო? მრავალმა აღიარა, რომ ინფორმაციის დახსომებაში მათ მნემონიკური ხერხები ეხმარებათ.



გამოყენებული ლიტერატურა:

1) დალი ფარჯანაძე - მეხსიერების ფსიქოლოგია;

2) ირაკლი იმედაძე - ფსიქოლოგიის ისტორია;
3) http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/102009060


0
471
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0