x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროფესიული ციკლი

პროფესიული გზატრადიციულად პროფესიული ციკლი იწყება ფიქრითა და მსჯელობით, თუ რომელი პროფესიაა ჩვენთვის შესაფერისი;

შედეგად მივდივართ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, რასაც მოჰყვება არჩეული პროფესიის ფარგლებში კარიერული განვითარება; საბოლოო ეტაპი კი პენსიაზე გასვლაა.

თუმცაღა დღესდღეობით სიტუაცია ცოტათი შეიცვალა.



დასაწყისისთვის გავეცნოთ შედარებით ახალ თეორიას, რომელიც რობერტ ჰეივინგჰარსტს (1900-1991) ეკუთვნის. ჰეივინგჰარტსის მიხედვით, პროფესიული გზა იწყება ჯერ კიდევ ბავშვობაში. იგი გამოყოფს პროფესიული ციკლის რამდენიმე სტადიას იმის მიხედვით, თუ როგორ და რა ხარისხით არის ადამიანი ჩართული თითოეულ სტადიაზე პროფესიულ საქმიანობაში. პროფესიული ციკლი, ჰეივინგჰარტსის მიხედვით, შემდეგი გზით ვითარდება:


1. იდენტიფიკაცია მომუშავე პირთან (5-დან 10 წლამდე). ამ ეტაპზე ბავშვები იდენტიფიკაციას ახდენენ თავიანთ დედებთან და მამებთან, როგორც დასაქმებულ ადამიანებთან. აზრი იმის შესახებ, რომ მომავალში ისინიც დასაქმდებიან და ექნებათ საკუთარი საქმე მათი მე-კონცეფციის ნაწილი ხდება;

2. ძირითადი შრომითი უნარების შეძენა და შრომისმოყვარეობის ჩამოყალიბება (10-დან 15 წლამდე). ამ ეტაპზე ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა დავალებების შესრულებას, დროის ორგანიზებას, გარკვეულ შემთხვევებში საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და თამაშზე წინ დაყენებას;

3. გარკვეული პროფესიული იდენტობის შეძენა (15-დან 25 წლამდე). ამ დროს ინდივიდი ირჩევს პროფესიას და იწყებს მომზადებას მის დასაუფლებლად და შემდგომში შესასრულებლად. ის იძენს გარკვეულ შრომით გამოცდილებას, რომელიც ეხმარება მას არჩევანის გაკეთებასა და კარიერის დაწყებაში.

4. პროფესიონალად ჩამოყალიბება (25 წლიდან 40 წლამდე). ამ ეტაპზე უკვე ადამიანები სრულყოფენ თავიანთ პროფესიულ უნარებს და იწყებენ აღმასვლას სამსახურეობრივ კიბეზე.

5. საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მუშაობა (40-დან 70 წლამდე). ინდივიდები აღწევენ კარიერის პიკს, იწყებენ ფიქრს მოქალაქეობრივ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მათ აკისრიათ და რასთანაც მათი სამუშაოა დაკავშირებული.

6. განსჯა ცხოვრების პროდუქტულობაზე (70 წლის შემდეგ). პენსიაზე გასვლის ან სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ადამიანები გადახედავენ თავიანთ განვლილ გზას, რის შედეგადაც მათ ან კმაყოფილების განცდა დაეუფლებათ თავიანთი პროფესიული მიღწევების გახსენებისას, ან, სამწუხაროდ, უკმაყოფილონი იქნებიან განვლილი პროფესიული
გზით.



ჰეივინგჰარტსის მოდელი სასარგებლო და გამოსადეგია, თუმცა ის ყოველთვის ვერ ასახავს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი, ტექნოლოგიების ეპოქის თავისებურებებს. დღესდღეობით ყველა ერთი და იმავე პროფესიულ ციკლს, გაწერილი, თანმიმდევრული სტადიებით სულაც არ გადის. თანამედროვე ცხოვრებაში პროფესიის არჩევაზე, გარდა ტრადიციული ფაქტორებისა, როგორიცაა: სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური მიკუთვნებულობა, ინტელექტის დონე, უნარ-შესაძლებლობები, სქესი, ოჯახისა და მეგობრების ზემოქმედება, გავლენას ახდენს პრაქტიკული და პრაგმატული ასპექტები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადამიანები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ მათი კარიერა მხოლოდ მათზევეა დამოკიდებული. როცა ახალგაზრდები იწყებენ მუშაობას, ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათი მოლოდინები სულაც არ შეესაბამება რეალობას, რის გამოც ისინი იცვლიან პროფესიას და ეს შეიძლება არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე მოხდეს, მანამ სანამ საბოლოოდ არ დაუკავშირებენ თავიანთ ცხოვრებას რომელიმე ერთ პროფესიულ საქმიანობას. მე-კონცეფციის თეორიის თანახმად, ადამიანი ირჩევს ისეთ კარიერას, რომელიც შეესაბამება მის მე-კონცეფციასა და თვითაღქმას, წარმოდგენას, რომელიც მას საკუთარ თავზე აქვს შექმნილი. ადამიანმა უნდა იგრძნოს შრომითი კმაყოფილება პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. სწორედ ამიტომ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, არამედ ბევრმა უკვე მოზრდილმა ადამიანმაც შესაძლოა, რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალოს სამუშაო ადგილი და პროფესია. მსგავსი ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც უკვე ვახსენეთ, შინაგანი, ინდივიდში მიმდინარე ცვლილებებით და ასევე გარემო პირობების ცვლილებითაც. შესაძლოა, ადამიანმა გადააფასოს კარიერა და შედეგად აღარ აკმაყოფილებდეს თავისი პროფესია ან მიმდინარე სამუშაო, მიხვდეს, რომ მან მიაღწია ისეთ საფეხურს, რომლის შემდეგაც განვითარება მოცემული ორგანიზაციის ფარგლებში შეუძლებელია. პროფესიის ცვლილების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს “პროფესიული გამოფიტვა’’, როცა ადამიანს უბრალოდ აღარ შეუძლია ძველი საქმიანობის გაგრძელება და იძულებულია რაიმე ახალი ეძებოს.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, პროფესიული ციკლი კომპლექსური პროცესია და თითოეული ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრულ გზას წარმოადგენს. ინტერესის გრძნობის შენარჩუნება და მიჯაჭვულობა საკუთარ სამუშაოსთან არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა კარიერის სიმტკიცისა და მდგრადობისთვის.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0