x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კონფლიქტის ფსიქოლოგია

image კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კონფლიქტი ხდება მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის. კონფლიქტი არის წინააღმდეგობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რომელიც წარმოიშობა მათი შეხედულებების, ინტერესების დაპირისპირების გამო. კონფლიქტს შეიძლება მოყვეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. კონფლიქტის დადებითი მხარე ისაა, რომ აიოლებს ადამიანების ინტერესების ერთმანეთთან მორგებას.
კონფლიქტების უმეტესობა არ მთავრდება ერთი მხარის მოგებით და მეორის წაგებით. ჩვეულებრივ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ორი პოზიციის შერწყმა, გარკვეული ინტეგრალური შეთანხმება ხელს უწყობს პირველი და მეორე მხარის ერთობლივ ინტერესებს. ასევე, კონფლიქტის გადაჭრის შემდეგ იზრდება ჯგუფში შეჭიდულობა. პრობლემა თუ საფუძვლიანად იქნება აღმოფხვრილი, მომავალში დიდი ალბათობით აღარ განმეორდება იმავე საკითხზე კონფლიქტი. დადებითად შეძლება ჩაითვალოს თუნდაც ის, რომ სადავო თემა წინ წამოიწია. დაპირისპირების შემდეგ ადამიანი იძენს გამოცდილებას. უმჯობესია თუ კონფლიქტი მოგვარდება მშვიდობიანი გზით, თუმცა ის შეიძლება გადაიზარდოს შეურაცხყოფაში, მუქარასა და ძალადობაში. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტის გადაჭრა რთული და წარმოუდგენელი ხდება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის. ის სიტყვიერი თუ ფიზიკური ზიანი მათ მომავალ ურთიერთობაზე უარყოფითად აღიბეჭდება.

კონფლიქტი შეიძლება იყოს კონსტრუქციული და დესტრუქციული. კონსტრუქციულია კონფლიქტი, როდესაც არც ერთი მხარე არ აყენებს ერთმანეთს შეურაცხყოფას, უსმენენ ერთმანეთს და აღიარებენ შეცდომებს. ასეთი კონფლიქტის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია ურთიერთობის მოსაგვარებლად, ხოლო დესტრუქციულია, როდესაც ორივე მხარე ჯიუტად იცავს საკუთარ აზრს და არ ითვალისწინებს ოპონენტის ინტერესებს. თუმცა ზოგჯერ მთავარი პრობლემა მათი „ერთ მაგიდასთან“ შეკრებაა. ამ შემთხვევაში კონფლიქტი იმდენად მწვავეა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა და ლაპარაკი.

განასხვავებენ კონფლიქტის გადაჭრის ოთხ სტრატეგიას. ესენია: მეტოქეობა, დათმობა, პრობლების გადაჭრა და განრიდება. მეტოქეობის ტაქტიკა გულისხმობს ერთი მხარის მიერ მეორესთვის სასურველი სტრატეგიის თავს მოხვევას. ერთი მხარე საკუთარი მისწრაფებების ერთგულია და ცდილობს მიიღოს ის რაც სურს, მეორის ხარჯზე. დათმობის დროს ორივე მხარე იღებს იმაზე ნაკლებს ვიდრე სურდათ. აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის საჭიროა ორივე მათგანმა თქვას უარი საკუთარ მოთხოვნებზე და დასჯერდეს უფრო ნაკლებს. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის სტრატეგიას, ამ შემთხვევაში ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. განრიდების დროს ერთი მხარე გაეცლება სიტუაციას, რადგან მისთვის კონფლიქტის თემა აღარ არის პრიორიტეტული. კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეები საკუთარ მოთხოვნებს გადახედავენ. თუკი რომელიმე ასპექტი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე მხარისთვის მეტად მნიშვნელოვანი, მაშინ სასურველია წავიდეს დათმობაზე, რათა კონფლიქტი გადაიჭრას. იგივე ხდება მეორე მხარის შემთხვევაშიც. ამისათვის საჭიროა ორივე მხარეს ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა ერთმანეთის მოთხოვნების შესახებ. ზოგჯერ კონფლიქტი იმდენად მწვავეა, რომ მისი მოგვარება მხოლოდ მესამე პირის, შუამავლის, იგივე მედიატორის საშუალებით ხდება. მედიატორი უნდა იყოს ობიექტური და არა მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ. მან უნდა მიიღოს საკმარისი ინფორმაცია, რათა კარგად გაერკვეს სიტუაციაში და შეძლოს მოქიშპე მხარეების შერიგება. მან უნდა მიაგნოს იმ წერტილს, რომელიც ორივე მხარეს ინტერესების მორგებაში დაეხმარება.

კონფლიქტი ესკალაციას აღწევს, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე სულ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს მეორე მონაწილეზე. ეს ნიშნავს კონფლიქტის ინტენსივობის
მომატებას. განვიხილოთ ესკალაციის სამი მოდელი: სპირალური, აგრესიულ-თავდაცვითი და სტრუქტურული ცვლილებების მოდელი. ეს მოდელები გვაწვდის
ინფორმაციას თუ რა ხდება ესკალაციის დროს. სამივეს განსხვავებულ ღირებულება აქვს და აღწერს კონფლიქტის დროს მიმდინარე ცვლილებებს. აგრესიულ-თავდაცვითი მოდელის მიხედვით, პირველი მხარე, აგრესორი, შედის კონფლიქტში მეორე მხარესთან, რომელიც ამისგან თავს იცავს. აგრესორის მიზანია წაართვას რაიმე იმას, ვინც თავს იცავს, ან შეცვალოს არსებული პირობები მის საზიანოდ. თავდაპირველად აგრესორი იწყებს მსუბუქი ტაქტიკის გამოყენებას, ხოლო შემდეგ გადადის უფრო მძიმე ტაქტიკაზე და აგრძელებს ესკალაციას, სანამ არ მიაღწევს სასურველ მიზანს. კონფლიქტის სპირალური მოდელის თანახმად, პირველი მხარის შემტევ ტაქტიკას მოყვება მეორე მხარის ასეთივე შეტევები. ანუ ერთი მხარის ქმედება იწვევს მეორე მხარის საპასუხო ქმედებას და იკვრება ჩაკეტილი წრე. ყოველი უსიამოვნება აძლიერებს კრიზისს. სტრუქტურული ცვლილებების მოდელი სპირალური მოდელის გაფართოებული ვარიანტია. ერთი მხარის მიერ გამოყენებული მძიმე ტაქტიკები იწვევს
სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც განაპირობებს მეორე მხარის მძიმე ტაქტიკის გამოყენებას. სასურველია თუკი არ მოხდება კონფლიქტის ესკალაცია და მისი მოგვარება დასაწყისშივე იქნება შესაძლებელი.


0
1057
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა ჩაფიჩაძე
თეა ჩაფიჩაძე
1057
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0