x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია გოგოზე, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ორჯერ მოიტაცეს, პირველად ძალით მეორედ კი უკვე ნებით


image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ ამ სტატიის სახით რეალურია და სამეგრელოს რეგიონში მოხდა, გოგოს და ბიჭს დაწყებითი კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი, სკოლის დამთავრებისთანავე ორივე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები გახდნენ და გეგმავდნენ მესამე კურსის დახურვისთანავე დაოჯახებულიყვნენ.
თუმცა როგორც იტყვიან "ეშმაკს არ ძინავს" და გოგოს ასევე სამეგრელოში მცხოვრები ძალზე შეძლებული ოჯახის ბიჭი გადაეკიდა, მამის ფინანსურ მდგომარეობას და ნარკოტიკების მოხმარებას ისე "გაეფუჭებინა" და "წაეხდინა" ეს ახალგაზრდა მისთვის უკვე არაფერი წმინდა და სათუთი არ არსებობდა, როგორც კი დაინახა თათია (სახელი შეცვლილია), მოსვენება დაჰკარგა და სამეგობროს უთხრა: ეს გოგო ნებით იქნება თუ ძალით ჩემი მეუღლე უნდა გახდესო.
თავიდან გადაწყვიტა ძვირფასი საჩუქრებით "დაება" თათია, თუმცა გოგონამ არცერთი საჩუქარი არ მიიღო და ლაშას (სახელი შეცვლილია) პირდაპირ უთხრა დათო (სახელი შეცვლილია) ბავშვობიდან მიყვარს და დაოჯახებას ვაპირებთო.
ლაშა გოგოს პასუხა ძალზე გააღიზიანა, მაგრამ თავი შეიკავა და თავის გზაზე წავიდა.
ერთ დღეს კი მეგობრები შეკრიბა და განუცხადა: ნებით არ მომყვება თათია და აუცილებლად უნდა მოვიტაცო, ამაში თქვენი დახმარება მჭირდებაო.
რამდენიმე მეგობარმა ეგრევე თანხმობა მისცა, რამდენიმემ კი პირდაპირ უთხრა: დათო იმდენად თავმოყვარე ბიჭია მისი საცოლის მოტაცებას ვერ შეეგუება და აუცილებლად სისხლი დაიღვრება, შესაბამისად ამ საქმეში გარევა არ გვინდაო. ლაშამ თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე კი ჩემი საქმე კარგად ვიცი, გოგოს მოვიტაცებ ნათესავთან მივიყვან, 2–3 დღე მის მშობლებს არ ვანახებ და მერე გოგოს დარჩენას თავად მისივე მშობლები მოსთხოვენო.
თბილისიდან თამთას მოტაცება სარისკოდ ჩათვალეს და გადაწყვიტეს, როგორც კი დაიწყებოდა სტუდენტური არდადეგები საკუთარ სახლში მისულ თათიას დადარაჯებოდნენ და გამოსვლისთანავე მოიტაცებდნენ. თუმცა თათია და დათო როგორც კი ჩამოვიდნენ თბილისიდან საკუთარ ქალაქში, დათოს რამდენიმე ახლობელმა უთხრა: ლაშა თათიას მოტაცებას გეგმავს და იცოდე წინასწარო.
დათოსთვის ისედაც ნათქვამი ჰქონდა თათიას თუ როგორ ცდილობდა ძვირფასი საჩუქრებით მის მოხიბვლას ლაშა, მაგრამ ასევე დაამატა, რომ ლაშას მიმართვის ზრდილობიანი ფორმა არ დაურღვევია და სთხოვა დათოს ლაშასთან კონფლიქტში არ შესულიყო.
დათომ პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ ლაშასთან მივიდა, სახლიდან გამოიხმო და მისალმების მერე წყნარად და დალაგებით აუხსნა, რომ მას და თათიას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და არც ის დაუმალავს მომავალ წელს დაოჯახებას რომ აპირებდნენ. ლაშამ უპასუხა: მე ეს არ ვიცოდი და როცა თათიამ თქვენს სიყვარულზე მითხრა, წამოვედი და მეტჯერ მასთან შეხვედრა არც კი მიცდიაო. დათოს გაუხარდა ლაშამ რომ გაუგო და წასვლის წინ ხელი ჩამოართვა.
დათოს წასვლის მერე კი ლაშამ ბოროტად "ჩაიხითხითა" და გეგმის ასრულებას შეუდგა, მოძებნა ნათესავი გოგონა, რომელიც წლების მანძილზე მეგობრობდა თათიასთან და სთხოვა თათიასთან საუბარი მინდა და როგორმე ბოტანიკურ ბაღთან მოიყვანეო, გოგონამ არაფერი იცოდა ლაშას ბოროტ ზრახვებზე და ალალი გულით მიუდგა ლაშას თხოვნას. მივიდა თათიასთან და მოკითხვების მერე სთხოვა მასთან ერთად გაესეირნა ქალაქში, თათიაც დასთანხმდა ბავშვობის მეგობრის თხოვნას და გაჰყვა.
როგორც კი ქალაქის ბულვარიდან ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ყავახანას მიუახლოვდნენ მათ გვერდით მკვეთრად დამუხრუჭებული უცხოური მანქანიდან ლაშასთან ერთად რამდენიმე ბიჭი გადამოვიდა და თათიას ხელი სტაცეს, თათია მიხვდა რაც ხდებოდა და კივილი დაიწყო, მაგრამ ეგრევე ხელი ააფარეს სახეზე და კივილის საშუალება არ მისცეს, "ჩატენეს" მანქანაში და სწრაფად გაეცალნენ იმ ადგილს, თუმცა ის რაც ვერ შეძლო თათიამ შესძლო მოტყუებულმა ლაშას ნათესავმა გოგონამ, რომელმაც ისეთი კივილი ატეხა ლამის ნახევარმა ქალაქმა იქ მოიყარა თავი, გოგოს მოტაცების ამბავი სწრაფად გავრცელდა და პოლიციასთან ერთად თათიას ნათესავებიც "დაფაცურდნენ", თათიას მოტაცების ამბავი დათოსაც შეატყობინეს.
გაგიჟებულმა ბიჭმა პირველი რაც მოიფიქრა ის იყო, რომ მთელი თავისი სამეგობრო შეკრიბა და დაწვრილებითი ინფორმაციის შეკრება დაიწყეს ლაშას ნათესავებზე, სწრაფადვე დაიწყეს მოქმედება და ლაშას რამდენიმე ნათესავის ოჯახს მიაკითხეს, თუმცა უშედეგოდ.
ერთერთ ოჯახში კი ხმამაღალი საუბარიც შედგა, რადგან ოჯახის უფროსი ვაჟკაცი კაცი აღმოჩნდა და დათოს პირდაპირ უთხრა: ლაშა კი არა ჩემი საკუთარი შვილიშვილი ვერ მაკადრებს ოჯახში მოტაცებული გოგოს მოყვანასო.
ამასობაში თათიას მშობლებმა ქუჩაში ლაშას უმცროსი და რომელიც ცეკვის სტუდიიდან მოდიოდა დაიჭირეს და მის მშობლებს შეუთვალეს: სანამ ჩვენს გოგონას უკანვე არ დააბრუნებთ თქვენი შვილი ჩვენთან დარჩებაო.
ლაშას მამა ჯერ ეცადა მისი ფული და გავლენა გამოეყენებინა შვილის დასაბრუნებლად, მაგრამ ეს რომ ვერ შეძლო ლაშასთან კაცი გაგზავნა–ასე და ასეა საქმე და გოგო როგორც გინდა და რანაირადაც გინდა ისე გააჩერე, მის მშობლებს რომ მოვიყვან მათი წაყოლა რომ არ მოინდომოსო.
მართლაც ლაშას მამამ თამთას მშობლებს შეუთვალა: ჩემი გოგო მოიყვანეთ და მასთან ერთად ლაშასთან და თათიასთან წავიდეთო.
ლაშას თათია დედის ძმის ოჯახში მიეყვანა, თან იმდენი "უჩიჩინა" გოგოს შენ რომ აქედან წასვლა გაბედო, იცოდე შენს ნათესავებს აქედან ცოცხალს არცერთს არ გავუშვებთ და მათი ცოდვა შენს კისერზე იქნებაო.
ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი გოგო ისე "დაიშოკა" არაფრის თავი არ ჰქონდა და როცა მასთან ლაშას მშობლებთან ერთად მისი მშობლები და რამდენიმე ნათესავი მივიდა (ლაშას დაც ჯერ კიდევ მათთან ერთად იყო), ლაშას მიერ დაშინებულმა თათიამ უარი განუცხადა მშობლებს წაყოლაზე, მიუხედავად ძმის და მამის კითხვებისა– ვინმე ხომ არ დაგემუქრა, ნუ გეშინია თითსაც ვერავინ დაგაკარებსო! დაშინებულმა გოგომ უარი განუცხადა წასვლაზე და ოჯახში დარჩა, თათიაზე განაწყენებულმა მშობლებმა, ძმამ და ნათესავებმა ლაშას და დატოვეს და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას.
დათო და მისი მეგობრები კი გამალებით ეძებდნენ თათიას ადგილსამყოფელს და როგორც კი გაიგეს მშობლები იყვნენ მასთანო, მაშინვე მივიდა მათთან და ჰკითხა საქმის ვითარება.
თათიას მამამ არ დაუმალა თათია სად იყო და არც ის დაუმალავს, დიდი ხვეწნა–მუდარის მიუხედავად თათია, რომ არ გამოჰყვა მშობლებს.
დათოს ბევრი არ უფიქრია, მეგობრებთან ერთად სწრაფად ჩასხდნენ მანქანებში და იმ სოფელს მიაშურეს, სადაც ლაშას ბიძის ოჯახში იყო თათია მიყვანილი.
მივიდნენ და სანამ მანქანებიდან გადმოვიდოდნენ დათოს ერთერთმა მეგობარმა, რომელიც პოლიციის სპეცრაზმის ოფიცერი იყო მათ ურჩია სწრაფად შესულიყვნენ მასთან ერთად ოჯახში, ყველას უბეში ჩაეყო ხელი რათა იქ მყოფებს შეჰქმნოდათ ილუზია შეიარაღებული ხალხის მისვლაზე და წინააღმდეგობის სურვილი არავის გასჩენოდა, თავად ამ მეგობარმა კი ტაბელური პისტოლეტი ისეთ ადგილას დაიმაგრა ქამარზე კარგად რომ გამოჩენილიყო.
დათო და მისი მეგობრები ლამის სირბილით შევიდნენ ეზოში და სახლშიც სწრაფი ნაბიჯებით შევიდნენ, თათიას დათოს დანახვაზე მუხლები მოეკვეთა და იქვე დივანზე დააწვინეს მასთან მყოფმა ქალებმა, დათოს არავისთვის არაფერი არ უთქვამს ისე აიტაცა ხელში თათია, მკერდზე მიიკრა და გასასვლელისაკენ გაემართა. ოთახში შემოვარდნილ ლაშას და მის რამდენიმე მეგობარს (რომლებსაც უკვე დაეწყოთ ლაშას "დაოჯახების" აღნიშვნა და სასმელიც მოკიდებოდათ), დათოს მეგობრებმა მიმართეს მოკლედ და მკაცრად: ფეხი არ გადმოდგათ, თორემ ცოცხალს არ დაგტოვებთ არცერთსო, მთვრალებზე იქნებ მუქარას არ ემოქმედა, მაგრამ სპეცრაზმელის ქამარში "გაჩრილმა" პისტოლეტმა ჰიპნოზივით იმოქმედა და ყველა ადგილზე დარჩა, მით უფრო მას შემდეგ, რაც ლაშას რამდენიმე მეგობარმა იცნო დათოს მეგობარი სპეცრაზმელი, რომელსაც ბევრი საუბარი არ უყვარდა, მაგრამ რასაც იტყოდა იმის გამკეთებელი იყო.
დათომ და მისმა მეგობრებმა თათია პირდაპირ დათოს ოჯახში მიიყვანეს რითაც დათოს მშობლები ძალიან გაახარეს (დათოს მშობლები კარგად იცნობდნენ თათიას, იცოდნენ დათო და თათია დაოჯახებას რომ აპირებდნენ სამომავლოდ და შვილის არჩევანსაც იწონებდნენ).
დათოს მამამ მომავალ მძახლებს ძმა და რძალი მიუგზავნა და საქმის ვითარებაც აუხსნეს, გაკვირვებულმა და გახარებულმა მშობლებმაც ეგრევე დათოს სახლს მიაშურეს და თავად თათიასგან გაიგეს თუ რა მიზეზითაც თქვა უარი მათთან ერთად წამოსვლაზე.
ერთ კვირაში კი დიდი ქორწილიც გადაიხადეს. წყვილმა სწავლა ჩვეულებრივად განაგრძო და მეოთხე კურსზე იყვნენ როდესაც ყუპი ბიჭები შეეძინათ. ინსტიტუტის დამთავრების მერე თბილისში შემოთავაზების მიუხედავად არ დარჩნენ და უკვე ჩამოყალიბებულ ექიმებად დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს.
ლაშამ კი "ცხელ გულზე" საქართველო დატოვა, რუსეთში კრიმინალებს დაუკავშირდა და როგორც იტყვიან "წამალზე" ბოლომდე შეჯდა.
რამდენიმე ნასამართლეობის მერე კი უკვე ავადმყოფი საქართველოში დაბრუნდა და მკურნალობა გადაწყვიტა, გადაწყვიტა მისულიყო კლინიკაში და მკურნალობის კურსი გაევლო, მიღებაზე მესულ ლაშას კი ექიმად თათია დახვდა, თათიამ ძლივს იცნო ერთ დროს ძალზე სიმპათიური ლაშა, რომელსაც ახლა ნარკოტიკების მოხმარებისაგან და ციხეში გატარებული წლების გამო მწიფე კომშის ფერი ედო სახეზე.
ლაშამ ჯერ უკანვე მობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ თათიას სიტყვებმა: ლაშა შემოდი, გადაწყვეტილება შეაცვლევინა თათიას წინ სკამზე ჩამოჯდა და მისალმების შემდეგ პირველი რაც უთხრა ეს ბოდიში იყო მის საქციელზე.
თათიამ პაციენტის გასინჯვის მერე განყოფილების უფროსსაც სთხოვა მის კაბინეტში შემოსულიყო და როდესაც შემოვიდა განყოფილების უფროსი ექიმი, ლაშას ლამის ყბა ჩამოუვარდა განცვიფრებისაგან, რადგან განყოფილების უფროსი ექიმი არც მეტი და არც ნაკლები დათო გამოდგა.
დათომაც იცნო ლაშა და ჩვეულებრივად ისე როგორც სხვა პაციენტთან მოიქცეოდა ისე მიესალმა, მერე კი პროფესიული გამოკითხვა დაუწყო ჯანმრთელობის პრობლემებზე, ლაშამ დათოსაც მოუხადა ბოდიში რაზეც დათომ უპასუხა: ლაშა, რაც იყო იყო, ახლა შენ ჩვენი პაციენტი ხარ და ჩვენი ვალია გიმკურნალოთ!
მართლაც ლაშას მცდელობამ და კარგი ექიმების სწორად შერჩეულმა სამკურნალო კურსმა ლაშა ცხოვრებისაკენ მოაბრუნა, ჩამოსვლიდან მეორე წელს კი დაოჯახდა და დღესაც ჯანმრთელად ცხოვრობს ცოლშვილთან ერთად.

5
569
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
569
  
2016, 23 თებერვალი, 14:48
წაიღონ, უფასოდ ვჩუქნი ვისაც უნდა. :)))
2016, 22 თებერვალი, 23:51
ა, ბატონო, მშვენიერი სცენარი ქართული სერიალისთვის... ხუმრობის გარეშე.
2016, 19 თებერვალი, 13:35
მადლობა
2016, 19 თებერვალი, 13:13
კარგი სტატიაა მომეწონა:) რაც მთავარია ყველაფერი კარგად დამთვარდა:))
0 1 5