x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„საქართველოში ფასების კონტროლი არ ხდება“
მსოფლიოში არაერთ განვითარებულ ქვეყანას აქვს კანონი, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს იცავს. საქართველოში კანონპროექტი შემუშავებულია, მაგრამ მისი დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოქალაქეები იძულებულნი არიან თავად დაიცვან საკუთარი უფლებები. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სამომხმარებლო კულტურა ამაღლდა. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, მიდიან სასამართლოში, დგებიან კამერების წინ და ხმამაღლა საუბრობენ, თუ ვინ არღვევს მათს უფლებებს, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. image


ქალბატონო მადონა, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე მოგვიყევით, რა პერიოდს მოიცავს, ორგანიზაციის მუშაობის უმთავრესი მიზანი რა არის?


- მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია ჩამოყალიბდა 1996 წელს და ეს იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც შემდგომ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია ეწოდა. 2007 წლიდან ფედერაციას ვხელმძღვანელობ მე. ჩვენს მიზნებზე სახელწოდებაც მეტყველებს-მომხმარებელთა უფლებების დაცვა უხარისხო პროდუქციასა და მომსახურებისაგან.



ფარმაცევტულ ბაზარს როგორ შეაფასებდით, ხშირია მოსაზრებები, რომ კომპანიები ხელოვნურად ზრდიან ფასებს, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?


- მოსაზრებას, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტური კომპანიები ბატონობენ არ ვეთანხმები, ვინაიდან საქართველოში არაერთი სააფთიაქო ქსელი გვხვდება: პე-ეს-პე, ჯი-პი-სი, ავერსი, ფარმადეპო, ფარმასიტი… ჩვენს ქვეყანაში ფასების კონტროლი არ ხდება და შესაბამისად ამ დრომდე მონიტორინგი არც სააფთიაქო ქსელებს უტარდებოდა. ითვლებოდა, რომ კომპანიები ყველანაირი კონტროლისგან იყვნენ გათავისებული, ამიტომ რთულია საუბარი ხარისხზე. რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ, ეს ეკონომისტებმა უნდა დაითვალონ და დაადგინონ: შეთანხმებული ფასებია, თუ არსებულ მდგომარეობას შეეფერაბა.


თქვენი მონაცემებით, ყველაზე მეტად მომხმარებელთა უფლებები რომელი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ირღვევა (როგორ გამოიხატება)?


- კონკრეტულ კომპანიებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ პირადად ჩემში პროტესტს იწვევს, როდესაც ექიმის მიერ გამოწერილია კონკრეტული მედიკამენტი და სააფთიაქო ქსელის მუშაკები თავს უფლებას აძლევენ, რომ ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე შეცვალონ იმ ანალოგი პრეპარატით, რომელიც მათს ქსელშია. ვფიქრობ, მისასალმებელია, როდესაც მხოლოდ რეცეპტით დაიშვება გარკვეული მედიკამენტების გაცემა მომხმარებელზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ კანონის შემდეგ ავტომატურად ძალიან ცუდი ტენდენცია დაინრეგა. აფთიაქებში გაჩნდა პიროვნება, რომელიც ადგილზე გამოწერს რეცეპტს. ეს ფაქტი კი თავისთავად აზრს უკარგავს კანონის არსს – თვითმკურნალობის პრეცენდენტის აღმოფხვრასა და ექიმთან მისვლის კულტურის დანერგვას.


თქვენი ინფორმაციით, ევროპის განვითარებული ქვეყნებში ფარმაცევტულ ბაზარზე რა მდგომარეობაა? მათთან მომხმარებელთა უფლებები როგორ რეგულირდება, რა განსხვავებები შეიძლება დასახელდეს?


- ვინაიდან, ეს სფერო არ არის ბოლომდე დარეგულირებული, საქართველოში ყველაფერი დაშვებულია.ჩემთვის მიუღებელია, როდესაც სამკურნალო დაწესებულებებში მივდივარ და სააფთიაქო ქსელების რეკლამებს ვხედავ. არასასურველი ფაქტია, როდესაც ექიმებს ხელშეკრულებები აქვთ დადებული და ისინი ანაზღაურებას იღებენ თუ კონკრეტული კომპანიის მედიკამენტს „გაასაღებენ“. მე, როგორც მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა და ამ კითხვაზე პასუხი თავად ვერ გავეცი. როდესაც კომპანია, რომელიც აწარმოებს წამლებს და ამავდროულად კლინიკას ფლობს, საინტერესოა, თავის მიერ ნაწარმ მედიკამენტზე გააკეთებს არჩევანს, თუ იმ პრეპარატზე, რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი?


ზოგადად, რამდენად დაცულია დღეს მომხმარებელთა უფლებები, ბოლო წლების განმავლობაში რა შეიცვალა?


- აბსურდულია მომხმარებელთა უფლებების დაცულობაზე საუბარი, მაშინ როდესაც ქვეყანაში კანონიც კი არ გვაქვს. ახლახან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ კონგრესზე ვიმყოფებოდი, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ არ ჰქონდა. ეს ქვეყნის სირცხვილია, ვინაიდან იქ, სადაც არ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები, არ შეიძლება საუბარი ჯანსაღ, კონკურენტუნარიან გარემოზე. არა მარტო მომხმარებელთა, არამედ ადამიანის უფლებებიც ირღვევა.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მომხმარებლთა უფლებების დაცვის კანონპროექტი შემუშავებულია და საშემოდგომო სესიაზე მისი განხილვა უნდა მომხდარიყო. მისი წარდგენა რა შედეგით დასრულდა?


- დიახ. კანონპროექტი მზად არის, მაგრამ პირადად მე, ვვარაუდობ, რომ უახლოეს მომავალში ეს კანონი ძალაში არ შევა. კანონპროექტის წარდგენას ნულოვანი დაინტერესება მოჰყვა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მოწინააღმდეგეები უპირველესყოვლისა არიან ბიზნესგაერთიანებები. მათი არგუმენტაცია, თუ რატომ არ სურთ კანონის მიღება ჩემთვის ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული. კანონი ითხოვს ერთადერთ რამეს-არ მოატყუო მომხმარებელი. იყავი კეთილსინდისიერი მწარმოებელი და მომხმარებელი ამას დაგიფასებს. სხვა აზრი ამ კანონში ჩადებული არ არის, გამომდინარე აქედან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები არიან.

0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0