x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროფესიული სტრესი

პროფესიული სტრესიპროფესიული სტრესი - მრავალმხრივი ფენომენია, რომელიც გამოიხატება ფსიქიკურ და ფიზიკურ რეაქციებში ადამიანის მიერ შრომითი საქმიანობის განხორცილებისას სიტუაციის გართულებისა და დაძაბვის დროს.


დღესდღეობით იგი ცალკე რუბრიკადაა

გამოყოფილი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში.


სპეციალისტების აზრით, პროფესიულ სტრესს იწვევს ადამიანის გადატვირთვა სამუშაოთი, თანამშრომლის მოვალეობებისა და უფლებამოსილების არასაკმარისად მკაფიოდ განსაზღვრა, კოლეგების არაადეკვატური ქცევა, გრძელი და დამღლელი გზა სახლიდან სამსახურამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ, არასაკმარის ანაზღაურებაზე, ერთფეროვან სამუშაოზე თუ კარიერული პერსპექტივების არარსებობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული სტრესი ასევე ჩნდება იმ თანამშრომბლებშიც, რომლებიც არასაკმარისად ჩართულები არიან სამუშაოში და ასევე მათშიც, ვინც თვლის, რომ ვერ ახერხებს თავისი პროფესიული პოტენციალისა და შესაძლებლობების რეალიზებას.

პროფესიული გადატვირთვის მიზეზს შეიძლება ასევე წარმოადგენდეს სამუშაოს პირობებიც: ცუდი განათება და ვენტილაცია, სივიწროვე სამუშაო ადგილზე, ინფორმაციისა და დროის ნაკლებობა და ა.შ.

ინგლისელმა ფსიქოლოგებმა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან შეადგინეს სტრესის, ალკოჰოლიზმისა და ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკის სკალა რამდენიმე ასეული პროფესიისთვის. სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების სტრესის ხარისხი განისაზღვრებოდა გულის შეტევებისა და სხვა დაავადებების სიხშირის, ასევე განქორწინებებისა და ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილეობის სიხშირის მიხედვით. პროფესიული სტრესის განვითარება ფასდებოდა ათბალიან სკალაზე. პირველ ადგილზე, პროფესიული სტრესის განვითარების რისკის მიხედვით, გავიდნენ მაღაროელები (8, 3 ბალი), მეორეზე კი - პოლიციელები (7, 7 ბალი). შედეგ მოდიან მშენებლები, ჟურნალისტები და პილოტები 7, 5 ბალით. ამას გარდა, ფსიქიკური დაავადებების განვითარების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები აქვთ მსახიობებს, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეებს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მაჩვენებლების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებენ ექიმები, მათ მოჰყვებიან ჟურნალისტები და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. ყველაზე მშვიდი და უპრობლემო პროფესია კი, ყველა მაჩვენებლის მიხედვით, არის ბიბლიოთეკარი (2, 0 ბალი).

პროფესიათა აღნიშნული განლაგება სტრესის ხარისხების მიხედვით, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პროფესიათა სტრესულობის მიხედვით კლასიფიკაციის ერთადერთ ვარიანტს.

ამერიკის შრომის დაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ყველაზე სტრესულ პროფესიათა ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებენ ისეთი პროფესიები, როგორიცაა: მდივნები, ინსპექტორები, ლაბორანტები და ოფისმენეჯერები. აღნიშნული მონაცემები ეფუძნება სამედიცინო დაწესებულებების ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია მომუშავე ადამიანების ჩივილები პროფესიულ სტრესთან დაკავშირებით. სტრესის გამოკვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც უფრო დეტალურ ანალიზს ეფუძნება, პირველ სამ ადგილს სტრესულ პროფესიათა ჩამონათვალში იკავებენ უფროსი კლასის მასწავლებლები, პოლიციელები და მაღაროელები.

ა. ელკინი, სპეციალისტი სტრესის მენეჯმენტის სფეროში, აღნიშნავს, რომ სტრესის დონე შრომითი საქმიანობისას იზრდება ორი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად: ფსიქოლოგიური წნეხის სიმძიმე და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების არარსებობა. ამ ორ ფაქტორს თავისუფლად შეგვიძლია ასევე დავუმატოთ საკუთარი სამუშაოს შესრულებით მიღწეული მორალური და მატერიალური კმაყოფილების ხარისხი. მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, ნათელი ხდება, თუ რატომ იკავებენ მდივნები, ლაბორანტები, ინსპექტორები და ა.შ პირველ ადგილს ამერიკის შრომის დაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ კვლევაში. რა თქმა უნდა, მათი სამუშაო არ არის ისე საშიში, როგორც მაღაროელების და არც ისე საპასუხისმგებლო, როგორც, მაგალითად, ავიადისპეჩერების,
მაგრამ ისინი მოკლებულნი არიან გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, იღებენ დაბალ
ანაზღაურებას და მათი პროფესიის სოციალური სტატუსი საკმაოდ დაბალია.

პროფესიული სტრესის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს. გამოყოფენ ინფორმაციულ, ემოციურ და კომუნიკაციურ სტრესს. პირველი ჩნდება დროის მკაცრი ლიმიტის პირობებში, მეორე - რეალური ან პოტენციური საფრთხის დროს, ხოლო მესამე დაკავშირებულია საქმიანი ურთიერთობების სირთულეებთან.

პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორები ასევე შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ობიექტურ ფაქტორებად, რომლებიც ნაკლებადაა დამოკიდებული თანამშრომლის პიროვნებაზე და სუბიექტურ ფაქტორებად, რომლებიც დამოკიდებულია თავად ადამიანზე.

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება მძიმე სამუშაო პირობები და ექსტრემალური, ფორსმაჟორული სიტუაციები. ზოგიერთი პროფესია თავისთავად გულისხმობს მასთან დაკავშირებული სტრესოგენური ფაქტორების არსებობას, როგორიცაა, მაგალითად, მტვერი ცემენტის ქარხანაში, მომწამვლელი ნივთიერებების გამოყოფა ქიმიური წარმოებების დროს, ხმაურის მაღალი ხარისხი, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. ზოგიერთი პროფესიის შემთხვევაში ეს ფაქტორები კომბინირებულია, მაგალითად, მაღაროელები მუშაობენ ჩაკეტილ სივრცეში, მტვერსა და მაღალი ტემპერატურის პირობებში. ამ ყველაფერს ემატება შესაძლო ავარიის ფსიქოლოგიური მოლოდინი. ყველა ეს აღნიშნული ფაქტორი ხელს უწყობს ბიოლოგიური სტრესის განვითარებას, რომელიც შემდგომში შეიძლება გართულდეს ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედების შედეგად.

შრომის არაკეთილსასურველ პირობებს შეგვიძლია ასევე მივაკუთვნოთ საქმიანობის ჩქარი და დაძაბული ტემპი, ხანგრძლივი სამუშაო, გაზრდილი პასუხისმგებლობა, მძიმე ფიზიკური დატვირთვები და ა.შ.

ფორსმაჟორულ სიტუაციებში იგულისხმება სხვადასხვა მოვლენები, რამაც განსხვავებული ხასიათი შეიძლება მიიღოს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, ნავთობმომპოვებელ პუნქტში მსგავსი მოვლენა იქნება ავარია, ბირჟის მაკლერისთვის - აქციების ფასის დაცემა ან ვალუტის კურსის მოულოდნელი ცვლილება და ა.შ.

მეორე ჯგუფი ანუ სტრესის სუბიექტური ფაქტორები მოიცავს ორ სახესხვაობას: ინტერპერსონალური (კომუნიკაციური) და ინტრაპერსონალური სტრესი.

პირველი შეიძლება გაჩნდეს დაქვემდებარებულის ზემდგომ პირთან ურთიერთობის დროს ანუ განსხვავებული სტატუსის მქონე თანამშრომლების ურთიერთობისას. ხელმძღვანელი საკმაოდ ხშირად წარმოადგენს სტრესის წყაროს მასზე დაქვემდებარებულისთვის, რომელსაც შესაძლოა, გაუჩნდეს ფსიქოლოგიური დაძაბულობა სხვადასხვა მიზეზის გამო: ხელმძღვანელის მხრიდან უკიდურესი კონტროლი, გადამეტებული მოთხოვნები, დაქვემდებარებულის შრომის დაუფასებლობა, მკაფიო მითითებებისა და ინსტრუქციების არარსებობა, უხეში მოპყრობა ხელმძღვანელის მხრიდან და ა.შ. თავის მხრივ, დაქვემდებარებულებიც ხდებიან სტრესის წყარო ხელმძღვანელებისთვის თავიანთი პასიურობის, უინიციატივიანობის, არაკომპეტენტურობის, ქურდობის, სიზარმაცისა და სხვა ფაქტორების გამო.

ის პირები, რომლებიც არ მუშაობენ მოცემულ ორგანიზაციაში ასევე შეიძლება გახდნენ იქ მომუშავე ადამიანებისთვის სტრესის მიზეზი. საილუსტრაციოდ გამოგვადგება გამყიდვლების მაგალითი; მათ უწევთ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ბუნებრივია, არც თუ ისე მარტივია და სტრესთანაა დაკავშირებული.

ინტრაპერსონალური სტრესი, თავის მხრივ, შეიძლება დავყოთ პროფესიულ სტრესად, პიროვნული ხასიათის მქონე სტრესად და სტრესად, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომელთა არამდგრად სომატურ ჯანმრთელობასთან. სტრესის პროფესიული მიზეზები განპირობებულია ცოდნისა და უნარ-ჩვევების უკმარისობით (ასეთი ტიპის სტრესი ძირითადად ხშირია ახალბედებში), ასევე შეუსაბამობის შეგრძნებით შრომასა და ანაზღაურებას შორის. პიროვნული ხასიათის სტრესის გამომწვევი მიზეზები არასპეციფიკური ხასიათისაა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებში გვხვდება. ყველაზე ხშირად ესაა: დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის რწმენის არქონა, მარცხის შიში, დაბალი მოტივაცია, საკუთარი მომავლის რწმენის არქონა და ა.შ. რაც შეეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტრესს, აქ იგულისხმება ქრონიკული დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ შრომის ეფექტურობას და მოითხოვენ მომატებულ ძალისხმევას სამუშაო პროცესიდან “ამოვარდნის’’ საკომპენსაციოდ, ამას შედეგად მოჰყვება ფინანსური დანაკარგი და სამუშაო გარემოსთან ხელახალი ადაპტირების აუცილებლობა, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს თანამშრომლის ავტორიტეტსა და სოციალურ სტატუსზე.

პროფესიული სტრესი მეტნაკლები ხარისხით ყველა სამუშაოს ახლავს თან, თუმცა მისი შემცირება შესაძლებელია, თუ: გვექნება კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, ვიქნებით დადებითად განწყობილნი კოლეგების, დაქვემდებარებულების თუ ხელმძღვანელების მიმართ; დავხვეწთ ჩვენს კომუნიკაციურ უნარებს; ვისწავლით დროის მართვას და, რაც მთავარია, ავიმაღლებთ კვალიფიკაციას სხვადასხვა ტრენინგებისა თუ კურსების დახმარებით.

0
225
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0