x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას წერს თეა წულუკიანზე, საჯაროდ აზრის გამოხატვისათვის გათავისუფლებული საჯარო მოხელე: "ვფიქრობ, რომ არ მქონდა დუმილის უფლება და ეს ამბავი საჯაროდ უნდა განმეცხადებინა"

imageგანსხვავებული აზრის გამო სამსახურიდან გათავისუფლება
წინა მთავრობისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო. არ შეიძლებოდა, რომელიმე საჯარო მოხელეს განსხვავებული აზრი ჰქონოდა. დიდი იყო შიშის ფაქტორიც და წინააღმდეგობის
გაწევის ძალაც არავის შესწევდა.
სამწუხაროა, როდესაც მსგავს ნიშნებს ახლანდელ ხელისუფლებაშიც
ვამჩნევთ. სწორედ ამ დროს ვხვდებით, რომ არაფერი იცვლება!


გუშინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა და სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე საჯაროდ განაცხადა, რაც მისი თქმით, პირდაპირ კავშირშია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან. სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და მას აქტიურად აზიარებენ ამა თუ იმ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცისს წევრები.


უცვლელად გთავაზობთ ლევან ბერძენიშვილის სტატუსს, რომლის შეფასებაც თქვენთვის მომინდია და დღეს ბევრი ცნობილი ადამიანის განსჯის საგანი გამხდარა.


"ჩემმა მეგობრებმა უკვე გაიგეს, რომ აღარ ვმუშაობ იქ, სადაც ვმუშაობდი, მაგრამ არ იციან მიზეზები. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ბევრი ვიფიქრე, მელაპარაკა თუ არა ამ საკითხზე საჯაროდ და საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს ეს ამბავი, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კლასიკური მაგალითი.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ახალმა პრემიერმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს აჩუქა 450 000 ლარი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ამ ამბით აღშფოთებულმა დავწერე სტატუსი, რომელშიც მწვავედ გავაკრიტიკე ეს გადაწყვეტილება და საქართველოს მოქმედი პრემიერი მის წინამორბედთან ერთად საკმაოდ უხეში ლექსიკონით მოვიხსენიე. ამ სტატუსის დაწერის მომენტში მე გახლდით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი, კერძოდ, ვიდეო და ფოტო ოპერატორი, ანუ ერთი რიგითი თანამშრომელი. ამ სტატუსის დაწერიდან რამდენიმე საათში დამიკავშირდა, რამდენადაც ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, თავად იუსტიციის მინისტრი, სასტიკი საყვედური გამომიცხადა და ამიხსნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ეს ამბავი მოხდა შაბათ დღეს, ხოლო როდესაც ორშაბათს სამსახურში მივედი, რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამცნო, რომ თუ ჩემით არ დავწერდი განცხადებას, ისინი თავად გამიშვებდნენ სამსახურიდან, რომ ამის იურიდიული საფუძველი უკვე მოფიქრებული ქონდა სისტემის ხელმძღვანელს და რომ მოსაფიქრებლად საკმაოდ ცოტა დრო მქონდა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულის სტატუსით სამსახურის შოვნა მომავალში ძალიან გამიჭირდებოდა და თან სასამართლოში საქმის წარმოების არც დრო მაქვს, არც მატერიალური შესაძლებლობა, არც ნერვები და არც რაიმე სახის გამოცდილება (თანაც ასეთი სასამართლოები ხშირად ორ წლამდეც კი იწელება ხოლმე), გადავწყვიტე, რომ ჩემით დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი სამსახურიდან.
მინდა ამ ისტორიის ორ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. პირველი არის ჩემი სამსახურიდან გაშვების საკითხი, მეორე კი --- მთავრობის მიერ ეკლესიისთვის თანხების ჩუქნის პრობლემა.
ჩემს გულისტკივილს იწვევს ის ფაქტი, რომ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს, განსხვავებული აზრი იდევნება და ისჯება. ვაღიარებ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და მძიმე იქნებოდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ სიტყვის თავისუფლების პრინციპი ჩემს შემთხვევაში უხეშად დაირღვა. საქმე იმაშია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის სსიპ და მისი თანამშრომლები, მით უმეტეს შტატგარეშე თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები და მაშასადამე მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ იყვნენ ნეიტრალურები პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისას. თანაც, ეს ვალდებულება საჯარო მოხელეებსაც მხოლოდ სამუშაო საათებში აქვთ და არავითარ შემთხვევაში შაბათ-კვირას. ქალბატონი მინისტრი სწორედ ნეიტრალურობის დარღვევას მსაყვედურობდა ჩვენი მიმოწერის დროს. მას მინდა შევახსენო, რომ სულ ორი-სამი წლით ადრე მე ვიყავი საჯარო მოხელე, ვმუშაობდი მისი სამინისტროს პიარის დეპარტამენტში და იმ დროს, ღიად და დაუფარავად გამოხატავდი ნაცმოძრაობის საწინააღმდეგო მოსაზრებებს და თანაც ძალიან მკვეთრად, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ჩემს რომელიმე ზემდგომს მოეწოდებინა ნეიტრალურობისკენ და საყვედურზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისე, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ ბოლო წლებია, არავის ვუჭერ მხარს და მთლიანი პოლიტიკური სპექტრის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. რამდენიმე თვის წინ მივიღე გაფრთხილება მსგავს სტატუსებთან დაკავშირებით და ისიც მაცნობეს, რომ ეს გაფრთხილება ბოლო იქნებოდა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პიარის თანამშრომლებმა მივიღეთ კიდევ სხვა გაფრთხილება მინისტრის სახელით იმაზე, რომ არ გაგვეზიარებინა ჩვენს კედელზე ისეთი პოსტებიც კი, სადაც უმრავლესობის ოდიოზური დეპუტატების ისეთი ანეკდოტური განცხადებები იქნებოდა გაშარჟებული, როგორიც მაგალითად, ჯაჭვლიანის ცნობილი მარგალიტი --- იბიარდი იყო და რომ არა მხოლოდ გაზიარება გვეკრძალებოდა, არამედ სხვისი გაზიარებულის მოწონებაც კი. საზოგადოებას მინდა ვამცნო, რომ სამინისტროს გენინსპექციის ადამიანური რესურსი, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, იხარჯება თანამშრომელთა ფეისბუქსტატუსების კონტროლში, ქალბატონ მინისტრს კი მინდა ვუთხრა, რომ ჩემთვის უმაღლესი ღირებულება არის თავისუფლება და რომ არასდროს შევეგუები ისეთ გარემოს, სადაც ვინმე ან რამე ამიკრძალავს ჩემი სათქმელის ღიად თქმას იმ შინაარსითა და ფორმით, რა შინაარსითა ფორმითაც მე მიმაჩნია ეს სწორად და საერთოდ, ჩემი ფეისბუქსტატუსები არანაირ კავშირში არაა ჩემს სამსახურებრივ მოვალეობასთან, რომელიც მდგომარეობდა ვიდეოსა და ფოტოს გადაღებაში.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთ პოლიტიკას მხოლოდ იუსტიციის მინისტრი ატარებს და რომ ის არის ამ ბოროტების სათავე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთლიანი ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკა და ქალბატონი მინისტრი ამ რეალობიდან გამომდინარე მოქმედებს, თუმცა ეს არაფერს ცვლის მისი, როგორც პოლიტიკოსის შეფასებისას.
ახლა რაც შეეხება ამ ისტორიის მეორე და უმთავრეს ასპექტს. მთავრობამ ამ თანხის საპატრიარქოსთვის გადაცემა ახსნა იმით, რომ ეკლესიის მიერ შექმნილი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის გადასარჩენად აუცილებელი იყო ამ თანხის გამოყოფა. ჩემს სტატუსში სწორედ იმას ვამბობდი, რომ ამხელა თანხების საპატრიარქოსთვის გადაცემის ნაცვლად, მთავრობამ უნდა გახსნას თავშესაფრები, სადაც მოხუცებსა და სხვა მიუსაფარ, გაჭირვებულ ადამიანებს შეიფარებენ და ააცილებენ თავიდან ნაგვის ბუნკერებში საკვების მოპოვების უმძიმეს ხვედრს. მომკალით და არ მესმის, რატომ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ეს საქმე საპატრიარქოს გავლით. თუკი ეკლესია ხსნის ასეთ თავშესაფარს და იღებს მასზე პასუხისმგებლობას, მაშინ კეთილი ინებოს და დააფინანსოს ეს თავშესაფარი მისი საკმაოდ მსუყე შემოსავლებიდან, რომლებიც ცალკე სხვა და სხვა დაუბეგრავი საქმიანობიდან შემოსდის და ცალკე კიდევ სახელმწიფოსგან, ყოველწლიური 25 მილიონიანი გრანტის სახით. ამ საჩუქრით სახელმწიფო იმ ბავშვებს კი არ დაეხმარა, რომლებიც ამ თავშესაფარში ცხოვრობენ, არამედ საპატრიარქოს, რომლის ვალდებულებაც იყო ამ თანხის გადახდა და რომლის ნაცვლადაც გასწია სახელმწიფომ ხარჯი. როდესაც საპატრიარქოს სახელით გახსნილ დაწესებულებას ვუხდით თანხას, შეუძლებელია ამ თანხის ხარჯვის გაკონტროლება, რადგან საპატრიარქოს ფინანსები არაა გამჭვირვალე, სწორედ ამიტომაა უკეთესი, რომ ასეთი დაწესებულებები თავად სახელმწიფომ გახსნას, რომ ხარჯვითი ნაწილი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს და ვიღაც მუქთახორების ხელში არ მოხვდეს, რომლებმაც ისე ჩანთქეს 25 მილიონი, რომ 450 ათასი ლარიც აღარ დარჩათ ამ თავშესაფრის გადასარჩენად. მე არ მჯერა, რომ ეს 450 ათასი ლარი მივა იმ მიუსაფარ ბავშვებამდე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ვიღაცის ამოუვსებელ მუცელში ჩაიყრება. თავად ეს 25 მილიონიც არაა გამჭვირვალე და საზოგადოება იძულებულია სიტყვაზე ენდოს საპატრიარქოს წარმომადგენელს, რომელიც გვიცხადებს, რომ ამ თანხით ფინანსდება ეკლესიის სასწავლო დაწესებულებები. მე არ ვიცი, რა ფინანსდება ამ თანხებით, მე არ ვიცი ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტის თანხებს ვინ ისაკუთრებს და რა სამუშაოს ასრულებს ის ჩემთვის ამ თანხების სანაცვლოდ. ცოტა ხნის წინ, სახელმწიფომ ეკლესიას 38 მილიონის ღირებულების უძრავი ქონება აჩუქა ბობოყვათის რეზიდენციის სახით, რომელიც აუქციონზე დაახლოებით 100 მილიონამდე „აარტყამდაო“, როგორც ექსპერტები ამბობენ. აი ასე, აიღო და აჩუქა. გამაგებინოს ვინმემ, რატომ ნიავდება ჩვენი ყველას საერთო სიმდიდრე ასე? ეს იმხელა თანხებია, რომლებსაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია. სწორედ ეს არის აქ მთავარი პრობლემა. რეალურად, ამ სიტუაციაში არის უამრავი კორუფციული სქემის არსებობის შესაძლებლობა. სავსებით შესაძლებელია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ეკლესიისგან მიიღონ ე.წ. ატკატი, შესაძლებელია ისიც, რომ სასულიერო პირები ამ თანხებს პირადი გამდიდრებისთვისაც იყენებდნენ. ჩემი აღშფოთების ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ აგერ უკვე 20 წელზე მეტია, რაც ყველა მთავრობა უწყობს ხელს ეკლესიის გამდიდრებასა ძალაუფლების განმტკიცებას. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ ფინანსებსა და ძალაუფლებას იკრებს რელიგიური ორგანიზაცია და ჩვენ აღარ ვართ შორს იმ დღიდან, როცა ეკლესია გახდება ამ ქვეყნის რეალური მმართველი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მე თავად სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი და ვიცი, რა პრინციპით არჩევდნენ ხალხს მომავალი საეკლესიო კარიერისთვის, ისიც კარგად მახსოვს, რა მორალური პრინციპების მქონე ხალხი წინაურდებოდა ყველაზე მეტად და ძალიან მაშინებს ის გარემოება, რომ დღეს ყველაზე დიდი პოლიტიკური წონის მქონე ორგანიზაციის სათავეში დგანან გაუნათლებელი და უზნეო ადამიანები, რომელთა მიზანი არის ფული და ძალაუფლება. მე არ მინდა ირანის მსგავს სახელმწიფოში ცხოვრება, მე არ მინდა, რომ სასულიერო პირის კრიტიკისთვის ადამიანებს სჯიდნენ, მე მინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და რაც ყველაზე მთავარია, მინდა რომ ეს თავისუფალი ქვეყანა იყოს საქართველო და არა რომელიმე სხვა. ეკლესიის ფუნქცია არის ღვთისმსახურების აღსრულება და თავისი რელიგიური დებულებების ქადაგება, მეტი არაფერი. ეკლესიის საქმიანობის სფერო არ არის კანონმდებლობა, ბიზნესი, პოლიციური ფუნქციები და ა.შ., რის შეთავსებასაც ეს ორგანიზაცია ბოლო წლებია ცდილობს, თანაც საკმაოდ აგრესიული ფორმებით.
ქალბატონ მინისტრს მინდა შევახსენო, რომ დღეს მოდაში არა ეკლესიის ლანძღვა, არამედ რელიგიურობა და ეკლესიის ხელმძღვანელის გაფეტიშებაა. მთავრობების ასეთი მაამებლური და დამთმობი პოზიცია ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ირანიზაციას და ჩვენი საზოგადოების თავისუფლების დაკარგვას. მინდა გითხრათ, რომ ეგენი (სამღვდელოება) თქვენს მთავრობასაც გამოიყენებენ და მერე კიდევ უფრო მოძლიერებულნი და გამდიდრებულნი თქვენი წინამორბედებივით გაისტუმრებენ თქვენს მთავრობას ისტორიის სანაგვეზე. თქვენ ჩაჯდებით თვითმფრინავში და წახვალთ თქვენს სახლში, საფრანგეთში, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებით და მოგვიწევს ამ გაუნათლებელი მუქთახორების ხელში ცხოვრება, რის დაშვებაც ჩემთვის პირადად და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, დაღუპვის ტოლფასია. სწორედ ამიტომ დავწერე ის სტატუსი, მიუხედავად თქვენი ხელქვეითების გაფრთხილებებისა და სწორედ ამიტომ ვაპირებ ამ მარაზმთან ბოლომდე ბრძოლას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ მქონდა დუმილის უფლება და ეს ამბავი საჯაროდ უნდა განმეცხადებინა".


image




0
487
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0