x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საბჭოთა "ჯეიმს ბონდად" წოდებული აგენტი, რომელსაც სსრკ 20 წელი არ აღიარებდა

1941 წლის შემოდგომაზე ტოკიოში დააკავეს და სამი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს საბჭოთა მზვერავი რიხარდ ზორგე. მისი სიკვდილიდან 20 წლის მანძილზე სსრკ არ აღიარებდა მას თავის აგენტად. და მხოლოდ ნიკიტა ხრუშოვმა, თავისი მმართველობის ბოლოს, გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგ პატივი მიეგო და დაეჯილდოვებინა საბჭოთა სუპერაგენტი.

უცნობი გმირი

რიხარდ ზორგეს, სიკვდილის შემდეგაც კი, მთელი 20 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირი საკუთარ აგენტად არ აღიარებდა. უფრო მეტიც, თავად სსრკ-შიც 60-იან წლებამდე ცოტას თუ სმენია მის შესახებ. ზორგეს შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფრანგი ივ ჩამპის ფილმი სახელწოდებით "ვინ ბრძანდებით, დოქტორო ზორგე?". ამ ფილმის ნახვის შემდეგ ხრუშოვი დაინტერესდა ზორგეს პიროვნებით და ბრძანება გასცა შეესწავლათ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საარქივო მასალები. ხრუშოვს განზრახული ჰქონდა ზორგესთვის გმირის წოდებაც კი მიენიჭებინა, მაგრამ თავის მმართველობის დროს ეს ვერ მოასწრო. 1964 წელს რიხარდ ზორგეს შესახებ გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი მასალა გაზეთ "პრავდა"–ში. ხოლო ხრუშოვის გადადგომიდან დაახლოებით ერთ თვეში, გამოვიდა ბრძანებულება რიხარდ ზორგესთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების შესახებ.


გერმანელი ჯარისკაცი


image

პირველი მსოფლიო ომის დროს, მომავალი საბჭოთა მზვერავი გერმანიის მხარეზე იბრძოდა. ზორგე ფრონტზე მოხალისედ წავიდა და სამხედრო სამსახურისთვის მეორე ხარისხის რკინის ჯვარიც მიიღო. თუმცა ფრონტზე მას დიდხანს არ უბრძოლია - 1917 წელს მძიმედ დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევებით და სამი დღე უგონოდ იყო გადაკიდებული ეკლიან მავთულხლართებზე. ჰოსპიტალში მისთვის ფეხის ამპუტაცია უნდოდათ, მაგრამ ქირურგმა შეუძლებელი შეძლო და კიდური შეუნარჩუნა. თუმცა ჭირილობას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოპერაციის შემდეგ ფეხი სამი სანტიმეტრით დაუმოკლდა და დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ზორგე კოჭლობდა.

მარქსისტი


ჰოსპიტალში ყოფნისას მომვლელი მედდის წყალობით იგი დაუახლოვდა მარქსისებს და საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გერმანიის კომპარტიაში გაწევრიანდა. უნდა აღინიშნოს, რომ რიხარდის პაპის ძმა, ფრიდრიხ ზორგე, თავის დროზე კარლ მარქსის თანაშემწედ მუშაობდა და პირველი ინტერნაციონალის ერთ-ერთ ხელმძღვანელად ითვლებოდა.


ჭკვიანი ჟურნალისტი

ჟურნალისტური მოღვაწეობა ზორგესთვის, ცხადია პირველ რიგში ჯაშუშობისთვის საფარი იყო, მაგრამ ამ ამპლუაშიც კი მისი, როგორც ანალიტიკოსისა და კორესპონდენტის მიღწევები, მართლაც რომ შთამბეჭდავია. ბევრ ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა მისი რეპორტაჟები და ანალიზი, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ზორგე მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო, ფლობდა რამდენიმე ენას და კარგად ერკვეოდა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში. ჟურალისტურ სფეროში გარკვეულ ცნობადობას ზორგემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, გერმანიაში ცხოვრების დროს მიაღწია. მოგვიანებით, საბჭოთა დაზვერვაზე საიდუმლო მუშაობის დროს, ზორგემ შეძლო კორესპონდენტის ადგილი მიეღო შანჰაიში, ერთ-ერთი მსხვილი ბერლინური გაზეთისგან (რომლისთვისაც იგი წერდა ალექსანდრე ჯონსონის ფსევდონიმით). მას შემდეგ, რაც ჩინეთში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, ზორგე გაგზავნეს ტოკიოში, საიდანაც წერდა მსხვილი გერმანული გაზეთისთვის, მოგვიანებით კი იაპონიაში გერმანიის ელჩის პრეს-მდივნადაც კი დაინიშნა. ზორგე ლიტერატურითაც იყო გატაცებული: სიცოცხლეში მან სამი წიგნი გამოსცა, ხოლო იაპონიის ციხეში ყოფნისას მემუარებიც დაწერა.



გულთამპყრობელი

image
რიხარდ ზორგეზე ჯაშუშური ფილმების მთელი სერია იქნა გადაღებული - ის იყო კლასიკური სპეცაგენტის განსახიერება, ერთგვარი საბჭოთა ჯეიმს ბონდი. ამ უკანასკნელთან მსგავსება განსაკუთრებით თვალშისაცემია სასიყვარულო რომანებითაც, რომლებიც ზორგეს, ბონდის მსგავსად, საკმაოდ ბევრი ჰქონდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, დისერტაციაზე მუშაობის დროს, მან საკუთარ სამეცნიერო ხელმძღვანელს ცოლი "წაართვა". სასიყვარულო ინტრიგებისთვის თავი არც მას შემდეგ დაუნებებია, რაც ცოლად რუსი ეკატერინა მაქსიმოვა (იხ. სურათზე) მოიყვანა. მხოლოდ იაპონური დაზვერვის მონაცემებით ზორგეს ოცდაათზე მეტი საყვარელი ჰყავდა. მის გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ საყვარლების უმეტესობას იგი ინფორმატორებად იყენებდა, როგორც მაგალითად, ტოკიოში გერმანიის სამხედრო ატაშეს ცოლს.

გართობის მოყვარული

უამრავი საყვარელი გართობის მოყვარული ზორგეს ცხოვრების წესის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი იყო. აღმოსავლეთში მუშაობის დროს იგი ხშირად ერთვებოდა ჩხუბებში, ჭარბი რაოდენობით მოიხმარდა ალკოჰოლს და ტოკიოს ქუჩებში დააქროლებდა თავის საყვარელ, "ცუნდაპის" მარკის მოტოციკლს. ამასთან, ერთხელ ნასვამ მდგომარეობაში მოტოციკლის მართვის გამო იაპონიაში მთელი მისი ჯაშუშური ოპერაცია ჩვარდნის საშიშროების წინ დადგა - წვეულებიდან გამოსული ნასვამი ზორგე ავარიაში მოყვა და რაც მათავრია, ამ დროს ხელში ეჭირა საიდუმლო მასალები. მიუხედავად გატეხილი თავის ქალისა და ტვინის შერყევისა, მაინც სასწაულებრივად შეძლო მასალები მეწყვილესთვის გადაეცა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ექიმებს უფლება საოპერაციში გაეყვანათ.

გამჭრიახი ზორგე

image
ითვლება, რომ პირველად სწორედ ზორგემ აცნობა ტოკიოდან მოსკოვს გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღის, გერმანიის შეიარაღებისა და ვერმახტის სამხედრო გეგმის ზოგადი სქემის შესახებ. თუმცა სსრკ-ს პარტიულმა ხელმძღვანელობამ ზორგეს ინფორმაციას არ დაუჯერა. სტალინს, როგორც ცნობილია, ბოლო მომენტამდე ეჭვი ეპარებოდა გერმანიასთან სამხედრო შეტაკების შესაძლებლობაში. ამასთან, ზორგეს მიმართ ნდობაც იმ მომენტისთვის შემცირებული იყო. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ზორგე ორმაგი აგენტიც კი იყო. მას შემდეგ კი, რაც აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამართლდა და გემანიამ მართლა დაიწყო სამხედრო მოქმედება სსრკ-ს წინააღმდეგ, ზორგეს ინფორმაციას უფრო მეტი გულისყურით მოეკიდნენ.

სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზორგემ ზუსტად განსაზღვრა, რომ იაპონია საბჭოთა კავშირზე თავდასხმას არ აპირებდა. ეს ინფორმაცია მოსკოვს სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. კერძოდ, ვინაიდან აღმოსავლეთის საზღვრებთან საჯარისო ნაწილების კონცენტრირება საჭირო აღარ იყო, კრემლმა დასავლეთის მიმართულება გააძლიერა და გერმანიას საბჭოთა კავშირის სწრაფი დაპყრობის გეგმა ჩაუშალა.


საბჭოთა კავშირის დარღვევის შემდეგ ზორგეს კიდევ ერთი, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი პროფესიული დამსახურებაც გამომჟღავნდა. როგორც გასაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მან მეორე მსოფლიო ომისწინა და უშუალოდ ომის პერიოდში იაპონიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, გადაწყვეტილების უშუალო მიმღებები, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია და მათზე ირიბი ზემოქმედებით, პრაქტიკულად, ისტორიის ჩარხი საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ შემოატრიალა.

კერძოდ, ზორგემ დაარწმუნა იაპონიის ხელისუფლება, შეეცვალათ სტრატეგიული სამიზნე. ისტორიული ფაქტი, რომ იაპონიამ, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ნაცვლად, პერლ ჰარბორის ჟლეტა მოაწყო, სწორედ მისი საქმიანობის შედეგი იყო.











4
1722
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1722
  
2020, 8 მარტი, 5:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 იანვარი, 2:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 იანვარი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 ნოემბერი, 16:37
საინტრესოა:)
ნამცხვარიც არის „დოქტორი ზორგე“ ჰქვია, ნამდვილად არ ვიცოდი, ისტორია :)
0 1 4