x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შიზოფრენია
imageშიზოფრენია მიეკუთვნება
ფსიქოზური რეგისტრის აშლილობათა ჯგუფს. შიზოფრენიის მქონე ადამიანები კარგავენ რეალობის აღქმას.
მათი უნარი, შეიმეცნონ გარემო და ადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ გარემოს გამღიზიანებლებზე
იმდენად პრობლემური ხდება, რომ შესაძლოა ხელი შეეშალოთ სახლში, სკოლაში ან სამსახურში ფუნქციონირებაში. შესაძლოა ჰქონდეთ ჰალუცინაციები (უობიექტო აღქმა) ან ბოდვა (მცდარი აზრები/მსჯელობა) ან შესაძლოა ჩაიკეტონ თავის სამყაროში.

შიზოფრენიის სიმპტომები - შეიძლება დაჯგუფდეს სამ კატეგორიაში: პოზიტიური სიმპტომები ( აზროვნების, ემოციისა და ქცევის ჭარბად გამოხატული გამოვლინებები), ნეგატიური სიმპტომები (დეფიციტი აზროვნებაში, ემოციასა და ქცევაში) და ფსიქომოტორული სიმპტომები (უჩვეულო მოძრაობები ან ჟესტები).

შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში დომინანტურია პოზიტიური სიმპტომები, ზოგიერთის შემთხვევაში - ნეგატიური სიმპტომები. თუმცა ტიპურად ორივე სახის სიმპტომები გარკვეული ხარისხით მაინც ვლინდება. საშუალოდ, მამაკაცების შემთხვევაში უფრო ვლინდება ნეგატიური სიმპტომები,
მაშინ როდესაც პოზიტიური სიმპტომები ქალებთან და მამაკაცებთან თანაბრად გვხვდება. დამატებით უნდა ითქვას, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანების დაახლოებით ნახევარს აქვს მეხსიერებისა და სხვა კოგნიტური ფუნქციების სერიოზული სირთულეები.

პოზიტიური სიმპტომები - „პათოლოგიური დანამატებია“. ქვემოთ ჩამოთვლილია შიზოფრენიის დროს ყველაზე ხშირი პოზიტიური სიმპტომები: ბოდვა (Delusions) - იდეები, რომლებისაც შიზოფრენიის მქონე ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, თუმცა ამ იდეებს არ აქვს რეალური საფუძველი. ბოდვა მცდარი და უსაფუძვლო აზრია, რომლისაც უკრიტიკოდ სჯერა ინდივიდს და არ იზიარებს მისი სოციალური გარემო. ყველაზე ხშირია დევნის ბოდვა (Delusions of persecution) - ადამიანს სჯერა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, მასზე ჭორაობენ, მის დისკრიმინაციას გეგმავენ, ჯაშუშობენ და ა.შ.


რეფერენსული ბოდვა (Delusions of reference) - ადამიანი სხვის მოქმედებებს,
მოვლენებსა და საგნებს ანიჭებს განსაკუთრებულ პიროვნულ მნიშვნელობას. განდიდების ბოდვა (Delusions of grandeur) - ადამიანებს სჯერათ, რომ არიან დიდი გამომგონებლები, რელიგიური მხსნელები ან სხვა განსაკუთრებული ძალით მოსილი პიროვნებები.

კონტროლის ბოდვა (Delusions of control) - ადამიანებს სჯერათ, რომ
მათ გრძნობებს, აზრებს, მოქმედებებს აკონტროლებენ სხვა ადამიანები.

დეზორგანიზებული აზროვნება და მეტყველება - შიზოფრენიის მქონე ადამიანი
შეიძლება ვერ აზროვნებდეს ლოგიკურად, ჰქონდეს უწესრიგო, არეული აზრები და მეტყველებდეს უცნაურად, მისთვის დამახასიათებელი მანერით. ეს ხშირად იღებს თავისუფალი ასოციაციების ფორმას - ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა (გადახტომა), ამ დროს ადამიანს სჯერა, რომ მისი არათანმიმდევრული საუბარი აზრიანია. ზოგჯერ
წინადადებაში ერთი სიტყვაც კი ხდება ერთი თემიდან მეორეზე გადასვლის მიზეზი.

შიზოფრენიის მქონე ზოგიერთი ადამიანი იყენებს ნეოლოგიზმებს (ახალი, გამოგონილი სიტყვები, რომლებსაც მნიშვნელობა მხოლოდ ამ ადამიანისათვის აქვს), აქვთ პერსევერაციები (სიტყვებისა და წინადადებების გამეორება).

გაძლიერებული აღქმა და ჰალუცინაციები - გაძლიერებული აღქმის დროს ადამიანს აქვს განცდა, რომ მისი შეგრძნებები შთაინთქმება გარემოში არსებული სანახაობებისა და ხმების მიერ. მის ყურადღებას იქცევს გარემოს სრულიად უმნიშვნელო გამღიზიანებლები, რაც იწვევს მის დაძაბვას, შეშფოთებას და გაღიზიანებას.

ჰალუცინაცია (Hallucinations) - არის უობიექტო აღქმა.
ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა შეგრძნების მოდალობაში.
სმენითი ჰალუცინაციები - ყველაზე ხშირია შიზოფრენიის დროს. ამ დროს ადამიანებს ესმით ბგერები ან ხმები. შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ხმა უშუალოდ მას მიმართავს - აძლევს ბრძანებას ან აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ან შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ხმა შემთხვევით გაიგო;

ტაქტილური ჰალუცინაციები - ჩხვლეტა, წვა, ელექტრო შოკური შეგრძნებები.სომატური ჰალუცინაციები - შეგრძნება, თითქოს სხეულის შიგნით რაღაც ხდება. მაგალითად, გველი დაცოცავს მუცელში.

მხედველობითი ჰალუცინაციები - ფერების ბუნდოვანი აღქმა, ადამიანებისა და საგნების განსხვავებული აღქმა.

გემოვნებითი ჰალუცინაციები - საჭმლისა და სასმელის უცნაური გემოს შეგრძნება.

ყნოსვითი ჰალუცინაციები - გრძნობენ სუნს, რომელსაც სხვა ვერავინ გრძნობს.

შეუსაბამო აფექტი (Inappropriate Affect) - სიტუაციურად შეუსაბამო, არაადეკვატური ემოციები. ინდივიდმა შეიძლება გაიცინოს, როდესაც შეატყობინებენ საშინელ ამბავს ან შეიძლება გაბრაზდეს მაშინ, როდესაც სასიამოვნო და სასიხარულო სიტუაციაშია.

ნეგატიური სიმპტომები - პათოლოგიური დეფიციტია. ქვემოთ ჩამოთვლილია შიზოფრენიის დროს ყველაზე ხშირად შემხვედრი ნეგატიური სიმპტომები:
მეტყველების გაღარიბება - შიზოფრენიის მქონე ადამიანები ხშირად ამჟღავნებენ ალოგიას ანუ მეტყველების გაღარიბებას, რაც შეიძლება გამოხატული იყოს მეტყველების სიმწირეში ან მეტყველების შინაარსის გამარტივება-გაღარიბებაში. გასადავებული ემოცია - შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ გასადავებული ემოციები. ნაკლებად ამჟღავნებენ და გამოხატავენ ემოციებს, მათი სახე უმეტყველოა, ხმა - მონოტონური, არ ამყარებენ თვალით კონტაქტს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ანჰედონიას - სიამოვნების მიღების შეუძლებლობას. სურვილის დაკარგვა - შიზოფრენიის მქონე ბევრი ადამიანი განიცდის აპათიას, ენერგიისა და ინტერესებისგან დაცლას. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ამბივალენტური (ერთმანეთის საწინააღმდეგო, კონფლიქტური გრძნობები) გრძნობები ბევრი რამის მიმართ.სოციალური ჩაკეტვა- შიზოფრენიის მქონე ადამიანი შეიძლება ჩაიკეტოს თავის სოციალურ გარემოში და იცხოვროს მხოლოდ საკუთარი იდეებითა და ფანტაზიებით. გამომდინარე იქიდან, რომ მათი იდეები ალოგიკური და არეულია, ეს მდგომარეობა იწვევს ადამიანის სერიოზულ დაშორებას არსებული რეალობისგან.

ფსიქომოტორული სიმპტომები - შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ზოგჯერ აქვთ ფსიქომოტორული სიმპტომები, რაც გულისხმობს - მოუქნელ მოძრაობებს,

განმეორებად გრიმასებს (სახის მანჭვა) და მოჭარბებულ ჟესტებს, ხელის მოძრაობებს.
ამ მოძრაობებს ხშირ შემთხვევაში აქვს თავისი დანიშნულება - რიტუალური ან მაგიური. ფსიქომოტორული სიმპტომების ექსტრემალური ფორმა არის - კატატონია.
კატატონიური სტუპორის დროს - ადამიანი წყვეტს რეაგირებას გარემოზე (სრული მოტორული შეკავება). კატატონიური აგზნების დროს - სახეზეა ხელებისა და ფეხების ქაოტური მოძრაობები. ასევე შეიძლება ვლინდებოდეს კატატონიური რიგიდობა
და კატატონიური პოზირება. ბოლო წლებში დომინირებს გენეტიკური და ბიოლოგიური კვლევები შიზოფრენიის გამომწვევი მიზეზების ახსნაში.

გენეტიკური ფაქტორები - მკვლევრებს სჯერათ, რომ ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს შიზოფრენიის ბიოლოგიურ პრედისპოზიციას და მოგვიანებით უვითარდება შიზოფრენია, როდესაც ხვდება ექსტრემალურ სიტუაციაში. როგორც წესი გვიანი მოზარდობისა და ადრეული მოზრდილობის ასაკში. ბიოქიმიური პათოლოგიები - დოფამინის ჰიპოთეზის მიხედვით, შიზოფრენია გამოწვეულია ნეიროტრანსმიტერ დოფამინის გადაჭარბებული აქტივობით. ტვინის პათოლოგიური სტრუქტურა - სხვადასხვა კვლევებით მტკიცდება, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანებს აქვთ თავის ტვინში სტრუქტურული ცვლილებები. მაგალითად, გაფართოვებული პარკუჭები, შედარებით მცირე საფეთქლის წილები და შუბლის წილები, ქერქული რუხი ნივთიერების მცირე რაოდენობა და პათოლოგიური სისხლის დინება თავის ტვინში - რაც გულისხმობს, ზოგიერთ არეში შემცირებას, ხოლო ზოგიერთ არეში - გაზრდას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შიზოფრენია დაკავშირებულია სტრუქტურულ და უჯრედულ პათოლოგიებთან ისეთი სტრუქტურების, როგორებიცაა: ჰიპოკამპი, ამიგდალა და თალამუსი.
ფსიქოდინამიკური ახსნა - ფროიდი განიხილავდა შიზოფრენიას, როგორც რეგრესიისა
და ეგო-კონტროლის აღდგენის შედეგად განვითარებულს, რეიხმანი კი მიიჩნევდა, რომ შიზოფრენია გამოწვეულია ცივი და არააღმზრდელობითი მშობლების მიერ. ის აღწერდა დედებს, როგორც ცივს, უინტერესოსა და უგუვებელმყოფებს - უწოდებდა მათ შიზოფრენოგენურ დედებს (Schizophrenogenic mothers).

ქცევითი ახსნა - ბიჰევიორისტები შიზოფრენიის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ ოპერანტულ განპირობებასა და განმტკიცების პრინციპებს.

კოგნიტური ახსნა - ამ თეორიის მიხედვით, შიზოფრენიის მქონე ადამიანი

გადის „რაციონალურ ბილიკს - სიგიჟემდე“. ეს თეორია ეთანხმება ბიოლოგიურ ხედვას, რომ ჰალუცინაციებისა და აღქმის სირთულეების დროს თავის ტვინი მართლაც გამოიმუშავებს უცნაურ და არარეალურ შეგრძნებებს - შეგრძნებებს, რაც გამოწვეულია
ბიოლოგიური ფაქტორებით. თუმცა, აშლილობის შემდგომი მახასიათებლები თავს იჩენს, როდესაც ადამიანი ცდილობს გაიგოს თავისი უჩვეულო შეგრძნებები. როდესაც პირველად ესმის ხმები, ის ტრიალდება გარშემომყოფებისაკენ. როგორც წესი, სხვები უაყოფენ ხმების არსებობას და ადამიანი აკეთებს დასკვნას, რომ სხვები სიმართლის დამალვას ცდილობენ. ისინი უარყოფენ ყველა უკუკავშირს და უვითარდებათ ბოდვა.
სოციოკულტურული ახსნა - ამ თეორიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არიან სოცალური და კულტურული ძალების ზემოქმედების ქვეშ.

შიზოფრენიის განვითარებაში წვლილი შეაქვს - მულტიკულტურულ ფაქტორებს, სოციალურ სტიგმას (labeling) და ოჯახის დისფუნქციას.

პარანოიდული ტიპის ძირითადი მახასიათებლები არის გამოხატული ბოდვა და სმენითი ჰალუცინაციები, შედარებით შენახული კოგნიტური ფუნქციონირებისა და აფექტის ფონზე. ტიპურად დამახასიათებელია დევნის ბოდვა და გრანდიოზული ბოდვა, ან ორივე ერთად.

დაწყების ასაკი, სხვა ქვეტიპებთან შედარებით დროში უფრო გადავადებულია. ჩვეულებრივ, ნეიროფსიქოლოგიურ ან სხვა კოგნიტური შეფასების დროს ვლინდება მსუბუქი შეფერხება ან ნორმა. ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, პროგნოზი პარანოიდული ტიპის შიზოფრენიის დროს, სხვა ქვეტიპებთან შედარებით,
უკეთესია. განსაკუთრებით ყოველდღიური საქმიანობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების თვალსაზრისით.

პარანოიდული ტიპის შიზოფრენიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები DSM-IV-ის მიხედვით: ადგილი აქვს ერთ ან მეტ ბოდვას ან ხშირ აუდიტორულ ჰალუცინაციებს.

არ აქვს ადგილი: დეზორგანიზებულ მეტყველებას, დეზორგანიზებულ ან კატატონიურ ქცევას, ან გასადავებულ ან შეუსაბამო ემოციებს.

შიზოფრენიის ეს ქვეტიპი ყველაზე გავრცელებული ტიპია მთელს მსოფლიოში.
კლინიკურ სურათში დომინირებს პარანოიდული ბოდვები, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ჰალუცინაციები, განსაკუთრებით სმენითი ჰალუცინაციები და
აღქმის დარღვევები. მიმდინარეობა შეიძლება იყოს ეპიზოდური, დროებითი ან სრული რემისიებით და ქრონიკული.
ყველაზე ხშირად შემხვედრი პარანოიდული სიმპტომებია: დევნის ბოდვა, რეფერენსული ბოდვა, განდიდებული შობა (exalted birth), განსაკუთრებული მისია, სხეულებრივი ცვლილება ან ეჭვიანობა;ჰალუცინატორეული ხმები, რომლებიც ემუქრებიან პაციენტს ან აძლევენ ბრძანებებს ან სმენითი ჰალუცინაციები ვერბალური
ფორმის გარეშე - სტვენა, სიცილი და ა.შ.ყნოსვისა და გემოს ჰალუცინაციები,
სექსუალური ან სხულებრივი შეგრძნებები. მხედველობითი ჰალუცინაციებიც შეიძლება ვლინდებოდეს, თუმცა არა როგორც დომინანტური სიმპტომი.
დეზორგანიზებული ტიპის შიზოფრენიის ძირითადი მახასიათებელია დეზორგანიზებული მეტყველება, დეზორგანიზებული ქცევა და გასადავებული ან არაადეკვატური აფექტი. ამ მდგომარეობას ICD-10-ის მიხედვით ეწოდება ჰებეფრენიული შიზოფრენია. აფექტური ცვლილებები დომინანტურია, ბოდვები და ჰალუცინაციები ფრაგმენტული, ქცევა უპასუხისმგებლო და არაპროგნოზირებადი, დამახასიათებელია მანერიზმი. გუნება-განწყობა არაადეკვატურია და ხშირად მოჰყვება, ხითხითი, ღიმილი, გრიმასები, მანერიზმები, სიცელქე.

აზროვნება დეზორგანიზებულია, მეტყველება უთავბოლო და არათანმიმდევრული. ამ ტიპის შიზოფრენია, როგორც წესი იწყება 15 - დან 25 წლამდე და აქვს ცუდი პროგნოზი ნეგატიური სიმპტომების სწრაფი განვითარების გამო.

კატატონიური ტიპის შიზოფრენიის ძირითადი მახასიათებელია აშკარა ფსიქომოტორული დარღვევები, რაც შეიძლება მოიცავდეს:
მოტორულ უძრაობას - კატალეფსია ან სტუპორი; გადაჭარბებულ მოტორულ
აქტივობას - უმიზნო, არ არის გამოწვეული გარეგანი სტიმულით. ექსტრემალურ ნეგატივიზმს; მუტიზმს; ნებითი მოძრაობის თავისებურებებს; ექოლალიებს; ექოპრაქსიებს.

ვლინდება ფსიქომოტორული დარღვევები. ძირითადი მახასიათებლები შეიძლება ვლინდებოდეს უკიდურეს ფორმებში - ჰიპერკინეზები და სტუპორი, ავტომატური მორჩილება და ნეგატივიზმი. აკვიატებული დამოკიდებულებები და პოზები შეიძლება შენარჩუნებული იყოს დიდი ხნის განმავლობაში.

არადიფერენცირებული ტიპის შიზოფრენია

ძირითადი მახასიათებელია
სიმპტომების არსებობა, რომელიც ხვდება შიზოფრენიის A კრიტერიუმს (შიზოფრენიის ზოგადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი), თუმცა არ ხვდება პარანოიდული, დეზორგანიზებული ან კატატონიური ტიპის შიზოფრენიის კრიტერიუმს.

რეზიდუალური ტიპის შიზოფრენია
ეს დიაგნოზი ისმევა, როდესაც სახეზე იყო სულ მცირე ერთი ეპიზოდური შიზოფრენია, თუმცა მიმდინარე კლინიკური სურათი არ აჩვენებს პოზიტიური ფსიქოტური სიმპტომების არსებობას. ვლინდება ნეგატიური სიმპტომები.
ჰალუცინაციებისა და ბოდვის არსებობის შემთხვევაში, ეს სიმპტომები არ არის დომინანტური და არ მოჰყვება ძლიერი აფექტი.
რეზიდუალური ტიპის შიზოფრენიის მიმდინარეობა შეიძლება იყოს დროში ლიმიტირებული და წარმოადგენდეს გარდამავალ ეპიზოდს სრულ რემისიამდე. ან ვლინდებოდეს წლების განმავლობაში, გამწვავევის გარეშე.

პოსტ - შიზოფრენიული დეპრესია
დეპრესიული ეპიზოდი, აღმოცენებული, როგორც შედეგი შიზოფრენიის ავადმყოფობის, შეიძლება გახანგრძლივდეს. შიზოფრენიის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება ვლინდებოდეს, თუმცა აღარ დომინირებს კლინიკურ სურათში. რთულია განასხვავო
დეპრესიული სიმპტომები დამახასიათებელი ნაწილია შიზოფრენიის თუ ფსიქოლოგიური რეაქციაა მასზე. დეპრესიული სიმპტომები იშვიათად არის წარმოდგენილი იმ სიმძიმით, რომ შეხვდეს მძიმე დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმებს. ასევე რთულია განასხვავო, სიმპტომები დეპრესიის მახასიათებლებია, ნეიროლეპტიკური მედიკამენტებით არის გამოწვეული თუ აფექტური გასადავებით,
რაც თვითონ შიზოფრენიის მახასიათებელია.

მარტივი შიზოფრენია
იშვიათი აშლილობა, როდესაც სახეზეა უცნაური ქცევების ფარული, თუმცა პროგრესული განვითარება. საზოგადოების მოთხოვნების მიმართ გულგრილობა, ზოგადი ფუნქციონირების გაუარესება. ბოდვა და ჰალუცინაციები არ ვლინდება
და მდგომარეობა ნაკლებად ფსიქოზურია ვიდრე შიზოფრენიის ჰებეფრენიული, პარანოიდული და კატატონიური ქვეტიპების დროს.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხეტიალს ინდივიდი გახდეს უმიზნო, უმოქმედო.

დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:
ნივთიერებით გამოწვეულ ფსიქოტურ აშლილობასთან; ნივთიერებით გამოწვეულ
დელირიუმთან; ნივთიერებით გამოწვეულ პერსისტენტულ დემენციასთან;ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებულ აშლილობებთან;გუნება-განწყობის აშლილობებთან,
ფსიქოტური ნიშნებით; შიზოაფექტურ აშლილობებთან.











4
895
3-ს მოსწონს
ავტორი:0 ნინო ხურცილავა 0
0 ნინო ხურცილავა 0
895
  
2016, 12 თებერვალი, 23:35
არაფრის შემოგევლე! თემატური სტატიაა. შესაძლებლობის ფარგლებში ამომწურავია. მადლობა ამისთვის მიყვარს თემატური სტატიები.თქვენ ალბათ ან ფსიქოლოგი ხართ ან ფსიქიატრი ან უბრალოდ ასეთი თემები გაინტერესებთ
2016, 12 თებერვალი, 22:36
მადლობააა
2016, 9 თებერვალი, 22:17
სტატია მოვიწონე უეჭველი.
2016, 9 თებერვალი, 22:16
საინტერესო სტატიაა ძალიან. ყოჩაღ ავტორო! პარანოიდული შიზოფრენია მართალია აშაკარად გამოხატული დარღვევებით არ ვლინდება მაგრამ საშიშია.არც ზოგიერთი სხა არის გამონაკლისი, მაგრამ შიშები შიზოფრენიაზე გადა|ცარბებულია ჯანმრეთEლი ადამიანებიც კლავენ ხალხს.
0 1 4