x
ირაკლი კაკაბაძე- გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს სულ ტყუილად დასდო ბრალი იმაში, რომ მან თითქოს ქართველი ერი "დაუნებს შეადარა".
4 თებერვალი, 14:01

image
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშილის მიმართ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას ირაკლი კაკაბაძე სოციალური ქსელით ეხმიანება:


"ირაკლი კაკაბაძე
რატომ გამოვაქვეყნე და კიდევ გამოვაქვეყნებ "ნიჩურტას".
პასუხად ბატონ გოგი თოფაძის უპასუხისმგებლო გამოსვლას,
გუშინ ბატონმა გოგი თოფაძემ ვფიქრობ ყოველგვარი საფუძველის გარეშე გააკეთა სრულებით უპასუხისმგებლო განცხადება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სულ ტყუილად დასდო ბრალი იმაში, რომ მან თითქოს ქართველი ერი "დაუნებს შეადარა". ეს გარდა იმისა რომ ფაქტობრივი სიცრუეა, რომელიც ამხელა ასაკის კაცს და საქართველოს პარლამენტის წევრს არანაირად არ ეკადრება. მეორეც, მან თავის გამოსვლაში უკადრებელი იკადრა დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის მიმართ და მათს წინაშეც დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი. წარმოუდგენელია რომ ამხელა ასაკის კაცი და საქართველოს პარლამენტის რამოდენიმე მოწვევის წევრი, ასეთ ყველა გაგებით საშინელ განცხადებას აკეთებს - ეს ყველა ჩვენთაგანისთვის დიდი ტრაგედიაა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გიორგი მარგველაშვილის არაჩვეულებრივი წერილის "ნიჩურტას" მიერ გაკეთებული დასკვნების სიმართლეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეურაცხმყოფელი იმ წერილში არაფერი ყოფილა და ზოგადად არც არავის შეურაცხმყოფელი.
2001 წელს მე გახლდით მთავარი რედაქტორი იმ ჟურნალისა, რომელმაც დაბეჭდა გიორგი მარგველაშვილის ძალიან კარგი პოპულარულ-მეცნიერული ნაშრომი "ნიჩურტა - მე ქართველი ვარ". ამ წერილში ავტორი სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერულ ენაზე ძალიან კარგად ასაბუთებს ქართველი ხალხის დღევანდელი და ბოლო 200 წლის - ხაზს ვუსვამ ბოლო 200 წლის - სულიერ ინფანტილურობას და შედეგად უპასუხისმგებლობას. უპასუხისმგებლობას, რომელსაც შედეგად გონებრივი ჩამორჩენილობა მოჰყვება - ანუ მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ, "დებილიზმი".
ბატონ თოფაძეს, კარგად უნდა მოეხსენიებოდეს, რომ იმპერიალიზმის კალთას ამოფარებული ერი თუ ხალხი, სწორედ იმ ბავშვის ინფანტილურ მდგომარეობაშია, რომელიც ყველანაირ პასუხისმგებლობას იცილებს ცხოვრებაში, და რომელსაც საუბედუროდ არ გააჩნია დამოუკიდებლად განსაზღვრული ცხოვრების საზრისი. ასეთი ერი, თუ ინდივიდი, ვერანაირად ვერ არის "მთლიანი" - მარგველაშვილი აქ ძალიან კარგად იყნებს უზნაძისეულ განმარტებას და სწორედ ქართული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ძირებიდან იღებს. ის არ მირბის უცხოელებთან ამ თეზების ასაღებად და ბატონ თოფაძესთან შედარებით ამაში ბევრად უფრო ქართველიც არის. დიახ, მე-19-მე-20 საუკუნეებში ქართველმა ხალხმა ინფანტილური და სასათბურე პოზა მიიღო და უარი განაცხადა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაზე მსოფლიო თანამეგობრობაში. მარგველაშვილი არაჩვეულებრივად კარგად ხსნის შემოქმედებითობის საწყისს დამოუკიდებელი პიროვნებისათვის. დამოუკიდებელი პიროვნების ან ერის სწრაფვა შემოქმედობისაკენ (რაც ღმერთის მიერ მასზე დაკისრებული მთავარი მისსიაა სიყვარულთან ერთად), არის რისკებით და გაურკვევლობებით სავსე გზა, სადაც ყოფნა ხშირად ნამდვილად საშიშია. მაგრამ თუ ადამიანს ან ერს პრეტენზია აქვს შემოქმედობაზე, იგი სხვას კი არ უნდა ბაძავდეს - არამედ თვით ქმნიდეს საკუთარ მსოფლმხედველობრივ პროდუქტს. ეს კი მხოლოდ კოსმოსში დამოუკიდებელი და დიახაც საშიში გასეირნების შემდეგ ხდება. ფაქტი ფაქტად რჩება რომ ქართველი ერის დიდმა ნაწილმა (და გამონაკლისები ნამდვილად არსებობს, ვთქვათ პაკო სვიმონიშვილის, იგივე გურამ პეტრიაშვილის, ნაირა გელაშვილის, გოდერძი ჩოხელის, ზურაბ რთველიაშვილის და სხვათა შემოქმედებაში) არჩია, რომ ჯერ რუსული მოდელისთვის მიებაძა, და ახლა კი ეს მოდელი ჩაანაცვლა დასავლურით. დღეს დასავლური "პოლიტკორექტულობა" ისეთივე დოგმაა "ნიჩურტირებული სიდებილით" აღსასვსე ქართული ელიტებისთვის, როგორც გუშინ იყო ვლადიმირ ლენინის ან თუნდაც კონსტანტინ სიმონოვის ნაშრომები. საქმე იმაში კი არაა, რომ ვთქვათ ან რუსია ცუდი ან დასავლელი - საქმე ჩვენს მონურ და ინფანტილურ მდგომარეობაშია. ჩვენ დღესაც "ძლიერ ბატონს" ვეძებთ - ჩვენი საზოგადოება სავსეა ინფანტილური კარიერისტებით და უსაქმურებით, რომლებიც ვაშონგტონიდან, მოსკოვიდან ან რომელიმე სხვა მეტროპოლისიდან ცდილობენ როგორც იდეების, ასევე შემოსავლის ცოდნას. ამ მდგომარეობას, როგორც გონებრივ ჩამორჩენილობას, არაერთი სხვა მოაზროვნე აღწერს კარგად, და მათს შორის ფრანც ფანონი, როდესაც ის აღწერს დამონებული აფრიკელი ერების ელიტების სწრაფვას, რომ ისევ კოლონიალისტების ეკონომიკურ კალთებს ამოეფარონ და ისევ მათთან ერთად უკვე ეკონომიკურად გაატყავონ საკუთარივე ხალხი. ეს გონებრივი ჩამორჩენინილობაც არის საოცარი უზნეობაც და გიორგი მარგველაშვილი აბსოლუტურად მართალი იყო 2001 წელსაც, როდესაც მისი ეს ნაწერი "დრო მშვიდობისაში" გამოქვეყნდა და სამწუხაროდ დღეს - როდესაც ქართული საზოგადოება გაყოფილია რუსეთისა და დასავლეთის მონებად ყოფნის ენთუზიასტ კარიერისტებად, რომელთაც მხოლოდ ერთი რამის თქმა უნდათ "ნიჩურტა - მე ქართველი ვარ" - ყველაზე მაგარი და ამავე დრო ყველაზე მონა ერი, რომელიც ისე გამოგადგები იმპერიებს, რომ ჩემზე უკეთესი არავინაა.
სწორედ ამაშია, ჩვენი მთავარი უბედურება. ბატონი თოფაძე თვლის რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დასავლური კორპორატიული სამყაროს მონები - და მას ურჩევნია, რომ რუსეთის მონები ვიყოთ. ის ღრმად სცდება, რადგან მონობა არავითარ შემთხვევაში არ მოგვიტანს ბედნიერებას და თავისუფლებას.
პრეზიდენტის და თითოეული ჩვენგანის ვალია რომ საკუთარ ერს სიმართლე პირდაპირ ვუთხრათ, როგორც "მოყვარეს" და დიპლომატიური საუბარი რა თქმა უნდა ბევრთან შეიძლება მსოფლიოში. გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოთვლილი ფაქტორები დღესაც ძალიან აქტუალურია ჩვენი ცხოვრებისათვის. ის დღეს არის ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მოაზროვნე, რომელმაც ეს საკითხი ასე პირდაპირ და მართლად დასვა. დიახ, ეს სწორედ თავადი ილია ჭავჭავაძის ტრადიციებიდან მოდის. მისი "ბედნიერი ერი" ხომ ძალიან კარგი მაგალითი იქნებოდა ბატონი თოფაძისთვის და მისნაირად მოფიქრალი ხალხისთვის, რომ მოეთხოვათ ილია ჭავჭავაძისთვის არა მხოლოდ წმინდანობის, არამედ საქართველოს "სულიერი მამობის" და "განმანათლებლობის" წოდების ჩამორთვემისათვის. როგორ, ილიამ რომ ჩვენს ერს უშფოთველი ქვემძრომელები უწოდა (ხომ არ გახსენდებათ ფრაგმენტები თანამედროვეობიდან? ) - "ყველა ყრუი, ყველა ცრუი - ყველა ფლიდი - ცუღლუტი და მანკიერი"- ბატონო გოგი "ყველაო" წერს ილია ჭავჭავაძე - გამოდის რომ ჩვენც გვეხება და თქვენცა.. სასწრაფოდ ველოდები თქვენს გამოსვლასა ილია ჭავჭავაძის - ყვარლელი თავადის და თავხედური გამოხტომის წინააღმდეგ. ტიტუუუ! ეს რა გვაკადრეს - ეს რა აკადრეს ჩვენს წარჩინებულ კაპიტალისტებს, ბურჟუებს, ქვემძრომ პოლიტიკოსებს, და კარიერისტ ბიუროკრატებს.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
2001 წელს თავისი წერილითაც და დღესაც თავისი გამოსვლით გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ კაცის ტრადიციებს აგრძელებს, რომელმაც აგრერიგად მართლად დაწერა "ბედნიერი ერი". მის გარდაც ბევრი მწერალი და მოაზროვნე წერდა ამაზე. მისი ოპონენტები კი იმედია ფილიპე მახარაძის გზას არ დაადგებიან ან სერგო ორჯონიკიძისას. ესეც უბედურება იქნება.
გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ ქართველი ერის იმდროინდელ და ამდროინდელ მდგომარეობაზე ლაპარაკობს და არა მის ზოგად შესაძლებლობასა თუ ნიჭზე. ამაში ქართველ ერს პრობლემა არა აქვს. მთავარია მან "ნიჩურტას" პოსტ-კოლონიური სინდრომი გადაძლიოს და ნამდვილად დამოუკიდებლად შეეძლოს აზროვნება და ქცევაც."imageimageimageimage

572
2-ს მოსწონს
1-ს არა
5
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
4 თებერვალი, 18:24
აბსოლიტური სიმართლეა ნათქვამი. თოფაძე ვერც ხვდება რომ საქციელით პირდაპირ ამტკიცებს იმას რაც პრეზიდენტმა თქვა ქართველ ერზე. თოფაძემ გადახედოს თავის განვლილ ცხოვრებას, ჩაიხედოს სარკეში და თავის თავს მაინც უთხრას სიმართლე თუ ამის უნარი აქვს შერჩენილი. მისნაირებისთვის ქართველი ხალხი საწველი ძროხაა და მაღალი ეროვნული ფასეულობები უცხოა.
0 1 1
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ახალი გამოკითხვის შედეგები
Intermedia.ge -ზე 1-4 ოქტომბერს ჩატარებულ გამოკითხვაში დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? მონაწილეობა მიიღო 6495 საარჩევ...
ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!
რატომ ჩამოვიდა ოქრუაშვილი, ამ საკითხზე საზოგადოებაში მაღალი ი...
დიდი "ფულაობა" თბილისის მერიაშიდიდი "ფულაობა" თბილისის მერიაში
ელიტარული კორუფციის ვირტუალური სახეები ძმები შარანგიები, ბოლო დრომდე ასრულებდნ...
ოქრუაშვილი გამოძიებას  ულტიმატუმს უყენებს?!ოქრუაშვილი გამოძიებას ულტიმატუმს უყენებს?!
გლდანის მერვე საპყრობილეში ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა თავდაცვის ...
ვანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირავანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირა
ამ დღეებში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმ...
სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!
დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელ facebook-ით გა...
გიგა ბოკერია: საქართველოს პატრონი არ ყავს!გიგა ბოკერია: საქართველოს პატრონი არ ყავს!
საქართველოს ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლებ...