x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დანაშაულის ფსიქოლოგია და დამნაშავეთა ტიპები

imageადამიანის ქცევა რთული და მრავალფაქტორიანი მოვლენაა. თითოეული მოქმედება განისაზღვრება
მისი ადგილმდებარეობით, პიროვნების
ზოგად სამოქმედო სტრუქტურაში.
ინდივიდის განვითარების
მიმდინარეობისას, ინდივიდუალური
ქცევითი სისტემები ტრანსფორმირდება
ბევრად უფრო რთულ ქცევით სტრატეგიებად, რის შემდეგაც ინდივიდის ბაზაზე ყალიბდება ინდივიდუალური, პიროვნებისათვის დამახასიათებელი ქცევითი ტიპი.
პიროვნების მიერ განხორციელებული ქცევითი აქტივობა, ემსახურება მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლები და თავისებურებები, ყველაზე კარგად, ზუსტად მის მიერ განხორციელებულ ქცევით აქტივობაში გამოიხატება.


დელიქვანტური ქცევა ეწოდება, პიროვნების მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ კანონებს. თავისი არსით დანაშაული წარმოადგენს ქცევის სპეციფიკურ ფორმას, რომელიც ჩვეულებრივი ქცევისაგან განსხვავდება მისი შინაარსობრივი დატვირთვით და საზოგადოების მხრიდან მისი შეფასებით.

მოძალადე ყოველთვის ეძებს თავისზე სუსტს რადან იცის, თავისი “სიძლიერე” მხოლოდ შედარებითია და ხვდება, თავისზე ძლიერს ვერასდროს შეერკინება, რადგან გარდაუვალი დამარცხება ხვდება წილად. მაგრამ განა ვინ შეიძლება იყოს მანიაკზე, მკვლელზე, მოძალადეზე სუსტი, მხდალი და დაცემული?! ალბათ არც არავინ, ან ძალიან ცოტა. მაშ რატომ ხდება დანაშაული?! პასუხი მარტივია: ადამიანი ექსტრაორდინალურ სიტუაციაში კარგავს მოქმედების უნარს და თავისი დაბნეულობით დამნაშავეს უბიძგებს დანაშაულის ჩადენისაკენ, რაც ერთგვარი წაქეზებაც კია.

არაერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც დამნაშავეს თავი უმართლებია მხოლოდ იმით, რომ აღუნიშნავს, დაზარალებულმა თავისი სისუსტით, თავისი უმწეობით მიმიზიდა და გამიჩინა სურვილი გამენადგურებინა იგიო.
რა თქმა უნდა, ასეთი სასაცილო და ამასთანავე სატირალი ახსნა ალბათ არც კი გაგონილა, მაგრამ წმინდა ფსიქოლოგიური ხედვა გვასწავლის, რომ დამნაშავე რაღაც მხრივ მართალია, როდესაც ამბობს, რომ მისმა სისუსტემ უბიძგა მას ავის ქმნისაკენ. აბა ადამიანი აჩვენებდეს თავის ძალას იქ, სადაც ამის საჭიროებაა, მაშ დანაშაულები აღარ იქნებოდა?! ალბათ იქნებოდა, მაგრამ არა ისეთი საზარელი და მრავალფეროვანი, როგორსაც დღეს ვხედავთ. მაგრამ საზოგადოების პრობლემა სხვა რამეშია. ადამიანები თავიანთ ძალას აჩვენებენ იქ, სადაც ან ამის საჭიროება არ არის, ან მეტიც, უკურეაქციას გამოიწვევს. თუმცაღა საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან, რომ სწორად მოიქცნენ.

არსებობს კრიმინალური ქცევის რამდენიმე ტიპი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დამნაშავეთა ფსიქოლოგიური აღწერა. არსებული ტიპოლოგია აგებულია კონტინიუმზე,
ერთ უკიდურეს მხარეს განიხილება დამნაშავეთა ის ტიპები, რომელთათვისაც დანაშაული, როგორც ასეთი, წარმოადგენს თვითმიზანს, მეორე მხარეს კი განიხილება დამნაშავეთა ის ტიპები, რომლებიც დანაშაულს სოციალური ზეგავლენიდან გამომდინარე ჩადიან და მათი უშუალო მიკუთვნება დანაშაულებრივ ქმედებასთან განპირობებულია კონფორმულობის მაღალი დონით.

პირველი ტიპი ხასიათდება ანტისოციალური ქცევისადმი მზაობით. ამ შემთხვევაში მიზანია არა მხოლოდ ქმედების სისრულეში მოყვანა, არამედ თავად საქმიანობის პროცესი.ასეთი ტიპის კრიმინალი ახლოსაა ფსიქიკურ აშლილობასთან. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მოთხოვნილება აქტუალიზირდება დამოუკიდებლად, გარემო პირობების ზემოქმედების გარეშე.ასეთი ტიპის ადამიანისთვის ყოველგვარი სიამოვნება დაკავშირებულია კრიმინალურ ქმედებასთან.

მეორე ტიპი არ ეწინააღმდეგება დევიანტურ ქცევას.ის თავიდანვე მისაღებად მიიჩნევს კრიმინალურ საქმიანობას.ამგვარი ქმედებით იკმაყოფილებს ზოგიერთ მოთხოვნილებას და ანტისოციალური ქცევის განხორციელება პრობლემის გადასაწყვეტ კანონიერ ქცევაზე უფრო ეფექტურ გზად მიაჩნია.დამნაშავე სოციალურად მისაღებად თვლის, საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოძებნოს ობიექტი ან სიტუაცია, რომელსაც გამოიყენებს დევიანტური ქმედების განსახორციელებლად.

მესამე ტიპის კრიმინალური ქმედების წინაპირობაა დანაშაულის ჩადენისთვის შესაბამისი პირობები. ამ შემთხვევაში პირადი ღირებულება არ არის საკმარისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ასეთ ადამიანს არ აქვს პრობლემა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ არსებობს შესაბამისი ხელსაყრელი პირობები და დაცულია ამ ადამიანის უსაფრთხოება, ის ჩაიდენს დანაშაულს.

მეოთხე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას თან ახლავს შინაგანი წინააღმდეგობა. ინდივიდი ფიქრობს, რომ არ არსებობს პრობლემის გადაწყვეტის კანონიერი გზა, ამასთანავე განიცდის საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობას, მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად კი ანტისოციალურ ქმედებას ხედავს. ამ ტიპის ადამიანები არიან პოტენციური კრიმინალები, რომელთაც იციან, რომ მათი ქცევა არის რისკის შემცველი და მიუღებელი.ამის გამო განიცდიან წინააღმდეგობას საკუთარ თავთან და ჩადიან დანაშაულებრივ ქმედებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია გამოუვალია.

მეხუთე ტიპის დამნაშავის ქცევა ხასიათდება იმპულსურობით, აფექტური მდგომარეობებით, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციაზე რეაქციის გამოსახატად ჩნდება. რეაქცია ძირითადად ვლინდება ფიზიკურ ძალადობაში, შეურაცხყოფასა და მატერიალური ზიანის მიყენებაში.ამ ტიპის ადამიანის ქცევა შესაძლოა გამოიხატოს როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური მდგომარეობის, აგრეთვე მომატებული ნერვული მდგომარეობის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ფონზე.ასეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედება შესაძლოა გამოწვეული იყოს სტერეოტიპების არსებობითაც.

მეექვსე ტიპის დამნაშავეთა დევიანტურ ქმედებას განაპირობებს კონფორმულობა (ჯგუფთან მიკუთვნებულობის გრძნობა). ჯგუფის წევრობის სურვილი, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა და არამყარი ანტიკრიმინალური ღირებულებები განაპირობებს იმას, რომ დამნაშავე ვერ ეწინააღმდეგება არაკანონიერი ქმედების განხორციელების მოთხოვნას. ამ ტიპის დამნაშავის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ბავშვობაში მშობელთა მხრიდან განხორციელებული ძალადობა და დასჯა მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, აგრეთვე პიროვნების შინაგანი მორჩილება სოციალური ნორმების მიმართ და შიში იმისა, რომ თუ მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას არ შეასრულებს, დაისჯება.

0
1683
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
1683