x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
სტრესი და მასთან გამკლავების გზები
imageსტრესი


სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური (ზოგადი) რეაქციაა მეტისმეტად ძლიერ
ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ
გამღიზიანებელზე. ექიმები და
ფსიქოლოგები განასხვავებენ სტრესის
დადებით და უარყოფით ფორმებს,
ხოლო გამომწვევი მიზეზის კვალობაზე
გამოყოფენ ნერვულ-ფსიქიკურ, სიცხის,
სიცივის, სინათლის, ანთროპოგენურ
და სხვა სახის სტრესებს.



სტრესის ფორმები

თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ სტრესს ორგანიზმზე ყოველთვის დამანგრეველი, ნეგატიური გავლენა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით ჰანს სელიემ სტრესები დადებითებად და უარყოფითებად დაყო.დადებით სტრესს ეუსტრესი უწოდა, ხოლო უარყოფითს - დისტრესი.

ტერმინ ეუსტრესს ორი მნიშვნელობა აქვს:


1. სტრესი, რომელიც გამოწვეულია დადებითი ემოციით;

2. არცთუ ძლიერი სტრესი, რომელიც იწვევს ორგანიზმის მობილიზებას.

დისტრესი ის სტრესია, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება.
ის ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას და მძიმე სომატური და ფსიქიკური
დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

სტრესის წყაროა:

ტრავმა ან კრიზისული სიტუაცია;
ახლობლის დაკარგვა;
კონფლიქტები ან ურთიერთობა უსიამოვნო ადამიანებთან;
წინააღმდეგობა, რომელიც არ გვაძლევს დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას;
აუსრულებელი ნატვრა ან საკუთარი თავისთვის წაყენებული მკაცრი მოთხოვნები;
მონოტონური სამუშაო;


დანაშაულის განცდა იმის გამო, რაშიც, შესაძლოა, ბრალი არც კი მიგვიძღოდეს;
ფინანსური სირთულეები;
კამათი განსაკუთრებით ძვირფას ადამიანებთან (სტრესს იწვევს იმის ყურებაც, როგორ
კამათობენ ოჯახის წევრები).


რისკჯგუფები:

ქალბატონები, რამდენადაც ისინი მამაკაცებზე გაცილებით ემოციურები არიან;
მოხუცები და ბავშვები;
დაქვეითებული თვითშეფასების მქონენი;
ნევროტიკები;


სტრესის ყველაზე ხშირი გამოვლინება

ადამიანის ორგანიზმზე სტრესული ფაქტორების მოქმედების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა: დეპრესია, უძილობა და შფოთვა.

დეპრესია

დეპრესია ლათინური "დეპრიმო"-დან წარმოდგება და დათრგუნვას ნიშნავს.
ეს ფსიქიკური მოშლილობაა, რომელსაც ახასიათებს დეპრესიული ტრიადა:
1. გუნება-განწყობილების დაქვეითება, სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა (ანჰედონია);

2. აზროვნების მოშლილობა - უარყოფითი აზრები, ირგვლივ მიმდინარე მოვლენათა

მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება;
3. მოძრაობითი დამუხრუჭება.

უძილობა

ძილის პროცესი ძირითადად დამოკიდებულია ღვიძილის დროს ადამიანის ორგანიზმზე მოქმედ შინაგან და გარეგან გამღიზიანებლებზე. სტრესული ფაქტორების ზემოქმედების დროს ადამიანი დროულად ვერ იძინებს, იღვიძებს ჩვეულებრივზე ადრე, ძილი არის
ზერელე, მოუსვენარი. უძილობა თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტოგენური ძალების დაქვეითებას. ქრონიკული უძილობის დროს ორგანიზმში მცირდება
მელატონინის გამომუშავება, რაც თავის მხრივ, აღრმავებს დეპრესიის განვითარებას.


მელატონინი გამომუშავდება თავის ტვინში და ღამე ღრმა, მშვიდ ძილს, დღისით კი მხნეობასა და შრომისუნარიანობას განაპირობებს. ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს სწორედ მელატონინი არეგულირებს.

შფოთვა

შფოთვა, ისევე როგორც დეპრესია, ცვლის ადამიანის ჩვეული ცხოვრების სტილს. მას მუდმივად აქვს შიშისა და წუხილის ერთობლივი განცდა, რომელიც ვლინდება გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნებით, არაადექვატური შიშით და ა.შ. ხშირია პანიკური შეტევები, აკვიატებული აზრები და მოქმედებები.


სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგები:


გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასაკმარისი ძილი, ავადმყოფობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება, აქვეითებს ორგანიზმის გამძლეობას სტრესისადმი. დადასტურებულია, რომ სტრესი შემთხვევათა 80%-ში იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო, ენდოკრინული და სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებას. სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი
ზემოქმედება იწვევს არტერიული წნევის მატებას, ტაქიკარდიას, საკვების მონელების დარღვევას, ლიბიდოს დაქვეითებას, თმის ცვენას, ხშირ ავადმყოფობას, ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ალერგიის, ფსორიაზის, კუჭის წყლულის გამწვევება. სტრესის მავნე გამოვლინებებია ასევე: თავბრუსხვევა, კუნთების დაჭიმულობა, განსაკუთრებით კისრისა და ქვედა კიდურების მიდამოებში, თავის ტკივილი, გამონაყარი და იმუნიტეტის დაქვეითება, ხელების კანკალი, ცახცახი, სისუსტე და დაღლილობა.

სტრესის დაძლევის ხერხები:

1.ათიოდე წუთით განმარტოვდით, ჩამოაფარეთ ფარდები, მოიკალათეთ დივანზე და
ნელა დაითვალეთ ათამდე. ამის შემდეგ გააკეთეთ პაუზა და გონება ქვედა კიდურებისკენ მიმართეთ.შეეცადეთ, მაქსიმალურად მოადუნოთ კუნთები, ჯერ ტერფისა და წვივის, შემდეგ ბარძაყის და ასე, ვიდრე თავამდე არ მიხვალთ.
2. მაქსიმალური მოდუნებისთვის კუნთები აამუშავეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და
ტერფისა და წვივის კუნთები დაჭიმეთ, ხოლო ამოსუნთქვისას მოადუნეთ.თუ ფეხებში
სასიამოვნო სითბომ დაგიარათ, ესე იგი, ყველაფერს სწორად აკეთებთ.იგივე სავარჯიშო
შეასრულეთ მუცლის, მხრისა და კისრის კუნთებისთვის.
3.მღელვარებისას სუნთქვა ხშირდება. სცადეთ, შეანელოთ სუნთქვის რიტმი: ღრმად
ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამოსუნთქვას მთელი თქვენი შფოთვა და მღელვარება უნდა ამოაყოლოთ.უფრო უკეთესი იქნება, თუ წარმოსახვით ბუშტს გაბერავთ და ყველა უსიამოვნო ფიქრს მასში ჩაუშვებთ.ახლა იმაზე იფიქრეთ, რა ფერისაა ეს ბუშტი, დიდია თუ პატარა.მერე კი თქვენს პრობლემებთან ერთად ცაში გაუშვით.
4. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან ჩიტების ჟღურტულს.
5. ერთ ალბომში მოუყარეთ თავი ყველა იმ ფოტოსურათს, რომლებზეც თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთებია აღბეჭდილი. მღელვარებისას აუჩქარებლად დაათვალიერეთ ეს სურათები. აუცილებლად დამშვიდდებით.
6. საოჯახო საქმიანობა სტრესის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი გზაა. მოაწესრიგეთ
საქაღალდე, სამუშაო მაგიდა, გარდერობი, კარადა, კაბინეტი.თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები.
7. გაიკეთეთ მსუბუქი წერტილოვანი მასაჟი: იპოვეთ ცხვირის ფუძეზე მტკივნეული წერტილი და რამდენჯერმე დააჭირეთ თითი.
8. თუ ემოცია გახრჩობთ, მიეცით თავს უფლება, მისგან გათავისუფლდეთ.ურტყით ბალიშს, დახიეთ ქაღალდის ფურცლები.
9. სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, პრობლემებიდან ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.
10. კარგად გამოიძინეთ. ადვილი შესაძლებელია, დილით გამოსავალი გამოჩნდეს.


0
1426
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
1426