x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნორმა და პათოლოგია


image

რა არის ფსიქიკური დაავადება? რა არის ანომალური ქცევა? რომელი გამოვლინება უნდა ჩაითვალოს
ფსიქოპათოლოგიად და რომელი არა?
ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა განვსაზღვროთ რას ნიშნავს ნორმალური ფუნქციონირება, ნორმა და რა იგულისხმება ნორმიდან გადახრაში?
სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირების კანონზომიერება განსხვავდება მისი
სხეულის ფუნქციონირებისაგან, სომატური და ფსიქიკური სფეროს დაავადების აღმოცენება და
მიმდინარეობა რადიკალურად განსხვავდება.
როგორც ავღნიშნეთ, დაავადება გულისხმობს ადამიანის ორგანიზმის, ორგანოს ან ორგანოს ნაწილის
ნორმალური, გენეტიკურად განპირობებული ფუნქციონირების დარღვევას, რასაც სხვადასხვა სახის გამოვლინებები - სიმპტომები მოყვება. ამ დარღვევების უმრავლესობა „არის-არ არის პრინციპით ვლინდება“. მაგ., კუჭის წყლული ან არის, ან არ არის, მოციმციმე არითმია ან არის ან არ არის და ა.შ. ზოგიერთი მახასიათებელი, მაგ., არტერიული წნევა ან სიცხე კონტინუუმის სახით არის წარმოდგენილი - ძალიან დაბალი, დაბალი, საშუალო, მაღალი მაჩვენებლები. ამ შემთხვევაში პათოლოგიად ითვლება რაღაც კონკრეტული მაჩვენებლის, გარკვეულ ზღვარს მიღმა მაჩვენებელი. მაგ., არტერიული წნევის შემთხვევაში ჰიპერტონიად ითვლება მუდმივად
140-ზე მაღალი მაჩვენებლები; ასევე ანომალურია სისტოლური 60-70 წნევა, თუმცა არიან ადამიანები ვისთვისაც ნორმაა მუდმივად 90 სისტოლური ან 130-140 სისტოლური წნევა. შესაბამისად, პოპულაციისათვის საშუალო სტატისტიკური სისტოლური წნევაა 110. იგივე შეიძლება ითქვას სხეულის ტემპერატურაზეც:
35 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა, ისევე როგორც 38-ზე მაღალი - არ არის ნორმალური და ორგანიზმისთვის საშიშროებას წარმოადგენს. საშუალო სტატისტიკური ნორმალური ტემპერატურა პოპულაციაში 36 გრადუსია, თუმცა არიან ინდივიდები, ვისთვისაც ნორმაა 35 და 37 გრადუსიც კი. ფსიქიკურ სფეროში გამოვლინებათა უმრავლესობა კონტინუუმს წარმოადგენს, მაგ., გუნება-განწყობის
დაქვეითება სხვადასხვა ხარისხისაა, ისევე როგორც შფოთვა, შიში, ან მაგ., ინტელექტი. თუმცა არის გამოვლინებები, ანუ სიმპტომები, რომლებიც კატეგორიული პრინციპით ვლინდება, მაგ. ჰალუცინაცია ან ილუზია: ან არის, ან არ არის.
მეორე მხრივ, ორგანოს ან მისი ფუნქციის დარღვევა სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს და ზოგ შემთხვევაში ეს არ იყოს პათოლოგია. მაგ., თუ კუჭის ფუნქციონირების მაგალითს ავიღებთ, კუჭის წყლული კუჭის ქსოვილის დაზიანებაა, რაც მის ფუნქციონირებას არღვევს და იწვევს კუჭის პათოლოგიას. თუმცა კუჭის ფუნქციონირების დარღვევა შეიძლება არ იყოს გამოწვეული ქსოვილის დაზიანებით, მომატებული იყოს კუჭის წვენის სეკრეცია, რაც ასევე იწვევდეს კუჭის ფუნქციონირების დარღვევას - გულძმარვა, საჭმლის მონელების პრობლემა.ეს არ არის დაზიანება, მაგრამ დისფუნქციაა - ფუნქციის მოშლა. შეიძლება კუჭი ნორმალურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში დისტრესის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგ.,
ერთდროულად ჭარბი საკვების მიღებამ შეიძლება კუჭის ფუნქციონირება დროებით გაართულოს, თუმცა ეს არ იქნება დარღვევა და არც დისფუნქცია. ანალოგიით იგივე შეიძლება ითქვას ფსიქიკურ სფეროზეც: ერთია დეპრესია, რაც გუნება-განწყობის ისეთ ცვლილებას გულისხმობს, რაც არღვევს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებას და შესაბამისად მის გარემოსთან ადაპტაციას; მეორეა გუნება-განწყობის ისეთი დაქვეითება, რაც დისფუნქციონალურია, ართულებს ადამიანის გარემოსთან ადაპტაციას მაგრამ არ იწვევს სრულ დარღვევას. ასევე, ახლობლის დაღუპვით გამოწვეულ დისტრესს
გუნება-განწყობის დაქვეითება მოჰყვება, მაგრამ ეს დროებითი რეაგირებაა სტრესზე და არა პათოლოგია.
შესაბამისად, პათოლოგია, ანომალია ისეთი დარღვევაა, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და მის გარემოსთან ადაპტაციას დროებით ან ხანგრძლივად.
ფსიქიკურ სფეროში ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, ფსიქიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ იქნება სომატური დაავადების ანალოგიური. მაგ., შფოთვა ისეთი მდგომარეობაა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანის გარემოსთან ურთიერთობისათვის, რადგან მას დაცვითი ფუნქცია აქვს.
შფოთვის რა დონეა პათოლოგიური? რა გამოვლინებების შემთხვევაში აქვს ადამიანს შფოთვითი აშლილობა? ან მაგ., ყველას გვქონია ეჭვიანი აზრები, ან ერთეული აკვიატებული აზრები თუ მოქმედებები, შიშიც ბევრს განგვიცდია, თუმცა
პათოლოგიად ეს არავის ჩაუთვლია.
აბა სად არის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის? როგორი ქცევები განიხილება ნორმიდან გადახრად? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა განვიხილოთ „ნორმის“ ცნება.
ვეიქფილდის მიხედვით (Wakefield, 1992) ფსიქიკურ სფეროში ანომალიად, პათოლოგიად ჩაითვლება ადამიანის ფუნქციების მექანიზმების ისეთი დარღვევა, რომელიც მავნეა და საფრთხეს უქმნის ადამიანის კარგად ყოფნას, რაც სოციალური ღირებულებებითა და მნიშვნელობით არის განსაზღვრული“.
ნორმიდან გადახრა ფუნქციონირების ისეთი დარღვევაა, რომელიც:
ხელს უშლის ადამიანის მიერ მისი ასაკის შესაფერისი სოციალური როლის განხორციელებას. საშიში და საფრთხის შემცველია ადამიანისათვის და
მისი უახლოესი გარემოსათვის.
ნორმა შესაძლებელია სხვადასხვა კუთხით იყოს გაგებული, კერძოდ:
სტატისტიკური ნორმა
ფუნქციონალური ნორმა
იდეალური ნორმა
სოციალური, კულტურული ნორმა
იურიდიული ნორმა
ფსიქიატრიული ნორმა
სუბიექტური ნორმა
სტატისტიკური ნორმა
განისაზღვრება პოპულაციისათვის დამახასიათებელი ცენტრალური
ტენდენციით, ანუ საშუალოთი, ის რაც საშუალოდ უმეტესობას ახასიათებს. პოპულაციაში ქცევა და სხვა ფსიქიკური გამოვლინება ნორმალურია, თუ ის უმეტესობას ახასიათებს.

ანომალიაა ის, რაც იშვითად გვხვდება და უჩვეულოა. მართლაც ბევრი თვისება პოპულაციაში ნორმალური განაწილების პრინციპს ექვემდებარება - ეს იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის ნიშანი, თვისება მიუხედავად გარკვეული ვარიაციისა პოპულაციის უმეტესობაში გვხვდება. მაგ. ინტელექტის სტანდარტული მაჩვენებლის განაწილება ვექსლერის ტესტის მიხედვით.

ნორმის საშუალო სტატისტიკური გაგების მიხედვით ფსიქიკური აშლილობა არის ის, რაც დევიანტურია, გადახრილია პოპულაციის უმრავლესობის ფსიქიკური
ფუნქციონირებიდან და პოპულაციისათვის იშვიათ, უჩვეულო ნიშნებში ვლინდება. მაგ., ჰალუცინაცია, ან პერსევერაცია იშვიათი და უჩვეულო ფენომენია პოპულაციის უმეტესობისათვის, შესაბამისად, ის ანომალიაა.
სტატისტიკურ მოდელში სერიოზული პრობლემაა საზღვრის დაწესება,
რომელი მაჩვენებლის შემდეგ ითვლება კონკრეტული ფენომენი ანომალიად? მედიცინაში, როდესაც განსაზღვრავენ, მაგ., რაიმე ნივთიერების მავნე ზემოქმედების ხარისხს, ან მაგ., რადიაციის, მიღებულია ე.წ. ფუნქციონალური ნორმა, ანუ
გარემოში ნივთიერების ან რადიაციის ის მაჩვენებლები, რომლებიც უკვე მავნედ ზემოქმედებენ ადამიანზე და იწვევენ მისი ორგანიზმის/ორგანოების ფუნქციონირების მოშლას. ან, მაგ., სისხლის ფორმულის განსაზღვრისას ნორმად ითვლება ერითროციტების, ლეიკოციტების და სხვა პარამეტრების მაჩვენებლების კონკრეტული დიაპაზონი, რომლის ზემოთ ან ქვემოთ მაჩვენებლები პათოლოგიად ითვლება. ფსიქიკურ სფეროში ასეთი საზღვრის დაწესება მრავალ სირთულესთან
არის დაკავშირებული, პირობითი და ფარდობითია. ჩვენ შეიძლება ობიექტური, სტანდარტული საზომი გამოვიყენოთ კონკრეტული ფენომენის, მაგ., ინტელექტის ან შფოთვის შესაფასებლად, მაგრამ ნორმიდან გადახრის განსაზღვრა პირობითია სტანდარტულ სკალაზეც კი. მაგ., რატომ არის ანომალია 2 სტანდარტული გადახრა და არა მაგ., 2.5 სტანდარატული გადახრა?რატომ არის მოსაზღვრე მდგომარეობა კონკრეტული მაჩვენებელი, მაგ., ინტელექტის შემთხვევაში 79-70 და არა სხვა მაჩვენებელი? და ა.შ.
იდეალური ნორმა
უფრო ფილოსოფიური კატეგორიაა - სხვადასხვა მსოფლმხედველობრივ
და ფილოსოფიურ სისტემებში სრულყოფილების განსხვავებული გაგებაა. შესაბამისად განსხვავებულია იდეალური, სრულყოფილი ადამიანის თვისებები და მახასიათებლები. ამ კონტექსტში ანომალური, დევიანტურია ის, რაც არ შეესაბამება იდეალს. ხშირად სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიები სწორედ იდეალურ ნორმას მოიაზრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნების ქვეშ. მაგ., ჰუმანისტური
ფსიქოლოგიის მიხედვით ფსიქიკური ჯანმრთელობა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: თვით-აქტუალიაზაცია, სტრესისადმი მდგრადობა, ავტონომია, კომპეტენცია და რეალობის აღქმა. აღმოჩნდება, რომ ყველა ეს კრიტერიუმი საკამათო და ბუნდოვანია. მაგ., ავტონომიის ცნება- რამდენად ავტონომიური უნდა იყოს ადამიანი? პიროვნება, რომელსაც ეს თვისება უკიდურესად გამოხატული აქვს, შიზოიდურ ტიპად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე - კომპეტენციაც, ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და გაუგებარია რა ხარისხის კომპეტენტურობის განცდა ითვლება ჯანმრთელად.
კომპეტენტურობის მოჭარბებული განცდა უკვე აკრიტიკულობაში გადადის.

სოციალური ნორმა

საზოგადოებაში დამკვიდრებულია კონკრეტული კულტურისა
და სოციუმისათვის მიღებული ქცევის ნორმები და წესები, რომლებიც ამ საზოგადოებაში გავრცელებულ ღირებულებებს ეფუძნება. საზოგადოებები და კულტურები განსხვავდებიან ადამიანის ქცევის ინტერპრეტაციით - ის, რაც მისაღებია და ნორმაა ერთ კულტურაში, მიუღებელია სხვაში და შესაბამისად აღიქმება როგორც გადახრა, დევიაცია. შესაბამისად სოციალური, კულტურული
ნორმა ღირებულებებსა და რწმენებს, კონკრეტული საზოგადოების ისტორიულ პრაქტიკას ეფუძნება. ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით, ანომალური ქცევა, ფსიქოპათოლოგია მეცნიერული ცნება კი არ არის, არამედ ღირებულებითი კატეგორიაა - ის, რაც მიუღებელია - ანომალურია. მაგ., საბჭოთა კავშირში მიუღებელი იყო ოპოზიციური აზრის გამოთქმა და სოციალური კონტროლის გავრცელებული მეთოდი იყო დისიდენტი პიროვნებების სულით ავადმყოფებად გამოცხადება. საბჭოთა
ფსიქიატრიაში ტერმინიც კი არსებობდა: „დუნედ მიმდინარე შიზოფრენია“. ადამიანს, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი და არსებული ვითარების გარდაქმნა სურდა, დააბრალებდნენ, რომ ის შეპყრობილია საზოგადოების გარდაქმნის
ბოდვით და გაამწესებდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
სწორედ ამიტომ, სოციალური ფსიქიატრიის ფუძემდებელი სასი
(Szasz, 1977) თვლიდა, რომ ფსიქოპათოლოგიის ცნება მეცნიერული კონსტრუქტი კი არა - სოციალური კონსტრუქტია, ღირებულებითი აირლიყია და საერთო არაფერი აქვს ადამიანების შესახებ ფსიქოლოგიური ფაქტების ობიექტურ აღწერასთან.
როგორც ყველა სხვა სოციალური კონსტრუქტი, ფსიქოლოგიური ნორმალურობისა და პათოლოგიურობის კონსტრუქტები ღირებულებებზეა დაშენებული, ემსახურება ინდივიდთა გარკვეული ჯგუფებისა და ინსტიტუციების ძალაუფლების განმტკიცებას
და სოციალური წესრიგის დამყარების საშუალებაა.
ფსიქიატრი მ. ვილსონი (1993) თვლიდა, რომ ფსიქიკური ნორმა და პათოლოგია მრავალგანზომილებიანი ფენომენია, ფსიქიკური აშლილობა რეალურად სამედიცინო
მდგომარეობა კი არ არის, არამედ უფრო სოცალური, პოლიტიკური და იურიდული პრობლემაა. ამიტომ ძნელია მკაფიო ზღვარი გაატარო ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აშლილობას შორის.



იურიდიული ნორმა
დაკავშირებულია პიროვნების შერაცხადობისა და ქმედუნარიოანობის
ცნებასთან, ანუ საკუთარი ქცევის კონტროლისა და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების საკითხთან. ფსიქიკური აშლილობის საკუთრივ იურიდიული განმარტება არ არსებობს, ამიტომ იურიდიული ნორმის გაგება ეყრდნობა სამედიცინო/ფსიქიატრიულ და ზოგჯერ სოციალურ გაგებასაც.

იურიდიული ნორმა განსაკუთრებით აქტუალურია დანაშაულის
კვალიფიკაციისა და ინდივიდის დამოუკიდებელი ფუნქციონირების საკითხის განსაზღვრისათვის. ანუ იურიდიულად ფსიქიკურად ნორმალურია ინდივიდი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების
მიღება, აკონტროლებს თავის ქცევას, აცნობიერებს და პასუხს აგებს თავის ქმედებებზე.
ამ შემთხვევაშიც საკმაოდ პირობითი და ბუნდოვანია საკუთარი ქმედების გაცნობიერებისა და დფამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ცნებები. აღმოჩნდება, რომ პიროვნების ქმედუნარიანობის
განსაზღვრაზე დიდ გავლენას ახდენს ნორმის სოციალური გაგება, ხოლო საკუკეთესო შემთხვევაში ნორმის ფსიქიატრიული გაგება.


ფსიქიატრიული ნორმა
ნეგატიური განმარტებაა - ის, რაც არ არის ფსიქოპათოლოგია.
ნორმაა ადამიანის ისეთი ქცევითი გამოვლინებები, რომლებიც საშუალოდ ტიპურია პოპულაციისათვის, არ იწვევს ინდივიდის და გარშემომყოფების დისტრესს და რომლებიც ხელს არ უშლიან ადამიანს გარემოსთან შეგუებაში.
ფსიქიატრიაში მიღებული სამედიცინო მოდელის მიხედვით
გადახრა, ანუ დევიაცია ბიოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგია, რომელიც იწვევს პათოლოგიას, რაც გარკვეული ნიშნების ერთობლიობაში ვლინდება. შესაბამისად ჩარევა და მკურნალობა ასევე ბიოლოგიური/ფიზიკური გზით უნდა მოხდეს, ანუ მედიკამენტების გამოყენებით.

სუბიქტური ნორმა
ადამიანი ცხოვრების განმავლობაში აგროვებს გამოცდილებას,
მას აქვს გარკვეული ცოდნა, გარემოსთან ურთიერთობის თავისი სტილი და ა.შ. დაავადება ზოგჯერ აფერხებს ინდივიდის ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს, ხელს უშლის მას თავისი ასკაის შესაფერისი როლის შესრულებაში და თავისი მიზნების განხორციელებაში. პრემორბიდი არის ინდივიდის ავამდყოფობამდელი
მდგომარეობა, როგორი იყო ის, სანამ პრობლემები შეექმნებოდა? სუბიექტური ნორმა სწორედ არის ის, რაც კონკრეტული ინდივიდის პრომორბიდს შეადგენს: განათლება, გამოცდილება, ცხოვრების სტილი, ინტერესები, ცოდნა, კომუნიკაციის უნარი და ა.შ. ანომალია, გადახრა და პათოლოგია არის ის, რაც კონკრეტული ინდივიდისთვის არ არის დამახასიათებელი მის ავადმყოფობამდელ გამოცდილებასთან, პრემორბიდთან შედარებით. ამ შემთხვევაში ინდივიდს სტატისტიკურ ნორმას, ანუ ჯგუფს კი არ ვადარებთ, არამედ საკუთარ თავს შეუძლოდ ან ავად გახდომამდე. ეს მეტად
მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ, მაგ., დემენციის დაწყებისას ზოგიერთი ინდივიდის ჯგუფთან შედარება არ იძლევა რეალურ სურათს. ძალიან მაღალი შესაძლებლობების მქონე ინდივიდების იდენტიფიკაცია ამ გზით შეუძლებელია. თუკი ასეთ ინდივიდს საკუთარ თავს შევუდარებთ ჩივილების დაწყებამდე: მაგ., როდესაც ინდივიდი ჩივის,
რომ მას ძალიან კარგი მეხსიერება ჰქონდა და დაუქვეითდა, თუმცა ჩვენი შეფასებით ის ნორმის ფარგლებშია.

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:0 ნინო ხურცილავა 0
0 ნინო ხურცილავა 0
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0