x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
სტოკჰოლმის სინდრომი #1

imageთავი პირველი
მირზა ექიმი იყო.
დაახლოებით 40 წლის…
მიუხედავად თავისი ფართო კონტაქტებისასამედიცინო წრეში, საკუთარ ქალიშვილს, ლილის, ვერაფერი უშველა და გოგონა 15 წლის ასაკში, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა…
გოგონა დეპრესიამ შეიპყრო და შინ გამოიკეტა…
მამას, რა საკვირველია, ძლიერ აწუხებდა შვილის ბედი, მაგრამ თავადაც უკვე იმედდაკარგული, ქალიშვილსაც აღარ აიძულებდა ექიმებთან სიარულს… შვილის ღიმილს მონატრებული კაცი მისგან შორს ყოფნას ცდილობდა. არ შეეძლო, თავისი სიცოცხლით სავსე გოგონას სახეზე ღრუბლისფერის ატანა. ამიტომ, ცდილობდა დროის დიდი ნაწილი სამსახურში გაეტარებინა, შინ კი ძირითადად მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც გოგონას ეძინა და მის სახეზე ის საშინელი ფერი მკრთალდებოდა.
მირზას ცოლი დიდი ხნის წინ გაშორდა, ლილი მაშინ პატარა იყო. დედა არ ახსოვდა. არც ენატრებოდა. მამის სიყვარული კი მის სახეზე მარადიულ ღიმილს ათამაშებდა. იმ დღემდე, სანამ ეტლს არ მიეწება. გოგონას ბებია ზრდიდა, რომელსაც ის დედას უწოდებდა. მისი სამყარო სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლებოდა, რომლებსაც გულწრფელ ღიმილს სჩუქნიდა ხოლმე და მათაც უფერადებდა ცხოვრებას…
ლილი ხატავდა.
კარგად ხატავდა.
პორტრეტების ხატვა უყვარდა.
ხატავდა მამას..
ბებიას…
და იმ რამდენიმე ადამიანს ვინც მის სამყაროში ცხოვრობდა…
მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ფეხები მოჰპარა, ხატვას მოუხშირა. იჯდა და ხატავდა. მაგრამ მის ნახატებს ძველებური, სიცოცხლის ელფერი აღარ დაჰკრავდა.
მირზა ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც მის თავს ხდებოდა. დალევა დაიწყო. თავიდან მხოლოდ თავისუფალ დროს სვამდა. ბოლოს სამსახურშიც. ვერ ეგუებოდა ერთადერთი ქალიშვილის განუზომელ ტკივილს და ყველაფრის ჩახრჩობას ცდილობდა ალკოჰოლში. ალბათ, არ იცოდა, რომ უარყოფითი ემოციები თევზებს ჰგავდნენ, თევზების დახრჩობა კი შეუძლებელია, პირიქით, ეს ალკოჰოლნარევი სითხე მათ მეტ გასაქანს აძლევდა. კაციც მეტად იტანჯებოდა.
ბედნიერების ნამცეციც კი აღარსად ეგდო.
***
იმ საღამოს, მირზა საავადმყოფოს მორიგე ექიმი იყო. ვესტიბიულში ვიღაც ბიჭი შემოვარდა, სახეზე სასოწარკვეთის ფერი ედო. ხელში თითქმის ნაფლეთებად ქცეული არსება ეჭირა, რომელსაც სიცოცხლის ელფერიც კი გაჰქრობოდა.
და რომლის სისხლიც ბიჭის სახესა და სხეულზე თითქმის მთლიანად ფარავდა სასოწარკვეთის ფერს.
ეს ნაფლეთებად ქცეული არსება, ოდესღაც გოგონა უნდა ყოფილიყო. რაზეც მისი მოსისხლისფრო თეთრი კაბა მეტყველებდა. ის რეანიმაციაში წაიყვანეს, ბიჭი კი ვესტიბიულის კედელთან ჩაკეცილი, ყველაფერს აწითლებდა, რასაც ეხებოდა.
იმ საღამოს, მირზას ძარღვებში სისხლზე მეტი ალკოჰოლი ჩქეფდა. საავადმყოფოს მედპერსონალი სრული შემადგენლობით ცდილობდა, სისხლი ძარღვებში დაებრუნებინათ და მავნე სითხე განედევნათ. თითქმის შეძლეს კიდეც. მირზა ბანცალ ბანცალით შევიდა საოპერაციოში. უსიცოცხლო ნაგლეჯის დანახვისას მამაკაცს გააჟრჟოლა და ამ ჟრჟოლას გაატანა სიმთვრალეც. წამის მეასედებში გამოფხიზლდა და გოგონას ოპერაცია გაუკეთა.
ზედმეტად ბევრი შიდა სისხლჩაქცევა იყო.
გამთენიისას გოგონას სულმა დატოვა ის ნაკუწები, რაც მისი სხეულისგან დარჩენილიყო.
გაირკვა, რომ ის სასოწარკვეთის ფერი ახალგაზრდა მისი საქმრო იყო. ისინი პარკში სეირნობდნენ, როდესაც ელვისსისწრაფით მომავალი მანქანა ბარდიურზე ავარდა, ბიჭს საყვარელი არსება ხელიდან წაჰგლიჯა და ნაკუწებად აქცია მისსავე ვალწინ.
მანქანის მძღოლი დააპატიმრეს.
თუნდაც მოეკლათ, ამით გოგონას სული სხეულის ნარჩენს ვერ დაუბრუნდებოდა.
ბიჭმა ყველაფერი “მთვრალ” ექიმს დააბრალა და უჩივლა.
ალკოტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
მირზა დროებით დააკავეს.
გოგონას ნარჩენის გაკვეთა მოითხოვეს.
გაკვეთეს.
მირზას ბრალი არ დადასტურდა და ის გაუშვეს…
სასოწარკვეთილმა ბიჭმა არ დაიჯერა, ექიმის უდანაშაულობა და დაიფიცა რომ მასზე შურს იძიებდა…
თავი მეორე
მირზასთვის სიცოცხლე გამოცლილი არსებები უცხო არ იყო, თუმცა მიჩვევა მათგან გამოწვეულ სევდას არ აქრობდა. გადაწყვიტა რამდენიმე დღე დაესვენა და დრო საყვარელ ქალიშვილთან გაეტარებინა. სურდა ეცადა მაინც მისთვის ღიმილის პატარა ნამცეცი მაინც დაებრუნებინა.
გოგონას ოთახში შევიდა:
-ლილი, საყვარელო არ გინდა გავისეირნოთ? -თან თვალის თვალში გაყრას თავს არიდებდა, -გარეთ კარგი ამინდია…
-მაპატიე მამა, ადგომა არ შემიძლია…-ისე უპასუხა თავიც არ აუწევია მოხლებიდან, სადაც ფურცლები ელაგა და რაღაცებს ხატავდა.
-ვიცი, მაგრამ ეს აუცილებელი არაა…
-არის…-აგრძელებდა გოგონა ხატვას.
-გთხოვ…
-არა…-წაიჩურჩულა გოგონამ. იმედგაცრუებული მამაკაცი კარისაკენ გაბრუნდა. უკვე ურდულის ჩამოწევას აპირებდა როდესაც საყვარელი ქალიშვილის ხმა კიდევ ერთხელ ჩაეღვარა ყურებში.
-თუ სასეირნოდ წამოვალ აღარ იქნები ლოთი?- გოგონას მზერა ფურცლებს მოსწყვეტოდა და მამის თვალებს უჭვრეტდა.
-გპირდები…-უთხრა კაცმა გოგონას, მისი ეტლის წინ ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა…
***
მართლაც, არაჩვეულებრივი ამინდი იყო…
არც ციოდა.
არც ცხელოდა.
არც წვიმდა.
არც თოვდა.
უბრალოდ სასიამოვნოდ ეხამებოდა სითბო და სიგრილე ერთმანეთს. ამბობენ, ოქროს შუალედი არსებობსო…
ეს სწორედ ის შემთხვევა იყო.
გოგონას ცხოველები უყვარდა. მამამ ეს კარგად იცოდა, ამიტომ ზოოპარკში წაიყვანა. კაცს კარგად ახსოვდა, როგორი აღტაცებული იყო ლილი, როდესაც ბოლოს ერთად იყვნენ ზოოპარკში. სურდა, ახლაც გაებრწყინა მის სახეზე მაშინდელი აღტაცების მსგავს თუნდაც პატარა ნაპერწკალს. მაგრამ გოგონა მხოლოდ ნაძალადევად იღიმოდა ვოლიერებთან.
მირზა თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს მხოლოდ პირველი გასვლა იყო სახლის ზღურბლს მიღმა, მას შემდეგ რაც…
რაც…
რაც გოგონა აღარ იღიმოდა!
ისინი სხვა დროსაც გაისეირნებენ ხოლმე…
წავლენ დელფინარიუმში…
ცირკში…
კინოში…
თეატრში…
ყველგან…
პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო და აღარ მისცემდა უფლებას საკუთარ თავს, რომ საყვარელ შვილთან ისევ გაუცხოებულიყო!
შინ რომ დაბრუნდნენ, კართან ბებია შეეგებათ. სახლში კი მისი “საფირმო” ღვეზელის სურნელი ტრიალებდა.
-როგორ მოგეწონა გასეირნება?-ჰკითხა ბებიამ გოგონას, თან მაგიდას შლიდა.
-ძალიან…
-ალბათ დაიღალეთ და მოგშივდათ, ღვეზელები გამოგიცხვეთ…
-მე და მამამ კაფეში შევიარეთ, არ გვშია…-გაიღიმა გოგონამ. ბებიას სულ ცოტა დააკლდა რომ ბოლო ხმაზე არ აქვითინებულიყო. ეს არ იყო ლილის ძველებური, სიცოცხლით სავსე ღიმილი, მაგრამ ამასაც მონატრებული ქალი, თავს ბუმბულზე მჩატედ გრძნობდა.
-კაფეში ჩემნაირ ღვეზელებს არ აცხობენ… -გაუღიმა ბებიამ, თან ცდილობდა თვალები არ დაეხამხამებინა, რომ მასში ჩაგროვილი ცრემლები არ დაეღვარა.
-იცი რა? მგონი ბებია მართალს ამბობს…-თვალი ჩაუკრა მამამ გოგონას და მაგიდას მიუჯდა…
გოგონამ კიდევ ერთხელ გაიღიმა და მაგიდასთან მიგორდა.
ეს კიდევ ერთი პროგრესი იყო. “იმ ამბის ” შემდეგ გოგონა პირველად ვახშმობდა ოჯახის წევრებთან ერთად.
ის თავის ოთახს გასცდა.
***
მირზას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ახლა მხოლოდ იმას ნანობდა, რომ აქამდე არ უთხოვია ქალიშვილისთვის სადმე გასეირნება.
რამდენიმე დღე სხვადასხვა ადგილებში დადიოდნენ.
საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად ვახშმობდა.
ყველაზე დიდი ბედნიერება კი მაშინ განიცადა ოჯახმა, როდესაც საუზმის დროს ლილი შეგორდა სამზარეულოში:
-შეიძლება თქვენთან ერთად ვისაუზმო?
-რა თქმა უნდა საყვარელო, -უპასუხა ბებიამ და სწრაფად დაუდო წინ გოგონას საყვარელი ფინჯნით ჩაი.
-მამა დღეს მუშაობ?
-ჰო საყვარელო, უფროსმა დამირეკა. ბევრი დასვენება აზარმაცებსო…-გაიღიმა კაცმა.
-არაუშავს…-თქვა გოგონამ სევდიანი ღიმლით.
საუზმობა რომ დაამთავრეს, მირზამ გოგონას აკოცა და სახლიდან გავიდა. ბებია მაგიდას ალაგებდა. უცებ ლილიმ რაღაც წაიბურდღუნა:
-ბებია, არ შეიძლება მე და შენ რომ გავისეირნოთ სადმე?-ქალმა სიხარულისაგან ცრემლები ვეღარ შეიკავა და შვილიშვილი გულში ჩაიკრა.
-რა თქმა უნდა შეიძლება…
თავი მესამე
ქალს ჭურჭელიც არ გაურეცხავს, სასწრაფოდ ჩაიცვა პირველივე კაბა, რომელიც ხელთ მოხვდა. გოგონასაც დაეხმარა ჩაცმაში და გოგონა დერეფანში გამოაგორა.
სასეირნოდ წავიდნენ.
-შეიძლება ბამბის ნაყინი შევჭამოთ?-იკითხა გოგონამ, -ადრე მიყვარდა…
-რა თქმა უნდა ძვირფასო…-დაუყვავა ბებიამ, - რა ფერის გინდა?
-მწვანე… შენ?
-მეც მწვანეს შევჭამ, ვენდობი შენს გემოვნებას…
ქუჩაში საკმაოდ ცხელოდა. ბამბის ნაყინმა დნობა დაიწყო.
-ბებია, ცოტა სწრაფად შეჭამე, თორემ დაგიდნება…
ქალიც შვილიშვილის გამხიარულების მიზნით, უზარმაზარ ნაგლეჯებს იტენიდა პირში. გოგონამ ისევ გაიღიმა. თუმცა, ეს ისევ არ ყოფილა ძველებური ღიმილი… მისგან ბევრად განსხვავებული, მოკრძალებული იყო…
ისეირნეს. დასასვენებლად ერთ სკვერს მიაშურეს, ბებია სკამზე ჩამოჯდა და თამბაქოს ღერს ამაყად გაუკიდა. იმედი, რომელიც დიდი ხნის მკვდარი ეგონა, მკვდრეთით აღსდგომას ლამობდა… ლილის თანატოლი გოგო-ბიჭები წყვილწყვილად სეირნობდნენ. თითოეული მათგანის ჩავლისას გოგონას სახეზე სევდისფერი მუქდებოდა. ქალმა შეამჩნია, რომ ოთახიდან გამოყოლილი არასასიამოვნო ფერი ნელ-ნელა ისევ ლიცლიცდებოდა შვილიშვილის მკრთალ სახეზე, ამიტომ საუბრის წამოწყება სცადა:
-დღეს რაღაც ძალიან ცხელა არა?-თან ორი თითით წელავდა კაბის საყელოს…
-ბებია, არ მინდა შენთან ამინდზე საუბარი… – ისე უპასუხა, რომ არცკი მოუშორებია თვალი ჩახუტებული, მოსეირნე წყვილისთვის, -ეს სასაცილოა…
-მაშინ რატომ არ იცინი, ძვირფასო?-ჰკითხა ბებიამ, -სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს…-გაღიმება სცადა.
-ნაოჭებს რომ აჩენს?
-ნაოჭებს ეშველება…-გაიცინა ქალმა, - მაინც რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი…
-ბიჭებზე…-“ოღონდ ეს არა…” გაიფიქრა ქალმა და რაღავ სევდით გაჟღენთილი ბურთულა გადაყლაპა…-შენ ხომ ქალი ხარ?
-კი, ქალი ნამდვილად ვარ, მაგრამ ბიჭებში, თანაც ახლანდელ ბიჭებში კარგად ვერ ვერკვევი…
-ბაბუა როგორ გაიცანი?-ეს უდაოდ ის კითხვა იყო, რომელიც შვებით ამოსუნთქვის უფლებას აძლევდა. ამაზე შეეძლო ბევრი ესაუბრა. შეეძლო ეცადა, თემა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად შეეცვალა.
-მაშინ სხვანაირად ხდებოდა…
-როგორ?
-გარიგებით…
-ჰო, მსმენია ამის შესახებ, ბაბუა გაგირიგეს?-იკითხა ინტერესით სავსე თვალებით გოგონამ.
-არა, ბაბუას სკოლიდან ვიცნობდი, ერთ მერხთან ვისხედით. სტუდენტობისას ვიღაც გამირიგეს, მე ავტირდი და ბაბუაშენს მოვუყევი, იმან მითხრა, არ ინერვიულო, დღესვე მოგიტაცებო…
-მოგიტაცა?-გაოცებით ჩაეძია გოგონა…
-მოტაცებას ვერ დავარქმევდი, ალბათ, უფრო გავიპარეთ, ჩემი ნებით ჩავუხტი მანქანაში, ძალა არ დაუტანებიათ…
-ვინც გაგირიგეს ის არ გაბრაზდა?
-ალბათ, გაბრაზდებოდა, მაგრამ მაშინ ხშირი იყო ასეთი შემთხვევები…
-ახლა არ იტაცებენ?
-არ ვიცი, სადმე ნაკლებად ცივილიზებულ სოფლებში შესაძლოა, მაგრამ ჩვენთან არა… ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, ციხეში სვამენ ამის გამო…
-თუ გოგო შენსავით თავისით ჩაუხტა მანქანაში მაინც?-გაეცინა გოგონას…
-ამდენი არ ვიცი, იურისტი ხომ არ ვარ?-გაეცინა ქალსაც, -ალბათ არა…
-რატომ იჭერენ სიყვარულის გამო?
-ეს სიყვარული არ არის, კანონის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვაა. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის იტაცებენ, ცოლად უნდათ თუ გამოსასყიდის მოსათხოვად, ორივე დანაშაულია. ორივე ისჯება.
-ბებია, იცი ადრე შეყვარებული მყავდა… – გოგონას თვალები ოთახისფრად დასევდიანდა, -იმ შემთხვევამდე…
-მართლა? არ ვიცოდი… კარგი ბიჭია?
-იყო…
-დაშორდით?
-არა, მიმატოვა. ინვალიდი შეყვარებული რად უნდა?-ატირდა გოგონა. ისეთი წრფელი და წმინდა იყო მისი ცრემლები, წყაროს წყალზე ანკარა. წვიმის წვეთებივით ცვიოდა,
ასფალტზე,
ეტლის ბორბლებზე,
გოგონას უძრავ მუხლებზე,
ოდნავ გამობურცულ მკერდზე…
ეცემოდა გახურებულ ასფალტზე და თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. შრებოდა. ის იწოვდა წმინდა ცრემლებს. ალბათ, სიცხის ბრალი იყო. დედამიწის მიერ უმალ შესრუტული ცრემლები თოვლის ფანტელებს ჰგავდა, გახურებულ ხელის გულს რომ ეცემა და უმალ დნება. ქრება.
-არ იტირო, საყვარელო… -მის წინ ჩაიმუხლა ბებია და ახლა დედამიწის მსგავსად ისიც ცდილობდა შეეწოვა ეს წმინდა სითხე საკუთარი კაბის ბოლოთი.
-ინვალიდი არ უნდოდა…
-ასე გითხრა?
-არა, მაგრამ მიმატოვა…
-იქნებ სხვა მიზეზი ჰქონდა?
-გოგონებმა მითხრეს, იცის რომ ოთახში ხარ ჩაკეტილი და შენი შეწუხება არ უნდა, ფიქრობს რომ მომჯობინდება მერე ვნახავო…
-აბა რაღატომ დარდობ, მან ხომ არ იცის რომ მომჯობინდი?
– დავინახე…
-ვინ დაინახე, ჩემო თოჯინა?-ბებია ძლივს იკავებდა ცრემლებს.
-ცოტახნის წინ დავინახე… -წყვეტილ-წყვეტილ ლაპარაკობდა და ჰაერს ხარბად ისრუტავდა, -იმ ძროხასთან ერთად დავინახე, იმ ძროხაში გამცვალა…
-არ გრცხვენია ლილი? იმის გამო ტირი ვინც ძროხაში გაგცვალა? ჩემი პატარა სულელი თოჯინა…
-ასე ნუ მეძახი, პატარა აღარ ვარ!
-დამშვიდდი, გენაცვალე… -ამშვიდებდა ბებია და ხელის გულს გულმკერდზე უსვამდა, სულ ასე იქცეოდა, როდესაც გოგონა ანერვიულდებოდა ხოლმე. თითქოს, მისი უარყოფითი ენერგიის განდევნას ცდილობდა ამ მაგიური ხელის მოძრაობით. გოგონას მთელი ბავშვობა სწამდა, რომ ბებიას ეს ქმედება იწვევდა ხოლმე მის დაწყნარებას როცა ტიროდა. ბევრჯერ მიურბენია პატარას, მუხლგადაყვლეფილ, ატირებულ გოგონას ბებიასთან, გულამომჯდარი რომ სლუკუნებდა გაურკვეველ სიტყვებს, თან გულზე ხელს იდებდა და ქალს ანიშნებდა, “გააგდე ტირილიო”. ბებიაც უმალვე იშიშვლებდა ხელის მტევნებს და რაღაც მაგიური მოძრაობით განდევნიდა ხოლმე გოგონას ტირილს. ახლაც განდევნა. -ძვირფასო, ბიჭი, რომელსაც ძროხა მოსწონს შენ არ შეგეფერება, ამაზე არც უნდა იდარდო…
-მართალი ხარ ბებია, -გაიღიმა გოგონამ და უკანასკნელი, თვალის უპეებში ჩარჩენილი ბოლო წვეთი წმინდა სითხეც დააქცია. მერე ბებიას მიეკრა გულზე.
სიმშვიდე.
***
-შეიძლება ხვალაც რომ გავისეირნოთ?-იკითხა გოგონამ.
-რა თქმა უნდა საყვარელო, ამინდები ხელს გვიწყობს…
-ისევ ამინდზე ალაპარაკდი…-გადაიკისკისა გოგონამ. ბებიას სახეზე მხოლოდ გაოცების ფერი იყო. გაოცების, რომლისგანაც გონება დაბინდულს, არ შეეძლო სიხარულის გამოხატვა შვილიშვილის სახეზე დაბრუნებული “ნამდვილი ღიმილისაგან” რომ იყო გამოწვეული და მთელს სხეულს აცეკვებდა შიგნიდან.
ბედნიერება ყოველთვის წამიერია.
მას კი უბედურება ახლავს ხოლმე.
ბედნიერების საფასური ხანგრძლივი ტანჯვაა.
წამიერი ბედნიერებისთვის უნდა გადაიხადო!
ხმაური.
ყვირილი.
კივილი.
თვალებში ბნელეთ ჩაგუბებული ბებია.
მანქანები.
პოლიცია.
სასწრაფო.
ბრბო.
და ლილის ცარიელი ეტლი.
გამძვინვარებული ბრბო ჩურჩულებდა. უამრავ რამეს ამბობდა. თითქმის სიცოცხლე გამოცლილმა ქალის სხეულმა მხოლოდ ერთი სიტყვა შეიწოვა:
“მოიტაცეს!”
ეს სიტყვა გონებამ ალბათ მილიონნაირად შეატრიალა და მთელი გონება მისი სახესწვაობებით გადაჭედა.
“მოიტაცეს!”
“გაიტაცეს!”
“მოიპარეს!”
…….


გაგრძელება იქნება…

ავტორი: AnnA Vinefly (მადამ ფისუნია)

8
250
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
   ქართული კლავიატურა
ყველა ნაწილი წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ყოჩაღ, კარგია!
14 მარტი, 20:47
მეორე ნაწილი დევს
14 მარტი, 20:27
კაი დაგელოდებით
14 მარტი, 20:24
ვეღარ მოვიცალე, დავდებ აუცილებლად ამ დღეებში
14 მარტი, 19:05
გაგრძელება სადაა?
26 იანვარი, 20:21
კაია
0 1 8