x
ლილიტის ქალიშვილი (სრული ვერსია)
14 იანვარი, 16:49

imageპირველი ნაბიჯი
როდესაც საკუთარ თავზე სიმართლე შევიტყვე, სულ რაღაც 17 წლის ვიყავი, აზროვნება ჯერ არც კი ჩამომყალიბებოდა, რომ უკვე ამერ-დამერია…
მაშინ, როდესაც საკუთარი თავი, ჩვეულებრივი უიღბლო მაღალკლასელი მეგონა, რაღაც არაადამიანური აღმოვჩნდი…
ამის, რა თქმა უნდა, არ მწამდა…
ახლაც მიჭირს შეგუება…
მაგრამ დრომ ყველა გრძნობას სძლია და ბოლოს, იძულებული ვიყავი დამეჯერებინა, რომ მე ადამიანი კი არა, რაღაც სხვა ვარ…
რაღაც ისეთი, რაც თავადაც არ მესმოდა…
ოჯახი სადაც ვიზრდებოდი, არაფრით გამორჩეული, საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო…
მეც შესაბამისად, ამ სამყაროს მორგებული, სრულიად ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი…
თუმცა, ყველაფერი შეცვალა ერთმა “ადამიანმა”, რომელსაც ქუჩაში მიმავალი, შემთხვევით შევეჯახე (დედამ ახალი მობილური ტელეფონი მიყიდა, ახალი ნივთით აღტაცებული ვიყავი, ყურსასმენებმა კი უნებლიედ ასტრალში გადამისროლა, არ მესმოდა გარესამყაროს ხმაური და სრულიად შემთხვევით, როდესაც ნაბიჯებს თვალდახუჭული ვდგამდი, ვიღაც ქალს მთელი ძალით შევეჯახე).
-უკაცრავად, მაპატიეთ…
-რას ბრძანებთ, პირიქით, მე ვარ დამნაშავე, -მიპასუხა და ჩემს წინ მუხლებზე დაემხო, -გთხოვთ, მომიტევოთ, ნუ დამსჯით, შემიბრალეთ…-ვიფიქრე ვიღაც გიჟია-მეთქი, ამიტომ მისი “ბოდიში” მივიღე, გავუღიმე და დავშორდი…
მეგონა, ამით ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ…
პირიქით…
ყველაფერი მაშინ დაიწყო…
საკმაოდ შორი მანძილი მქონდა გავლილი, როდესაც ქალი დამეწია (როგორც ჩანდა, ამედევნა)…
მოულოდნელმა, თანაც არაადამიანურად ცივმა შეხებამ მხარზე, დამაბნია და შიში მომგვარა…
ნელა შემოვბრუნდი…
შიში, რა გასაკვირია, რომ გამიძლიერდა, როდესაც ეს უცნაური ადამიანი დავინახე…
-რა გნებავთ?-აკანკალებული ხმით ვკითხე.
-შენ არაფერი იცი, ხომ ასეა?-უცნაურად მიყურებდა და მე ვერაფერს ვხვდებოდი, გარდა იმისა, რომ ვრწმუნდებოდი ის იმაზე ავად იყო, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი…
-რას გულისხმობთ?
-არ მჯერა, ნუთუ მართლა არაფერი იცი?
-მაპატიეთ, მეჩქარება…-ვუთხარი და უკან გატრიალება გადავწყვიტე, მაგრამ წინ გადამეღობა და მე ვიგრძენი როგორ ცემდა ჩემი გული გამეტებით… უფრო მეტად უცნაური კი ის იყო, რომ მე მისი გულის ცემაც მესმოდა. ბევრად სუსტი იყო ვიდრე ჩემი… როდესაც ნაბიჯით უკან დავიხიე, მისი თვალები წითელი მომეჩვენა და მე კანკალმა ამიტანა… საკუთარი თავი დავარწმუნე რომ ეს მხოლოდ შიშის ფონზე გამოწვეული ჰალუცინაცია იყო. მეშინოდა უცნობის, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა.
მე არ მაინტერესებდა…
მე მხოლოდ წასვლა და ამ უცნაური “ადამიანისგან” შორს ყოფნა მინდოდა…
-ვერ გაიქცევი, ამის უფლება არ გაქვს…
-თუ გზას არ დამითმობთ, ვიყვირებ…
-რა მშიშარა ყოფილხარ, საერთოდ არ ჰგავხარ დედას…
-თქვენ დედაჩემს არ იცნობთ!-შეშფოთებულმა ვიყვირე, ისე რომ ვერც გავაკონტროლე, რა ხმამაღლა გავკიოდი. უფრო მეტად მაოცებდა ხალხი, რომელიც, სულ ახლოს მოძრაობდნენ, მაგრამ ჩემი ყვირილის მიუხედავად, ყურადღებას არავინ მაქცევდა…
-ნუ გეშინია, ლულუ, მე არ ვარ მტერი…-დამიყვავა და გამიღიმა უცნობმა. მე კი გამახარა ამ სახელის ხსენებამ… მხოლოდ იმიტომ რომ პირველად მესმოდა. გამახარა იმის გაფიქრებამ, რომ მას სხვა ადამიანში ავერიე და ახლა მშვიდად დაშორება შემეძლო… მეც გავუღიმე.
-იცით, სხვა ადამიანში გეშლებით, ეს ჩემი სახელი არაა…
-არ აქვს მნიშვნელობა, რა გქვია ამ სამყაროში, მთავარია, რა დაგარქვა დედაშენმა…
არაფერი მიპასუხია, უკან გამოვბრუნდი და ნაბიჯებს ავუჩქარე. მან კი უკნიდან რაღაც მომაძახა, მიუხედავად იმისა, რომ ყურებზე ხელი ავიფარე, ზოგი რამ მაინც გავიგონე…
“შენ ლილიტის უკანასკნელი შვილი ხარ, ვერ გაიქცევი!”
“როგორც კი სრულწლოვანი გახდები, იგრძნობ, რომ განსხვავებული ხარ…”
ის კიდევ ყვიროდა სხვა რაღაცებს, მაგრამ მე უკვე შორს ვიყავი და ნაბიჯებსაც ვაჩქარებდი…
გავრბოდი…
როდესაც სულში სიმშვიდე შემეპარა, ფიქრი დავიწყე…
ლილიტზე…
აქამდე არასოდეს მსმენოდა ეს სახელი…
სახლში დედას ნივთებში დავიწყე ხელების ფათური, მაგრამ ვერაფერს მივაგენი ისეთს, რაც დაადასტურებდა, რომ ის არ იყო ჩემი ნამდვილი დედა.
ამან გამაბედნიერა და სახლში დაბრუნებულ დედას, ტკიპასავით მივეკარი გულზე.
მეორე ნაბიჯი
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წარმომავლობაში ეჭვი თითქმის აღარ მეპარებოდა, ლილიტზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. ვინ იყო, რას წარმოადგენდა… არაფერი ვიცოდი.
ერთხელ, სულმა წამძლია და მასწავლებელს ვკითხე თუ ვინ იყო ეს ქალი. უმნიშვნელოვანესი შთაბეჭდილება მომგვარა მასწავლებლის სახემ. გაოცება და კიდევ რაღაც მისი მსგავსი გრძნობა იყო. კიდევ გულის ცემა, რომელიც აუფორიაქდა. მე მესმოდა. მესმოდა და არ მომწონდა, რადგან ვიცოდი ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. თანაც პირველად ხომ იმ უცნაური ქალის გულის სუსტი ძგერა გავიგონე.
მაშინებდა ეს უნარი.
მასწავლებელმა მკითხა:
-რატომ დაინტერესდი ლილიტით?
დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე, გამიღიმა და თხრობა დაიწყო:
-პატარები აღარ ხართ და ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ბიბლიის “აკრძალული თავებიც”. ლილიტი სწორედ ამ თავებშია მოხსენიებული. ის ადამის პირველი ცოლი იყო. მათ ბევრი შვილები ჰყავდათ. ლილიტი არ ყოფილა სრულყოფილი ქალი, ის სანახევროდ გველი იყო. ადამს კი სრულყოფილებაზე ჰქონდა პრეტენზია, მაშინ ღმერთმა მისთვის ევა შექმნა, ლილიტი კი სასიყვარულო სამკუთხედის მიტოვებულ კუთხედ იქცა. ის გაბოროტდა, გველად იქცა და ევა აცდუნა. რასაც კარგად იცით რა ახლდა… ლეგენდის თანახმად, გაბოროტებული ლილიტი სამუდამოდ გველის ტყავში დარჩა და მიწაზე ხოხვა ერგო ბედად… მან დაიწყო ბოროტების თესვა და ნაყოფიც მალევე მოიმკა…
მე გაოცებული ვიყავი, რადგან შეუძლებელი იყო ლილიტი დედაჩემი ყოფილიყო… ის საუკუნეების წინ ცხოვრობდა, მე კი… მე მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვიყავი. მიუხედავად ყველა ლოგიკური არგუმენტისა, რომელიც თავში სეტყვასავით ცვიოდა, რჩებოდა ჩემი არალოგიკური სმენა, რომლითაც სხვების გულისცემა ჩამესმოდა. ლილიტზე მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად ყოველდღე ბიბლიოთეკაში დავდიოდი, ინტერნეტიც ავაფორიაქე. ვერაფერი ვიპოვე, რაც ამაღელვებდა. მერე კი ისევ დედასთან დალაპარაკება ვამჯობინე. ფეხს ვითრევდი, მაგრამ ვძლიე საკუთარ თავს და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას თავს წავადექი.
-რა ჩუმად მომეპარე, შემეშინდა.- მითხრა შემობრუნებულმა დედამ.
-მაპატიე, არ მინდოდა…-შემრცხვა რომ დედა შევაშინე, თანაც მისი გულისცემა მეტყველებდა, რომ საკმაოზე მეტადაც.
-ცუდად გამოიყურები, მოხდა რამე? ავად ხომ არ ხარ?-მკითხა აღელვებულმა და სახეზე მომიალერსა, -გაყინული ხარ…
-დე, მე ნაშვილები ვარ?-ქალი შეშფოთდა, გაოცებას ვერ მალავდა… მე კი მისი გაოცება მაბედნიერებდა, რადგან ეს ერთი ნაბიჯით მაახლოებდა იმ აზრთან, რომ ის ჩემი ნამდვილი დედა იყო.
-ეგ სისულელე საიდან მოიტანე?
-არ ვიცი… მეშინია, რომ შენ არ ხარ ჩემი ნამდვილი დედა და მე შეიძლება ვინმე საშინელი ადამიანის შვილი ვიყო, ბოროტის და შურისმაძიებლის, რომელიც თუ მიპოვის თავისნაირად მაქცევს.
არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ ვუთხარი, ალბათ, იმიტომ რომ გული ვეღარ იტევდა… დედა შეშფოთდა და საბუთებისა და ძველი სურათების ქექვა დაიწყო. მაჩვენა სურათები, რომლებშიც ჩვენ ვიყავით, ის და ჯერ არდაბადებული მე… კიდევ დაბადების, ნათლობის მოწმობები…თითქოს საშიში არაფერი იყო, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი… აცრემლებული დედის დამშვიდებაც კი არ შემეძლო…
მერე უცნაური სიზმრები დაიწყო. სადაც მე სანახევროდ, ან მთლიანად გველი ვიყავი ხოლმე. მთელი ღამე ვშფოთავდი და ამას დედაც ამჩნევდა.ის განიცდიდა, ჩემზე მეტადაც… სიზმრები ლილიტზე გამოგონილი ზღაპრების კითხვას დავაბრალე და ყველა წიგნი მოვიშორე. “ესენი მაგიჟებენ… დედაჩემი ლილიტი არაა!”
ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩემმა გაძლიერებულმა სმენამ გამოიწვია, მშობლების საუბარი იყო, რომელიც შემთხვევით მოვისმინე. არ მინდოდა. უბრალოდ მესმოდა, ისე გარკვევით თითქოს მეც იმ ოთახში ვიყავი.
-ჩვენს გოგონაზე ვღელავ, კოშმარები აწუხებს…
-მეც შევანჩნიე, მგონი ფსიქოლოგთან უნდა წავიყვანოთ…
-არ ვიცი… უცნაური შიშები აქვს. ცოტა ხნის წინ მკითხა ნაშვილები ხომ არ ვარო, საიდან მოუვიდა თავში აზრად ეს სისულელე არ ვიცი…-ამ დროს კი მამაჩემის გაძლიერებული გულისცემა ჩემს ყურის ბარაბანს ფლეთდა.
-ელის, მაპატიე თავიდანვე უნდა მეთქვა…
-რას გულისხმობ?-აუჩქარდა გული დედასაც და ორი გულის სინქრონული ცემა ახლა ორივე ბარაბანს გლეჯდა.
-ის მართლა ნაშვილებია, ჩვენი შვილი დაიღუპ, სამშობიაროში კი მიტოვებულიბავშვი შემომთავაზეს, ჩვენს შვილად გააფორმეს… -დედა ჩაიკეცა, მეც…
-ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს, -ატირდა დედა, -ჰგონია, რომ ბოროტი ქალის შვილია, რომ ის იპოვის და მასაც გააბოროტებს… არ უნდა გაიგოს…
-ელის, ეს ამბავი მხოლოდ მე და სამშობიაროს რამდენიმე მუშაკმა იცოდა, არ ვიცი მან საიდან გაიგო, გეფიცები.
მათი საუბარი აღარ მესმოდა. რაც გავიგე საკმარისი იყო. ყველა მხრიდან ისრებივით მესობოდა მამაჩემის სიტყვები “ის მართლა ნაშვილებია”…
“ის ნაშვილებია”…
“ნაშვილებია”…
“მართლა ნაშვილებია”…
გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი საწოლში ვიწექი და დედა სასთუმალთან მეჯდა. ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. სამაგიეროდ, შემეძლო მეგრძნო მისი აფორიაქებული გულის ხმა და მოზღვავებული ემოციები. ყველა ძალა თუ ენერგიის ნაგლეჯი რაც კი გამაჩნდა მთელს სხეულში ალგ-ალაგ მიმობნეული, შევაკოწიწე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვთქვი:
-გავიგონე…
დედა უფრო ხმამაღლა ატირდა, ჩემი ხელი თავის სათუთ, ქათქათა ხელებში მოაქცია და სულ დაასველა. ის თავს იმართლებდა, რომ არაფერი იცოდა, მპირდებოდა, რომ ჩემს თავს არავის დაუთმობდა. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ვგრძნობდი, რამდენად უძლური იყო დედაჩემი იმ არაამქვეყნიური არსების წინაშე, რომელიც ჩემი სავარავუდო ბიოლოგიური დედა უნდა ყოფილიყო, მაბედნიერებდა მისი სიტყვები. ვგრძნობდი რომ დედას ვუყვარდი. ეს გრძნობა კი საოცარ ენერგიას მმატებდა.
მესამე ნაბიჯი
ამ ამბების შემდეგ რამდენიმე მშვიდი თვე გავიდა. მე ვეგუებოდი, რომ “ბევრი მესმოდა”, საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ ეს უბრალოდ კარგი სმენა იყო და მეტი არაფერი. ზოგს კარგი მხედველობა აქვს, ზოგი სწრაფია, მე კი უბრალოდ კარგი სმენა მაქვს! ამით არაფერი შავდებოდა. ცოტათი მომწონდა კიდეც. დროთა განმავლობაში შევამჩნიე, რომ მხოლოდ ჩურჩული კი არა, ადამიანების ფიქრებიც შემეძლო მომესმინა. პირველად ეს უნარი მათემატიკის გაკვეთილზე შევამჩნიე, როდესაც კლასში დაგვიანებით შევბოდიალდი, მოხუცი, დანაოჭებული, პროთეზიანი ლილის ნაცვლად კი – ახალი, სიმპათიური, მაღალი და მხარბეჭიანი მასწავლებელი დავინახე, დაფაზე წერდა რაღაცას.
-დააგვიანე, -მითხრა, ისე რომ უკანაც არ მოუხედავს, -დაბადების დღე როდის გაქვს?-ახლა კი შემობრუნდა და თვალი თვალში გამიყარა. თითქოს კუბიდონმა პირდაპირ გულში გამიყარა ისარი და ტკივილისგან დავმუნჯდი.
თაფლისფერი თვალები.
ღრმა და წყლიანი.
-კითხვა დაგისვი…-ისე მითხრა სახის ერთი ძარღვიც კი არ ასთამაშებია.
-მე… თვის ბოლოს… 27-ში…- ავლაპარაკდი, ისე თითქოს ვიღაცამ ღილაკს დააჭირა ჩემს ტვინში და ავტო მოპასუხეზე გადამრთო. მე კი აზრებს და ქმედებებს ვერ ვალკონტროლებდი.
-ძალიან კარგი, საათს გაჩუქებ…-გამიღიმა და მიმანიშნა, რომ მერხი დამეკავებინა…
შემრცხვა.
აღარასდროს დავაგვიანებ მის გაკვეთილზე.
არც კი მახსოვს როგორ მივედი ჩემს მერხამდე, ესეც ალბათ, ტვინში შემძვრალმა ჭიამ შეძლო… ალბათ, მან გადართო ავტოპილოტზე და მეც უნებლიედ ავმოძრავდი… რობოტივით.
“მგონი ძალიან უხეში ვიყავი, იმედია არ ეწყინა…” მომესმა მისი სიტყვები. რაღაცნაირი ხმა კი ჰქონდა, მაგრამ ეს ხმა უფრო შორიდან მომავალ ხმას ჰგავდა. წამოვდექი და კითხვას პასუხი გავეცი:
-არ მწყენია, -ყველამ მე შემომხედა, ზოგმა სიცილი დაიწყო, მასწავლებელს კი სახეზე გაოცების ფერი დაედო. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო და კლასიდან უნებართვოდ გავედი.
კიდევ ერთი მიზეზი მომეცა დეპრესიისთვის, ახლა ყველა დამცინებს. გიჟადაც კი შემრაცხავენ.
სულ ერთია…
არავინ მჭირდება…
საპირფარეშოში გამოვიკეტე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი… ლიზა გამომეცხადა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. შევცდი, როდესაც ვიფიქრე, რომ არავინ მჭირდებოდა, ახლა სწორედ ეს გოგონა მჭირდებოდა, მას არაჩვეულებრივად შეეძლო ჩემი დამშვიდება, პატარა მკერდზე მიმიწებებდა ხოლმე და მეც მალევე ვგრძნობდი, როგორ იწოვდა ის ჩემს უარყოფით ემოციებს, თანაც ბოლო წვეთამდე, ახლაც ასე მოიქცა… არაფერი უკითხავს, მოვიდა და გულში ჩამიკრა.
სიმშვიდე ჩამეღვარა სხეულში…
-მეგონა, რაღაც მითხრა…-დავარღვიე სიჩუმე.
-არაუშავს, ასეც ხდება ხოლმე, – მითხრა და თმა ყურზე გადამიწია.
-დამცინებენ…
-ამას მივხედავთ…
მინდოდა კიდევ მეთქვა რამე, მაგრამ ყველა ახალი სიტყვა ამ თემაზე, უარყოფით ემოციებს მაგნიტივით იზიდავდა. გავჩუმდი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ მე ახალი მასწავლებლის ფიქრი წავიკითხე მაშინებდა. თავში რაღაც ახალი შემოვიდა, ახალი მასწავლებლის თვალები… თვალები რომელზე ფიქრსაც ვერ ვწყვეტდი… მათემატიკა არასოდეს მიყვარდა და ხშირად ვაცდენდი, ან ვაგვიანებდი…
ახლა კი ვგრძნობდი, შემიყვარდებოდა…
არამხოლოდ საგანი…
ის სხვა მასწავლებლებს არ ჰგავდა. სხვანაირი იყო. ჩვენზე ბევრად დიდი არ უნდა ყოფილიყო. ალბათ, ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და მაშინვე ჩვენთან გაამწესეს. პირდაპირ ჯოჯოხეთში. მკაცრი იყო. მაგრამ ბოროტი არ უნდა ყოფილიყო… ასე მეგონა.
ერთხელ, მთხოვა გაკვეთილების შემდეგ მის კაბინეტში მივსულიყავი. ეს რაღაც ახალი იყო. მხოლოდ მე და ის… მე შემეძლო მის თვალებში ჩაძირვა. ისევ შემეძლო. განა საოცრება არ იყო? მან მე დამიბარა… ნეტავ რა უნდა მითხრას. იქნებ მოვწონვარ… რატომაც არა? მახინჯი არ ვარ… ათასმა ბილწმა ფიქრმა გამიელვა თავში როგორ მეხვეოდა მასწავლებელი პირდაპირ მათემატიკის კაბინეტში. ყველა ფანტაზია ერთბაშად დაიმსხვრა, ძირს მთელი ძალით დანარცხებული ფაიფურის თოჯინასავით, როდესაც მან ჟურნალი გადაშალა და ჩემი საშინელი ქულების შესახებ დამიწყო საუბარი.
-მათემატიკას ვერ ვემეგობრები, -ვუთხარი უხეშად იმედგაცრუებულმა.
-უნდა დაუმეგობრდე, თორემ ჩვენც ვერ შევეწყობით…-მუცელში მიძინებული პეპლები გამოფხიზლდნენ და აფართხალდნენ.
“შევეწყობით…”
“ჩვენ…”
რაღაცნაირი იყო… მომწონდა. ძალიან მომწონდა. “ჩვენ შევეწყობით”, კარგად ჟღერდა. განა არ ვიცოდი, რომ სხვა რამ იგულისხმა? უბრალოდ, მაინც კარგად ჟღერდა, იმდენად კარგად რომ მიძინებული პეპლები ააფარფატა.
როგორ მომნატრებია ეს გრძნობა…
-შევეცდები ვიმეცადინო…-შიშით ამოვილუღლუღე, მეშინოდა, ღია პირიდან მუცელში მოფარფატე პეპლები არ გამომქცეოდნენ.
-თუ ვერ იგებ, შეგიძლია მკითხო და თავიდან ავხსნი…-მითხრა თანაგრძნობით.
-დამატებით გაკვეთილებს დამინიშნავთ?-აღტაცებით ვკითხე, თანაც სულ გადამავიწყდა რომ ბაგეები ეკონომიურად უნდა გამეხსნა, პეპლების გამო. გადავრჩი. პეპლები არ გამომქცევიან. თავის მკვიდრ ადგილს არ გასცილებიან და მასწავლებლის ყველა სიტყვაზე უფრო მძლავრად ეხეთქებოდნენ კედლებს.
-მე არ შემიძლია, მაგრამ სხვა მასწავლებელს შემიძლია ვთხოვო.
ყველა პეპელა დაიხოცა.
-არა, გმადლობთ, სხვა მასწავლებლები არ მომწონს… – ფეხზე ავდექი, ზურგჩანთა ავიღე და კარისაკენ დავიძარი, - ნიშნების გამოსწორებას შევეცდები…-ისე ვუთხარი, უკან არ მომიხედავს…
-ანა, -ჩემი სახელი პირდაპირ ყურში ჩამადნა და ყველა პეპელა გაცოცხლდა, ამასთან, ვიგრძენი მხარზე ხელის შეხება, რომელმაც ჭიანჭველების არმია მოიზიდა და მთელ სხეულზე ფერხულის ცეკვა დააწყებინა.-რაღაც მინდა გკითხო, შეიძლება?-მასწავლებელს თავი ჰქონდა დახრილი, ის მორცხვობდა, და თვალს ვერ მისწორებდა. მისი გულისცემა მესმოდა. ძალიან ძლიერი დარტყმები იყო. რაღაცაზე ღელავდა… მისმა გულისცემამ გამათამამა და ამაყად აღმოვთქვი ნებართვა:
-რა თქმა უნდა, -თან ღიმილიც ვსტყორცნე.
-ჩვენი პირველი შეხვედრა, ალბათ, გახსოვს… ცოტა გეუხეშე…
-მახსოვს…-ჩურჩულით ვთქვი, ვცდილობდი მისი მზერა დამეჭირა მაგრამ ის ყველანაირად მარიდებდა.
-შენ წამოიყვირე რაღაც…
-დიახ…
-ეს რატომ გააკეთე?
-იმიტომ რომ შენს ფიქრებს ვკითხულობ…-აღმომხდა უნელიედ, გავუღიმე და კლასიდან გავედი.
გამჭოლი მზერა, რომლის დაჭერასაც დიდხანს ვცდილობდი ზურგს მიხვრეტდა…

მეოთხე ნაბიჯი
სხვების აზრების კითხვა სათანადოდ ვერ დავისწავლე. იშვიათად გამომდიოდა, თანაც უნებლიედ. მასწავლებლის ფიქრებში შეძვრომა, მას შემდეგ, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მაგრამ იმას მაინც მივაღწიე, რომ ჩემთვის დამატებითი გაკვეთილები დაენიშნა. სადაც მხოლოდ მე და ის ვიქნებოდით… ის …
და მე….
კარგად ჟღერდა…
სამშაბათობით სკოლის შემდეგ ვრჩებოდი და მათემატიკის კაბინეტში მასწავლებელს თვალებს “ვუჟუჟუნებდი”… არ ვფიქრობდი რას მიხსნიდა, მხოლოდ იმას ვფიქრობდი როგორ წამეკითხა კიდევ ერთხელ მისი მკაცრად, ცხრაკლიტულში გამომწყვდეული აზრები… ჩემი ფიქრები მხოლოდ მის ირგვლივ ტრიალებდა. თითქოს ის მზე იყო…
მე დედამიწა და მის ირგვლივ დავქროდი 29783 მ/წმ. სიჩქარით…
მომწონდა, როდესაც მესმოდა როგორ უჩქარდებოდა გული, მაშინ როდესაც ზედმეტად ახლოს აღმოვჩნდებოდი მასთან. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვწონდი… ალბათ, გულის ფეთქვის მიხედვით ვმსჯელობდი…
მომწონდა…
ძალიან მომწონდა…
ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მომწონდა…
ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, რომ ჩემი “ნიჭი” (უნარი, თუ რაც იყო), ნელ-ნელა მომწონდა. ის მე ძალაუფლებას მმატებდა. გამომარჩევდა სხვებისგან და აღმატებულ ხარისხშიც ავყავდი. ჩურჩულსაც კი ვერავინ გაბედავდა ( თუნდაც დახურულ კარს ან მკვრივ კედელს მიღმა), ისე, რომ ჩემს ყურამდე არ მოეღწია ბგერის ტალღებს.
რაც უფრო მეტად ახლოვდებოდა ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე, უფრო ძლიერდებოდა ღამის კოშმარებიც. მტანჯავდა.
გველები.
გველები.
ნახევრად გველები.
მე ნახევრად გველი.
მე გველი.
ისევ გველები.
არ ვიცოდი როგორ მომეგვარებინა ეს პრობლემა. ყველაზე მეტად იმიტომ მაწუხებდა, რომ ჩემი ღამის შფოთვები მშობლებზეც მოქმედებდა. დედა ძალიან განიცდიდა, გავიგონე, ერთხელ, როგორ უთხრა მამას რომ ფსიქოლოგი მჭირდებოდა.
-მგონი ძალიან ვჩქარობთ, გოგონა უბრალოდ შოკშია, სულ ახლახან გაიგო რომ ნაშვილებია…
-ის ნაშვილები არაა! მე ვატარებდი მუცლით 9 თვე, მთელი 9თვე…-ანერვიულდა დედა.
-კარგი, დაწყნარდი… რა თქმა უნდა, ჩვენი შვილია და ამას ვერავინ შეცვლის… უბრალოდ ასაკი აქვს რთული, ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ და თუ არ დალაგდა მისი ფსიქიკა, გპირდები საუკეთესო ფსიქოლოგთან მივიყვანთ…
-კარგი…-დედა ატირდა.
ჩემთვის მისი ცრემლები ძალიან ძვირფასი იყო, მენანებოდა ასე უაზროდ დასაღვრელად.
და ამას განვიცდიდი.

ძალიან განვიცდიდი. ის ფაქტი კი, რომ არ შემეძლო ამ ყველაფრის კონტროლი, არ შემეძლო დედასთვის ტკივილი არ მიმეყენებინა მაგიჟებდა. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, რომ მე უბრალოდ ასაკობრივი ფსიქიკური პრობლემები მქონდა… ის გიჟი ქალი შემთხვევით გადამეყარა. ჩემი “ნაშვილებობა” კი უბრალოდ დაემთხვა… ეს ფიქრები ცოტაოდენ შვებას მგვრიდა.
და მე ეს მომწონდა.
მანამ სანამ ჩემი დაბადების დღე არ დადგა. ღამე იყო. 12-ს გადასცდა. სარკესთან ვიჯექი და ძილის წინ თმას ვივარცხნიდი. მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით, სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი თვალში გავუყარე და შევცბი, ეს ჩემი თაფლისფერი თვალები არ იყო… ეს წითელი თვალები იყო. საშინელი და მახინჯი. შემეშინდა თვალები მაგრად დავხუჭე და ავკივლდი. მშობლები ოთახში შემოვარდნენ და ჩემი დამშვიდება დაიწყეს. მე კი არ შემეძლო პანიკის შეტევისგან გათავისუფლება.
ექიმები მოვიდნენ.
ვენა.
ნემსი.
სიმშვიდე.
ძილბურანში მყოფს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა მშობლების დიალოგი, რომელიც საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივიდა – ფსიქოლოგი მჭირდებოდა!
როდესაც წამალს მოქმედების დრო გაუვიდა, შევიშმუშნე. ჩემს ოთახში ვიყავი. მარტო. უხმაუროდ წამოვდექი. შიშველი ფეხი ჩემი საწოლის წინ გაშლილ, ფუმფულა ხალიჩაზე დავაბიჯე. რაღაც მშობლიური ვიგრძენი. სასიამოვნო. შვება ჩამექცა სულში. სარკესთან ხოხვით მივიპარე, თითქოს მუხლის გაშლის მეშინოდა, მეკვეთებოდა ფეხები, დაცემის მეშინოდა. საკუთარ ანარეკლთან თვალის გასწორება ვცადე. საშინელება იყო. შეუძლებელი იყო. სარკეში, ჩემს ნაცვლად მახინჯი გველი ირეკლებოდა, ჭრელი, წითელთვალება და საშინლად დაგრეხილ-დაკოკროჭინებული. სხვა დროს, ამ ფაქტის გამო, ალბათ ისევ ავკივლდებოდი, მაგრამ ახლა არა. ვფიქრობ, ზედმეტად “დამამშვიდეს” ცისფერხალათიანებმა. მე სარკეში მე აღარ ვიყავი. ყველა სიზმარი ერთდროულად ამომიტივტივდა გონებაში და ჩუმი ტირილი დავიწყე სარკის წინ დამხობილმა. დედას ალბათ, გულმა უგრძნო რომ მტკიოდა და რამდენიმე წამში კართან მისი სილუეტი დავლანდე.
-დედა…
-დამშვიდდი პატარავ, დედა აქაა, -მითხრა, ჩემსავით მოიკვეთა მუხლები და გულში ჩამიკრა.-ისევ ცუდი სიზმარი ნახე დე?
მე ყველა სიტყვა ყელში მეჩხირებოდა და მათი “ამოფურთხება” არ შემეძლო. ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ლაღად და თავისუფლად ვტყორცნიდი ბაგეებსმიღმა სამყაროდან იყო “დედა”… და მეც განუწყვეტლივ მხოლოდ ამ სიტყვას ვიმეორებდი.
დედა…
დე და.
დე…
..და..
-უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო ჩემო გოგონა, დამშვიდდი…-დედამ თმაში ხელი შემიცურა და მოფერება დამიწყო. ჩემი სარკის წინ ვისხედით. გონებაში დიდი “მაგნიტი” გავააქტიურე და ყველა სიტყვა, რომელიც ახლა მჭირდებოდა, ბაგეებთან მოვზიდე, მთელი ჩემი დარჩენილი ენერგია გამოვიყენე რომ ეს სიტყვები ბაგეებს გამოსცდენოდნენ:
-დედა, სარკეში მე როგორ მხედავ?-დავსვი კითხვა, დედის მშობლიურ მუხლებსა და ხელებს საკუთარი თავი ისე მოვპარე, თითქოს ბავშვისთვის კანფეტი წამერთვას და სარკეს გავუსწორდი.
სარკეში ისევ გველი იყო.
გულის სიღრმეში, მწამდა, რომ სწორედ ეს იყო საშინელი კოშმარი, რომ ახლა ოთახში დედა შემოვიდოდა და ამ კატასტროფისგან მიხსნიდა.
დედაც გაიმართა მხრებში და სარკეში ჩემს ანარეკლს გაუსწორა თვალი.
-შენ ლამაზი ხარ!
-მე მე ვარ?
-რა თქმა უნდა… -მითხრა და თვალები აუცრემლიანდა, მისი გულის ცემა ჩვეულებრივზე ნელი იყო, მაგრამ ისეთი ძლიერი დარტყმები ჰქონდა, მეგონა სადაცაა მკერდს გაუგლეჯს-მეთქი, ამიტომ მის დასაწყნარებლად გულზე ჩვილივით ავეკარი.
გავიღვიძე. კვლავ ჩემი სარკის წინ ვიყავი. დედის მუხლებზე მეძინა. მას ხელი ჩემს თმაში შეეცურებინა და ისევ მეფერებოდა. თვალებში ჩავხედე. წითელი იყო. დაღლილი და სველი. ფერი და სისველე იმაზე მეტყველებდა, რომ მას ერთი წამითაც არ სძინებია. თვალი სარკისკენ გავაპარე. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ღაწვზე თბილი წვეთი.
სარკეში ისევ ჭრელი გველი იყო.
მეხუთე ნაბიჯი
რა სასაცილოა ადამიანი…
დიახ, ადამიანს ვუწოდებ საკუთარ თავს და საერთოდ არ ვთვლი რომ ეს ამბიციურობაა ჩემი მხრიდა. რაც არ უნდა ვყოფილიყავი სინამდვილეში, მე ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე და ადამიანად მიმაჩნდა თავი. ჩვეულებრივ მოკვდავად. მეცინებოდა ჩემს თავზე. ზოგადად, ადამიანებზე მეცინებოდა. რა თქმა უნდა, ირონიულად. ჩვენ ყველაფერს ვეგუებით, ვეგუებით მარტივად, თითქოს ასეც უნდა იყოს… გამოსწორებას არც ვცდილობთ. უბრალოდ ვეგუებით, რომ ასეა დაუძლურნი ვართ. როდესაც გონებაში ეს ფიქრები შემომიძვრებოდნენ ხოლმე თავში და ვგრძნობდი როგორ დაღოღავდნენ ტვინზე ჭიაყელებივით, თმის დაგლეჯა მინდოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში, სასაცილოა, მაგრამ ამასაც შევეგუე. ყველაფერს შევეგუე, ჩვეულებრივი მოკვდავივით შევეგუე რომ ეს ასე იყო და მორჩა. ხანდახან მომწონდა კიდეც, რომ ასე იყო…
სასაცილოა…
სასაცილო ვარ…
ირონია.
ყველაფერი ერთად ხდება ხოლმე. წესია ასეთი. ჩემს შემთხვევაშიც არ დაირღვა “ბუნების გენიალური კანონი”. დირექტორმა ჩემს მასწავლებელს აუკრძალა დამატებითი გაკვეთილების ჩატარება ჩემთვის სკოლაში. მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება სხვებისთვის დამაკნინებელიაო თუ რაღაც ასეთი და კიდევ მილიონი “ბლა ბლა ბლა”.
მოკლედ, მასწავლებლის თვალებში სევდა ჩაიქცა, თავი დახარა, თვალიც კი ვერ გამისწორა, ისე მითხრა რომ ვეღარ ვიმეცადინებდით.
ჩემი ნიშნები ერთ კვირაში საგრძნობლად დაეცა.
მასწავლებელმა თავისთან მიხმო. ისევ მათემატიკის კაბინეტში აღმოვჩნდი, ისევ ჩემს დაბალ ქულებზე საუბრობდა, მე თავჩაქინდრული, დასჯილი ბავშვივით ვიდექი და ვისმენდი იმას რაც ისედაც ვიცოდი და რაც თითქოს უკვე მოსმენილი მქონდა. ტვინში რაღაც ჭია დაღოღავდა და გულშჳ ღიღინებდა “დე ჟა ვიუ”… მერე მასწავლებელმა კალამი (რომელსაც ნერვიულად ათააშებდა ხელში), მაგიდაზე დადო და ჩვეულზე დაბალი ხმით მითხრა:
-შემიძლია სახლში გამეცადინო…-ეს სიტყვები სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმ ერთადერთი ჭიის გასაცამტვერებლად, რომელიც თავში დაღოღავდა. ვიგრძენი როგორ ამითამაშდნენ თვალებში ეშმაკუნები, როგორ მივაპყარი აბრდღვიალებული თვალები ჩემს გაიდეალებულ მასწავლებელს და როგორ ჩამიწყდა ხმა…
იმდღევანდელივით…
სწრაფად მოვუყარე ენერგიას თავი და ჩავიჩურჩულე:
-კარგი…
ამის მეტს ვერაფერს ვიტყოდი, მორჩილად ჩავქინდრე თავი, მან კი რაღაც ნაგლეჯი მომცა და დამითხოვა. რამდენიმე წამს ნაგლეჯს დავცქეროდი და ვერცერთ სიმბოლოს ვარჩევდი, თითქოს რომელიღაც ძველი იეროგლიფებით ყოფილიყოს დაწერილი. ეს წამები საუკუნედ მომეჩვენა, ლოყები წითლად შემეფაკლა და კარისაკენ დავიძარი.
-ხომ მოაგნებ?
-კი… -ვუპასუხე და კარის ზღურბლს გადავაბიჯე.
ნაცნობი გულისცემა.
ნაცნობი გამჭოლი მზედა ზურგს უკან.
ნაცნობი ჭია.
“დე ჟა ვიუ”…
ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა მეცადინეობის დრო. ნაგლეჯს დავხედე, მისი მისამართი ეწერა. თანაც იმ ენაზე, რომელიც ჩემი მშობლიური იყო და შესანიშნავად მესმოდა. რამდენიმე საათი ვარჩევდი კარადასთან რა ჩამეცვა. ამდენივე დრო მაკიაჟს დავუთმე. მაკიაჟი აუცილებელი იყო. კოკო შანელი ამბობდა, თუ კი მაკიაჟს არ იყენებ ესეიგი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვსო. მეკი პირიქით, საოცრად დაბალი თვითშეფასება მქონდა. სარკეში ყველა ჩახედვა მაშინებდა, რადგან იქ ხან გველი ვიყავი, ხან ნახევრად გველი, ხანაც ნამდვილი მე. მაღაზიის ვიტრინებსაც კი ვუფრთხოდი. მაგრამ ახლა მაკიაჟი მჭირდებოდა. და იმაზეც თანახმა ვიყავი ნახევრად გველი თუ გამოვჩნდებოდი. ასე სახეს მაინც დავინახავდი. მაგრამ მე ვიყავი. ნამდვილი მე. უფრო მეტად ავჟიტირდი. ბედნიერება ვიგრძენი. მომენატრა ნამდვილი “მეს” დანახვა სარკეში. საოცრად სასიამოვნო შეგრძნება იყო. ისე ვღელავდი, თითქოს პაემანზე მივდიოდი, სინამდვილეში კი ეს ჩვეულებრივი მათემატიკის გაკვეთილი იქნებოდა. სხვების მსგავსი.
მისი სახლის კართან ვიდექი, გული წამში ასიათასჯერ მიცემდა. ხელში მათემატიკის წიგნი მეჭირა და გულზე ჩვილი ბავშვივით ამეკრა. მასწავლებელმა კარი გამიღო. წამიერად გავშეშდი. ჩემი “ძველი მეგობარი პეპლები” შემოფრთხიალდნენ მუცელში. “საშინაო ფორმაშიც როგორი სიმპათიურია!” გავიფიქრე და საკუთარ თავს შევუღრინე, რომ ამის უფლება არ მქონდა. პატარა სახლი იყო. თუმცა ერთი ადამიანისთვის სავსებით საკმარისი.
-მარტო ცხოვრობ?-ვკითხე შინაურულად, თან სახლს ვათვალიერებდი. ასეთმა არაფორმალურმა ჩემმა ქცევამ კიდევ ერთი ჭია შემიღოღა ტვინში, რომელმაც ჩემს სიტყვებს ერთი ასო დაამატა “ბ”, მეც ავტომატურად შევასწორე, -ცხოვრობთ…
გამიღიმა. პეპლები კედლებს შეეხეთქნენ. “ჯანდაბა! ისევ სისულელეებზე ფიქრს იწყებ!” გამალებით შევუღრინე საკუთარ თავს კიდევ ერთხელ. ვეჭვობდი რომ ეს უკანასკნელი არ იქნებოდა, რადგან გონებას ვერ ვიმორჩილებდი. ეს პატარა ჭია-ღუები, პეპლები და მსგავსი სისულელეები შემომსეოდნენ და ბუნტს მიწყობდნენ, სხეული მთლიანად დაიმონეს და თავის ნებაზე ათამაშებდნენ.
-დიახ, მარტო ვცხოვრობ…-თან მაგიდიდან ზედმეტ ნივთებს ალაგებდა, მერე შემომხედა, ისევ გამაქვავა, -ფორმალობა საჭირო არ არის… აქ არა.-ისევ გამიღიმა. მე კი ასე გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ ლამაზად, არაადამიანურად იღებდა ყველა წიგნს, რვეულსა თუ ზედმეტ ნივთს, რომელიც მის მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა.
-არ დაჯდები?-მკითხა ისევ ღიმილით.
-ჰო, რა თქმა უნდა, -ვუპასუხე მეც ღიმილით და სწრაფად მივუჯექი მაგიდას. დავალება მომცა და თვითონ სამზარეულოში გავიდა. რას არ დავთმობდი, რომ მენახა ქურასთან როგორ იდგა და ჩაის ამზადებდა “ჩვენთვის”. რა იქნებოდა ამაზე უკეთესი? თუმცა, როგორ არა. ჯობს მენახა როგორ დგას ქურასთან და ჩაის აკეთებს, წელს ზემოთ შიშველი! გამეცინა. ისევ ამერია თავ-გზა. შევუღრინე ჩემს თავს და მათემატიკის ტალღაზე გადავრთე.
დაბრუნდა და დავალება შემიმოწმა. არცისე კარგი იყო, მაგრამ საყვედური არ უთქვამს გამიღიმა და მითხრა, რომ გამოვასწორებდით. რამდენს იღიმის. როგორ უხდება ღიმილი. სკოლაში ამდენს არ იღიმის ხოლმე. მის ფიქრებში შეძვრომა ვცადე, მაგრამ ისევე უშედეგოდ დამთავრდა როგორც ყველა დანარჩენი მცდელობა. რაღაცას მიხსნიდა, მისი ბაგეები მუსიკალურად იპობოდა და წებდებოდა. თითქოს მღეროდა. არაფერი მესმოდა, მხოლოდ ჩემს ტვინზე წამოწოლილი ჭია ჩამძახოდა და ფანტაზიებს მიქმნიდა, როგორ ვეწაფებოდი, როგორ ვკოცნიდი მის ტუჩებს. წყაროს წყალივით ანკარასა და ტკბილს. ჩაიდანი აყვირდა და მეც დავბრუნდი ასტრალიდან. ის სამზარეულოში გავიდა. ჩემმა ჭიამ ახალი ფანტაზიები მაჩუქა, როგორ ვიჯექი სამზარეულოს დახლზე, ის ჩემს წინ იდგა, ფეხები მის წელზე მქონდა შემოჭდობილი და ისევ მის ტუჩემს ვეამბორებოდი. ახლა მისმა ხმამ გამომაფხიზლა:
-შაქარი რამდენი ჩაგიყარო?-ოცნებებიდან ძალით გამოთრეული სწრაფად მოვედი გონს და ვუპასუხე:
-უშაქროდ…
ის დაბრუნდა. ხელში ორი ფაიფურის ჭიქა ეჭირა. აი, ისეთი, დედაჩემი მხოლოდ საგანგებო სტუმრებისთვის რომ იყენებდა ხოლმე. გამეღიმა. კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე, რა იქნებოდა, ის შავი მაისური რომ არ ცმოდა ტანზე-მეთქი. მგონი ეშმაკუნები შეამჩნია ჩემს თვალებში და მკითხა კარგად თუ ვიყავი. თავი დავუქნიე და მათემატიკის მეცადინეობა განვაგრძეთ.
ისევ ტუჩები.
ისევ ჭია.
ისევ ფანტაზიები.
ისევ მინდოდა თმის დაგლეჯა.
..და ეს რომ არ გამეკეთებინა, წამოვხტი სკამიდან მაგიდას ორივე ხელით დავეყრდენი და ვთქვი რომ ფიქრი აღარ შემეძლო.
-დაიღალე?
-არა, უბრალოდ ვერ ვფიქრობ, გონება მეფანტება… დღეისთვის გვეყოს კარგი?-თან ფანჯარასთან მივედი და გარეთ დავიწყე ყურება, რომ რამე არ წაეკითხა ეშმაკუნებათამაშებულ ჩემს თვალებში. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და მიმიკრა გულზე, მისი გულის ცემა ვიგრძენი ზურგზე. სუნთქვა ყურთან, კოცნა ლოყაზე, თავი მივაბრუნე რომ უფრო ვნებიანად მეკოცნა, მაგრამ გაქრა. არც მოსულა. კიდევ ერთი ფანტაზია იყო. თვალში ციცინათელები ჩამიქრა და უკვე ცრემლები მაწვებოდა, მე კი ვცდილობდი გარეთ არ გადმომეღვარა და შიგნით ვაქცევდი.
-ჩაი მაინც დალიე…
-ცხელია…-ვუპასუხე და მათემატიკის წიგნი გულზე ავიწებე. – ნახვამდის…
-ანა…-ხელი მხარზე ნაზად დამადო, კიდევ ერთი “ესეც დე ჟა ვუ”, - კარგად ხარ?
მინდოდა მეთქვა რომ არა. ან არაფერი მეთქვა და პირდაპირ მეკოცნა, მაგრამ მხოლოდ გაშეშებული გვამივით ვიდექი გაყინული. მუცელში პეპლები დაფარფატებდნენ, დანარჩენ სხეულში ჭია-ღუები, ტვინს კი მხართეძოზე წამოწოლილი მატლი მართავდა. მოკლედ მაგარ შარში ვიყავი. მასწავლებლის გულის ცემა შემომესმა, ეს აღარ იყო მირაჟი. ნამდვილი იყო და ამან მთელი სისხლი გამითბო. თვალი თვალში გავუყარე, “ო, რა სევდიანია მისი თვალებიც”, ყრუდ მომესმა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის გონებაში შევაღწიე.
-მართლა სევდიანი თვალები მაქვს?-ვკითხე ინსტიქტურად, სხეულის შიგნით ჩაბრუნებული ცრემლები ვეღარ გავაკონტროლე და ერთი წვეთი ღაწვზე ჩამომედღაბნა, თვალზე წასმულ “ტუშს” შეერია და ლოყაზე შავი ხაზი დატოვა.
-შენ რა, ჩემს ფიქრებს კითხულობ?-გამიღიმა.
-არ ვიცი…
გამოვბრუნდი. წასვლა დავაპირე მაგრამ, ტვინის მატლმა, რომელიღაც ნერვი ამოგლიჯა იქ, ზემოთ და მეც ინსტიქტურად მოვბრუნდი, ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი. გონს მათემატიკის წიგნის იატაკთან შეხებამ მომიყვანა. მასწავლებელს ვეხუტებოდი და მის გულისცემას კი არ ვისმენდი, უკვე ვგრძნობდი, ბიძგებს ჩემს სხეულს გადმოსცემდა. და რაც მტავარია, მხოლოდ მის გულს არ ვეკროდი. ტუჩებსაც. მისი ხელები ნაზად მედებოდა წელზე.
-არ შეიძლება…-ჩაიჩურჩულა მან, -რა გემართება? გავწითლდი. ეს მე არ ჩამიდენია, ჭიამ, ჭიამ ჩაიდინა, გავკიოდი შიგნიდან…
-მაპატიე, – ვუთხარი თავის ჩაქინდვრით. მერე წიგნი იატაკიდან ავიღე და კარისაკენ წავედი.
გამჭოლი მზერა.
“დე ჟა ვიუ”…
მეექვსე ნაბიჯი
სინდისი მაწუხებდა საკუთარი საქციელის გამო. საკუთარი სურვილები ამაზრზენი მეჩვენებოდა და ხშირად მერეოდა გული.
დედამაც შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე ვერ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაფერს ვეგუებოდი, დედა არ შეეგუა. სარკეში მე დიდი ხანი აღარ ვჩანდი ისე, როგორც მე. ჭეშმარიტი დეპრესია დამეწყო. ფიქრები კი მალე თავის ქალას ამხდიდნენ. ჩემი ყველა კოშმარი ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობას ევლინებოდა.
ბოლო კოშმარიც სხვებივით ახდა. ერთხელ, გვიან ღამით გამეღვიძა. მციოდა და წყურვილს ავეტანე. საწოლიდან ფეხების იატაკზე დადგმა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემი საბნიდან საშინელი კუდი გადმოიხლართა. გველის კუდი, ზუსტად ისეთივე, როგორიც სარკესა და სიზმრებში მქონდა ხოლმე. ვიკივლე. ოთახში დედა შემოვარდა. მანაც იკივლა. თვალები დახუჭული მქონდა. მეშინოდა, რომ ადამიანის სახეს ეტაპობრივად ვკარგავდი. დედის გულისცემა მესმოდა. ნელ-ნელა მომიახლოვდა. მომეკრო.
-თვალები გაახილე საყვარელო, ეს სიზმაარი იყო…-დედის ხმამ შვება მომგვარა და თვალები გავახილე. ფეხები ადგილზე მქონდა.
-ეს … ეს ისეთი რეალური იყო….
-ყველაფერი გაივლის… ასაკის ბრალია, -მითხრა დედამ ღიმილით და ისევ გულში ჩამიკრა.
საბოლოოდ, ფსიქოლოგთან გამამწესეს.
ფსიქოლოგს მარიეტა ერქვა. ზუსტად ისეთივე იყო, როგორებიც ფილმებში მენახა. კეფაზე შეკრული თმა. სათვალე. საქმიანი იმიჯი და გამოხედვა. ხელში ფურცელი და კალამი ეკავა. იწერდა ჩემს მონაყოლს. ვუყვებოდი ყველაფერს რაც ჩემს თავს ხდებოდა. ის კი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ეს ჩემი ფსიქიკიდან მოსროლილი რაღაც ტალღები იყო, რომელიც ფსიქოლოგიურმა სტრესმა გამოიწვია. ეს ქალი უფრო მეტად მაღიზიანებდა ვიდრე მამშვიდებდა. მაგრამ მშობლების ხათრით ამ ქალის ატანა კვირაში ერთი საათით, შესაძლებელი იყო. მეც მედგრად ვუმკლავდებოდი.
სკოლას ხშირად ვაცდენდი, მათემატიკას – ყოველთვის.
რამდენიმე სეანსი გავიდა. მისი კაბინეტიდან ჩვეულებრივზე გაღიზიანებული გამოვედი და სახლისაკენ გავემართე. მთელი სხეულით ვცახცახებდი. ყველაფერი რაც ირეკლავდა მოსისინე გველად მაქცევდა პარალელურ სამყაროში. ქუჩის ბოლოს ნაცნობმა წითელმა თვალებმა გაიელვეს და სუპერმარკეტის ბრბოში გაუჩინარება სცადეს, მაგრამ ავედევნე. ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდი. ჩვეულებრივზე სწრაფი ვხდებოდი. ის გარბოდა. მეც უკან მოუხედავად მივსდევდი. მხოლოდ მას ვუყურებდი. ვგრძნობდი, ირგვლივ ვეღარაფერს ვხედავდი “სამიზნის” გარდა და გველივით ვსრიალებდი. სიზმარი არ ყოფილა. მე მართლა შემეძლო გველად, ან ნახევრად გველად ქცევა. უბრალოდ, არ ვიცოდი როგორ. სამიზნე გაჩერდა. შემობრუნდა. მიყურებდა და იღიმოდა. მე თითქოს გულმკერდზე ვიწექი. ქვემოდან ვუყურებდი. მერე ფეხზე წამოვდექი.
-რაღაცები გისწავლია, -ისევ იღიმოდა ის.
-ჰო…
-ეს კარგია, ლილიტი იამაყებდა…
-არ მაინტერესებს ეგ ქალი!
-მაშინ მის ძალას რატომ იყენებ?
-ამას ვერ ვაკონტროლებ….
-იმიტომ რომ არ ინდომებ. შენვე მოგწონს მახვილი სმენა. შენვე ცდილობ სხვების გონებაში შეძვრომას.
-გველად ქცევა არასოდეს მიცდია…
-ეგ, ასე ვთქვათ სხვა უნარებს “კომპლექტში” მოჰყვება.
-როგორ გავაკონტროლო, შეგიძლია მასწავლო?
-არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ გველის სხეულში დაკარგულ ენერგიას აღიდგენ.
-სარკეზე რას მეტყვი?
-ხასიათის მიხედვით ჩანხარ. თუ კარგად ხარ შენ ხარ, თუ ცუდად – არა.
-ხანდახან ნახევრად გველი ვარ…
-ეს დამოკიდებულია, შენი უარყოფითი ემოციების რაოდენობაზე… რაც მეტია ისინი, ასე ვთქვათ, უფრო გველი ხარ…-ისევ მზაკვრულად გამიღიმა.-ძირითადად გველად ძილში გარდაიქმნები.
-თუ ასეა, ახლა რატომ ვიქეცი გველად, როდესაც აგედევნე?
-იმიტომ რომ გინდოდა…
-სისულელეა!-ვიყვირე ბოლო ხმაზე.
ის ისევ რაღაცნაირი, ქედმაღლური ღიმილით მომჩერებოდა, ვგრძნობდი მისი თვალები წითლდებოდა.
-შეყვარებული ხარ?-მკითხა.
-ჰო… -ვუპასუხე, მინდოდა რამე უხეში პასუხი გამეცა, მაგრამ გაშტერებული ვიდექი და ვპასუხობდი იმას რასაც მეკითხებოდა. ეს კი ჭეშმარიტად მთლიანი სხეულის მართვის სადავეების დაკარგვა იყო. კიდევ დამისვა რამდენიმე შეკითხვა. მე დავნებდი. მისი თვალები მწყობრში ჩადგა. აღარ იყო წითელი. მე კი აგრესია, რომელიც აქამდე ვერ გამოვიყენე ერთბაშად მომაწვა და ისევ ავღრიალდი.
-ვინ ხარ? რა გამიკეთე?
-როგორც ჩანს ყველა უნარს ჯერ ვერ დაეუფლე, -აღარ იღიმოდა და სერიოზული ტონით მომმართავდა, - ეს ჰიპნოზია, ყველასთან ჭრის. ვის მიმართაც ადამიანური არცერთი გრძნობა არ გაგაჩნია. სიყვარული, სიძულვილი, შეცოდება, ნებისმიერი გრძნობა. დასანანია, რომ ჯერ ვერ დაეუფლე, ეს უნარი ყველაზე მეტად მომწონს.
-რაღაც გრძნობა ყველას მიმართ გვაქვს…
-ეგ მხოლოდ ადამიანებს. ლილიტის შთამომავლებს – არა!
-შენ ჩემი და ხარ?-ვკითხე გაუბედავად. მან ისევ გადაიხარხარა.
-რა თქმა უნდა, არა. შენ ჩემზე საუკუნეებით დიდი ხარ.
-რას გულისხმობ?
-ლილიტი ადამის ცოლი იყო, ბედნიერად ცხოვრობდნენ, შვილებიც ბევრი ჰყავდათ, მაგრამ ადამიანი გაუმაძღარი რომაა ეს ალბათ უკვე შეამჩნიე. იდეალური, სრულყოფილი ქალი მოუნდა. არ აკმაყოფილებდა ლილიტი, რომელიც გადაღლილობის ჟამს ნახევრად გველად იქცეოდა ხოლმე. ღმერთს სთხოვა, მისთვის სხვა ცოლი შეექმნა. ისეთი, რომელიც ლილიტზე ლამაზი და ტანადი იქნებოდა, თანაც ღამ-ღამობით გველად არ გარდაიქმნებოდა. ასე შეიქმნა ევა. ალბათ აკრძალულ ხილზეც გსმენია არა?
-ბიბლიას მიყვები?-აღვშფოთდი მე, -რამე მნიშვნელოვანი მითხარი!
-ეს აკრძალული თავებია, ძვირფასო. ლილიტზე არ წერენ ბიბლიაში. ევა გველმა შეაცდინაო, ალბათ გასწავლეს. ის გველს არ შეუცდენია.-გამიღიმა და გამჭოლი მზერა მესროლა.
-ლილიტი, -წავილუღლუღე მე.
-რა თქმა უნდა, როგორც იქნა შენი ტვინიც ამუშავდა, -ირონიას უმატა, მე კი აგრესიის გამომჟღავნების თავიც არ მქონდა.
-ეს ისედაც ვიცოდი, შემდეგ რა მოხდა?-ვკითხე გულუბრყვილოდ.
-რთული მისახვედრი არაა, ღმერთმა ლილიტი დასაჯა და სამუდამოდ გველად დატოვა, ადამს და ევას რა ბედიც ეწიათ, ალბათ იცი.
-და შვილები?
-ჰო, სულ დამავიწყდა. გაბოროტებულ და უარყოფილზე ქალზე საშიში არაფერია, მან კარგად იცოდა, რომ ღმერთის რისხვა არ ასცდებოდა. ამიტომ დედამიწაზე თავისი ორი კვერცხი ჩამოაგდო, მომავალში ადამიანებზე შურის საძიებლად. ერთი კვერცხიდან შენ გამოიჩეკე, მეორედან მამაჩემი, ძვირფასო მამიდა.
-ვერაფერი გავიგე, საუკუნეების წინ ჩამოგდებული კვერცხები, ახლა როგორ გამოიჩეკა?
-ეს მარტივია, მან თავისი კვერცხები ოკეანეში ჩაყარა, ოკეანედან დროთა განმავლობაში, ონკანის მილებში მოხვდა, იქიდან კი ვიღაც ორი ქალის კვერცხუჯრედში.
-ჩემი ძმის ნახვა მინდა…
-ვერ ნახავ, წლებია მოვკალი…-ახლა კი შიშმა შემიპყრო. ეს ქალი ისეთი ბოროტი იყო, რომ მშობლები მოკლა.
-ეს რატომ გააკეთე?
-იმიტომ რომ მისია არ შეასრულა. ეს ბებიას უნდოდა, მე ის სიზმრებში მეცხადებოდა და დავალებებს მაძლევდა.
-მან გითხრა მოკალიო?
-ეგ შენი საქმე არ არის! – მიყვირა და პირველად ვნახე, ასეთი აღელვებული, აქამდე ნერვიც კი არ ასტოკებია. რაღაც ხდებოდა და ამის გაგების სურვილი შიგნიდან მიღრღნიდა ძვლებს.
-თუ მეც მამაშენივით მოვიქცევი, შეიძლება ჩემი შვილი შენ დაგემსგავსოს?
-არა, -ისევ ირონიული ღიმილი. -თუ მამაჩემივით მოიქცევი შენი შვილი არ გაჩნდება!
გავშეშდი.ის სიკვდილით მემუქრებოდა. გონებაში აზრები ერთმანეთს ეჯახებოდენ და საბოლოო ჯამში, თავში ტვინის ნაცვლად, დაკუჭული ქაღალდების გროვა მეყარა, რომლებზეც თითქოს ფერადი ფანქრებით ბავშვის ნაჯღაბნები იყო გამოსახული.
ის გაბრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ნაბიჯი შეანელა, ჩაფიქრდა, თავი ჩემკენ შემოაბრუნა და ერთი სიტყვა მითხრა: “ჩაიცვი!” მხოლოდ ახლა მოვედი გონს, სხეულზე დავიხედე და გავოგნდი, შიშველი ვიყავი. ალბათ, გველად ქცევისას ყურადღება არ მივაქციე, როგორ გამეფანტა სამოსი გზადაგზა.
პირველივე ნაგვის ურნასთან ვიპოვე რაღაც ბინძური ქსოვილი, სხეულზე შემოვიხვიე და სახლში წავედი.
ვიწექი ჩემს საწოლზე და ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც მან მითხრა. თუ შვილი მეყოლებოდა, შესაძლოა მონსტრი ყოფილიყო. მაგრამ შემეძლო მეშვილა. მეც ხომ მიშვილეს? მე არ ვიყავი მონსტრი. მე ის ვიყავი ვისაც ეს მონსტრი უნდა დაემარცხებინა. შური უნდა მეძია ჩემი ძმის სიკვდილისთვის, მისსავე შვილზე. რა უცებ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ჩვეულებრივი საშუალო მოსწავლე კაცობრიობის გადარჩენის გეგმებს ვადგენდი. სასაცილო იყო. ისტერიული სიცილი ამიტყდა. მე თავისუფლად შემეძლო მისი დამარცხება. მე პირველი თაობა ვიყავი, ჩემში უფრო ძლიერად იყო ლილიტის გენი. მის დამარცხებას შევძლებდი თუ ჩემს უნარებზე ვიმუშავებდი, გავაძლიერებდი მათ.
ამ ფიქრებში ჩამეძინა.
მეშვიდე ნაბიჯი
სკოლაში წასვლა მომინდა.
წავედი.
ჩემი უნარების გამოყენება სრულიად უცხო ხალხზე ვცადე, მათზე, ვის მიმართაც გრძნობები საერთოდ არ გამაჩნდა. სწორედ ისე, როგორც ჩემმა “ძმის შვილმა” მითხრა. ეს ამართლებდა. მე კი მაღიზიანებდა გრძნობა, რომელიც ნელ-ნელა მიმძაფრდებოდა. ეს სიამაყე იყო. ვამაყობდი ჩემი შესაძლებლობებით და სურვილი მიჩნდებოდა ყველას მიმართ დამებლოკა გრძნობები. ეს რთული მისია იყო. მაგრამ ნაწილობრივ გამომდიოდა. მასწავლებლები რომლებიც მძულდა, მათ მიმართ გრძნობები “გავთიშე” და ეს ჩემს ნიშნებზე დადებითად აისახა. ყველაფერი თითქოს კარგად იყო, სანამ დირექტორის კაბინეტში არ ამოვყავი თავი.
-ვხედავ ნიშნების გამოსწორება დაგიწყია, მაგრამ მათემატიკის გაკვეთილს არც კი ესწრები!-შემიბღვირა დირექტორმა, -ასე რატომ იქცევი, ვერ იგებ თუ რამე სხვა ხდება?
თვალები გავაწითლე და შთავაგონე, მათემატიკის მასწავლებლისთვის ეთქვა, ჩემთვის ქულები დაუსწრებლად დაეწერა. რა თქმა უნდა, დირექტორის მიმართ, არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა სიძულვილის გარდა, რომელიც უკვე დავბლოკე. როდესაც მორჩილად დამიკრა თავი დავამატე:
-და უთხარი ისევ მამეცადინოს!
-კარგი…
კაბინეტიდან რომ გამოვედი, ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი. ეს ჰიპნოზები და სხვების ტვინში ძრომიალი ძალიან მღლიდა, მფიტავდა… ქალთა საპიფარეშოს კაბინაში ჩავიკეტე.
თავის ტკივილი ძლიერდებოდა.
თავბრუსხვევა.
და თვალებში გაჩენილი წითელი ბინდი.
ისევ გველი ვარ. თანაც სკოლაში! შესანიშნავია… თავს გავუძალიანდი და წელს ზემოთ ისევ მე დავბრუნდი, მაგრამ ამ საშინელ, დაკლაკნილსა და გახლართულ კუდს, ვერაფერს ვუხერხებდი. ძალიან მოვინდომე. როგორც იქნა საკუთარი სხეული დავიბრუნე. ბანცალით გავუყევი სკოლის დერეფანს კედელ-კედელ. არ ვიცი რამ მაიძულა, თითქოსშინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ იქ უსაფრთხოდ ვიქნებოდი, მათემატიკის კაბინეტისაკენ დავიძარი, კარი შევაღე.
შესვლა მინდოდა, მაგრამ თავის ტკივილმა ისევ შემომიტია. ამჯერად ბევრად ძლიერი და გაწვრთნილი ჯარისკაცები შემომესივნენ.
ბინდი თვალებზე.
როგორც ჩანს გული წამივიდა. თუმცა, კარგი იყო რომ საკუთარ სხეულში დარჩენა შევძელი. უფრო უკეთესი კი ის იყო, რომ “ჩემს” მასწავლებელს ხელში ვეჭირე და კიბეებზე მიმარბენინებდა, ალბათ, ექიმის კაბინეტში. ვგრძნობდი, რომ შეშინებული იყო, მის გულისცემას ვგრძნობდი. მის მკლავებში სანთელივით ვიღვენთებოდი. ფიზიკური ნაკლოვანებებიდან ვერაფერს ვგრძნობდი. ყველა ტკივილი ერთბაშად გაქრა. თუ ახალგაზრდა უნდა მოვმკვდარიყავი, ეს იდეალური მომენტი იყო სასიკვდილოდ, ამაზე ბედნიერი ვერასოდეს მოვკვდებოდი, მის ტორებში მომწყვდეული, მის გულზე აკრული. რა იქნებოდა ამაზე უკეთესი? თუმცა, როგორ არა, ამაზე უკეთესი მხოლოდ ის იქნებოდა, ასე ხელში აყვანილი რომ ვყოლოდი და სამუდამოდ ერბინა… თანაც, წელს ზემოთ შიშველს… როდესაც გონებაში ეს ფიქრი შემომიძვრა გამეღიმა. ამ დროს უკვე ექიმის კაბინეტის კართან იდგა, როგორც ჩანს, ღიმილი შეამჩნია, თვითონაც გაეღიმა:
-ვხედავ, უკეთ ხარ…
-შენს მკლავებში ვარ, სხვანაირად შეუძლებელია…-ვუთხარი თითქმის ჩურჩულით. თავადაც მაოცებდა ჩემი გამბედაობა. ალბათ იმის დამსახურება იყო, რომ “ცელიანი კაცის” ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო ახლოს ჩამესმოდა. მასწავლებელი გაწითლდა. პირველად ვხედავდი ასეთ წითელს. უხდებოდა. ნეტავ, კიდევ ბევრჯერ მენახა. ექიმმა უთხრა, საწოლზე დავეწვინე. დამორჩილდა. თვალების გახელისთვის ძალა აღარ მეყო. ვგრძნობდი, როგორ მშორდებოდა ნაცნობი გულისცემა. ის წავიდა და მეც გავითიშე. როდესაც გონს მოვედი გველი ვიყავი. ალბათ, ეს აუცილებელი იყო ენერგიის აღსადგენად. მაგრამ მთავარი პრობლემა ექიმის კაბინეტიდან შეუმჩნევლად თავის დაღწევა იყო. ჩემს სხეულს ნაწილობრივაც ვერ ვიბრუნებდი, მით უმეტეს მთლიანს. როგორმე უნდა გავხოხებულიყავი, ამ საშინელი ადგილიდან. ასეც მოვიქეცი. დერეფანში ჩემი მშობლები, სკოლის ექიმი, დირექტორი, სასწრაფოს ექიმები და რაც მთავარია “ის” იდგნენ. სასწრაფოს ექიმები უკვე მიდიოდნენ, როგორც ჩანს ზედმეტი დამამშვიდებლები და მსგავსი სისულელეები შეურიეს ჩემს ყინულივით ცივ სისხლს და ამიტომ დავკარგე სხეულზე კონტროლი. შეუმჩნევლად გახოხება არ გამომივიდა.
წივილ-კივილი ატეხეს.
ეს არ გამკვირვებია. არც მწყენია. გაქცევას ვერ შევძლებდი. ამიტომ მასწავლებლისკენ გავხოხდი, იმ იმედით, რომ მიცნობდა და არაფერს დამიშავებდა. ყველა შეიარაღდა, სკოლის დაცვაც უმალვე გამოჩნდა ჰორიზონტზე უზარმაზარი ჯოხით. მასწავლებელმა ვერ მიცნო. მან გველში მე ვერ დამინახა და იქვე ახლოს მდგარი სკამი მომიქნია. ამცდა, მაგრამ გული მეტკინა.
ეს ხომ მე ვიყავი?
ვერ მიცნო.
ჩემი ეშინოდა.
გამალებით მიქნევდა სკამს.
ტირილი მინდოდა. მაგრამ, როგორც ჩანს გველებს ტირილი არ შეუძლიათ, ცრემლები არ მომდიოდა. ადგილზე გავქვავდი და იმ ფიქრებში ჩავიძირე, რომლებიც შიგნიდან მჭამდნენ.
“ვერ მიცნო”…
“შეეშინდა”…
“მონსტრს ხედავს ჩემში”…
ფიქრებიდან, დამლაგებლის იატაკის საწმენდმა ჯოხმა გამომაფხიზლა, რომელიც პირდაპირ თავში მომხვდა. გავცოფდი და გიჟივით გავექანე ღია ფანჯრისაკენ. პირველი სართული იყო, დაცემა არცისე მტკივნეული გამოდგა. გავიქეცი.
როდესაც სხეული დავიბრუნე, თავიდან სისხლი მომდიოდა და გვერდები მტკიოდა. ალბათ, ფანჯრიდან ნახტომის და იატაკის საწმენდი ჯოხის გამო. სახლში წასვლა არ მინდოდა. ამიტომ მათემატიკის მასწავლებლის სახლის კართან მივბოდიალდი, კარს ზურგით დავებჯინე და ავტირდი. სულ ცოტა ხნის წინ ეს არ შემეძლო. როგორ მომნატრებია ცრემლები… ხანდახან რა საოცარია ეს პატარა წყლის წვეთები, რამხელა შვებას გგვრიან. ყველა ავი ემოცია დავღვარე. საღ გონებაზე მყოფი, მივხვდი რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავი, თანაც შიშველი. კოჭლობით წამოვდექი (როგორც ჩანს, ფეხიც დამეზიანებინა). კედელს გავყევი. პირველივე შემხვედრ გოგონას ტანსაცმელი “ვაჩუქებინე” და ჩემს ბოლო იმედთან. ჩემს საუკეთესო მეგობართან წავედი.
ლიზა ისევ სკოლაში იყო, ამიტომ მის კართან ავიტუზე და დაველოდე.
მერვე ნაბიჯი
ლიზას გაფართოებული თვალები არასოდეს დამავიწყდება, როდესაც მე დამინახა ამ მდგომარეობაში. ის ჩემი ნავსაყუდელი იყო და იცოდა, როდის არ უნდა დაესვა კითხვები. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო. გულზე ამიკრა და როგორც სჩვეოდა, ყველა უარყოფითი ემოცია შეიწოვა. მერე ჩანთიდან გასაღები ამოიღო და სახლში შემიყვანა.
ლიზა ჩემი საუკეთესო დამამშვიდებელი იყო. დივანზე დამსვა, მხრებზე უზარმაზარი, ფუმფულა პლედი შემომახვია და რაღაც ბალახების ჩაი დამალევინა. ჩაი მისი სუსტი წერტილი იყო, ყველანაირ ჩაის იპოვიდით მის სამზარეულოს კარადებში.
ყველაფერი უარყოფითი გამოწოვა ჩემი სხეულიდან და სიმშვიდე ჩამაქცია ძარღვებში, ჩაის სახით. გავთბი. კითხვებს არ მისვამდა, უბრალოდ მამშვიდებდა და თავიდან სისხლს მწმენდდა.
-არ გაინტერესებს რა მოხდა?
-რა თქმა უნდა მაინტერესებს, თუ შენ ჩათვლი საჭიროდ რომ უნდა ვიცოდე…
-რთული ამბავია…
-შევეცდები გავიგო. -მითხრა მშვიდად და გამიღიმა, -ექიმის კაბინეტიდან რატომ გაიპარე, ყველა გეძებდა, ღელავდნენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სკოლაში უზარმაზარი გველი აღმოაჩინეს.
-არ ვიცი საიდან დავიწყო, ეგ მთლიანი ამბის კულმინაციაა…
-მაშინ თავიდან დაიწყე, მაგრამ ჯერ შენს მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ჩემთან ხარ…
-კარგი, არ მინდა კიდევ ვანერვიულო.
ლიზა ოთახიდან გავიდა, ჩემს სახლში დარეკა და მშობლები დაამშვიდა, ადამიანების დამშვიდება კარგად გამოსდიოდა. ყველასთან ჭრიდა მისი ტკბილი ხმა, ყურებს, გულს, სულს, ყველაფერს მალამოდ ედებოდა და არსაიდან ჩნდებოდა სიმშვიდე. ალბათ, ჩემს ყველა უნარზე უკეთესი იყო მისი ეს უნარი. მალევე დაბრუნდა, გვერდით მომიჯდა, ჩემი თავი მუხლებში მოაქცია, თმაზე ფერება დამიწყო და მთხოვა დამეწყო. მეც აღარ დავაყოვნე და სულ თავიდან დავიწყე. ყველა სიტყვის დასრულებისას, ვფიქრობდი “აი, ახლა შემაწყვეტინებს და მეტყვის რომ გიჟი ვარ-მეთქი”. მაგრამ, ის აუღელვებლად ისმენდა ჩემს ყველა სიტყვას, გულის ფეთქვაც კი სრულიად თანაბარი ჰქონდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ღელავდა, გიჟად მთვლიდა თუ უბრალოდ ყველაფერს იჯერებდა? ორივე ვარიანტი სრულ აბსურდად მიმაჩნდა, მაგრამ თხრობა არ შევწყვიტე და იმით დავაბოლოვე, რომ “ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი მგონი მიყვარდა”. ლიზამ გამიღიმა:
-სიყვარული კარგია…-თავი წამოვყავი და თვალებში ჩავხედე, სრულიად სუფთა, წმინდა და გულწრფელი იყო.
-შენ არ ფიქრობ, რომ გავგიჟდი?-ვკითხე გულუბრყვილოდ და ყელზე რაღაც ბურთულის მსგავსი მომებჯინა.
-რა თქმა უნდა, არა, ამ სამყაროში ბევრი რამ არის ჯერ კიდევ შესასწავლი და ამოუცნობი. შენი ისტორია ცოტათი არყევს ჩემს ათეიზმს, მაგრამ არაუშავს.- ისევ გამიღიმა და ამ მომენტში გავიფიქრე რომ ის ანგელოზი იყო. ჩემი ნათელი მხარე, და თუ ეს მხარე საერთოდ არ გამაჩნდა, მაშინ ის პატარა სანთელი იყო, რომელიც ჩემს ბნელ “მეს” ცოტაოდენ სინათლეს მაინც ანიჭებდა, ძნელბედობის ჟამს. ჩავეხუტე.
დუმილი.
მან დუმილი დაარღვია:
-მაჩვენებ შენს კუდს?
-ეს მართლა გინდა?-ვკითხე გაოცებულმა.
-ჰო, მინდა ამოგიცნო ხოლმე… არ მინდა ჩემზეც გაბრაზდე, როგორც “იმაზე”… -ისევ გამიღიმა. მეც გამეღიმა. მომწონდა ლიზას ნაჩუქარი ყველა დადებითი ემოცია, ღიმილიც მომწონდა.
-როგორც წესი, ამას ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ ვცდი…
ვცადე, მაგრამ იმდენად ვიყავი დამშვიდებული არაფერი გამომდიოდა. ალბათ, ლიზა ფიქრობდა, რომ მოვატყუე, ან გავგიჟდი…
-კარგი, არაუშავს, სხვა დროს მაჩვენე…- მითხრა და შუბლზე მაკოცა. “შუბლზე დებილებს კოცნიან”, გავიფიქრე დაბოღმილმა, “არ სჯერა!” არაფერი მითქვამს, სიჩუმე ისევ მან დაარღვია:
-შეგიძლია ჩემთან დარჩე, შენი მშობლები გავაფრთხილე.-ეს არა ჩვეულებრივი აზრი იყო, არ მინდოდა დედას თავგატეხილი და დალურჯებული ვენახე. თანხმობის ნიშნად ლიზას გავუღიმე და თავი დავუკარი, ვიგრძენი როგორ ათამაშდა ჩემს თვალებში მადლიერების გრძნობა.
ლიზას ჩაიმ იმოქმედა და მალევე “მომწყდა კისერი”. დილით ნაცნობი გულის ცემა ჩამესმა.
მომიახლოვდა.
გაძლიერდა.
იკივლა.
ლიზას შეშინებულ ხმაზე სწრაფად წამოვხტი, ის ჩემს წინ, დივანთან იყო მუხლებმოკვეთილი, დაჩოქილი და პირზე ხელს იფარებდა, რომ უფრო ხმამაღლა არ ეყვირა.
მე – გველი.
მერე ნახევრად გველი.
მე ისევ მე.
წამოვდექი და ლიზასთან მივედი. ასეთი აღელვებული მას შემდეგ არ მენახა რაც მშობლები დაეხოცა, ჯერ დედა, შემდეგ – მამაც…
-ლიზ, შეგეშინდა?-ვკითხე შეწუხებულმა, ის კი პირიდან ხელს არ იშორებდა და ტიროდა, ვერაფერს ამბობდა, უბრალოდ თავს მიქნევდა უარყოფის ნიშნად. მახარებდა, რომ ის უარყოფდა ჩემს შიშს, მაგრამ, მისი გულისცემა მეტყველებდა, რომ ეშინოდა ჩემი. თუმცა ყველა ეჭვი გამიქარწყლა მისმა შორიდან მომავალმა სიტყვებმა, ”ვინმემ რომ ნახოს ასეთი, შეიძლება მოკლან!” აი, თურმე რისი ეშინოდა ლიზას, ეშინოდა არა ჩემი, ან ჩემი მეორე სახის, არა! მას ეშინოდა ჩემი დაკარგვის, მას არ სურდა კიდევ დაეკარგა ვინმე.
-ლიზ, ნუ გეშინია, არავინ მომკლავს…-როდესაც ეს ვუთხარი გაეღიმა, მიხვდა რომ მის გონებაში შევძვერი.
-ჩემს ფიქრებს კითხულობ, -გამიღიმა და ხელები თავის სისხლივით წითელ ბაგეს მოაშორა, -როგორ?
-არ ვიცი, “იმან” მითხრა, უნარები მათდამი ჭრის ვის მიმართაც გრძნობები არ გაქვსო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს შემთხვევაში ყველასთან ჭრის…
-ეს კარგია?-მკითხა ისევ გულუბრყვილო და უსაშველოდ ფართო თვალებით.
-არ ვიცი, მაგრამ, მგონია, რომ კი, ეს აშკარას ხდის – მე მასზე ძლიერი ვარ და შევძლებ დავამარცხო!
-იქნებ… იქნებ, არ იყოს მასთან ბრძოლა საჭირო?-მკითხა სევდისფერი თვალებით, მინდოდა მეპასუხა რომ ეს აუცილებელი იყო, მაგრამ მისი თვალები უარყოფის ნებას არ მრთავდნენ.
-გამორიცხული არაფერია, -ვუპასუხე მე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან მასთან ბრძოლა აუცილებელი იქნებოდა.
მეცხრე ნაბიჯი
ცხოვრება ნელ-ნელა ისევ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. “ჩემი ძმის შვილი” ჰორიზონტზეც არ ჩანდა, მაგრამ ვარჯიშს განვაგრძობდი. ვცდილობდი მესწავლა ჩემი უნარების კონტროლი. ვამჩნევდი რომ დროთა განმავლობაში, მართლაც კარგად გამომდიოდა. მათემატიკის გაკვეთილს კი ისევ ვაცდენდი. ისევ დამიბარა, თავის კაბინეტში.
ჩემი ძველი მეგობარი ჭია დაბრუნდა, ტვინში ღოღვა დაიწყო ღიღინით ” დე ჟა ვიუ”.
ვეახელი.
როგორც ვფიქრობდი, ისევ ნიშნებზე დამიწყო ლაპარაკი.
-გაკვეთილებს აცდენ, დირექტორი კი მაიძულებს ნიშნები მაინც დაგიწერო, ამას როგორ ახსნი? -ნერვიულად ათამაშებდა ფანქარს ხელში, თვალებში არ მიყურებდა.
-არ ვიცი, მას ჰკითხე… -გავუღიმე მე, ძალიან თავდაჯერებული და უხეში ვხდებოდი მის მიმართ და ეს თავადაც არ მომწონდა.
-ანა, რა გემართება?-მკითხა თითქოს მშვიდად, მაგრამ ვგრძნობდი რა სისწრაფით ჩქეფდა მის ძარღვებში ადუღებული სისხლი. მის წინ ვიჯექი, მინდოდა რამე უხეში მეთქვა, რადგან უარმყო.
არ შემეძლო.
თავი ჩამომხრჩვალივით ჩავკიდე, არ შემეძლო თავის გასწორება.
-ავად ხარ? გტკივა რამე? -ის აგრძელებდა მსგავსი კითხვების კორიანტელს, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი, -დირექტორმა მითხრა, თუ ქულებს არ დაგიწერდი და დამატებით გაკვეთილებს არ ჩაგიტარებდი – მომხსნიდა… -თავი ნელა ავწიე, მის თვალებში ჩავიძირე და ჩურჩულით ვკითხე:
-მერე?
-მივდივარ!
-ამას ვერ იზამ!-მაგიდაზე დავუბრახუნე ხელები და წამოვხტი, როგორც წესი, ზემოდან ის მიყურებდა ხოლმე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მომინდა მის თვალებში უფრო ღრმად ჩავძირულიყავი, მივუახლოვე სახე. მესმოდა რა სისწრაფით ეხეთქებოდნენ ჩემი პეპლები კედლებს. მესმოდა რა სისწრაფით ფეთქავდა მისი სხეულიც. მისი კოცნა ახლა ერთადერთი რამ იყო რაც მსურდა, მაგრამ სწრაფად დავიხიე უკან.
-იმ ბებერ ღორს უფლებას არ მივცემ მოგხსნას…-ზიზღით ჩავილაპარაკე და კარისაკენ გავიქეცი, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ კარის ზღურბლზე გადაბიჯებას ვჩქარობდი, როგორც წესი მის შიგნით ბევრად დაცულ ტერიტორიაზე ვგრძნობდი თავს. სწორედ ამიტომ უნდა მეჩქარა! უნდა დამეცვა ჩემი ნავსაყუდელი!
დირექტორის კაბინეტი წიხლით შევაღე, მდივანი ფეხზე წამოდგა. ალბათ ყვირილს აპირებდა. ასეთი გაცეცხლებული არასოდეს ვენახე, არც მას და არც სხვა ვინმეს.
-იჯექი!-ვუღრიალე და წითელი თვალებიდან ცეცხლი ვესროლე. რა თქმა უნდა, დამმორჩილდა… მერე დირექტორის ოთახში შევედი. ისიც წამოდგა.
-ანა, რა მოხდა?-გაოცებულს, სათვალე დანაოჭებულ ცხვირზე ჩამოუსრიალდა.
-არ გაქვს უფლება, მასწავლებელი იმის გამო მოხსნა, რომ მე ნიშნებს არ მიწერს!-გაშტერებული მიყურებდა. მერე რაღაც ამოილუღლუღა. ვერ გავიგონე, თუმცა საერთოდ არ მაინტერესებდა. ახალი შთაგონება წამომიტივტივდა თავში:
-ყველა მასწავლებელს ხელფასს გაუორმაგებ, – გავიღიმე და თვალები უფრო ჩავისისხლიანე, - და პრემიებსაც დაუნიშნავ თითოეულ წარჩინებულ მოსწავლეზე…
-რა თქმა უნდა, -დამეთანხმა დირექტორი, მიყურებდა გაშტერებული და ვერაფერს აკეთებდა ჩემი ნებართვის გარეშე, ვერც კი ფიქრობდა… უდიდესი ძალაუფლება ვიგრძენი, ამპარტავნების ჭია შემიძვრა სხეულში და ვგრძნობდი, როგორ იცინოდა ეს ჭია, ჩემს ტვინში მხართეძოზე წამოწოლილი, ზღაპრის გმირი ბოროტი დედინაცვლის გულის გამაწვრილებელი სიცილით. აღარ მომეწონა. თვალებს სიწითლე დავაკარგვინე და კარისაკენ შევბრუნდი. ახლა მე გავშეშდი, ისე როგორც ცოტა ხნის წინ დირექტორი და მისივე მდივანი ქალი გავაშეშე. კართან ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იდგა და გაოცებული მიყურებდა. მერე გაბრუნდა და წავიდა. მინდოდა ავდევნებოდი, მაგრამ სხეულის მართვის სადავეები ისევ დავკარგე და თვითნებურად გადავულოცე იმ “ზოოპარკს”, რომელიც ჩემში დაღოღავდა და დაფრთხიალებდა.
მეათე ნაბიჯი
არ ვიცოდი რა გაიგო მასწავლებელმა, ან რას მიხვდა, იმ დღეს, დირექტორის კაბინეტში, მაგრამ აშკარა იყო, რომ ყველაფერი ცუდად მიდიოდა ჩვენს ურთიერთობაში. ის სკოლიდან წავიდა.
არც ორმაგმა ხელფასმა იმოქმედა და არც პრემიამ.
ადგა და წავიდა.
მიატოვა სკოლაც და…
…და მეც…
მარტივად.
მეწყინა. ლიზა მამშვიდებდა, რომ ჩემი ბრალი არ იყო მისი წასვლა, მაგრამ ამის თავადაც არ სჯეროდა, ამას ვგრძნობდი.
ყველაფერი მაღიზიანებდა. ყველაზე მეტად კი ჩემი ფსიქოლოგი, რომელსაც უკურნებელი ფანტაზიორი გიჟი ვეგონე. “ამ ქალს ჭკუა უნდა ვასწავლო!” გაიფიქრა ჩემმა გაბოროტებულმა “მემ”.
სეანსზე ჩვეულებრივზე ადრე მივედი, გაუკვირდა, რადგან ყოველთვის ვაგვიანებდი.
-ადრე მოსულხარ, -გამიღიმა ფარისევლურად.
-ბევრი მაქვს მოსაყოლი, -გავუღიმე მეც და ჩემი ბოროტი ეშმაკუნები ავათამაშე თვალებში.
-კარგი, გისმენ…-მითხრა და ფურცელი და კალამი მოიმარჯვა.
-ალბათ, გახსოვს, რომ გიყვებოდი უნებლიედ ხანდახან გველად გარდავიქმნები-მეთქი, -ეშმაკუნები ცეკვა-თამაშს არ წყვეტდნენ.
-მახსოვს, მერე?
-მოგატყუე!
-ეს ყურადღების მისაპყრობად გააკეთე?
-არა, შენ ვერ გამიგე, “უნებლიედ” კი არა, გველი ჩემი ნებით ვხდები…-ქალმა დაამთქნარა და თვალები ისე გადაატრიალა, მეგონა გუგები უკან დარჩებოდა.
-როგორც ჩანს, ჩვენი სეანსები ტყუილი დროის კარგვა აღმოჩნდა და შენ ვერაფრით გეხმარება, შენს მშობლებს ვეტყვი, კლინიკაში დაგაწვინონ…-ამით ჩემი შეშინება უნდოდა, მაგრამ, რა გასაკვირია რომ ეს არ გამოუვიდა.
-ჩვენ ორიდან, თუ ვინმე “საგიჟეთში” მოხვდება, მხოლოდ – შენ!-გავუღიმე ეშმაკის გამომეტყველებით. -შემიძლია რამე შთაგაგონო, მაგრამ მირჩევნია, ეს თავად ნახო…
-შენ არაფრის “შთაგონება” არ შეგიძლია, - მითხრა ისევ მშვიდად, ფურცლები მაგიდაზე დააწყო და ფეხზე წამოდგა. მეც წამოვდექი, მივუახლოვდი და თვალები მის თვალებს გავუსწორე. გავაწითლე. ოპერაცია “გავაგიჟოთ ჩემი ფსიქოლოგი”, წარმატებულად დაიწყო, მისი გულისცემიდან გამომდინარე. წამში ათასჯერ მაინც სცემდა.
-ამას როგორ აკეთებ?-მკითხა შეშინებულმა და ცხვირზე სათვალე ჩამოუსრიალდა.
-ისევე როგორც ამას, -ვუთხარი და ჩემი ფეხები უზარმაზარ, დაკლაკნილ გველის კუდად ვაქციე.
მან იკივლა.
-და კიდევ ამას, -არ ვწყვეტდი მის შეშინებას, მთლიანად გველის სახე მივიღე და საშინელი სისინის ფონზე, მისი კაბინეტის რბევას შევუდექი.
ის კიოდა.
გაქცევა სურდა, მაგრამ კარს მე ვიცავდი ცხრა თავიანი გველეშაპივით. ფანჯარა კი გამოუსადეგარი იყო, რადგან ზედმეტად მაღალ სართულზე ვიყავით.
ის ისევ კიოდა.
მე კი მისი კივილი დედის იავნანასავით ჩამესმოდა.
ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა ჩემი ძალაუფლება. ასტრალში გავყავდი. ჭია, რომელიც ჩემს ტვინში ცხოვრობდა, ნელა და აუღელვებლად აჭერდა კუდს ღილაკს წარწერით “გაბოროტება”. ეს რომ წარმომიდგა თვალწინ, გავიყინე. ვიგრძენი, როგორ ვემსგავსებოდი “ჩემს ძმის შვილს”. სასწრაფოდ დავიბრუნე სხეული და მისი კაბინეტიდან შიშველი გავიქეცი.
გავაანალიზე, რომ შიშველი ვიყავი.
ყურადღებას ვიქცევდი.
პირველივე შემხვედრი გოგონა ტანსაცმელს “მჩუქნის”.
ლიზას სახლისკენ გავრბივარ.
ლიზა.
გაწოვილი უარყოფითი ენერგია.
ბალახების ჩაი.
სიმშვიდე.
ძილი.
***
ჩემი ფსიქოლოგი კლინიკაში გაამწესეს.
ოპერაცია დასრულდა…
***
ლიზა შენიშვნებს არასდროს მაძლევდა. იმ დღეს, მითხრა რომ ცუდად მოვიქეცი. მისმა სიტყვებმა, სირცხვილისგან სანთელივით ჩამომღვენთა.
-მაგრამ, არაუშავს, -დაამატა და გულზე მიმიკრა, -შენ იმ საშინელ ქალს არასოდეს დაემსგავსები, ამის უფლებას მე არ მოგცემ…
ლიზა ანგელოზია.
ჩემმა მშობლებმა ჩემი ფსიქოლოგის შესახებ გაიგეს. ნაწილობრივ გაიგეს… არ იცოდნენ რა მოხდა, მთავარი შედეგი იყო. გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგი არ მჭირდებოდა.
-თავად სამკურნალოები არიან!-აღშფოთებული იყო დედა.
-ბავშვი ვის ჩავაბარეთ, -ბოლთას სცემდა მამა.
-ნუ ღელავთ, მე კარგად ვარ…-გავუღიმე და გულზე ავეკარი ორივეს.
იმდენი უჩვეულო რამ დამემართა, მოკლე დროში, თავის კონტროლი უკვე შემეძლო. აღარც სიზმრები მაშინებდა და აღარც სარკის ანარეკლი. მიუხედავად იმისა, როგორი ვჩანდი მასში.
ბოროტი ფიქრები ერთიანად ამოვძირკვე გონებაში. ლიზა მეხმარებოდა. ყოველთვის მეხმარებოდა. ყველაფერი ესმოდა. რაოდენ დაუჯერებელიც უნდა ყოფილიყო, მაინც ესმოდა. მთხოვა ყველა შეცდომა გამომესწორებინა.
დავნებდი.
პირველი ნაბიჯი დირექტორი და მისი ჩემს მიერ გახვრეტილი ჯიბე იყო. მის კავინეტში შევედი თვალები გავაწითლე და შთაგონება მოვხსენი.
ერთი სიტყვით ისევ ჩვეულ წუწურაქ ბებრუხანად ვაქციე.
ერთხელ დერეფანში მე და ლიზა ვიდექით, გაკვეთილს ვაცდენდით. მან გამოიარა და გვიყვირა:
-რატომ არ ხართ გაკვეთილზე, სკოლის შემდეგ ჩემს მაგიდაზე ორი ახსნა-განმარტებითი ბარათი იდოს!
-ეს ბებრუხანა ძველი უფრო მომწონდა, -ჩაილაპარაკა ლიზამ.
-შემიძლია დავაბრუნო, -თვალი ჩავუკარი მე.
ორივემ გადავიხარხარეთ.
რა თქმა უნდა, მისდამი შთაგონება აღარ გამომიყენებია, ისევე როგორც დანარჩენი მასწავლებლების მიმართ, ამიტომ ახლა ქულების მოსაპოვებლად, ჩემი გონების დატვირთვა მიწევდა, რაც დიდად გულზე არ მეხატებოდა. თუმცა ეს ლიზას უნდოდა.
ასევე ლიზას სურვილი იყო, მარიეტა კლინიკიდან მეხსნა. კლინიკიდან, სადაც ჩემი “ცელქობის” გამო მოხვდა.
მის სანახავად წავედი. მიმღებში რაღაც გრძელი წინადადება მითხრეს (რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა მეცნო და დამამახსოვრდა “შიზოფრენია”), მისი “დაავადების” სახელიაო, მე შინაგანად “ჩავიფხუკუნე”… მისი დაავადება მხოლოდ მე ვიყავი. ნახვა თუ შეიძლება-მეთქი, ვიკითხე და მისი “ყვავი ჩხიკვის მამიდობა” მოვიმიზეზე.
არაო…
ლიზა ჩემთან ერთად არ იყო, ამიტომ თვალები გავაწითლე.
რა თქმა უნდა, შემიშვეს.
ისეთი საცოდავი და უსუსური იყო… შემრცხვა ჩემი საქციელის, მივუახლოვდი. საზიზღრობებით გაეჭყიპათ, თვითონ რომ წამლებს უწოდებენ, იმით. მის წინ ჩავიმუხლე. თვალები ოთხმოცი წლის მოხუცივით დასიებოდა.
ჩემს დანახვაზე შფოთვა დაიწყო.
გულის ცემა გაუძლიერდა.
ეტყობოდა ყვირილი უნდოდა, ტირილიც, უბრალოდ წამლების გამო ამის თავიც არ ჰქონდა… მხოლოდ უაზროდ შფოთავდა, თვალებს აბრიალებდა და სისხლი უდუღდებოდა. აღარ მინდოდა მისი ტანჯვის ყურება.
თვალები გავაწითლე.
შთავაგონე რომ ის დღე დაესიზმრა…
ერთ კვირაში გამოუშვეს…
***
ბედნიერება მიბრუნდებოდა. ლიზა მიბრუნებდა. მშობლებიც აღარ ღელავდნენ ჩემზე, რადგან მე ისევ ჩვეულებრივ, საშვალო ფენის, საშუალო ნიშნების მქონე, მაღალ კლასელი გოგონა ვხდებოდი. ლიზამ ჩემი ყველა ბნელი მხარე გაანათა. თუმცა, მაინც მრჩებოდა გულის ბნელ კუთხეში მიკუჭული ჩრდილი.
კუბიდონის ნასროლი ისარი. ისარი, რომელიც ჩემივე ხელით ჩავიტეხე კვალის დაფარვის მიზნით, ახლა კი მისი გამოძრობა აღარ შემეძლო. ეს ჩრდილი ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო. მასწავლებელი, რომელიც უბრალოდ ადგა და წავიდა…
ჩატეხილი ისარი მჩხვლეტდა და მტკენდა.
მეთერთმეტე ნაბიჯი
გულიდნ ჩატეხილი ისარი უნდა ამომეძრო. ორიენტირების უნარი საშინლად მქონდა განვითარებული, ვიცოდი, სადმე ბნელ კუთხეში რომ მიგეტოვებინე, საკუთარ ქალაქშიც დავიკარგებოდი. ამიტომ ძველ ნაგლეჯებში ქექვა დავიწყე და მასწავლებლის მისამართი ამოვქექე. “რა სწორად დამიმახსოვრებია”… გავიფიქრე და ნაგლეჯით ხელში ქუჩაში გავბოდიალდი. ვგრძნობდი გულისცემა ასიათასს უტოლდებოდა წამში. მისი დარტყმების გარდა არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვგრძნობდი. თავში აზრებს ვალაგებდი, რა უნდა მეთქვა მისთვის, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი მის სახლს, აზრები, ბნელეთში უჩინარდებოდნენ, მისი კარის ზღურბლთან კი ყველა ერთბაშად გაქრა. დიდხანს ვფიქრობდი დამერეკა თუ არა ზარი… უკან გამოვბრუნდი, კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი. პირველი სართულის ბოლო კიბესთან ვპოვე შვება. ჩამოვჯექი და ავქვითინდი.
ლიზა მჭირდებოდა.
სიმშვიდე მჭირდებოდა.
-ანა? -გაკვირვებული და ზედმეტად ნაცნობი ხმა მიელამუნა ყურის ბარაბნებს…-აქ რას აკეთებ?-ინსტინქტურად ავწიე თავი და წითელი თვალები მასწავლებელს გავუსწორე…
-მითხარი რომ გიყვარვარ…
-არ შემიძლია…-ფეხზე წამოვდექი, მაგრამ მაინც ქვემოდან ვუყურებდი მის თვალებს. ლიზა არ იყო და ვერავინ გამიკონტროლებდა ქცევებს. თვალებს უფრო ძლიერ ვაწითლებდი და ვიმეორებდი:
“მითხარი რომ გიყვარვარ”…
“გიყვარვარ”…
“ძალიან გიყვარვარ”…
“შენ მე გიყვარვარ!”
შთაგონება არ მოქმედებდა… არადა უნდა ემოქმედა. მე ძლიერი ვიყავი და უნდა ემოქმედა. ის კი უძრავად იდგა და მიყურებდა. მე ისტერიულად ვიმეორებდი ერთსა და იმავე სიტყვებს. ბოლოს გამაჩუმა და და კიბეებისკენ მიმანიშნა. თითოეულ საფეხურს ვითვლიდი. ისე ავიარეთ სიტყვა არ დასცდენია, მე კი განუწყვეტლივ ვიმეორებდი, “გიყვრვარ”, “შენ მე გიყვარვარ!”… ვიმეორებდი, როგორც ელა ახლადაბორძიკებული ბავშვი “დედას”… კარის ზღურბლს როგორც კი გადავაბიჯეთ, მისი სიმშვიდე და სტაბილური სახის გამომეტყველება ერთბაშად ჩაქვრა, ჩამრთველიდან ამოგლეჯილი ნათურასავით, კედელზე ამაწება, თავის ძლიერ მკლავებში მომიმწყვდია, სახე ახლოს მომიტანა, თვალები ჩემს თვალებს გაუსწორა და რაღაც წაიბუტბუტა. ვერ გავიგე. ამიტომ ფიქრი ბაგეებს მიღმა გადმოვსტყორცნე და ათრთოლებული ხმით გავიმეორე:
-ვერ გავიგე….-ვუყურებდი მის თვალებს და ვხვდებოდი რომ ჩემსაზე ნაკლებად წითელი არ იყო. უბრალოდ სხვანაირი წითელი იყო. მის თვალებში, თითქოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე ირეკლებოდა, უბრალოდ ვიღაცას ეს ტყე სულ სისხლისფრად გადაეღება, თანაც ძველი ფუნჯით.
-ჰო, მიყვარხარ…-გაიმეორა ხმამაღლა. თავში, თითქოს, კარგად ნაცნობი ჭია შემიღოღდა, რომელიც “ლიზას” სახელს გაჰკიოდა და ტვინს მიხვრეტდა.
ლიზა გამახსენდა.
ლიზას ღიმილი.
სითბო.
ლიზას არ სურდა შთაგონება ბოროტად გამომეყენებინა. ახლა სწორედ ასე ვიქცეოდი, მასწავლებელს ვაიძულებდი ამორალური გრძნობები გასჩენოდა ჩემს მიმართ. არ ვიცი, რატომ გამომივიდა, როგორც წესი, ეს უნარი მხოლოდ გრძნობებგანულებულ ხალხთან ჭრიდა. ისევე როგორც, ფიქრებში ხელების ფათური. მაგრამ ლიზას ფიქრები ჩემთვის მიუწვდომელი არ იყო, არც მასწავლებლის. რატომ არ შეიძლებოდა, ამ უნარსაც ემოქმედა? მივხვდი რომ შეცდომას ვუშვებდი. თვალზე სისხლიანი წვეთი ჩამომიგორდა. თავი ხელში ავიყვანე. ბოროტი, წითელი თვალები კიდევ ერთხელ შევღებე სისხლისფრად და მასწავლებელის თვალებს გავუსწორე:
-არ გიყვარვარ, -რამდენადაც შემეძლო დავამშვიდე ათრთოლებული ხმა.
-მიყვარხარ… მიყვარხარ… მიყვარხარ…- ახლა ის იმეორებდა ისტერიულად ამ სიტყვას.
არ გიყვარვარ.
მიყვარხარ.
არ გიყვარვარ.
მიყვარხარ.
…მომეჩვენა რომ ეს დიალოგი უსასრულოდ გაგრძელდა. თავი დედამიწის ყველაზე უსუსურ არსებად ვიგრძენი. ჭიამ, რომელიც “ლიზას” გაჰკიოდა, კუდი ჩაიქნია და ჩემი გონება დატოვა.
მარტო დავრჩი ჩემს თავთან.
მასწავლებლის მკლავებში შებორკილი.
მის თვალებში ჩაძირული.
გრძნობებს ვერ ვძლიე და მის ვარდისვერ, აკანკალებულ ბაგეს ისე დავეწაფე, როგორც უდაბნოში მყოფი ოაზისის ანკარა წყალს.
დავნებდი მის მკლავებს.
თოთო ბავშვივით ავეკარი მკერდზე.
“მეც”…
“მეც”.
“მეც”.
ყველა მკვდარი პეპელა აფრთხიალდა მუცელში. გონებაში კი მხოლოდ ერთი ჭია დარჩა, რომელიც ათას საშინელებას გაჰკიოდა, არ ვუსმენდი, მაგრამ ზოგიერთი რამ უნებლიედ მადნებოდა ყურებში.
“არ უყვარხარ, შენ შთააგონე”;
“რად გინდა ამგვარი “სიყვარული”, რად გინდა მარიონეტი თოჯინა”;
“პატარა გოგონასავით აიხირე”;
“სათამაშოა”;
“ითამაშე”;
ჭია ხარხარებდა და ტვინს ხვრეტდა, მე კი მედგრად ვიტანდი ყველა მის ბოროტულ, ბედნიერების ჩამსამარებელ სიტყვას. ჩემი ოცნების მამაკაცის ვარდისფერ ბაგეებად ყველაფერი მიღირდა. თუნდაც ჯოჯოხეთის სამარადჟამო ცეცხლი. ახლა კი ვხვდებოდი, რას გრძნობდა უარყოფილი ლილიტი. ვგრძნობდი და ის აღარ მეზიზღებოდა, უბრალოდ მეცოდებოდა. როდესაც წარმოვიდგენდი, როგორ მტაცებდა ვიღაც ხელიდან, მას ვის მკლავებშიც ახლა უფრთო ჩიტივით ვიყავი მომწყვდეული, სული ბოღმით მევსებოდა და ლილიტის საქციელებს ვამართლებდი. ვამართლებდი მის მსხვერპლს.
… და მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი ემბრიონი ოკეანეში მოისროლა. არ ვბრაზობდი მასზე, მახარებდა, ეს მომენტი. ამისთვის დედას მიტოვებასაც ვაპატიებდი.
ვაპატიე.
ყველაფერი კარგად იყო, სანამ გამთენიისას, ლიზას თაყვანისმცემელი ჭია არ შეღოღდა ჩემს გონებაში.
“ცუდად იქცევი”.
“ლიზა არ გაპატიებს”.
“მონსტრი ხდები და ვერც ხვდები”.
“უნარებს შენი სიამოვნებისთვის იყენებ!”
“ადამიანებს შენს მარიონეტ თოჯინებად აქცევ”.
“შენთან შედარებით, ლილიტი ანგელოზია”.
“დემონო”…
“ცეცხლი არ აგცდება!”
“ჯოჯოხეთის ცეცხლი!”
“ცეცხლი”…
გამოვფხიზლდი, ლიზაზე დავფიქრდი, მის თვალებზე, მის ღიმილზე, რომელიც ამ საქციელის შემდეგ აღარასდროს მეღირსებოდა. შიშველ სხეულზე პლედი შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი.
ავტირდი.
რთული დილემის წინაშე ვიდექი.
უნდა გადამეწყვიტა.
ჩემი ლიზა ან შთაგონებული მასწავლებელი.
ლიზა ავირჩიე.
ჩემი მიმობნეული სამოსი ავკრიფე. სწრაფად გადავიცვი და კარისაკენ წავედი. ზღურბლთან მდგარმა სიცივე ვიგრძენი. არ შემეძლო ისე წასვლა, რომ კიდევ ერთხელ არ შემეხედა მისთვის, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით ეს უკანასკნელი შეხედვა იქნებოდა. საწოლს მივუახლოვდი. ჩემი ყურადღება მიიქცია ფინჯანმა, რომელიც მისი საწოლის გვერდით მდგარ “ტუმბოზე” იდო. ეს ის ფინჯანი იყო, რომლითაც ჩაი მომიტანა. ყველაზე მეტად ფინჯანზე დარჩენილმა ტუჩსაცხის კვალმა შემიპყრო. ჩემი ტუჩსაცხი იყო. ზუსტად ის, რომელიც იმ დღეს საგულდაგულოდ ამოვქექე ვარდისფერი კოსმეტიკის ჩანთიდან. ფინჯანში ჩაი ესხა. სულმა წამძლია და მოვსვი.
“უშაქროა”. გავიფიქრე. მისი საწოლის წინ ჩავიჩოქე. მის დახუჭულ თვალებს დავაშტერდი. ისე დავლიე თითქმის საუკუნის, საგულდაგულოდ გაციებული ჩაი, ვერც მივხვდი.
ყველა ბოროტი ჭია გავაძევე სხეულიდან.
მხოლოდ ერთი დავტოვე, რომელიც ყველაზე დაბალი, ჩახლეჩილი ხმით გაიძახოდა, “იქნებ არ არის შთაგონებული?” მე კი სხვა ჭიების ღრიალის ფონზე მისი ხმა თითქმის არ მესმოდა.
ეს ყველაზე გულწრფელი ჭია იყო.
უბოროტო.
იმედის ჭია.
და ჭეშმარიტი ჭია.
ის მართალი იყო! შთაგონება არაფერ შუაში იყო, მასწავლებელს მართლა უყვარდა თავისი ყველაზე ცუდი მოსწავლე.
მართლა ვუყვარდი.
საგულდაგულოდ გაციებულ ჩაის ცხელი ცრემლით ვათბობდი.
მისი თვალები ათამაშდა და პარალელურად, პეპლებიც აფარფატდნენ მუცელში.
-გაპარვას ხომ არ აპირებდი?-მკითხა თითქმის თვალდახუჭულმა, ძილბურანის ხმით.
-კი…-ვუპასუხე მე.
-რატომ დარჩი?
-ჩემი ჩაი უნდა დამელია…
-დასანანია, სამახსოვროდ ვინახავდი…
მეთორმეტე ნაბიჯი
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დილა იყო.
ყველაზე გემრიელი ძველი ჩაი.
ემოციების ზღვაში ვცურავდი. მე მის სამზარეულოში ვტრიალებდი და ყავას ვადუღებდი მისთვის. სამზარეულოში, რომელიც სულ ცოტახნის წინ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მყოფი, ცხრაკლიტულში გამოკეტილ მზეთუნახავად მეზმანებოდა. ჩემს პაწია თითებს ვუფათურებდი ყველაფერს, რაც წმინდა მეგონა და ჩემივე თითებით უმოწყალოდ ვრყვნიდი მათ.
ისევ შემოძვრნენ გონებაში სინდისის ჭიები. ესენი ხომ ვერ გავყარე აქედან! სასოწარკვეთით ვიცავ სხეულს მაგრამ მაინც მიმონებენ ზოგიერთ მომენტებში და ეს მაბრაზებს. აფუთფუთდნენ გონებაში.
“როგორ არ გრცხვენია?”
“მასწავლებელი”…
“სახლში ინერვიულებდნენ”.
“დედა რას იფიქრებს შენზე?”
“ბლა ბლა ბლა.”
ვეღარ ვუსმენდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი თავი უკანასკნელი ქუჩის ქალი მეგონა. ეს გრძნობა სხეულსაც და სულსაც მილპობდა.
მის სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით და ყავას ვსვამდით. ბევრის არ ვლაპარაკობდით. მე სირცხვილი მჭამდა და ლაპარაკი არც შემეძლო. ის კი ალბათ ხვდებოდა და ძალას არ მატანდა. თვალს ვერ ვუსწორებდი, მაგრამ მისი მზერა ამის გარეშეც მწვავდა.
“როგორ დავკარგე თავი”.
“სად გაქრა ყველა ჭია ერთბაშად?”
“სულ ტვინს მიბურღავენ”…
“ახლა კი… ახლა გაქრნენ, როცა დამჭირდნენ!”…
“რა ჩავიდინე”…
“დედა”…
“თვალს ვერ გავუსწორებ”…
“ლიზა.”
“ლიზა გამიგებს, ლიზა მჭირდება, ლიზა გაიწოვს ამ ფიქრებს”.
ჩემივე ფიქრების ქსელში გაბლანდული მისმა ხმამ დამიხსნა:
-ხომ იცი, რომ დიდი ვარ…
-მეც დიდი ვარ…
-არა, მე შენზე დიდი ვარ… ალბათ 5 ან 7 წლის მერე ეს სხვაობა არც გამოჩნდებოდა, მაგრამ ახლა ჩანს. შენ რომ 23 ის იყო და მე 32-ის, ან შენ – 25-ის და მე 34-ის…
-ვიცი რომ მათემატიკის მასწავლებელი ხარ, -შევეცადე მეხუმრა, მგონი გამომივიდა კიდეც, რადგან მას გაეღიმა. ო, რა საოცარი ღიმილი აქვს. რა თეთრი კბილები. არა ამას ვერაფერში გავცვლიდი!
-ჰო, მასწავლებელი, შენ კი მოსწავლე…-ისევ შემომაჭრა ოცნებებში აფრთხიალებულს აბრეშუმის ნაზი ფრთები. “როგორ უყვართ ხოლმე მიწაზე დანარცხება! ” გავბრაზდი.
-გუშინ უნდა გეფიქრა მაგაზე!-წამოვხტი და მაგიდაზე ხელები დავაბრახუნე. მგონი მართლა გავბრაზდი. მეც გამიკვირდა ეს არასრულფასოვანი, მახინჯი ემოცია როგორ გამომეპარა, ჩემი სულის ღრმა კუნჭულში მიმწყვდეული, ცხრაკლიტულში გამოკეტილი. როგორ შეძლო ამ სიმახინჯემ ცხრავე კლიტის დამტვრევა?
ლიზა მჭირდებოდა.
კარისაკენ გავიქეცი.
ლიზა მჭირდებოდა.
მხოლოდ ლიზას შეეძლო ჩემგან მათი გამოწოვა.
მხოლოდ ლიზას ჩახუტება მჭირდებოდა.
ერთი ჩახუტება და ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ეს ფიქრები მაძლევდა ძალას. ამ ფიქრებით მონიჭებული ძალით ჩავირბინე კიბე. კიბე რომლის თითქმის ყველა საფეხურზე წავბორძიკდი, ან ფეხი გადამიბრუნდა.
ლიზა.
ლიზა.
ლიზა.
ერთადერთი იყო რაც გონებაში მიტრიალებდა, ყველა ჭია, პეპელა თუ მთელი ზოოპარკი მხოლოდ “ლიზას” ყვიროდა განწირული ხმით. პირველად გავიფიქრე მაშინ, რა მოხდებოდა ლიზა რომ არ მყოლოდა. გავბრაზდი ამ ფიქრის გამო და თითქოს წიხლი ჩავაზილე, ისე მივაჭყლიტე საკუთარ ტვინზე ეს ბოლოტი ჭია. ახლაც თვალწინ მიდგას მისი სისხლის წვეთებით დასვრილი ჩემი ტვინი.
ლიზას სახლი.
ნავსაყუდელი.
ლიზა.
სიმშვიდე ნაბიჯ-ნაბიჯ მომეპარა. მაგრამ როდესაც კარი ღია დამხვდა სიმშვიდეც იმავე ღია კარიდან გამექცა. დაჭერა არც მიცდია. “ახრიგალებულმა” სახლმა მუხლი მომკვეთა. ყველა ტკივილი, რომელიც მასწავლებლის სახლის კიბეზე განვიცადე ახლა გაცოცხლდა და ჩამკეცა. მხოლოდ ერთი სიტყვა “ამოვაფურთხე”, “ლიზა!” პასუხი არ გამცა, თითქმის ფორთხვით შევედი მის საძინებელში.
ლიზა საწოლზე იწვა.
ჩვეულებრივზე მკრთალი იყო.
გეგონებოდათ ეძინა.
საწოლთან მივბობღდი.
ლიზას უსიცოცხლო სხეული გულზე ავიკარი და ავღრიალდი.
ვგრძნობდი, ყველა ნეკნი ცამტვრეული, ჩაშლილი ჰქონდა, ხელში ჟელესავით მადნებოდა სულგანდევნილი სხეული.
ყველაფერი მტკიოდა. თუ კი ოდესმე რაიმე ჭრილობა მქონია ყველა ერთბაშად გაიხსნა. საოცრება იყო, ლიზა მკვდარი იყო. ლიზა მკრთალი იყო. ლიზა ლიზას არ ჰგავდა. მაგრამ მის უსიცოცხლო, სულგამოცლილ სხეულს მაინც შეეძლო ჩემგან ყველანაირი სიბინძურის განდევნა.
მეზიზღებოდა ჩემი თავი.
მეზიზღებოდა, იმიტომ რომ ის ვერ დავიცავი.
შემეძლო მასთან ვყოფილიყავი.
მასთან თუ ვიქნებოდი, “ჩემი ბოროტი ნათესავი” ვერ გაგუდავდა. ვერ შერყვნიდა მის წმინდა სხეულს თავისი ბოროტი საცეცებით.
ლიზა ვერ დავიცავი.
საკუთარი ბედნიერება ვამჯობინე ლიზას.
ვნებას ავყევი და ლიზა არ დავიცავი.
ლიზა.
ლიზას უკანასკნელად ვეხუტებოდი.
ეს მაგიჟებდა.
მაგიჟებდა იმის გაფიქრებაც კი რომ მას ვეღარასოდეს ავეკრობოდი პატარა გულ-მკერდზე. ის ვეღარ გაიწოვდა ჩემგან საზიზღრობებს. და ეს საზიზღრობები ჩემში დარჩებოდა. მე ლიზას გარეშე გავბოროტდებოდი. ეს ფიქრები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ფეთქდებოდნენ. თვალები მისისხლიანდებოდა და ვებღაუჯებოდი ლიზას მკრთალ სხეულს, როგორც წყალწაღებული ხავსს. ისე ძლიერ ვებღაუჯებოდი ამ ხავსს რომ მალე მოვგლეჯდი და ვეღარაფერი მიხსნიდა ბოროტების ოკეანეში ჩავარდნილს.
ჩემმა განწირულმა ღრიალმა ხალხი მოიზიდა.
მათ უყვართ “სანახაობა”.
პირზე აფარებული ხელი, შეშფოთების ნიშნად და ჰაერზე მოსროლილი სიტყვები “საწყალი ბავშვი”. ყველა მხრიდან მეხეთქებოდა.
აურზაური.
კაცები ცდილობენ ლიზა წამართვან.
არ ვთმობ.
მაიძულეს.
თვალებში წითელი და შავი ბინდი გადამეკრა.
ერთბაშად დაღამდა.
დილა მომენტალურად გაშავდა.
და ამ სიბნელეში ვგრძნობდი, როგორ მეზიზღებოდა ჩემი მასწავლებელი.
მასწავლებელი, რომელთან “სიყვარულობანას” გამოც ვერ დავიცავი ლიზა.
მეზიზღებოდა საკუთარი თავიც, რადგან თავს უფლება მივეცი მყვარებოდა.
სიბნელეში ვიყავი. არსად ჩანდა არცერთი მოციმციმე წერტილი.
მძულდა ქალები, რომლებიც “სანახაობით ტკბებოდნენ”.
მძულდა კაცები, რომლებმაც ყვითელი, გადამდნარი ლიზა გამომგლიჯეს.
და ყველაზე მეტად ის ბოროტი, მახინჯი, ჭრელკუდა, ჩემი მსგავსი არსება მძულდა!
ყველაფერი მძულდა!
მეცამეტე ნაბიჯი
ისევ კლინიკაში გავიღვიძე. ჩემს საწოლთან თვალებში წითელხეებაყვავებული დედა იჯდა. ეტყობოდა ცრემლის მარაგი გამოლეოდა და სასოწარკვეთილი “ხაოდა”.
-დე და…-ჩემს ხმაზე თავი ელვისსისწრაფით წამოყო, გულზე მომეკრო.
-ჩემი გოგონა…
მე ცალი ფეხით ისევ იმ უკუნით სიბნელეში ვიყავი გაჭედილი. ისევ არ შემეძლო სხვა სიტყვის თქმა და ისევ ისტერიულად, პატარა, ახლადენაადგმული ბავშვივით ვიმეორებდი:
დედა…
დე..
და..
დედა…
დე და.
“დე ჟა ვიუ”.
პალატაში მალე მამაც დავლანდე. კიდევ სხვა ნათესავებიც. ლარნაკში ლურჯი ვარდები ეწყო. ლურჯი ვარდები ყვავილების იმ მცირე ჯგუფის ლიდერი იყო, რომელიც მიყვარდა. რომელიც მე და ლიზას გვიყვარდა. რომელიც მე შევაყვარე ლიზას.
რამდენიმე თვე გასულა…
მას შემდეგ…
მე კი იმ სიბნელეში ვიყავი გაჭედილი. სიბნელეში, რომლის კარის გასაღები მხოლოდ ლიზას ჰქონდა ხოლმე. ლიზა აღარ იყო. ვეღარავინ ჩამკიდებდა ხელს, ვეღარავინ გამიძღვებოდა ბოროტ სიბნელეში წინ სანთელივით “აბრდღვიალებული”.
-ლიზა…-ამოვიზლუქუნე და ცრემლებიც ამოვაყოლე.-დამესიზმრა?-ვიკითხე გულუბრყვილოდ, იმედის უკანასკნელ ნაპერწკალს ვაყრიდი ფიჩხებდ. მინდოდა კოცონი გამეჩაღებინა, მაგრამ პალატაში მყოფთა სახეები ნათელი პასუხი იყო. და ერთი ტონა წყალიც, რომელიც ჩემს ნაპერწკალს უმოწყალოდ გადაეღვარა და გააცამტვერა.
ვიტირე.
ბევრი ვიტირე.
***
გამიჭირდა მაგრამ ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას მაინც ვცდილობდი. ლიზასთვის.
ლიზას ასეთი არ მოვეწონებოდი.
ლიზას ეს არ მოეწონებოდა.
ლიზა ამას მირჩევდა.
დროთა განმავლობაში შევეგუე და ლიზას სიზმრებში ნახვას დავჯერდი. სიზმრების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი. ლიზასაც ხშირად ვნახულობდი. ისევ ისეთი იყო. ისევ მიღიმოდა. არ მკიცხავდა, გულში მიკრავდა და ისევ იწოვდა ჩემს სიბინძურეს. არ ვიცი ამდენ სიბინძურეს როგორ იტევდა და თვითონ ყოველთვის სუფთა როგორ რჩებოდა. მაგრამ კარგად გამოსდიოდა.
მოწოდების წმინდანი იყო.
ჩემი მფარველი ანგელოზი.
მის საფლავთან მისვლის მეშინოდა, მაგრამ გავბედე. გავბედე ლურჯი ხელში ჩავბღუჯე და საკუთარ თავს დავპირდი რომ არ ვიტირებდი.
ლიზას არ უყვარდა ჩემი ცრემლები.
ენანებოდა დასაღვრელად.
იზოგავდა.
არაფრად უღირდა.
მეც არ უნდა გამეფლანგა ისინი. მისი საფლავის ქვის წინ ვიდექი “ლურჯვარდებჩაბღუჯული”. ყველა ცრემლს, რომელიც თვალის ჭრილიდან გამოპარვას ცდილობდა უკან ვაბრუნებდი და ვყლაპავდი. ვარდების ეკლები მჩხვლეტდა, სხეულში ჩაბრუნებული ცრემლები, ნაეკლური თითებიდან სისხლთან ერთად იპარებოდა.
ბოლოს დავნებდი და ვიტირე.
***
ყველგან ვეძებდი იმ ბოროტებას, რომელმაც ლიზას სული მოპარა.
ამაოდ.
ერთხელ, მისი წითელი თვალები დავლანდე და ავედევნე. გველადაც კი ვიქეცი, დავიჭირე, ცოცხლად გავატყავე, ვაწამე. მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი. ვეკითხებოდი, ეს რატომ ჩაიდინე-მეთქი, ის კი ურცხვად მიმეორებდა, რომ ლიზა ჩემს მისიას მავიწყებდა. ბოლოს მითხრა რომ თვითგვემა შემეწყვიტა. მითხრა რომ ლიზას ვერ დავიცავდი. და თუ დავიცავდი მაშინ სხვას წამართმევდა. სხვა ძვირფასს, მაგალითად მასწავლებელს. უცებ გონებაში ბოროტი ჭია შემოძვრა რომელიც კითხვას სვამდა, არჩევანი რომ მქონოდა, რომელს დავიცავდი? დავბრაზდი და წიხლი ჩავაზილე. ისიც მიეჭყლიტა ჩემს ტვინს წინა ჭიის მსგავსად. უცებ ლიზა გამოჩნდა, გულზე უსიტყვოდ მიმიკრა.
სიმშვიდე.
გავიღვიძე.
“სიზმარი ყოფილა”… არადა, მეგონა შური ვიძიე…
შემდეგი სიზმარი უფრო უცნაური აღმოჩნდა. სიზმარზე მეტად ხილვას ჰგავდა. ჩემი ბიოლოგიური დედა იყო.
ლილიტი.
ვყვარებივარ. როდესაც მიყურებდა წითელ თვალებში წითელი ცრემლი უგროვდებოდა და ჩამოღვენთილი მაკიაჟივით ტოვებდა კვალს მის ღაწვზე. ლოყაზე მეფერებოდა. პატიებას მთხოვდა.
“არ მინდოდა შენთვის ასეთი ცხოვრება, არც შენი ძმისთვის… დედამიწაზე იმიტომ გადაგმალეთ, რომ ჩემი ცოდვების გამო თქვენც არ დასჯილიყავით, შენმა ძმის შვილმა ყველაფერი არასწორად გაიგო, მამამისის მოკვლა არ მითხოვია, არც შურისძიება ადამიანებზე… როგორ შემეძლო საკუთარი, შვილის სიკვდილი შემეკვეთა მისივე შვილისთვის? არც ასეთი ბოროტი ვარ. სიბნელე ჩემში მხოლოდ ერთხელ შემოიჭრა და თავი დამაკარგვინა. საკუთარ თავს კიდევ ერთი, გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების უფლებას ვერ მივცემდი. მაპატიე ლულუ, მაპატიე, რომ ვერ შევქმენი თქვენთვის ისეთი მომავალი, როგორიც მინდოდა. მაპატიე ის გაბოროტებაც, რომელიც მამაშენსა და შენს დედინაცვალთან გამოვიჩინე. მაპატიე რომ შენს გვერდით ვერ ვიყავი. მაპატიე, რომ ბოროტი ნაყოფი, რომელიც შენი ძმის ცოლის მუცელში ჩაისახა, ჩანასახშივე არ გავაწყალე. მაპატიე, რომ დაუბადებელი ბავშვის მოკვლა ვერ შევძელი, ვიცოდი ძალაუფლება გააბოროტებდა, მაგრამ ვერ შევძელი… ყველაფერს გამოვასწორებ რაც ჩემს გამო დაგიშავდა, ყველა უნარს წავართმევ, რაც ჩემგან ერგო… ვეღარასოდეს ვერაფერს დაგიშავებს. ვერ გაუძლებს მოკვდავის ცხოვრებას და დაიტანჯება… შენზე მეტად დაიტანჯება… მაპატიე, ის ერთადერთი გაბოროტება, რომლის გამოც ახლა შენ იტანჯები, დედამიწაზე თქვენი გადამალვით, ვფიქრობდი ჩემი ცოდვებისთვის თქვენ აღარ დაისჯებოდით, მაგრამ შევცდი… ”
და ის ტიროდა…
ლილიტი ტიროდა…
მე კი ისევ მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შემეძლო.
დედა…
დედა..
დე და…
დე…
…და.
“დე ჟა ვიუ”…
გველისკუდიანმა ქალმა გულში ჩამიკრა. პირველად ვიგრძენი ამხელა ენერგია ჩახუტებით, ლიზას შემდეგ.
“დედა”. გავიფიქრე ისევ და ბაგეებიდანაც გადმოვსტყორცნე შურდულივით.
-დედა, შეგიძლია მეც წამართვა უნარები, შეგიძლია მაჩუქო ადამიანობა?-მის თვალებში ვკითხულობდი რომ ეს სიტყვა “დედა” მალამოსავით ედებოდა მის ჭრილობებს.
-ეს მართლა გინდა?
-მინდა. ლიზასაც ენდომებოდა.
-კარგი…
გამეღვიძა. მაშინვე სარკესთან მივვარდი. მე ვიყავი. ნამდვილი მე ვიყავი. თვალებიც ჩემი იყო. მან გამიშვა. ნება დამრთო მეცხოვრა სხვებივით. ჩვეულებრივი, საშვალო ქულებიანი მაღალკლასელივით…
დედა…
***
ორი დედა მყავდა. ამ სამყაროში და კიდევ სადღაც, ჩემთვის მიუწვდომელ, უცხო სამყაროში. ორივე კეთილი იყო. ორივეს ჩახუტება მაძლევდა ძალას. არ შევმცდარვარ, როდესაც ლილიტს ვაპატიე. ის იმსახურებდა პატიებას. მას ჩემი გადარჩენა უნდოდა და არა ჩემი “კამიკაძედ” ქცევა. მერე უცებ წინა სიზმარი ამომიტივტივდა გონებაში. სიზმარი, სადაც ის სიმახინჯე ამბობდა, რომ ლიზას ნაცვლად შეეძლო მასწავლებელი მოეკლა.
განა მის სიკვდილს ნაკლებად განვიცდიდი?
რისთვის შევიძულე, იმისთვის რომ მიყვარდა?
გულის ნახევარი ლიზას გავატანე, უფლება არ მქონდა მეორე ნახევარიც უმოწყალოდ მიმეგდო ქუჩის ძაღლების საჯიჯგნად. არ ვიცი რომელი საათი იყო. გარეთ ლამპიონები ბჟუტავდა. შემოსასვლელში გავიქეცი ღამის პერანგის ამარა, ფეხშიშველი. პირველივე ქურთუკი შევიპყარი, მხრებზე მოვიგდე და ქუჩაში გავვარდი.
ფეხშიშველი გავრბოდი.
ასფალტზე, რომელზეც ნაზად ეფინებოდა პირველი ფიფქები.
არ მტკიოდა.
არც მციოდა.
უბრალოდ გავრბოდი.
ლამპიონები ბჟუტავდა.
ვგრძნობდი, როგორ ცოცხლდებოდნენ მკვდარი პეპლები მუცელში.
მის სადარბაზოსთან შევჩერდი.
ყველა პეპელა გაცოცხლდა.
ყველა ლამპიონი ჩაქრა.
გათენდა.
კიბეები ავირბინე და კარზე ისტერიული ბრახუნი ავტეხე.
მიწებებული თვალებით გამოხსნა კარი, ნელი მოძრაობით გამოფხიზლებას ცდილობდა. მე ამდენი დრო არ მქონდა!
ადგილიდან მოვწყდი და გულზე შეშინებული ბავშვივით ავეკარი.
უნარები აღარ გამაჩნდა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის გულისცემას.
ნაცნობ გულისცემას.
მონატრებულს.
“დე ჟა ვიუ”….
დ ა ს ა ს რ უ ლ ი…………

ავტორი: AnnA VineflY (მადამ ფისუნია)

181
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
   ქართული კლავიატურა
20 იანვარი, 19:31
გაიხარეთ, მადლობა...
20 იანვარი, 16:15
ძალიან მაგარია! ემოციებით ვკითხულობდი ვერც ვიგრძენი ისე დამთავრდა.. რაღაცნაირად ვიცოდი ლიზას რომ რამე მოუვიდოდა მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე :) ბრავო ავტორს!
14 იანვარი, 16:50
ძმობას გაფიცებ არ დაგეზარა ამის წერა? :დ
0 1 4
შემთხვევა  მკვდარ სახესთანშემთხვევა მკვდარ სახესთან
- წარმომიდგენია, როგორ გეჩქარებოდათ ამ საბრალოს ნახვა, - წარმოთქვა სიდედრმა, ჩქარ...
ჩანაწერები : ჩემი დღიურებიდანჩანაწერები : ჩემი დღიურებიდან
ადგა და ასე უცერემონიოდ მითხრა , უკან აღარ დავბრუნდებიო . განა რა ეგონა ? როგორ ...
ინდოელი  პორნოვარსკვლავი მწერალი გახდაინდოელი პორნოვარსკვლავი მწერალი გახდა
"ინდოეთში ყველაზე სასურველი ქალის ვნებიანი მოთხრობები"-ასეთია სარეკლამო ...
ამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნიამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნი
აინ რენდი ამერიკაში ძალიან ცნობილი მწერალი ქალია. პოპულარობა რ...
6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან ...
ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"
"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარ...
დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....
"დღეს ექვსზე ვრჩებით და პირდაპირ მაღაზიებში მივდივართ იცოდეთ უარი არ მიიღება" ერთ...
ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოშიყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში
რანდევუ ტელეფონმა დარეკა: -ალოჩუმად უპასუხა ქალმა. ...
პაოლო კოელიო – 11 წუთიპაოლო კოელიო – 11 წუთი
"11 წუთი" ეს არის ზღაპარი, რომელსაც არ ჰყავს ზღაპრული პერსონაჟები... ეს არის ზღაპარი მე...
აფრიკელი ბიჭის ნათქვამიაფრიკელი ბიჭის ნათქვამი
როცა დავიბადე მე შავი ვიყავი. როცა გავიზარდე, შავი ვიყავი. როცა დიდხანს ვა...
ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნებიცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები
ვივარაუდოთ, რომ ცნობილი კინოვარსკვლავები არ კითხულობენ წიგნებს დიდი შეც...