x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დოსტოევსკის სამი სახე

image„თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე
დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი
სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.“
"ძმები კარამაზოვები"

დიდი რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის კალამს ეკუთვნის მრავალი რომანი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანეს. თუმცა თავის მწვერვალს მიაღწია ბოლო ნაშრომში „ძმები კარამაზოვები“, რომელიც მეუღლეს ანნას მიუძღვნა.
დოსტოევსკი თავის ნაწარმოებებს ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ დატვირთვას აძლევს. მსგავს ტიპაჟებს შესაძლოა ყოველ ნაბიჯზე გადავეყაროთ. ხშირად მის ნაწარმოებებში თავს იჩენს, რელიგიური თემა, მწერლის გაორების პრობლემა და მსჯელობები. ეს გაორება საინტერესოდ გამოიხატა ივანის პიროვნებაში.
ზოგჯერ, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად მორწმუნე ქრისტიანი იყო დოსტოევსკი. ალბათ, მის ცხოვრებაში მეტი დატვირთვა აქვს ქრისტეს ფენომენს: „თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკოცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან“.
აღსანიშნავია, რომ დოსტოევსკიმ რთული ცხოვრებისეული
გზა განვლო, ეპილეფსიით იყო დაავადებული. 50-იან წლებში იმდენად გაუჭირდა, რომ ძმას წერს: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ჩემს რომანზეა დამოკიდებული, თუ თავს ვერ გავართმევ, თავს ჩამოვიხრჩობ“. მოგვიანებით ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი, სიკვდილით დასჯას უპირებდნენ, საბოლოოდ აზრი შეიცვალეს და ციმბირში გაგზავნეს.
იქიდან დაბრუნებმა მწერალმა, სრული მეტამორფოზა განიცადა. ამ პერიოდს გარდამტეხი როლი აკისრია მის ცხოვრებაში.
ძმებ კარამაზოვებს ზოგჯერ დოსტოევსკის სამ სახედ განიხილავენ.image

ივანი მისი კატორღამდელი მდგომარეობაა. იგი ათეისტად არის დახატული, მაგრამ მას უფრო გაორება სჭირს არსებობასა და არასრებობას შორის. მისი ცნობილი ფრაზა „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“, გარკვეულწილად შეიცვალა მამის სიკვდილის შემდეგ. თითქოს ცნობიერება შეუცვალა, ჩააფიქრა და რწმენისკენ მიმავალი გზა გაუხსნა გმირს. იგი იმდენად შეშფოთებულია მომხდარით, ეშმაკი ესიზმრება. ივანი ცდილობს თავს დააჯერო, რომ გონების პროექციაა, უბრალო ჰალუცინაცია, ის კი ჯიუტად პასუხობს: „შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ“. თვით დაცემულ ანგელოზსაც უნდა, რაღაც დონეზე ღმერთთან მივიდეს. „მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო“. აქ იწყება ივანის სრული ტრანსფორმაცია. მასში გაიღვიძა სინდისის ქენჯნამ,
რაც შეეხება დიმიტრის, ის გულჩათხრობილი ადამიანია. დოსტოევსკი საკუთარ პიროვნებას ასახავს ამ პერსონაჟში. მას მამის სიკვდილში სდებენ ბრალს, რადგანაც საერთო სიყვარულის ობიექტი ჰყავდათ. მართალია დიმიტრი არ არის დამნაშავე,
თუმცა საბოლოოდ კატორღას მიუსჯიან. რაშიც ავტორი კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულს დეტალს, რომელმაც ერთიანი
გარდატეხა მოახდინა მასში.
ხოლო ალიოშა, ეს ის იდეალია, რისკენაც ყოველთვის მიისწაფოდა მწერალი. მორწმუნე, ღვთისმოსავი, ყველასათვის საყვარელი და დადებითი პიროვნება.
რომანში „ძმები კარამაზოვები“ იკვეთება საინტერესო მომენტი იესოსა და ინკვიზიტორს imageშორის, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს დოსტოევსკის ინტერესი ქრისტეს მიმართ. ივანი უყვება ალიოშას, რომ დაწერა მოთხრობა, თითქოს, XVI ს-ის ესპანეთში ხელმეორედ, კვლავ თავმდაბლურად დაბრუნდა ძე ღვთისა, რომელსაც თავისი ნათელის გამოყველა ცნობდა. სახარებისეული სიუჟეტი ვითარდება, ადამიანები მუხლს იყრიან მის წინაშე, პატივს მიაგებენ. ამ დროს გამოჩნდება ინკვიზიტორი და მისი ბრძანებით იესოს დილეგში ჩააგდებენ. მოხუცი ინკვიზიტორი ენამახვილი და ცბიერი პიროვნებაა,
როდესაც ქრისტეს ინახულებს საბყრობილეში ეუბნება, რატომ მოხვედი? ჩვენ ხომ ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც გინდოდა. მე ვიცი რომ ის ხარ, ვიცი რომ არ მოგწონს, რასაც ვაკეტებ, მაგრამ „არ გაქვს უფლება, რაიმე დაუმატო იმას, რაც ადრე იყო თქმული“. შენ მოხვედი იმისთვის რომ გაგეთავისუფლებინა ადამიანები,
მაგრამ კითხე მათ უნდოდათ თავისუფლება? სამი რამ არის, რაც ადამიანებს სჭირდებათ - საიდუმლო, სასწაული და ავტორიტეტი. შენ კი მათ ზეციურ უდიდეს ადამიანურ თავისუფლებაზე ელაპარაკე, სასწაულის გარეშე გინდოდა მათი რწმენა მოგეპოვებინა.
ინკვიზიტორის მონოლოგში წამოიჭრა მატერიალიზმის საკითხი, რომელიც იმ დროის რუსეთში იყო გაბატონებული. თითქოს ადამიანები პრიმიტიული არსებები არიან, მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობენ, ვისგანაც მეტ სარგებელს მიიღებენ იმას ემონებიან. არავიათარი იდეალიზმი, სუბიექტური თუ ობიექტური არ არსებობს
მათ ცნობიერებაში. ინკვიზიტორის საუბარი იმდენად ცბიერია, თითქოს, რაღაც ლოგიკაც კი იკითხება მასში. იესო მდუმარეა მთელი ეპიზოდის განმავლობაში. მისგან არც ინკვიზიტორი ელოდა პასუხს, თავადვე აკეთებდა კომენტარებს დასმულ კითხვებზე. მონოლოგის ბოლოს ზე კაცს ჩუმად უშვებს, წასვლამდე ეამბორება ქრისტე და ქალაქის წყვდიადში უჩინარდება.image
აღწერილი ამბავის მოსმენის შემდეგ, აღშფოთებული ალიოშა ძმას ეუბნება: - „კი მაგრამ... ეს ხომ უაზრობაა! - წამოიძახა სახეაჭარხლებულმა ალიოშამ, - შენი პოემა იესოს ქებაა და არა გინება... რაც ძალიან გსურდა“.
„დიდი ინკვიზიტორი“ რომანის ყველაზე სახელგანთქმული თავია. სხვა და სხვა დროს ბევრი აზრიც არსებობდა იმის შესახებ, თუ რისი თქმა უნდოდა დოსტოევსკის. აღწერილი ამბავი ზოგმა ინკვიზიტორის ქმედებების გასამართლებლად მიიღო, ზოგმა კი იმდროინდელი ზოგადი რელიგიური განუკითხავობის გაკიცხვად. მაგალითად, კათოლიკე მღვდელი რომანო გვარდინი ირწმუნებოდა, რომ ამ წიგნში ქრისტე ივანის საკუთარი ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი, როგორც „ურწმუნოების იდეალისტური ნაყოფი“.
აღსანიშნავია, რომ ფიოდორ დოსტოევსკის სურდა წიგნის მეორე ნაწილიც დაეწერა, თუმცა არ დასცალდა. გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე რომანის შესახებ აღნიშნავს: „არაერთხელ უთქვამთ, ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დაუმთავრებელი დარჩა. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“.

0
662
6-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0