x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
21-ე საუკუნის უცნობი და ნაცნობი პოეტები
ყველაფერი ძველი კარგია, მაგრამ ახალიც დასაფასებელია! საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმეტესწილად, ძველი მწერლობის შემოქმედება ისწავლება.საჭიროა უფრო ფართოდ გაიცნოს და დააფასოს საქართველომ ახალი პოეტების თაობაც .


თორნიკე ნაროზაული

image


“სულ რომ არაფერი!…”


სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტირსათვის – შიშეთი!
…ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.


სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!


სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები, კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა – ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..
ასეთი ზღაპრული, მთა-გორებიანი!


“სულ რომ არაფერი”, იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი!


-----------------------------------------------

ძვირფასო მარიამ!


ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.


ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.


ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.


რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!


დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.


წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.


ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები,
ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს,
წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები.


მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ,
ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია!

------------------------------------------------

ეჰეი, საქართველოვ


ვაიმე, მამულო, რა გიშველო?
რა წყალში ჩავვარდე ნეტავ?
წარსული როგორღა დავიჯერო,
მომავალს ასეთს, რომ ვხედავ?!


ვაიმე, სამშობლოვ, რა ვიღონო?
რა ზეცა დავიმხო თავზე?
ქართული ისევ, რომ გავიგონო,
რა მტერი ავაგო ხმალზე?…


ვაიმე, ქვეყანავ, საყვარელო!
უღმერთოდ დარჩენილხარ თითქოს,
ობოლო, ობოლო, საქართველოვ,
შენზე აღარავინ ფიქრობს!


ვაიმე, მიწა-წყალო, გაწირულო,
ქართველი კაცისგან ობლად,
ვაიმე, მამულო, გაყიდულო,
ურჯულო დაგდგომია მშობლად.


ტაძრებო, ტაძრებო აღმართულნო,
ხომალდის ანძებად ცამდე,
ღვთიურნო, ზეციურნო და ქართულნო,
რამდენსღა გაუძლებთ, რამდენს?


ქართველნო! ეჰეი, საქართველოვ!
გმირების გამომზრდელო დედავ,
წარსული დიდების დამკარგველო,
როდემდე გეძინება ნეტავ?


*******************************************

ზურა სალუქვაძე


image




და რომ ვარ პოეტი..... მე ჯერ ეს არ მითქვია!

და რომ ვარ პოეტი..... მე ჯერ ეს არ მითქვია!
ფული არ მინდა..... ფულისთვის არ ვწერ,
და არც დიდება.....ის თქვენთვის დამითმია,
დამტოვეთ ისეთი როგორიც ვიყავი,
განდიდებისთვის ....ლექსები არ მითქვია.
ჩემი ჰონორარი?.... გულწრფელი ტაშია,
გულწრფელი ღიმილით..... გამდიდრებული,
მე არ მაქვს სურვილი ხოტბა შემასხან და
ვიდგე სცენაზე....... განდიდებული.
მერე რა მოხდა თუ ..... შევქმენი ლექსები,
მე პოეტობას არ ვირქმევ სახელად,
მეც მივალ, მეც ვნახავ.... ჩემსავე შექმნილს,
და ჩემს ლექსებთან მეც მნახავთ მნახველად.
ფუჭი კრიტიკით კი ნუ გადამივლით,
მე ხომ ზრდილობა არ დამიმსხვრევია,
ეს თქვენ გეხებათ ვისაც არ მოგწონთ,
თქვენს მოსასმენად.... არც მიწერია.
არ მინდა ფული...... ფულისთვის არ ვწერ,
და არც დიდება.... ის თქვენთვის დამითმია,
მე ვრჩები ისეთად.... როგორიც ვიყავი,
და რომ ვარ პოეტი..... მე ჯერ ეს არ მითქვია!..
მთელი ცხოვრებაა გეძებ...

--------------------------------------------------

ო, რა მაგარი ქალი ხარ


უდაბნოში რომ აღმოვჩნდე
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი რომ
ო, რა მაგარი ქალი ხარ...

შავი ღგვინის გაქვს ტუჩები,
მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება,
მე შენთან სტუმრად მოვდივარ

აი მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში,
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.

ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთასვლელობა შევძელი,
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.

ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
მე რომ მთის მწვერვალს დავიპყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.

ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვს შენი სურნელი.


ხედავ რა ქალი ყოფილხარ?
შენკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიფი,
მე სულ ფეხებზე მკიდია.

ეს ვარდები კი სუყველა,
გრძნობებით მოქარგულია,
არცერთი არ მიყიდია
სულ ყველა მოპარულია

***************************

გიორგი ზანგური


image



ცა-მეტი

შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვიპდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...

---------------------------------------------

გამოცანა


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი,
ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი,
მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა,
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
– გაზაფხულია!


***************************************

გიორგი ქადაგიძე (ქუჩის მდაბიო პოეტი)

image






“ქუჩის მდაბიო პოეტი''


არც პოეტობას ვიბრალებ და არც ვედრები ნიკოს,
წაიღეთ თქვენი დიდება!წაიღეთ თქვენი იყოს!
უბრალო გლეხის შვილი ვარ, გაზრდილი კავკასიონის
ტრფობის პერანგებს მიქსოვდა ლექსები გალაქტიონის
მე წერა შოთამ მასწავლა, ვაჟამ-ბუნების ვედრება
მათ კამკამხმიან ტაეპებს ჩემი, ხომ ვერც შეედრება
იქ, სადაც პატრიოტიზმის ტრფობა იწირავს ტიციანს
სიკვდილის მერე ვაფასებთ, როგორც აქ ხალხში იციან,
სიცოცხლესაც კი მივცემდი, რომ არ მოეკლათ ილია
მისი ნატიფი ლექსებით სულიც კი გაჟღენთილია,
ბარათაშვილმა მასწავლა დარდის გაქარვა მთვარეში
ტერენტიმ-როგორ დავხატო მკვლელი ფიქრების თარეში,
მე პოეტობას მწამებენ, დამჩემდა მელანქოლია
სულის ნაწვიმარს გული წერს, სურვილი მე არ მქონია
ასეთი ქართველებისთვის უფალს დიდება! დიდება!
ნიჭი თავისით დაჰყვება, ის ფულით არ იყიდება
აკაკიმ, ტატომ მასწავლეს, რაც პოეტების სენია
ჩემზე უნიჭო მოწაფე მე ჯერ არავინ მსმენია
არც პოეტობას ვიბრალებ და არც დიდება მინდა
უბრალო გლეხის შვილი ვარ, ცოდვილი, გულით წმინდა

-------------------------------------------------------------

“სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!''

ზეცა აფარებს მიწას თეთრ საბანს
ფიფქებით ქათქათა პერანგებს ქსოვს,
თოვლი ბილიკებს ცოდვისგან დაბანს
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


ჭაღარა მთების მშურს ისე ძლიერ
პირველი ფიფქი, რომ დაათოვს
მზე სირცხვილისგან შეიცვლის იერს
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


ჩუმად შევცქერი ფიფქების ცეკვას

როგორ ნატიფად არხევენ რტოს
ო, როგორ მინდა კვლავ ჩემი გერქვას
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


გარეთ ვზივარ და მათოვს ფიფქები
დამზრალი გული სიყვარულს მთხოვს,
სხეულს კი ათბობს შენზე ფიქრები
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


ცა ხეებს აცმევს ქორწილის კაბებს
მე, რომ ჩაგაცვა თუ მეტყვი ხოს?
ფიფქებს ვუყვები მე შენზე ამბებს
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


მე ყოველ დილით ვეალერსები
შენი სულივით ამ სპეტაკ თოვლს,
ცხოვრებამ ჩაჭრა ჩემი რელსები
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


ხან მიკოცნიან ღაწვებს ფიფქები
გული კი შენს თავს არავის თმობს
გადაწყდა! დღესვე შენთან ვიქნები
სულშიც კი ბარდნის! ო, როგორ თოვს!


მთის ქარაფიდან გადავვარდები
ფიფქებად მოვალ შენ, რომ დაგათოვს
და შენც მაშინვე შეგიყვარდები,
ჩემი სურნელი ისე დაგათრობს


ციდან მოვალ და დაგითოვ ტუჩებს
დამზრალ ბაგეზე დავდნები მყისვე
და ყოველ ზამთარს მოგირთავ ქუჩებს,
რომ შეგახსენო მიყვარხარ ისევ...
-------------------------------------------

“ცხოვრების აპორია''

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
პატარა ბავშვი გეძახდეს მამას
საყვარელ ქალს, რომ ჩააცვამ გულით
თეთრი ვარდივით გაფურჩქნულ კაბას

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
სულით გვიყვარდეს, გულით კი არა
იქნებ ვისწავლოთ ყველას შენდობა,
ვინც მოგვაყენა გულზე იარა

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
ქვეყნად, რომ ნახო ყველა ადგილი
ბროლისფერ ზღვაზე, ჭაღარა მთებში
ხეტიალით, რომ იყო დაღლილი

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
რომ დავეხმაროთ დამზრალ მათხოვარს
გაყინულ გულში სითბო ავუნთოთ
და დავემსგავსოთ წმინდა მაცხოვარს

ნუთუ სიცოცხლე ღირს სხეულისთვის?
ვისთვის სიმრუშე, ვისთვის დარგია
სიკვდილის შემდეგ ყველა მივხდებით,
რომ ეს სხეულიც ჩალად გვარგია

მე მირჩევნია ვუყვარდე უფალს
ვიდრე სიყალბით ამ მთელ სამყაროს
და გულის გავლით სულამდე, უვალს
ქრისტეს გზას ვგრძნობდე, რომ გამატაროს.

---------------------------------------------

“ხალხის აპოთეოზი''
ხალხი რას იტყვის, რომ გრძნობა გავამხილო
ხალხი რას იფიქრებს უყვარსო ოხერ ტიალს
ღმერთო დამეხმარე თვალი ავახილო
ვეღარ ვუმკლავდები ფიქრში ამ ხეტიალს

ხალხი რას იტყვის, რომ საქმე გავაკეთო
გულით დავაპურო ყველა მათხოვარი
ხალხი რას იტყვის, რომ ვცადო სასიკეთო
ყველას შევუსრულო მცირე სათხოვარი

ხალხი რას იტყვის, რომ ძველმოდურ დროზე
ქართულად მეცვას, ვუსმინო ქართულს
უმალ გამკიცხავენ არაფრის ფონზე
ევროპელობის გრძნობებში გართულს

ჩასაფრებულან დასაკორტნად, როგორც სვავები
კბილწამოსაკრავ ლეშს ეძებენ, საკიცხ მასალად
ზიზღნარევ მზერას მადევნებენ ანჩხლნი, ავები
ჩემ ცხოვრებასაც განკითხავენ, მე ვინ მაცალა

“ხალხი რას იტყვის?''-რაც უნდა ის თქვან
დარდი არ გქონდეს ამ სამი სიტყვის
კოჭით-ყელამდეც, რომ შეიმოსო
ხალხს, რაც სწადია მას მაინც იტყვის.

*************************************

თემო არაბული


image

“ქალავ, გამამყევი''


ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,
მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,
ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,
შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.
ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,
განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,
განახებ იებს და განახებ ენძელებს
და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.
ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,
და დასასრული არ მივცეთ სიარულს,
ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,
ხანდახან ბობოქარს, ამჟამად მხიარულს.
წამოდი გაჩუქო წითელი გრძნობები,
ჭაღარა მწვწრვალზეც, ჩვენ ორნი ავიდეთ,
წამოდი ლამაზო რა გინდა ქალაქში,
ხელი ჩამკიდე და წამოდი წავიდეთ.!
წამოდი!!! ხო, მართლა ავიდეთ მწვერვალზე
პატარა თითებით შეეხე ვარსკვლავებს,
გული გაუხსენი, ჩემს ლამაზ გძნობებს და
ეს ჩემი გრძნობებიც თავისას განახევბს.
წამოდი!!! ძვირფასო განახო გუდანი,
მომლოცველ ხევსურებს ვეწვიოთ „ხატობას“,
მთიელთა ღრეობებს განახებ, ლამაზო
და მერე ამაყად ხევსურთა დათრობას.
მერე კვლავ დავუყვეთ, მიმავალ ბილიკებს,
უფსკრულებს ჩავხედოთ, კლდეების არეში,
ბუნების სიცოცხლით, ვიცხოვროთ ძვირფასო
და მთვარეს ვეფეროთ, უკუნოთ ღამესი.
წამოდი!!! ვეწვიოთ შატილის ალმასებს,
მუცოშიც თამამი, კოშკები გველიან,
განახებ ამაყი კლდეების ყვავილებს,
რომ მხოლოდ, ლამაზი ქალისთვის მღერიან.
წამოდი!!! შევხედოთ, არხოტის სალ კლდეებს,
ერთ ჭიუხს გაჩუქებ, ის უკვე შენია,
ვუყუროთ ნისლებში გახვეულ მწვერვალებს,
ნისლები??? ამათი მუდმივი სენია.
წამოდი!!!ლამაზო“, მე ვერ ვძლებ უშენოდ
იცოდე შენგანაც წამოსვლას ველი,
შენ ჩემი სიცოცხლის ნატამალი ხარ,
ვხვდებო რომ უშენოდ, არა ვარ მთელი

-------------------------------------------------

“მე და შენ''
ჩვენ ვთამაშობდით, (მერე შენთვის გვირილებს ვკრეფდი),
გაბერილ ბუშტებს, გვიხაროდა… ვაფრენდით ცაში,
გვახსოვს…ლექსებად ზღაპრებსა და ნაჯღაბნებს ვწერდი,
და დავცურავდით მეოცნებე ბავშვობის ზღვაში…
ჩვენ ვიზრდებოდით, გვერქმეოდა თანდათან “დიდი”,
პაემანს ხესთან გინიშნავდი, ერთი ხე გვქონდა,
ბავშურ ნაწუთარს ცოტა-ცოტას ცოტ-ცოტად ვშლიდი,
ვხვდებოდით… თურმე, რომ გულები ერთმანეთს ფლობდა.
ვხვდებოდით ადრე… მერე უკვე დავრწმუნდით კარგად,
მე ხელი გთხოვე, შენ თანახმა იყავი რისიც,
ახლა კი ვშიშობ, ასეთ წუთებს თანდათან ვკარგავ,
შენც თუ დაგკარგე, არ ვყოფილვარ არაფრის ღირსი.
ნელ-ნელა ასე იქცეოდა…წუთი…წამები
და ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ხეც მთაზე,
მე დამიბნელდა… შენს გარშემოც იყვნენ ქალები,
და შეგიყვარე ასჯერ მეტად საკუთარ თავზე!
დრო გადიოდა… გვახსოვს მერე, შენ გახდი დედა,
შენ გახდი ბებოც, ახლა ბავშვებს უკითხავ წიგნებს.
ხანდახან პაპა-შვილიშვილიც ლოგინზე ვსხედვართ
და ყოველ დილით ხესთან ვივსებთ ცარიელ ფილტვებს.
უკვე ყავარჯნით ვიმაგრებდით მიწაზე თავებს,
შუბლზე შრეებსაც მტკივნეული ღიმილით ვუცქერთ,
სოფელს შემოვრჩით მე და შენ და არეულ მგზავრებს
შვილად ვიღებთ და დედობას და მამობას ვუწევთ.
მერე მატკინე…ხომ ვიძახდი…
-ჯერ მე!
და რატომ???…
რატომ წახვედი! განა ბებერს არ მინდა შველა?!
ერთ საათშიც კი საუკუნის ტოლ-ფასად გნატრობ…
ვერ მოვიკალი ის ბავშვობაც ვერაფრით…ვერა…
და ყოველ დილით შენს საფლავთან წარსულს ვიხსენებ,
ქვას ვეფერები, ჩუმად ვკოცნი, (ხო… შენს მაგივრად),
მეც მალე მოვალ, უკვე ვხვდები, ვეღარ ვისვენებ…
მოვალ და მერე გულში როგორ ძაან ჩაგიკრავ.
მე ყოველ ღამე, მარტოდ-მარტოს დარჩენა მიჭირს,
და ჩაის მეტიც არაფერი გადამდის ყელში,
-ბაბუ, თქვენს ბაღში, ვაშლებს მოვწყვეტთ (ბავშვებმა მითხრეს),
და მერე თოფიც ვასროლინე, რომ მქონდა სხვენში.
ასე… წუთები, საათები, დღეები შედგა,
შენს გვერდით, თურმე, მეორე ქვამ იზომა მიწა,
ბედმა და წერამ ჩვენზე უკვე წარსული შექმნა,
სანამ მოვკვდები,
-მიყვარხარო…
ერთხელაც ვფიცავ…
ახლაც იქა ვართ, ჩვენს ადგილას, ჩვენივე ხესთან,
სულ აქ ვიქნებით, აქ სხვა გზიდან ვერასდროს მივალთ,
და უწინდელთან სხვაობას კი ყველანი ვხედავთ
-მაშინ ვიდექით, ახლა უკვე ლოდებად ვყრივართ…

************************************************************** ნიკა ჩერქეზიშვილი
image

“როცა უბრალოდ ქარია გარეთ'' როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას,
რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომვლელს,
როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის
და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლიღა უყეფს
ცაზე ირიბად დაკიდებულ ნახევარმთვარეს
- მე შენ მიყვარხარ.

როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და გადამფრენი ფრინველები ტოვებენ ქალაქს,
როცა ბეღურა ჩიტებიღა სხედან მავთულზე -
იბუზებიან,
როცა გვიანი შემოდგომის ბოლო ღამეებს
ვათენებ თეთრად
- მე შენ მიყვარხარ.

როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და ირონია - ბოლო ხურდებს ვაძლევ მათხოვარს -
როცა რაღაცა გამიხარდეს მაქვს საფუძველი
და მიხარია,
როცა ცარიელ ჯიბეებში ცარიელ ხელებს
ვიწყობ და ასე -
სტვენა-სტვენით ვაგრძელებ ჩემს გზას
- მე შენ მიყვარხარ.
როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და მაგიდაზე არეულ ფურცლებს,
შავ ფანქარს,
მაგარ უშაქრო ყავას
და შთაგონების მთავარ საფუძველს -
ცხოვრებას -
შენი მძაფრი სუნი აქვთ
- მიყვარხარ-მეთქი.


---------------------------------------------------------


“წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ...''

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.

1
1212
შეფასება არ არის
ავტორი:Levani chachanidze
Levani chachanidze
1212
  
2016, 9 იანვარი, 12:22
უკვე მეამაყებით
0 1 1