x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
თებრო ბებოს ისტორია

image

საქართველოს უახლესი ისტორია ყველამ ერთად შევქმენით და აქ უმნიშვნელოა ვინ მეტად იღვაწა და ვინ ნაკლებად - მთავარია, რომ ის ასეთია, ჩვენ კი დღემდე ვიმკით მაშინ დათესილს.
რეალობა ჩამტვრეულ ხიდს ჰგავს. წარსულის განსხვავებულმა აღქმამ დიფერენცირებული აწყმო გააჩინა, შეგვაცვლევინა ცხოვრების წესი და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს დაგვაპირისპირა.
ამ ე. წ. ხიდის ორივე მხარეს ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა გონებით გააზრებული წარსული და რომელთა თვალით ხილული რეალობა, ერთი მეორისას ეწინააღმდეგება.
მიზეზი ყველას თავისი აქვს..
სიმართლე კი ერთია - თუ ეპიზოდურ შემთვევებს არ ჩავთვლით, ჩატეხილი ხიდის გამთლიანებას არავინ ცდილობს. და აქ არაა საუბარი სახელმწიფო პოლიტიკასა და სხვა და სხვა სახელმწიფოთა ნეგატიურ როლზე.
აქ ადამიანური ურთიერთობები იგულისხმება.

ეს ამბავი ოს ქალბატონზეა. ის გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. წარსულში, თავისი ეროვნების გამო, არაერთი განსაცდელი გამოუვლია. დიდი ხანია მშობლიურ ენაზე აღარ საუბრობს, თუმცა ქართულად გამართულად საუბარი მაინც უჭირს...
ჩვენს საუბარს განსაკუთრებულ „ელფერს“ მის მიერ სახელდახელოდ დაცხობილი ხაბიზგინები სძენდა.
- მეჯვრისხევში გამოვთხოვდი... ჩემი სადედამთილო მოვიდა ჩემს ოჯახში და სარძლოდ მოვეწონე. მერე თავისი ვაჟიც ამოიყვანა და... წამომიყვანეს. ასე მოხდა ჩვენი დაქორწინება. დიდი ქორწილი გადამიხადეს, ტრადიციებისა და წესების დაცვით.
- ქართულ რეალობასთან შეგუება არ გაგიჭირდათ?
- არა, გათხოვებამდეც ვიცნობდი ქართულ წეს-ჩვეულებებს. მაშინ ოსებს და ქართველებს კარგი ურთიერთობა გვქონდა... მისვლა-მოსვლა, მეგობრობა.

- ქართველებისა და ოსების ურთიერთობა ახსენეთ... როგორ გაიხსენებთ უთანხმოების დასაწყისს?
- ეს არავის უნდოდა, არც ქართველებს და არც ოსებს, ეს კომფლიქტი უგუნური ადამიანების შეცდომების გამო წარმოიქმნა.
- კონკრეტულად თქვენ როგორ შეგეხოთ?
- გვავიწროვებდნენ, გვაიძულებდენ დაგვეტოვებინა ჩვენი ოჯახები და წავსულიყავით. მე ოსური სოფლიდან, ღრომიდან ვარ და იქ ვმუშაობდი საბჭოს მდივნად, კომფლიქტის დაწყების შემდეგ კი მაიძულებდენ აღარ მემუშავა, ან საერთოდ წავსულიყავი მეჯვრისხევიდან. იქ მუშაობას თავი დავანებე, მაგრამ ჩემი შევიწროვება არ შეწყვეტილა. დღემდე გული მტკივა. იმ ქართველებმა, რომლებიც ფიქრობდენ, რომ საქართველოში ოსებს არაფერი ესაქმებოდათ, ჩემი გატაცებაც სცადეს, მაგრამ საბედნიეროდ სოფელში კარგი ხალხიც ცხოვრობს და მეც კარგი სახელი მქონდა... არ დაანებეს ჩემი გატაცება - გადამარჩინეს.
- და მაინც, ვისი ბრალი იყო ამ კომფლიქტის წარმოქმნა?
- ეს იმ ადამინების ბრალი იყო, ვინც მაშინდელ მთავრობას წარმოადგენდა, მათი შეცდომა იყო და ცუდი შედეგი მივიღეთ, ეს უთანხმოება დღემდე გრძელდება და ძალიან ვწუხვარ ამის გამო.


რა გასაკვირია და, თებრო ბებო თვლაზე ცრემლ მომდგარი მესაუბრებოდა. ძალიან ცდილობდა ბოლომდე გადმოეცა ის, რასაც მაშინ განიცდიდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მას აქედან წასვლაზე არასოდეს უფიქრია.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს ის ისევ დიდი და ლამაზი ოჯახის დიასახლისია.
საუბრისას, მისი შვილიშვილიები დაგვტრიალებდნენ და თებროს მონათხრობს დიდი ინტერესით უსმენდნენ. მათთვის ალბათ ბევრი რამ იყო ახალი, ისევე როგორც ჩემთვის.
გაორებული განცდა დამეუფლა - თან მსურდა გაეგოთ, რათა ყოველივე სცოდნოდათ და ეს შეცდომა არ გაემეორებინათ და თან არ მსურდა შეეტყოთ წარსულის საშინელებანი, რათა სიძულვილი არ გაღვივებულიყო მათში.

ამ საუბრარმა მედლის მეორე მხარე დამანახა.
ადამიანი და ადამიანობა. ანუ ის, რასაც ვერაფერი სძლევს. თებრო ამის გამოხატულებად წარმომიდგა.
მიუხედავად მაშინდელი საშინელი პერიოდისა, ის აბსოლუტურად არ შეცვლილა - არც ქართველებისა და არც ქართული ადათ-წესისა თუ ტრადიციების მიმართ.
მან საქართველოს ორი ვაჟი გაუზარდა, რომლებიც ახლაც ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე დგანან.
- უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, 2008 წლის ომში თქვენი შვილები მონაწილეობდენ, როგორც დედა რას გრძნობდით მაშინ?
- ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია, ყოველთვის ვერიდოებოდი, ჩემთვის ორმაგად მტკივნეული იყო რა თქმა უნდა, ჩემი შვილები ჩემივე ეროვნების ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ეს არ იყო ადვილი ჩემთვის, მაგრამ ისინი თავის მოვალეობას ასრულებდნენ, ასე იყო საჭირო.
- ოსურ მხარეს დარჩენილ ნათესავებთან თუ გაქვთ კონტაქტი?
- კი კონტაქტს ვახერხებ, ტელეფონით, უფრო ხშირად კი ინტერნეტით მეხმიანებიან ხოლმე, მაგრამ რაც მიმოსვლა შეწყდა, აღარ მინახავს.

თებრო ბებოს ისტორია შეიძლება ვიღაცისთვის სრულებით არ იყოს საინტერესო.
მგონი არც ისე ბევრი ადამიანია დღეს საქართველოში, ვისაც ასეთი წარსული და აწყმო აქვს, მან თავის დროზე დაამტკიცა რომ კეთილი გულით, შემართებითა და სიმამაცით შეიძლება ყველას დაანახო - მიუხდავად ერებს შორის კომფლიქტისა, ადამიუნური ფასეულობები და ღირსება თავის ადგილსა და დანიშნულებას, ფასსა და კვალს არ კარგავს.
კი, ხშირად სწორედ წარსული განაპირობებს აწყმოსაც და მომავალსაც, მაგრამ თებრო ბებოს თვალით დანახული მომავალი წარსულიდან არ მომდინარეობს.
თებრო მომავალს დღევანდელობაში ხედავს და ღრმად სწამს, რომ, ადრე თუ გვიან, ქვეყნის მთლიანობა აღდგება და დაბრუნდება დრო, როცა ქართველებს და ოსებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
მეც მჯერა.

2
477
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
477
  
2015, 25 ნოემბერი, 22:26
მადლობთ :)
2015, 25 ნოემბერი, 21:09
საინტერესო იყო
0 1 2