x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გლდანის პატიმრის დღიური 25-26 ივნისი

image



წუხელ ვერაფრით დავიძინე, ასე თვალგახელილმა ფიქრში გავატარე მთელი ღამე. ამეკვიატა აბსოლუტური უუფლებობის შეგრძნება. არც წერილი, არც პაემანი, არც ტელეფონი, არანაირი კონტაქტი, თუ ადვოკატი არ მოვიდა საერთოდ ვერ ვიგებ როგორ არიან სახლში. აქ, აქ რა ხდება გიყურებენ როგორც პირუტყვს. გაგინებენ, გირტყავენ, სულში გაფურთხებენ, გამცირებენ და რკინის ნერვები უნდა გქონდეს რომ ამ ყველაფერს გაუძლო, გაუძლო იმ ადამიანების ხათრით რომელიც გარეთ წუთებს ითვლის შენს ოლოდინში. ვინც არ მოითმინა სამუდამოდ დაინვალიდდაო ბევრისგან გამიგია, როგორღაც უნდა შევძლო და ამ ყველაფრის მოწმე გავხდე, საკუთარი თვალით ვნახო და აქედან გავიტანო. იქნებ სწორედ ესაა მისია რომელიც დამეკისრა. ერთი რამ ვიცი, ყველაფერი უფლის ნებით ხდება, და ღმერთი არასოდეს მოგვივლენს იმაზე დიდ განსაცდელს ვიდრე ატანა შეგვიძლია. მეც ყოველდღიურად ღმერთს ვთხოვ მომცეს ძალა გავუძლო ამ ჯოჯოხეთს.

შუადღემ მოატანა, ვატყობ დაღლილობამ შემომიტია, უძილობამ იძალა და მაგიდასთან დამჯდარს ჩამძინებია. ბიჭებმა გამაღვიძეს, არ დაიძინო ხომ იცი პრობლემები გექნება შენც და ჩვენცო. სამჯერ ჩამეძინა ყველაფერი დახუთულია. უცებ ონკანმა შიშინი დაიწყო, მივხვდით წყალი აპირებდა მოსვლას. წვეთ - წვეთი წამოვიდა შევუდგით ბოთლი. მოემატა წყალს, მოემატა და დადგა რიგი, ხელების დასაბანად, წყლის დასალევად, მოკლედ უდაბნოში ოაზისს გადამწყდარ მოწყურებულ ბედუინებს ვგავდით. ეტყობა ჩვენდაუნებურად ავქოთქოთდით, ავჩოჩქოლდით და შეურაცხყოფამაც არ დააყოვნა კარებზე წიხლი და გინება გაისმა, რომელი ხმაურობსო ოფიცერმა, კაკო რაღაცას დაეპასუხა.

შე ყ...ო მიცნობ საერთოდ ვინ ვარ? - ჰკითხა ოფიცერმა.

კი როგორ არა, მამაჩემი ხარ - იყო პასუხი

ეგ როგორ? - გაუკვირდა ოფიცერს
სასმელ - საჭმელი მოგაქვს და დედას მაგინებ, ეს მამაჩემის გარდა არავის გაუკეთებია. - უთხრა კაკომ

ოფიცერს გაეცინა, გადაუარა, ტრაკი დააყენეთო და წავიდა.

გავსუფთავდით მოვწესრიგდით, გავრეცხეთ ჭურჭელი თუ სარეცხი და დაღლილ დაქანცულები დავწექით. იმ ღამეს გვერდიც კი არ შეგვიცვლია არცერთს, ისე გვეძინა. დაღლილობამ თავისი ქნა.




imageადვოკატთან დამიძახეს, ისე რომ არ ველოდი, გული გადამიქანდა, ვიფიქრე სალში რამე მოხდა მეთქი. ღმერთს მადლობა მშვიდობაა. დედაჩემს ვერ მოუსვენია და წამოვიდნენ, თან ტანსაცმელი შემოუგზავნია. მადლობა დავაბარე ადვოკატს, არ მტოვებენ, ვიცი ახლა არ აქვთ იმის თავი წარამარა იარონ, თან ყოველ კვირა თანხა მირიცხონ, საპროცესოზეც არ ვიცი რა იქნება, ადვოკატმა მითხრა 6000 - ს ვთავაზობთო, ფიქრობენ თურმე. საქმე იმაშია რა აქვთ ზემოდან ნაბრძანები თორემ თვითონ ვერაფერს გადაწყვეტენ ადგილზე. წესიერი პროკურორი გყავსო ირმამ. ვკითხე და ჩემი დაკავების კადრები ჯერ არ უნახავს. არ მჯერა მე მაგათი წესიერების. ერთი სისხლი აქვს ყველას. საკანში დავბრუნდი. ტანსაცმელთან ერთად მიხოს, დედაჩემის და ჩემი დის სურათები დამხვდა. კაცური ცრემლი მომერია. საშინლად მენატრება ყველა. ერთი სურათია პატრიარქთან გადაღებული, მიხო როგორი გაკვირვებით შეჰყურებს ჭაღარა მოხუცს. პატრიარქის თვალებიდან უზომო სითბო და სიყვარული იღვრება. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი ბევრჯელ გადაარჩინა ერი. ჩემი სიზმარი გამახსენდა, იგივე სითბო და სიყვარული ვიგრძენი მაშინ. აკო ცუდად გახდა, გაითიშა, ვერ ვასულიერებთ, ექიმი როგორც წესი იგვიანებს, მოვიდა პირში გლუკოზა ჩაასხა, ცოტა მოიხედა, მაგრამ ვერ მოძრაობს, ამოვიდა უსაფრთხოების სამსახური, რაბოჩები ამოიყვანეს და კაკო საკაცით წაიყვანეს, ისე ამხელა კაცს აწევა არ უნდა? ფანჯრიდან გავიხედეთ და დავინახეთ როგორ წაიყვანეს კაკო „რეზბალნიცისკენ“. ეს ისეა არა მგონია რვა წელი ამ პირობებში გასძლოს. ოთხშაბათია სავარაუდოდ პარასკევამდე 5 კაცს მოგვიწევს ყოფნა საკანში, რაღაც მოჭოტაც ვერაა კარგად. საღამოა, პრავერკაზე ოფიცერს უთხრა ცუდად ვარო. ნახევარ საათში ექიმი მოუყვანეს. აშინებთ დიპ კორპუსი ეტყობა. რომ უნდა გაეყვანათ ინგლისური ვინ იცისო. აღმოჩნდა რომ ყველაზე კარგად მე ვიცოდი და გამაყოლეს. მუცელი მტკივაო მოჭოტამ კუჭში ვარ შეკრულიო. ექიმმა სიცხის საზომი მიაწოდა სანამ რამე ვუთხარი, ინდოელმა გააქანა და პირში იტაკა, გაგვეცინა. მასე არა მეთქი, ისეთი თვალებით შემომხედა, რომ სანამ კიდევ უფრო უარესი და არასასიამოვნო მიმართულებით წაიღებდა, მოვასწარი და ვასწავლე თერმომეტრის სწორი დანიშნულება. სხვა არაფერი მომხდარა. ჩაქარა შუქი და დავწექით მე რაღაცამ ჩხიკინი დამიწყო სულში, მე ავდექი და კალამი და რვეული ჩუმად ამოვიღე ჩემი ტუმბოდან, ასოებს ვარაუდიტ ვხაზავდი მაგრამ მაინც დავწერე.


მაწუხებს ცოდვები,
დამჩემდა ბოდვები,
ცოცხლდება კადრები,
მე მელის ტაძრები.
მხოლოდ სუფთა გულით,
ლოცვით, სინანულით,
მსურს ვიყო უფალთან,
წრფელი სიყვარულით.
მასწავლე მამაო,
ცოდვა შევინანო,
მხოლოდ სიყვარული,
გულში შევინახო,
მიყვარდეს მოყვასი,
და მტერიც მიყვარდეს,
სამშობლოს გულისთვის,
რომ თავსაც ვწირავდე.
აკეთე სიკეთე,
არ გინდა დიდება,
უფალი ხედავს და
სხვა არრა გჭირდება,
გაეცი, შესწირე,
რაც რამ გაბადია,
ასეთი ცხოვრება,
უფრო ლამაზია.

0
201
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0