x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გლდანის პატიმრის დღიური 21-22 ივნისი
image



დილა გათენდა, სიგარეტი ისევ არ არის, კიდევ კარგი თუთუნი კიდევ დარჩა. ჩამოვედი საწოლიდან, გადავახვიე, დღეს ბევრი საქმე მაქვს. გამეცინა ამის გაფიქრებაზე. თურმე ციხეშიც შეიძლება გქონდეს საქმე. კამერაში მორიგე ვარ. მორიგეს იმ დღისით კამერის გამოგვა და გამოწმენდა ევალება. მერე თეთრეული მაქვს გასარეცხი, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მიაქვთ ისიც მარტო ზეწარი და არ იცი რას დაგიბრუნებენ. ასე რომ ჩვენ, ჩვენს თეთრეულს და ტანსაცმელს კამერაში ვრეცხავთ. დღეს აღმაშენებელსაც დავამთავრებ და ორშაბათს სოციალს ვთხოვ დანარჩენი ტომებიც მომიტანოს. თორმეტსაათიანი საინფორმაციო დაიწყო და მაღაზიაც ამოვიდა. ამოვიდა რა პარკების ხმა გავიგეთ კამერებთან არიგებენ. თვალებში ყველას კითხვის ნიშანი გვაქვს, ნეტავ თუ დაგვიჯდა ფული საშინელებაა ეს უსიგარეტობა.

მოვიდა! სიგარეტი, პრესა და ყველაფერი ის რაც დავწერეთ სიაში. მადლობა თვითოეული ჩვენგანის ოჯახებს.

წუხელ სიზმარი ვნახე, საოცარი სიზმარი. სახლში ვიყავი, ჩემს ქუჩაზე პატრიარქმა ჩამოიარა კიდევ ორ მოძღვართან ერთად, უწმინდესმა და უნეტარესმა. აივანზე ვიდექი, სწრაფად ჩავირბინე კიბეები, უწმინდესს კალთაზე ვემთხვიე. წამომაყენა გულში ჩამიკრა და მამობრივი მზრუნველობით მითხრა: ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. მითხრა და წავიდა, მე ვუყურებდი მიმავალა წმინდანს და თვალი ვერ მოვწყვიტე სანამ ქუჩას არ მიეფარა. მხნედ, ჯანმრთელად გამოიყურებოდა. გამახსენდა ეს სიზმარი. გამახსენდა და ცოცხალ წმინდანზე ფიქრმა წამართვა თავი. იგი ერთადერთია ვისიც მჯერა დღევანდელ სიტუაციაში. მან ხომ უამრავჯერ იხსნა საქართველო განსაცდელისგან და როცა არ დავუჯერეთ ყოველთვის კისერი წავიმტვრიეთ. ის სიმშვიდისა და ზნეობრივი სისპეტაკის სიმბოლოა. მოჭოტას დაუძახეს და სადღაც წააიყვანეს. რამდენიმე საათი არ დაბრუნებულა. რომ მოვიდა, დიპლომატები იყვნენო გვითხრა. თუმცა რას გაიგებ დამპალი სისტემაა ეს ციხე. შეიძლება სულ სხვა რამ უნდოდათ, აინტერესებდათ ვინ როგორ ვცხოვრობთ, ვინ რას ვამბობთ რითი ვსუნთქავთ, შეიძლება იფიქრეს მას ადვილად გამოსტყუებდნენ ინფორმაციას, თანაც ქართულად უკვე მშვენივრად ლაპარაკობს. რადიოში უკვე თითქმის ყოველ საღამოს ჰყვებიან სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, პოლიტიკოსები და რარასამთავრობოები ერთმანეთს ასწრებენ განცხადებების გაკეთებას, მონიტორინგს ითხოვენ. ბიჭები იძახიან კარგია რომ შუქდებაო. რა არის კარგი. აზრი აქვს რომ? ამის დამტკიცებას ფაქტები სჭირდება ფაქტები რომელიც, არავის აქვს და არც არავის ექნება. დახურული სისტემაა ვინ რას გაიტანს. ეს ხომ სისულელეა, აგერ დღესაც ვიღაც გაიყვანეს აბანოში და ეტყობა ცოტა წაარტყ წამოარტყეს. აბანო ჩვენს გვერდითაა და ხმები კარგად ისმის. აღმაშენებელი დავამთავრე. პირველი სამი ტომი ორშაბათამდე დავისვენებ და თუ მომიტანეს დანარჩენი ტომები ალბათ მალე გავალ ფინალში. წიგნი და კალამი ხომ ერთადერთია რაც მიმსუბუქებს აქ ყოფნას.


image


შაბათი გათენდა, ყველანი აბანოსთვის ვემზადებით. კამერაში ფუსფუსია, გელამ წყალი მოუშვა და არ მოდის. აზრი არ აქვს აბანო მაინც არ იქნება, აქ კამერაში მოგვიწევს დაბანა, თუ საღამოს წყალი მოვიდა. აღმაშენებლის ბოლო ფურცელი გადავშალე და ფინალშიც გავედი.

კაკომ თქვა ცუდად ვარო, ვეღარ დგება ალბათ შაქარი დაეცა, დავუძახეთ ოფიცერს და ვუთხარით. კარგიო და თავისი ოთახისკენ წავიდა. გავიდა 10 წუთი, 15 – 20 ექიმი კი არ ჩანს, კიდევ დავუძახეთ, გასულია კორპუსის მორიგე ექიმი გამოძახებაზე და რომ დაბრუნდება მოვიყვანო. კაკომ ფერი დაკარგა, ვეღარ ლაპარაკობს, ფაქტიურად ხელიდან გვეცლება.. კიდევ დავუძახეთ, მამუკამ კარებზე ბრახუნი ატეხა. მოვიდა ოფიცერი. რა დღეში ხართ შიგ ხომ არ გაქვთ თქვე ყ...ბო, არ არის ექიმი და სად დედისტ....დან მოგიყვანოთო. კარები გააღო შემოვიდა და მამუკას მუცელში ისეთი უთავაზა მოიკეცა და ვეღარ იშლებოდა, კუჭის ოპერაცია აქვს ახალი გაკეთებული . კაკომ ენა გადააგდო ვასულიერებთ, ექიმი როგორც იქნა მოვიდა, შაქარი არც გაუზომია ეგრევე გლუკოზა ჩაასხა პირში. ავადმყოფს ფერი დაუბრუნდა, როგორც იქნა ხმა ამოიღო მაგრამ ვერ მოძრაობს. შაქარი გაუსინჯეეს, წამლები დაუტოვეს და წავიდნენ.

ერთხელ კაკომ მითხრა რაც დამიჭირეს, მას შემდეგ დამემართა დისკოზიც და შაქარიცო. მაპატიოს უფალმა მაგრამ ეტყობა ცოდვები ეკითხება. აბა რას უშლიდა ბებიამისი, 85 წლის უმწეო ქალი ჩამჩით რომ გამოასლმა სიცოცხლეს.

დღეს ერთი ახალი ტერმინი გავიგე, არსებობს პატიმრების კატეგორია, რომლებსაც ქათმებს ეძახიან. მათ ყველა ამცირებს, ცალკე კამერებში ცხოვრობენ. ეს ტერმინი ქურდული სამყაროს მმართველობის დროიდან მოდის, მაშინ ასე განცალკევებით საცხოვრებელს პატიმართა იმ კატეგორიას უჩენდნენ შავი სამყაროს შეფები, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისანი იყვნენ, ან „რამე შეეშლებოდათ“, ან გარკვეული დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან ფაქიზი თემაა და სწორედ ამიტომ არც იმ მუხლებს და დანაშაულებს დავასახელებ რომლის ჩამდენებიც ქათმების წრეს მიეკუთვნებიან. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ ამ კლასიფიკაციას ახლა ქურდების მაგივრად ციხის ადმინისტრაცია ახდენს და შეიძლება მთელი ცხოვრება ადამიანს სულ არაფრის გამო დაუნგრიონ. ამ პატიმრებისთვის გამარჯობის თქმა სირცხვილად ითვლება.

პატიმრის ფსიქოლოგია ასეთი ყოფილა, ის მუდამ უდანაშაულოა. ჩემს კამერაში ყველა ასე თვლის ორი ადამიანის გარდა. ამის გაფიქრებაზე დიდი ნოდარ დუმბაძე გამახსენდა. ვფიქრობ რატომ ახდენს ადმინისტრაცია ასეთ დაყოფას განა ე.წ „ასობნიაკების და არიფების“ - გამოცდილი პატიმრების და სისტემაში პირველად მოხვედრილი ადამიანების ერთ კამერაში ყოფნა უფრო დიდი საფრთხის შემცველი არ არის? განა ამ შემთხვევაში უფრო არაა შეაძლებელი გამოცდილმა პატიმარმა ფსიქოლოგიურად იძალადოს ახალბედაზე და ცხოვრება დაუმახინჯოს, კრიმინალისაკენ უბიძგოს? ან წარმოიდგინეთ იმ ადამიანის ფსიქოლოგია რომელიც არ არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ცხოვრება უწევს კამერაში სადაც ხშირად მამაკაცები ერთმანეთში კავდებიან სქესობრივი აქტით. შესაძლებელია ის ჭკუიდან გადავიდეს. თუმცა რა, ასეთია სააკაშვილ- ახლაია-კალმახელიძის პენიტენციალური პოლიტიკა.

ამ ფიქრებში ჩამოღამდა კიდეც, საინფორმაციოში ენით აუწერელ ამბებს ყვებიან პენიტენციალურ სისტემაზე. ბევრ რამეს ვხედავ აქ, თუმცა არ მინდა იმის დაჯერება რასაც რადიოში ამბობენ.

ჩაქრა შუქიო დაიძახეს და ჩვენც საწოლებს მივაშურეთ, წყალის მარაგი გამოგველია ჭურჭელიც დასარეცხია და აღარც დასალევი წყალი გვაქვს იმედია ხვალ მაინც მოვა.




0
394
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0